დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 460-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.020316 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.“. 2. 284-ე−286-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 284. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა 1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 2. იგივე ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: 1. კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მოწყობილობა/მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობათა/მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, მობილური ტელეფონი). 2. კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. 3. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის. 4. ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი, გარდა ამ კოდექსის 2861 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. 6. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი არის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
მუხლი 285. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება 1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა, მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავით ან ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა 1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2861 და 2862 მუხლები: „მუხლი 2861. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით 1. თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა ან კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უნებართვო ჩარევა, რამაც სხვისთვის ფინანსური ზიანის მიყენება გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. 3. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია; გ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; დ) ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის/ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის ან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანად ითვლება 150 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის დიდი ოდენობის ფინანსურ ზიანად ითვლება 10 000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ თავითა და ამ კოდექსის 177-ე–186-ე, 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
მუხლი 2862. ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა 1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმით, წაშლით, შეცვლით ან დაფარვით ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის მიღება მისი ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, გასაღება ან/და გამოყენება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; გ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არსებობს თუ არა ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის პირდაპირ წაკითხვის ან/და აღქმის შესაძლებლობა. 2. ეს მუხლი პირზე არ ვრცელდება, თუ მან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, და რომელიც იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 27 აპრილი 2021 წ. N460-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები