დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 13/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016136 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 03/08/2015; 130000000.63.075.016005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მხილების საკითხების მოწესრიგების წესი თანდართული რედაქციით (დანართი №3).“ 2. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №3. 3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ მოსამსახურეების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 47.1);”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მხილების საკითხების მოწესრიგების წესი მუხლი 1 წინამდებარე წესი ადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემაში მხილების საკითხების ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს მამხილებელთა დაცვის ძირითად საფუძვლებს. მუხლი 2 1. წინამდებარე წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ სამსახურის ინფორმირება, სამსახურის მოსამსახურის/საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის შესახებ, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილებად ჩაითვლება აგრეთვე მამხილებლის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ბ) ანონიმური მხილება – მხილება, როდესაც მამხილებელი იდენტიფიცირებული არ არის; გ) იძულებითი ზომები – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 01 აგვისტოს №6 ბრძანებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, ან მამხილებლის თანხმობის გარეშე მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა, ხელშეკრულების პირობების გაუარესება, სამსახურში მიღებაზე, აღდგენაზე ან დაწინაურებაზე უარის თქმა ან/და სხვა ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მამხილებლის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვა ან მისი სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამუშაო პირობების გაუარესება; დ) მამხილებლის ახლო ნათესავი – მამხილებლის მშობელი, მშვილებელი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული), მამხილებელთან მუდმივად მცხოვრები პირი. მუხლი 3 1. მხილება კეთილსინდისიერი უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის, შრომის დისციპლინის ან ეთიკის კოდექსის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის თავიდან აცილებას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას. 2. მხილება კეთილსინდისიერად ითვლება, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. მუხლი 4 1. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით. 2. მხილება შეიძლება ანონიმური იყოს. 3. თუ არ არსებობს მამხილებლის მიერ მისი ვინაობის გამჟღავნების წერილობით გამოხატული ნება, განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია არ გაამჟღავნოს მამხილებლის ვინაობა. 4. სამსახურის მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მოთხოვნის ბრალეული დარღვევა, თუ ის დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 5 1. დაუშვებელია მამხილებლის ან მისი ახლო ნათესავის დაშინება, შევიწროება, იძულება, დამცირება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, დისკრიმინაციული მოპყრობა ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელება. 2. დაუშვებელია მამხილებლის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება მხილების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების გამო. 3. თუ მამხილებლის მიმართ მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამსახურებრივი შემოწმება მხილების ფაქტთან დაკავშირებული არ არის. 4. მამხილებლის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენებისას სამსახური ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ეს დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან და ამისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. 5. სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მხილებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ ამ საქმეში მონაწილეობის გამო მამხილებლის, მისი ახლო ნათესავის ან მხილების მოწმის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას საფრთხე ემუქრება, მამხილებელი, მისი ახლო ნათესავი, მხილების მოწმე ან განცხადების განმხილველი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 6. მამხილებელი უფლებამოსილია განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6 1. მამხილებელი დაცვის გარანტიებით სარგებლობს განურჩევლად იმისა, მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია სწორია თუ მცდარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია მცდარია, რაც მამხილებლისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან ცნობილი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მას შეეძლო გადაემოწმებინა მხილებისათვის საჭირო ინფორმაციის სისწორე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ამ ინფორმაციის გადამოწმებისთვის აუცილებელი ყველა შესაძლო ზომა მიიღო და მისი მცდარობა მაინც ვერ დაადგინა; ბ) მამხილებელი მოქმედებს თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სპეციალური ჯილდოს მიღების შემთხვევისა; გ) მამხილებელი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მხილების ფაქტობრივი გარემოებები საჯაროდ ცნობილია ან ცნობილია განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის. მუხლი 7 1. მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი მხილების განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით დადგენილი წესით. 2. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია მხილების განცხადების განსახილველად დადგენილ ვადაზე მეტი, მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხილების განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხილების განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 4. მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მამხილებელს, გარდა ანონიმური მხილების შემთხვევისა. 5. თუ მხილების განცხადების განხილვის პროცესში გაირკვა, რომ მხილების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს/დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შეჩერდება. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად შეჩერებული მხილების განცხადების განხილვის ვადა განახლდება მხილების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 7. თუ მხილების განცხადების განხილვის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ჩადენილი დარღვევა შესაძლებელია გახდეს მხილებულისთვის ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. 8. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შეჩერებული სამსახურებრივი შემოწმება განახლდება მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მუხლი 8 1. თუ მხილების განცხადება მიმართულია სამსახურის მოსამსახურის წინააღმდეგ მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს სამსახურის გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი). 2. თუ მხილების განცხადება მიმართულია სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. 3. თუ მხილების განცხადება მიმართულია სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს სამსახურის უფროსს. 4. თუ მხილების განცხადება მიმართულია სამსახურის უფროსის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უწყებას. მუხლი 9 დაუშვებელია, სამსახურის მოსამსახურემ განიხილოს მხილების განცხადება, თუ ეს განცხადება მიმართულია მის წინააღმდეგ, ან ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია გადაწყვეტილების შედეგით, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის მიუკერძოებლობას. მუხლი 10 1. მხილებულს უნდა ეცნობოს მის წინააღმდეგ მიმართული მხილების განცხადების და არსებული მტკიცებულებების შესახებ. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პასუხი გასცეს მხილებას მხილების განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მხილებულის პოზიცია უნდა აისახოს განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის გადაწყვეტილებაში. 2. მხილებულის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მხილების განცხადების და არსებული მტკიცებულებების გაცნობაზე უარის თქმის ან/და მათ გასაცნობად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ შედგენილ უნდა იქნეს სათანადო ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ერთი მოსამსახურის ხელმოწერით. 3. მხილებულის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადებში, მხილებაზე პასუხის გაცემაზე უარის თქმის ან/და მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ შედგენილ უნდა იქნეს სათანადო ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ერთი მოსამსახურის ხელმოწერით. მუხლი 11 1. მხილების განცხადების შინაარსის, სიმძიმის, მოსალოდნელი შედეგების, აგრეთვე ჩადენის გარემოებებისა და მოსამსახურის პიროვნების გათვალისწინებით სამსახურის უფროსის ბრძანებით, მოსამსახურე, მის წინააღმდეგ მხილების განცხადების განხილვის ვადით შესაძლებელია, ჩამოშორებული იქნეს სამსახურებრივი ურთიერთობიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს: ა) ჩამოერთმევა მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება; ბ) ეკრძალება სამსახურის შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება; გ) უნარჩუნდება თანამდებობრივი და სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია. მუხლი 12 1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურე ვალდებულია, მის წინააღმდეგ მხილების განცხადების განხილვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს და მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩააბაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ხოლო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია განახორციელოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩაბარების კონტროლი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება, მხილების განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. მუხლი 13 1. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის მოსამსახურის წინააღმდეგ მიმართულ მხილების განცხადებებს განიხილავს სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი), რომელიც მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას. 2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე მზადდება შესაბამისი ცნობა ან დასკვნა, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი. 3. სამსახურის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) მოპოვებულ მასალებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, დადგენილი წესით აგზავნის პროკურატურაში ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 4. სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი), ასევე უფლებამოსილია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატაროს საქართველოს გენერალური პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე. მუხლი 14 1 „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის (სამსახურის მოსამსახურის გარდა) წინააღმდეგ მიმართულ, სამსახურში წარმოდგენილ მხილების განცხადებებს, რომლებიც შეიცავენ კორუფციული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ნიშნებს, განიხილავს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი). 2. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის (სამსახურის მოსამსახურის გარდა) წინააღმდეგ მიმართულ, სამსახურში წარმოდგენილ მხილების განცხადებებს, რომლებიც არ შეიცავენ კორუფციული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ნიშნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდგომი რეაგირებისათვის, ქვემდებარეობით იგზავნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებში. მუხლი 15 1. მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს და უნდა შეიცავდეს: ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალსა და აღწერას; გ) მხილებულის პოზიციას; დ) გადაწყვეტილების დასაბუთებას. 2. დაუშვებელია, მხილების განცხადების განმხილველი სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებას, ფაქტს, მტკიცებულებას ან არგუმენტს, რომელიც მხილების განცხადების განხილვის პროცესში სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა. 3. მხილებულის (სამსახურის მოსამსახურის) მიერ ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის ხელმძღვანელის/ების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. 4. სამსახურის გადაწყვეტილება მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება მხილებულსა და მამხილებელს. ანონიმური მხილების შემთხვევაში სამსახურის გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ მხილებულს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები