ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.022702
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
147
02/04/2021
ვებგვერდი, 05/04/2021
340030000.10.003.022702
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2021 - 12/04/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2021 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების

 გაცემის წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის“ (შემდგომში − წესი) მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, რომელიც დაინტერესებულია  საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტით.

მუხლი 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარული (ჯანმრთელობის)  სერტიფიკატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია − ცხოველის ან/და ცხოველთა ჯგუფისთვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნის მინიჭება, ნიშანდება;

გ) სანაშენე ცხოველი – ხალასჯიშიანი ან წმინდასისხლიანი მაღალპროდუქტიული ნაჯვარი ცხოველი, რომელიც გამოიყენება მისგან შთამომავლობის მისაღებად შემდგომი მოშენების მიზნით;

დ) საკლავი ცხოველი – ცხოველი, რომელიც იმყოფება უფლებამოსილი ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ და მოკლე დროის განმავლობაში განკუთვნილია დასაკლავად;

ე) სერტიფიკატის გამცემი ორგანო –  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ვ) საინკუბაციო კვერცხი – ფრინველის განაყოფიერებული კვერცხი, რომელიც განკუთვნილია ინკუბაციისა და გამოჩეკისათვის;

ზ) ცხოველთა კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც ასევე მოიცავს საკვებსა და წყალზე წვდომას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სტრესისაგან დაცვას;

თ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტი (საქონელი) – ცხოველები, ცხოველური  პროდუქტი, ცხოველის საკვები, მათ შორის, ცხოველის საკვები დანამატები, პათოლოგიური მასალა, სანაშენე კვერცხუჯრედი (ოოციტი), ემბრიონი და სპერმა;

ი) პათოლოგიური მასალა – ლაბორატორიაში გასაგზავნად განკუთვნილი ნიმუში, რომელიც აღებულია იმ მკვდარი ან ცოცხალი ცხოველისაგან, რომელიც შეიცავს ინფექციურ ან პარაზიტულ აგენტს ან საეჭვოა მათ შემცველობაზე;

კ) დაავადება − ინფექციის კლინიკური ან/და პათოლოგიური გამოვლინება, ასევე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;

ლ) ინფექცია − ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია;

მ) დეზინფექცია − ინფექციური ან/და პარაზიტული დაავადების აღმძვრელების გასანადგურებელი პროცედურები, რომლებიც ტარდება ობიექტის დასუფთავების შემდგომ. დეზინფექცია შეეხება შენობებს, სატრანსპორტო საშუალებებს, საგნებსა და სხვა ობიექტებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება, იყოს დაბინძურებული;

ნ) ექსპორტიორი ქვეყანა – ქვეყანა, საიდანაც საქონელი იგზავნება სხვა ქვეყანაში;

ო) იმპორტიორი ქვეყანა – საბოლოო დანიშნულების ქვეყანა, რომელშიც იგზავნება საქონელი;

პ) საინკუბაციო პერიოდი – პერიოდი, რომელიც იწყება ცხოველის ორგანიზმში ინფექციური აგენტის შეჭრით და გრძელდება დაავადების პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე;

ჟ) დასნებოვნებული ზონები – ზონები, რომლებშიც დადასტურებულია ინფექციური აგენტის ან დაავადების არსებობა;

რ) საერთაშორისო ვაჭრობა – საქონლის ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი;

ს) ცხოველთა დაკვლა – ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული პროცედურა, რომელიც იწვევს ცხოველის სიკვდილს სისხლგართმევით;

ტ) უფლებამოსილი პირი – ვეტერინარი, რომელიც უფლებამოსილია, შეასრულოს თანამდებობრივი მდგომარეობით განსაზღვრული ფუნქციები, რაც დაკავშირებულია ცხოველების ჯანმრთელობის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასთან, ასევე საქონლის ინსპექტირებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის სერტიფიცირებასთან;

უ) სატრანზიტო ქვეყანა – ქვეყანა, რომლის გავლითაც იმპორტიორი ქვეყნისათვის განკუთვნილი საქონელი გადაადგილდება ან ჩერდება მის სასაზღვრო პუნქტზე;

ფ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე საბაჟო ორგანოს საწყობი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც კონტროლის ობიექტების მიმართ ხორციელდება ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი;

ქ) სატრანსპორტო საშუალება – გადაადგილების ნებისმიერი საშუალება, სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ჩათვლით, რომელიც გამოიყენება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ტრანსპორტირებისათვის;

ღ) ზოონოზი – ნებისმიერი ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და პირიქით;

ყ) სასაქონლო პარტია – ერთ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში წარმოშობილი საქონელი, რომელზეც ვრცელდება ერთი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი და რომლის გადაზიდვაც ხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით;

შ) ცხოველური პროდუქტი − ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

ჩ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი − ცხოველის მთლიანი სხეული ან მისი ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ოოციტი, ემბრიონი და სპერმა.

 

თავი II

ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის გაცემის წესი

მუხლი 3

1. ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის (შემდგომში − სერტიფიკატი) ფორმებს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. სერტიფიკატს გასცემს:

ა)  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში −  სააგენტო);

ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში − შემოსავლების სამსახური), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია:

ბ.ა) ცხოველების კარანტინში განთავსება;

ბ.ბ) ნიმუშების აღება ანალიზისათვის.

მუხლი 4

1. სერტიფიკატი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ ზოგად მოთხოვნებს:

ა) უნდა შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ფურცლისაგან, რომლებიც დანომრილია ისე, რომ თითოეული მიუთითებს განსაზღვრული თანმიმდევრობის კონკრეტულ გვერდზე;

ბ) უნდა ჰქონდეს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატი შედგება რამდენიმე გვერდისაგან, თითოეულ გვერდზე დატანილი უნდა იყოს აღნიშნული ნომერი;

გ) უნდა შეიცავდეს საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ არის მიზანშეწონილი (მაგალითად, ერთდღიანი ფრინველის შემთხვევაში);

დ) უნდა გაიცეს იქამდე, ვიდრე საქონელი დატოვებს ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს ცხოველების ჩატვირთვის თარიღს;

ე) უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ მისი სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებითა და დამოწმებული სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭდით. სერტიფიკატის ორიგინალი გადაადგილებისას თან უნდა ახლდეს საქონელს (აღნიშვნები შესრულებული უნდა იყოს სერტიფიკატზე დაბეჭდილი ტექსტის ფერისაგან განსხვავებული ფერით);

ვ) გაცემული უნდა იყოს ერთ სასაქონლო პარტიაზე და ერთი მიმღების დანიშნულებით;

ზ) უნდა იყოს სრულყოფილად და სწორად შევსებული, არ უნდა იყოს გადასწორებები, გარდა გამცემის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულისა;

თ) შევსებული უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან/და რუსულ ენაზე, ხოლო საქართველოსა და პარტნიორ, მოვაჭრე ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია, სერტიფიკატი შეივსოს სხვა ენაზეც.

2. ტვირთის ქვეყნის ტერიტორიიდან გატანა უნდა მოხდეს სერტიფიკატის გაცემიდან 10 კალენდარულ დღეში, ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, მისი გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს ცხოველების ჩატვირთვის თარიღს და ცხოველების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა უნდა მოხდეს სერტიფიკატის გაცემიდან 72 საათში.

3. საქონლის იმპორტიორ ქვეყანასთან შეთანხმების შემთხვევაში,  შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ელექტრონული სერტიფიცირება, რომლის დროსაც ელექტრონულ ვეტერინარულ სერტიფიკატს უშუალოდ სერტიფიკატის გამცემი ორგანო უგზავნის იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარულ სამსახურს.

მუხლი 5

1. სერტიფიკატის მისაღებად ფიზიკური ან იურიდიული პირი სერტიფიკატის გამცემ ორგანოში ელექტრონულად ან წერილობით წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდიული პირისათვის – ორგანიზაციის დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდსა და მისამართს, ხოლო ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარსა და მისამართს;

ბ) ტვირთის მიმღების დასახელებასა და მისამართს;

გ) დანიშნულების ქვეყნის დასახელებასა და შესვლის პუნქტს;

დ) საქონლის წარმოების ადგილის დასახელებას;

ე) საქონლის დასახელებას, რაოდენობას, მდგომარეობას, საბოლოო გამოყენების დანიშნულებასა და ადგილმდებარეობას;

ვ) შეფუთვის სახეობას, ადგილების რაოდენობას;

ზ) სატრანსპორტო საშუალების სახეობასა და სარეგისტრაციო ნომრებს;

თ) იმ ტრანზიტული ქვეყნების დასახელებას, რომელთა გავლითაც უნდა მოხდეს საქონლის ტრანსპორტირება;

ი) ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების გაწმენდისა და დეზინფიცირების შესახებ;

კ) ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

კ.ა) ცოცხალი ცხოველების წარმომავლობის ადგილის შესახებ (ცხოველთა დაბადების ან შეძენის ადგილი – ქვეყანა, ოლქი, რაიონი. გარეული ცხოველების შემთხვევაში − დაჭერის ადგილები);

კ.ბ) მათი სახეობის, სქესის, ასაკის, წონისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ;

კ.გ) კარანტინის ადგილის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) იურიდიული პირის შემთხვევაში − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტი არ განუხორციელებია ერთი წლის განმავლობაში ან/და თუ პირი ახორციელებს არაკომერციული დანიშნულების შინაური ბინადარი ცხოველის ექსპორტს;

გ) ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:

გ.ა) ცხოველთა მარშრუტის გეგმა;

გ.ბ) 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული მამრი მსხვილფეხა საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე არსებობს 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრ მსხვილფეხა საქონელზე გაცემული ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. საქართველოსა და საერთაშორისო მოვაჭრე ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ასევე წარედგინება შესაბამისი ინფორმაცია.

მუხლი 6

1. სერტიფიკატი გაიცემა ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების საფუძველზე.

2. ვეტერინარული კონტროლის პროცედურები მოიცავს:

ა) საქონლის თანმხლები დოკუმენტების შემოწმებას;

ბ) საქონლის ფიზიკურ შემოწმებას (ცხოველების შემთხვევაში, მათ კლინიკურ შემოწმებას);

გ) ეჭვის შემთხვევაში, ნიმუშების აღებას ანალიზისათვის (სერტიფიკატი გაიცემა ანალიზის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში).

3. ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, გარდა სანაშენე და საკლავი ცხოველებისა, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად. ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ცხოველებზე საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო ან შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა, რომლითაც დასტურდება ცხოველების კარანტინში განთავსების ფაქტი.

4. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს, ცხოველთა ჯანმრთელობის კლინიკურად დადგენის მიზნით, ცხოველებზე საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, ხოლო წვრილფეხა პირუტყვისთვის − 48 საათით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას.

5. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს, ცხოველთა ჯანმრთელობის დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება ერთი დღით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას და განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნება ვეტერინარი ექიმის მიერ დამოწმებული ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომ იმპორტიორი მხარის ვეტერინარული მოთხოვნები (დოკუმენტის დედნის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) შესრულებულია (ვაქცინაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და სხვა).

6. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საკარანტინო ვადა შეიძლება, გაგრძელდეს, მაგრამ საერთო საკარანტინო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს. საკარანტინო ვადის ამოწურვისას, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება, თუ არ იქნება შეცვლილი სადგომის ადგილმდებარეობა, არ მოხდება ცხოველების გადაჯგუფება ან/და სხვა ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელსაც შეუძლია,  განაპირობოს ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზემოქმედება.

7. აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. თუ ტვირთი არ პასუხობს იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარულ მოთხოვნებს, სერტიფიკატი არ გაიცემა, რის თაობაზეც უფლებამოსილი პირი ატყობინებს განმცხადებელს.

9. სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ განმცხადებელს სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეჩერებული აქვს საწარმოო პროცესი.

10. სერტიფიკატი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების საფუძველზე და საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების დალუქვის შემდეგ. არ ილუქება ისეთი ტვირთების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ლუქის დაზიანების გარეშე შესაძლებელია ტვირთთან შეხება ან ტვირთის ჩანაცვლება, ცოცხალი ცხოველების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები, ასევე მსუბუქი და სატვირთო-სამგზავრო ავტომობილები, ავტობუსი და სარკინიგზო ტრანსპორტი.

მუხლი 7

1. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ასეთი სერტიფიკატის შეცვლა სხვა სერტიფიკატით (დუბლიკატით). ამ შემთხვევაში, ახალ სერტიფიკატში მიეთითება იმ სერტიფიკატის გაცემის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შემცვლელიც არის აღნიშნული სერტიფიკატი. ამ შემთხვევაში, ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ გაუქმებას.

2. სერტიფიკატი ივსება ორ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება სერტიფიკატის გამცემ ორგანოს, ხოლო მეორე გადაეცემა ტვირთის მფლობელს (ან ტვირთის მფლობელის ნდობით აღჭურვილ პირს).

3. სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ჟურნალში.

4. სერტიფიკატის გამცემ ორგანოში ინახება (ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით):

ა) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განაცხადი;

ბ) ანალიზის შედეგები;

გ) გაცემული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატები;

დ) უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი აქტი ცხოველთა კარანტინის შესახებ.

მუხლი 8

1. სააგენტო შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმების შესახებ და უზრუნველყოფს მათ განთავსებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ხელმისაწვდომობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად.

2. იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარული მოთხოვნების შესრულების მიზნით,  სააგენტო შემოსავლების სამსახურს რეგულარულად და დროულად აწვდის შემდეგ სათანადო ინფორმაციას:

ა) საქართველოში ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ;

ბ) სურსათის წარმოებასთან დაკავშირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ;

გ) სხვა საჭირო ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია საქონლის სერტიფიცირებასთან.

3. შემოსავლების  სამსახური სააგენტოს ელექტრონულად უგზავნის მონაცემებს გაცემული სერტიფიკატებისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ, ხოლო ინფორმაცია იმ გამოვლენილი დარღვევების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ცხოველთა კეთილდღეობასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სააგენტოს მიეწოდება დაუყოვნებლივ.

4. სააგენტო და  შემოსავლების   სამსახური ყოველმხრივ ხელს უწყობენ ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის გაცემის პროცედურების სრულყოფას, ქმნიან და ავითარებენ ელექტრონულ სისტემებს, რაც საშუალებას იძლევა, ერთიან ბაზაში აისახოს საქონლის მიმართ განხორციელებული კონტროლის პროცედურები.