დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “უცხოელთა საქართველოდან გაძევების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ” დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 03/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 70, 08/08/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.012.004.360 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 440.012.004.360
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2000 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „უცხოელთა საქართველოდან გაძევების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ” თანდართული დროებითი დებულება.
2. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მ. ცაცანაშვილს.
ჯ. ხეცურიანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოელთა საქართველოდან გაძევების სფეროში მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების საფუძვლებს, წესსა და პირობებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოელთა საქართველოდან გაძევების სფეროში უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „იმიგრაციის შესახებ”, საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულება „უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”, ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
ამ დებულებაში ძირითადი ტერმინები, თუ არ არის განსაკუთრებული მითითება, გამოყენებულია „იმიგრაციის შესახებ” და „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული მნიშვნელობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხოელთა საქართველოდან გაძევების სფეროში მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და მათ სამსახურებთან.
უცხოელთა საქართველოდან გაძევების საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს კანონით „იმიგრაციის შესახებ”, საქართველოს კანონით “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით “უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ”.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია დასკვნა უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელსაც იუსტიციის სამინისტროში წარადგენს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;
გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;
დ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო;
ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი;
ვ) სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყება;
ზ) ამ მუხლის „ა”–„ვ” ქვეპუნქტებში მითითებული სახელმწიფო დაწესებულების შესაბამისი სამსახური.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა დაიწყოს საკუთარი ინიციატივით, თუ ცნობილი გახდა უცხოელის საქართველოდან გაძევების კანონიერი საფუძვლის (საფუძვლების) არსებობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გააჩნია ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
1. ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენტური სახელმწიფო უწყების (მისი სამსახურის) მიერ წარდგენილ დასკვნას უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ თანდართულ მასალებთან ერთად წინასწარ განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომ – “დეპარტამენტი).
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი დასკვნა განხილული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თან ერთვის უცხოელის საქართვლელოდან გაძევების საფუძვლის (საფუძვლების) არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და საბუთები.
3. წინასწარი განხილვის პროესში დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს დასკვის წარმდგენ უწყებას (სამსახურს), სხვა სახელმწიფო დაწესებულებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აგრეთვე უცხოელს საკითხის სრულფასოვანი შესწავლისათვის დამატებით საჭირო ინფორმაციისა და საბუთების მისაღებად.
1. ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტი ვალდებულია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) დაიწყოს უცხოელის საქართველოდან გაძევების კანონიერი საფუძვლის (საფუძვლების) არსებობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და იმავდროულად აცნობოს ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრს;
ბ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა უცხოელის ადმინისტრაციული დაკავება, დადგენილი წესით დაუყოვნებლივ მიმართოს ამ მოთხოვნით ადმინისტრაციული დაკავების უფლების მქონე შესაბამის სახელმწიფო ორგანოს;
გ) შეისწავლოს ყველა მოპოვებული მტკიცებულება და საბუთი;
დ) წინასწარი შესწავლის შედეგად შეადგინოს დასკვნა უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება უნდა დასრულდეს 3 დღის ვადაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია დადგენილი წესით გამოითხოვოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებიდან, აგრეთვე უცხოელისაგან საჭირო ინფორმაცია და საბუთები.
1. ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად ჩატარებული წინასწარი შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტი ადგენს საკუთარ დასკვნას უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ.
2. დეპარტამენტის დასკვნა შედგენილი უნდა იქნეს საკითხის განხილვის დაწყების საფუძვლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
3. დეპარტამენტის დასკვნაში აღინიშნება შესასწავლი საკითხის არსი და შესწავლის სამართლებრივი საფუძველი, უცხოელის ვინაობა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაბუთებულობა, კომპეტენტური სახელმწიფო უწყების (მისი შესაბამისი სამსახურის) მიერ წარდგენილი დასკვნის შეფასება, დეპარტამენტის მიერ შესწავლის პროცესში გატარებული ღონისძიებები და მათი შედეგები, უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიჩნეული გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი საფუძველი.
4. დეპარტამენტის დასკვნაში შეთავაზებული შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობა:
ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ;
ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საკითხზე არსებული მასალების მათი გამომგზავნი ორგანოსათვის დაბრუნების შესახებ (თუ წარდგენილი მასალები – მტკიცებულებები და საბუთები არასრულყოფილია).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება შეთავაზებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის გაძევების საკითხის განხილვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
1. დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა წინასწარ განსახილველად წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიას (ტექსტში შემდგომ – „კოლეგია”).
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხისა და დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნის წინასწარ განსახილველად კოლეგიის სხდომა მოიწვევა საკითხის განხილვის დაწყების საფუძვლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენიდან არა უგვიანეს მესამე დღისა.
3. კოლეგიის სხდომა წინასწარ განიხილავს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხს, დეპარტამენტის შესაბამის დასკვნას, თანდართულ მტკიცებულებებსა და საბუთებს.
4. განხილვის შედეგად კოლეგია იღებს შესაბამის დადგენილებას, რომელიც დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს იუსტიციის მინისტრს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
1. კოლეგიის დადგენილებისა და დეპარტამენტის დასკვნის განხილვის საფუძველზე უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. ამ საკითხზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ;
ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) მასალების მათი გამომგზავნი ორგანოსათვის (დეპარტამენტისათვის) დაბრუნების შესახებ (თუ წარდგენილი მასალები – მტკიცებულებები და საბუთები არასრულყოფილია).
1. ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება გამოიცემა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების ფორმით. ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მასალები დაბრუნდება წარმდგენთან საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი წერილით, ხოლო დეპარტამენტში მასალები შეიძლება დაბრუნდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათანადო რეზოლუციით.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება გამოიცემა ხუთ ცალად, რომელთაგან ერთი პირი რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ერთი პირი ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს, დანარჩენი სამი პირი კი აღსასრულებლად ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მის შესაბამის სამსახურს.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება გამოიცემა სამ ცალად, რომელთაგან ერთი პირი რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ორი პირი ეგზავნება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მასალების წარმდგენ უწყებას ან სამსახურს (დეპარტამენტს – თუ უცხოელის გაძევების საკითხის განხილვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო).
4. თუ უცხოელის გაძევების საკითხის განხილვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ, დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების ერთ პირს იტოვებს, ხოლო მეორეს დაინტერესებულ უცხოელს გადასცემს.
უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პირების სათანადო გაფორმებას, რეგისტრაციასა და დანიშნულებისამებრ გაგზავნას ბრძანების გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილება.
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების თაობაზე არაუგვიანეს სამი დღისა უნდა ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღრიცხვასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებების აღსრულების მდგომარეობის შესწავლას ახორციელებს დეპარტამენტი.
3. გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ უცხოელი უარს აცხადებს საქართველოდან გასვლაზე ან დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გავა საქართველოდან, დეპარტამენტი “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაძევებიდან 1 წლის განმავლობაში ამ უცხოელზე საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემის აკრძალვის შესახებ, ხოლო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს – ამ უცხოელზე მიგრანტის ბარათის გაცემის დაუშვებლობის შესახებ.
იმიგრანტის სტატუსის მქონე უცხოელის მიმართ საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია უზრუნველყოს „იმიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი განსხვავებული ვადების გამოყენება.
ამ დებულების გაუქმება, დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები