დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ
ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს
არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა
საბჭოს 1992 წლის 25 თებერვლის დირექტივა 92/13/EEC, რომელიც ახდენს წყალმომარაგების, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მოქმედი ორგანიზაციების შესყიდვის პროცედურებზე ევროგაერთიანების წესების გამოყენებასთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციას
ევროგაერთიანებების საბჭომ,
გაითვალისწინა რა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება, კერძოდ, ამ ხელშეკრულების მე-100ა მუხლი,
გაითვალისწინა რა კომისიის წინადადება ([1]),
ევროპარლამენტთან თანამშრომლობით([2]),
გაითვალისწინა რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრება ([3]),
ვინაიდან საბჭოს 1990 წლის 17 სექტემბრის დირექტივა 90/531/EEC იმ შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებენ წყალმომარაგების, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მოქმედი ორგანიზაციები, ([4]) ადგენს შესყიდვის საპროცედურო წესებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოტენციურ მიმწოდებლებსა და კონტრაქტორებს ჰქონდეთ კონტრაქტების მინიჭების სამართლიანი შესაძლებლობა, მაგრამ არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის ეფექტურ გამოყენებას;
ვინაიდან არსებული ღონისძიებები, როგორც ეროვნულ, ისე ევროგაერთიანების დონეზე არ არის ყოველთვის ადეკვატური;
ვინაიდან ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობამ ან არსებული დაცვის საშუალებების არაადეკვატურობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ევროგაერთიანების საწარმოებს სატენდერო განაცხადების წარდგენაში; ვინაიდან, შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოასწორონ ეს სიტუაცია;
ვინაიდან საბჭოს 1989 წლის 21 დეკემბრის დირექტივა 89/665/EEC იმ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს საკონტროლო პროცედურების გამოყენებას კონტრაქტების მინიჭებისას საჯარო მიწოდებასა და კეთილმოწყობის სამუშაოებზე, ([5]) შემოისაზღვრება კონტრაქტების მინიჭების პროცედურებით საბჭოს 1971 წლის 26 ივლისის დირექტივის 71/305/EEC მოქმედების სფეროს ფარგლებში, რომელიც ეხება კეთილმოწყობის სამუშაოებზე კონტრაქტების მინიჭების პროცედურების კოორდინაციას ([6]), ხოლო ბოლო ცვლილებები მასში შევიდა დირექტივით 90/531/EEC და საბჭოს 1976 წლის 21 დეკემბრის დირექტივით 77/62/EEC საჯარო მიწოდების კონტრაქტების მინიჭების პროცედურების კოორდინაციის შესახებ([7]), რომელშიც ბოლო ცვლილებები შევიდა დირექტივით 90/531/EEC;
ვინაიდან შესყიდვების იმ სექტორებში გახსნა, რომლებიც დაკავშირებულია კონკურენციასთან ევროგაერთიანების მასშტაბით, ითვალისწინებს გარკვეული დებულებების მიღებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სათანდო საკონტროლო პროცედურები ხელმისაწვდომი გახდეს მიმწოდებლების ან კონტრაქტორებისთვის ევროგაერთიანების შესაბამისი კანონის, ან იმ შიდასახელმწიფოებრივი წესების დარღვევის შემთხვევაში, რომელთა მეშვეობითაც ძალაში შედის ეს კანონი;
ვინაიდან აუცილებელია გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის არარსებობის გარანტიების მნიშვნელოვანი ზრდის უზრუნველყოფა და, ვინაიდან იმისთვის, რომ ამ გარანტიებს ხელშესახები შედეგები ჰქონდეს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეფექტური და სწრაფი სამართლებრივი დაცვის საშუალებები;
ვინაიდან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გარკვეული მართლწესრიგის სპეციფიკური ხასიათი, რათა წევრმა სახელმწიფოებმა შესძლონ, სათანადო არჩევანი გააკეთონ შესაბამისი მაკონტროლებული ორგანოებისთვის ეკვივალენტური შედეგების მომცემი ალტერნატიული უფლებამოსილების შემოღებისას.
ვინაიდან ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა ითვალისწინებს კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციების შესყიდვის პროცედურებში პირდაპირი ჩარევის უფლებამოსილებას, მაგალითად, მათი საქმიანობის შეჩერებით ან დოკუმენტებსა და პუბლიკაციებში მოცემული გადაწყვეტილებებისა და დისკრიმინაციული დებულებების გაუქმებით;
ვინაიდან მეორე ალტერნატივა ითვალისწინებს ეფექტური არაპირდაპირი გავლენის მოხდენის უფლებამოსილებას კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციებზე, რათა გამოსწორდეს ნებისმიერი დარღვევა ან არ იქნეს დაშვებული დარღვევები მათი მხრიდან, და აღიკვეთოს ზიანის მიყენება;
ვინაიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ყოველთვის უნდა იყოს შესაძლებელი;
ვინაიდან, როცა სარჩელი შედის ზარალზე, რომელიც წარმოადგენს სატენდერო შეთავაზების შედგენის ან კონტრაქტის მინიჭების პროცედურებში მონაწილეობის ხარჯებს, სარჩელის შემტან პირს, ხარჯების კომპენსაციის მისაღებად, არ უნდა მოეთხოვოს იმის დამტკიცება, რომ აღნიშნული დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მას კონტრაქტს მიანიჭებდნენ;
ვინაიდან კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციებს, რომლებიც შესყიდვის წესებს ასრულებენ, შეუძლიათ აღნიშნულის გასაჯაროება სხვადასხვა შესაბამისი საშუალებით; ვინაიდან ამისთვის საჭიროა, დამოუკიდებელმა პირებმა შეამოწმონ აღნიშნული ორგანიზაციები და წესები, რომლებსაც ისინი იყენებენ;
ვინაიდან მიზანშეწონილია ამ მიზნით ატესტაციის სისტემის არსებობა, რომელიც შესყიდვის წესების სწორი გამოყენების დეკლარირების საშუალებას იძლევა, რაც ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში დაბეჭდილი შეტყობინებების მეშვეობით უნდა გაკეთდეს;
ვინაიდან კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, მიმართონ ატესტაციის სისტემას; ვინაიდან, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მისცენ მათ ამის საშუალება; ვინაიდან ამის გაკეთება თავად მათ შეუძლიათ სისტემის შექმნით ან კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციებისთვის საშუალების მიცემით, გამოიყენონ სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ შემოღებული ატესტაციის სისტემა; ვინაიდან მათ შეიძლება ატესტაციის სისტემის მეშვეობით შემოწმების ჩატარება დაავალონ სათანადო პირებს, პროფესიების წარმომადგენლებს ან დაწესებულებების პერსონალს;
ვინაიდან აღნიშნული სისტემის დასანერგად საჭირო მოქნილობა გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით წინამდებარე დირექტივაში; ვინაიდან საოპერაციო დეტალები მოყვანილი უნდა იქნეს ევროპულ სტანდარტებში, რომლებიც წინამდებარე დირექტივაშია მითითებული;
ვინაიდან წევრ სახელმწიფოებს შეიძლება საოპერაციო დეტალების განსაზღვრა დასჭირდეთ იმ წესების განსაზღვრამდე ან იმ წესებთან ერთად, რომლებიც შედის ევროპულ სტანდარტებში;
ვინაიდან, როცა საწარმოები ერიდებიან შემოწმებას, ზოგი დარღვევა შეიძლება ვერ გამოსწორდეს, თუ საამისოდ არ იქნება შემოღებული კონკრეტული მექანიზმი.
ვინაიდან, შესაბამისად, კომისიას, როცა ის ჩათვლის, რომ კონტრაქტის მინიჭების პერიოდში აშკარა დარღვევა მოხდა, უნდა შეეძლოს თავისი წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებსა და შესაბამის კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციას ყურადღება მიაქცევინოს აღნიშნულ ფაქტზე, რათა გადაიდგას სათანადო ნაბიჯები დარღვევის სწრაფად აღმოსაფხვრელად;
ვინაიდან აუცილებელია შერიგების შესაძლებლობის გათვალისწინება ევროგაერთიანების დონეზე, რათა დავები მეგობრულად მოგვარდეს;
ვინაიდან წინამდებარე დირექტივის პრაქტიკაში გამოყენება უნდა განხილული იქნეს დირექტივის 90/531/EEC გამოყენების განხილვის თანადროულად იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი საკონტროლო პროცედურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
ვინაიდან წინამდებარე დირექტივა ძალაში უნდა შევიდეს დირექტივის 90/531/EEC ძალაში შესვლასთან თანადროულად.
ვინაიდან მიზანშეწონილია, რომ ესპანეთის სამეფოს, საბერძნეთის რესპუბლიკასა და პორტუგალიის რესპუბლიკას მიეცეთ ადეკვატური დამატებითი პერიოდი წინამდებარე დირექტივის ტრანსპოზიციისთვის, ამ ქვეყნებში დირექტივის 90/531/EEC გამოყენების თარიღების გათვალისწინებით,
მიიღო წინამდებარე დირექტივა:
თავი I
სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეროვნულ დონეზე
მუხლი 1
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განხილული იქნეს ეფექტურად, განსაკუთრებით კი, რაც შეიძლება სწრაფად იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია მომდევნო მუხლებში, კერძოდ, მე-2 მუხლში ([8]), იმის გამო, რომ ასეთმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია ევროგაერთიანების კანონმდებლობა შესყიდვის სფეროს ან ამ კანონმდებლობის განმახორციელებელ სახელმწიფო წესებთან მიმართებაში, რომლებიც ეხება:
(ა) კონტრაქტის მინიჭების პროცედურებს, რომლებიც საბჭოს დირექტივის 90/531/EEC რეგულირების სფეროში შედის, და
(ბ) ამ დირექტივის მე-3(2) მუხლის შესრულებას იმ კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებზეც ეს დებულება ვრცელდება.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დისკრიმინაციის არარსებობა საწარმოებს შორის, რომლებმაც კონტრაქტის მინიჭების პროცედურის კონტექსტში, შესაძლოა, სარჩელი შეიტანონ მიყენებული ზარალის გამო, რაც გამოწვეული იყო წინამდებარე დირექტივის საფუძველზე ევროგაერთიანების კანონმდებლობის განმახორციელებელი სახელმწიფო წესების სხვა სახელმწიფო წესებისგან გამიჯვნით.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საკონტროლო პროცედურების ხელმისაწვდომობა დეტალური წესებით, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, სულ მცირე, ნებისმიერი პირისთვის, ვინც არის ან იყო დაინტერესებული კონკრეტული კონტრაქტის მოპოვებით და ვისაც სავარაუდო დარღვევის გამო ზიანი მიადგა ან ზიანის რისკის წინაშეა. კერძოდ, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ პირს, რომელიც შემოწმებას ითხოვს, კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციისთვის წინდაწინ უნდა ეცნობებინა სავარაუდო დარღვევისა და თავისი განზრახვის შესახებ შემოწმებასთან დაკავშირებით.
მუხლი 2
1. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ 1-ელ მუხლში დეტალურად განსაზღვრულ საკონტროლო პროცედურებთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებში შედიოდეს დებულება უფლებამოსილების შესახებ, რათა:
ან
(ა) პირველივე შესაძლებლობისთანავე და წინასწარი პროცედურის საშუალებით მიღებული იქნეს დროებითი ზომები სავარუდო დარღვევის გამოსწორების ან სათანადო ინტერესების შემდგომი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, კონტრაქტის მინიჭების პროცედურის შესაჩერებლად ან მისი შეჩერების უზრუნველსაყოფად, რაც კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების განხორციელებაზეც ვრცელდება, და
(ბ) გაუქმდეს ან უზრუნველყოფილი იქნეს უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება, ხელშეკრულების დადების შეტყობინებიდან დისკრიმინაციული ტექნიკური, ეკონომიკური ან ფინანსური მახასიათებლების ამოღებით, პერიოდული წინასწარი შეტყობინებით, კვალიფიკაციის სისტემის არსებობის შეტყობინებით, ტენდერში მონაწილეობისთვის მიწვევით, საკონტრაქტო დოკუმენტებით ან ნებისმიერი დოკუმენტით, რომელიც უკავშირდება ხსენებული კონტრაქტის მინიჭების პროცედურას;
ან
(გ) პირველივე შესაძლებლობისთანავე, თუ ეს შესაძლებელია წინასწარი პროცედურების საშუალებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო პროცედურით მიღებული იქნეს დროებითი ზომები, იმ ზომების გარდა, რომლებიც განსაზღვრულია (ა) და (ბ) პუნქტებით ნებისმიერი იდენტიფიცირებული დარღვევის გამოსწორებისა და სათანადო ინტერესების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით; ეს, კერძოდ, ითვალისწინებს გარკვეული თანხის გადახდის ბრძანების გაცემას იმ შემთხვევებში, როცა დარღვევა არ იქნა გამოსწორებული და არც თავიდან აცილებული.
წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გააკეთონ ეს არჩევანი ყველა კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციისთვის ან ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ორგანიზაციების კატეგორიებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, განსაზღვრული ზომების ეფექტურობის შენარჩუნებით იმისთვის, რომ აღიკვეთოს სათანადო ინტერესების დაზიანება;
(დ) და ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში ზარალი უნდა აუნაზღაურდეს იმ პირებს, რომლებიც დაზარალდნენ დარღვევის შედეგად.
როცა მოითხოვება ზარალის ანაზღაურება იმ საფუძველზე, რომ გადაწყვეტილება უკანონოდ იქნა მიღებული, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, თუკი მათი შიდა კანონის სისტემა მოითხოვს ამას და უზრუნველყოფს ორგანოებს, რომელთაც საჭირო ძალაუფლება აქვთ საამისოდ, დაადგინონ, რომ სადავო გადაწყვეტილება პირველ რიგში გაუქმდეს ან უკანონოდ გამოცხადდეს.
2. 1-ელ პუნქტში მითითებული უფლებამოსილება შეიძლება გადაეცეს ცალკეულ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან განხილვის პროცედურის სხვადასხვა ასპექტზე.
3. აუცილებელი არ არის, რომ თავისთავად საკონტროლო პროცედურებს ჰქონდეს იმ კონტრაქტის მინიჭების პროცედურების ავტომატურად შეჩერების ეფექტი, რომელთა მიმართ ისინი გამოიყენება.
4. წევრმა სახელმწიფოებმა, როდესაც განიხილავენ დროებითი ზომების მიღების შესახებ ბრძანების გაცემის შესაძლებლობას, შეიძლება განსაზღვრონ, რომ პასუხისმგებელ ორგანოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს ზომების სავარაუდო შედეგები ყველა სათანადო ინტერესისთვის, რომელსაც ზიანი შეიძლება მიადგეს, საზოგადოებრივი ინტერესის ჩათვლით, და გადაწყვიტოს, არ მიიღოს აღნიშნული ზომები, თუ მათი სავარაუდო უარყოფითი შედეგები აჭარბებს სარგებელს. დროებითი ზომების არმიღების გადაწყვეტილებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს იმ პირის ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელსაც სურს ამ ზომების მიღება.
5. 1(გ)-ლი პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს საიმისოდ, რომ კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციამ არ დაუშვას დარღვევის ჩადენა ან განაგრძოს უკვე ჩადენილი დარღვევა. თანხის გადახდა დამოკიდებული უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დარღვევას ნამდილად ჰქონდა ადგილი.
6. 1-ელ პუნქტში მითითებული უფლებამოსილების განხორციელების გავლენა მინიჭების შემდეგ გაფორმებულ კონტრაქტზე განისაზღვრება სახელმწიფო კანონით. ამასთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა გადაწყვეტილების გაუქმება წინ უსწრებს ზარალის ანაზღაურებას, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება განსაზღვროს, რომ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მისი მინიჭების შემდეგ, საკონტროლო პროცედურებზე პასუხისმგებელი ორგანოების უფლებამოსილება შეიძლება შემოიფარგლოს დარღვევის შედეგად დაზარალებული ნებისმიერი პირისთვის ზარალის ანაზღაურებით.
7. როცა წარდგენილია სარჩელი ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც წარმოადგენს სატენდერო შეთავაზების შედგენის ან კონტრაქტის მინიჭების პროცედურაში მონაწილეობის ხარჯებს, სარჩელის შემტანი პირი ვალდებულია დაამტკიცოს მხოლოდ ევროგაერთიანების კანონის დარღვევა შესყიდვის სფეროში, ან აღნიშნული კანონის განმახორციელებელი შიდასახელმწიფოებრივი წესების დარღვევა, ან ის, რომ მას კონტრაქტის მიღების რეალური შანსი ექნებოდა, ხოლო აღნიშნულმა დარღვევევამ უარყოფითად იმოქმედა ამ შანსზე.
8. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ საკონტროლო პროცედურებზე პასუხისმგებელი ორგანოების გადაწყვეტილებების ეფექტურად განხორციელება იყოს შესაძლებელი.
9. ვინაიდან საკონტროლო პროცედურებზე პასუხისმგებელ ორგანოებს არ გააჩნიათ სასამართლოს უფლებამოსილება, მათი გადაწყვეტილებების საფუძველი ყოველთვის წერილობითი სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. ამასთან, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს დებულება იმ პროცედურების უზრუნველსაყოფად, რომელთა საშუალებითაც მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებული და ნებისმიერი სავარაუდო უკანონო ზომა, ან ნებისმიერი სავარაუდო დეფექტი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, შეიძლება დაექვემდებაროს სასამართლო განხილვას ან სხვა ორგანოს განხილვას, რომელიც სასამართლოს ან ტრიბუნალს წარმოადგენს ხელშეკრულების 177-ე მუხლის მნიშვნელობით, და დამოუკიდებელია როგორც კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციის, ისე მაკონტროლებელი ორგანოსგან.
პირველ პუნქტში ნახსენები დამოუკიდებელი ორგანოს წევრები ინიშნებიან ან ტოვებენ თანამდებობას ისეთივე პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია სასამართლო ხელისუფლების წევრებისთვის, როცა საქმე ეხება მათ დანიშვნაზე პასუხისმგებელ ხელისუფლების ორგანოს, მათი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, და მათ გათავისუფლებას. აღნიშნული დამოუკიდებელი ორგანოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს იგივე იურიდიული და პროფესიული კვალიფიკაცია, რაც სასამართლო ხელისუფლების წევრებს. დამოუკიდებელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს პროცედურის შემდეგ, რომლის დროსაც ორივე მხარეს მოუსმენენ, ხოლო ეს გადაწყვეტილებები, თითოეული წევრი ქვეყნის მიერ განსაზღვრული საშუალებების გათვალისწინებით, იურიდიულად სავალდებულოა.
თავი 2
ატესტაცია
მუხლი 3
წევრმა სახელმწიფოებმა კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, მიმართონ საატესტაციო სისტემას მე-4-მე-7 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 4
კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციებს შეუძლიათ კონტრაქტის მინიჭების თავიანთი პროცედურები და პრაქტიკა იქონიონ, რომლებიც დირექტივის 90/531/EEC რეგულირების სფეროში შედის და პერიოდულად მოწმდება, რათა ატესტაცია გაიარონ იმის დასტურად, რომ მოცემული დროისთვის აღნიშნული პროცედურები და წესები შესაბამისობაშია კონტრაქტის მინიჭების შესახებ ევროგაერთიანების კანონთან და ამ კანონის განმახორციელებელ შიდასახელმწიფოებრივ წესებთან.
მუხლი 5
1. ატესტაციის ჩამტარებლებმა შემოწმების შედეგების შესახებ წერილობითი ანგარიში უნდა წარუდგინონ კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციას. ისინი, კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციისთვის მე-4 მუხლში მითითებული ატესტაციის მოწმობის გადაცემამდე, უნდა დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციის პროცედურებსა და პრაქტიკაში გამოვლინდა კონტრაქტის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამოსწორდა და ზომები იქნა მიღებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ხარვეზები აღარ განმეორდება.
2. კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციებს, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული ატესტაცია, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში შეუძლიათ შეიტანონ შემდეგი განცხადება დირექტივის 90/531/EEC მე-16-მე-18 მუხლების შესაბამისად:
„კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციამ მიიღო ატესტაციის მოწმობა საბჭოს დირექტივის 92/13/EEC შესაბამისად, რომ ................., მისი ხელშეკრულების დადების პროცედურები და წესები შეესაბამებოდა ევროგაერთიანების კანონმდებლობასა და აღნიშნული კანონმდებლობის განმახორციელებელ შიდასახელმწიფოებრივ წესებს.“
მუხლი 6
1. ატესტაციის ჩამტარებლები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციებისგან და სრულიად ობიექტურები უნდა იყვნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. მათ უნდა წარმოადგინონ სათანადო გარანტიები შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ.
2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განსაზღვრონ ნებისმიერი პირი, პროფესიის წარმომადგენელი ან დაწესებულება, რომლის თანამშრომლებიც აქტის საფუძველზე დაინიშნენ ატესტაციის ჩამტარებლებად, და რომლებიც, მათი აზრით, ასრულებენ 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამ მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მოითხოვონ პროფესიული კვალიფიკაციის დადასტურება, სულ მცირე, უმაღლესი განათლების დიპლომის დონეზე იმ მნიშვნელობით, რომელიც განსაზღვრულია დირექტივით 89/48/EEC(8) და მათ მიერ რელევანტურად არის მიჩნეული, ან კონკრეტული პროფესიული კომპეტენციის შემოწმება, ორგანიზებული ან აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რითაც უზრუნველყოფილია აღნიშნული გარანტიები.
მუხლი 7
მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების დებულებები ითვლება ატესტაციის ევროპული სტანდარტების შემუშავების ძირითად მოთხოვნებად.
თავი 3
მაკორექტირებელი მექანიზმი
მუხლი 8
1. კომისიამ შეიძლება წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს მიმართოს, თუ კონტრაქტის გაფორმებამდე ჩათვლის, რომ შესყიდვების ს, რომ სავარაუდო დარღვევა გამოსწორდა ან მასში უნდა შედიოდეს მოტივირებული წარდგინება, თუ რატომ არ გამოსწორდა დარღვევა.
თავი 4
მორიგება
მუხლი 9
1. ნებისმიერმა პირმა, ვისაც აქვს ან ჰქონია კონკრეტული კონტრაქტის მოპოვების ინტერესი, რომელიც შედის დირექტივის 90/531/EEC რეგულირების სფეროში, და ვინც აღნიშნული კონტრაქტის მინიჭების პროცედურასთან დაკავშირებით ჩათვლის, რომ დაზარალებულია ან ზარალის რისკი ემუქრება შესყიდვების სფეროში ევროგაერთიანების კანონმდებლობის ან ამ კანონმდებლობის განმახორციელებელი შიდასახელმწიფოებრივი წესების სავარაუდო დარღვევის გამო, შეიძლება მოითხოვოს მე-10 და მე-11 მუხლებით განსაზღვრული მორიგების პროცედურის გამოყენება.
2. 1-ელ პუნქტში მითითებული მოთხოვნა შეიძლება კომისიის ან დანართში ჩამოთვლილი ხელისუფლების ორგანოების მისამართით გაიგზავნოს წერილობითი ფორმით. ხელისუფლების ორგანოებმა კომისიას უნდა გაუგზავნონ მოთხოვნები რაც შეიძლება სწრაფად.
მუხლი 10
1. როცა კომისია, მე-9 მუხლში მითითებული მოთხოვნის საფუძველზე, ჩათვლის, რომ დავა შეეხება ევროგაერთიანების კანონმდებლობის სწორ გამოყენებას, მან უნდა სთხოვოს კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციას, განაცხადოს, სურს თუ არა მორიგების პროცედურაში მონაწილეობა. თუ კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაცია უარს განაცხადებს მონაწილეობის მიღებაზე, კომისიამ უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარმდგენ პირს, რომ პროცედურის დაწყება შეუძლებელია. თუ კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაცია თანახმაა, გამოყენებული უნდა იქნეს მე-2-მე-7 პუნქტები.
2. კომისიამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წამოაყენოს მომრიგებლის კანდიდატურა ამ მიზნით აკრედიტებული დამოუკიდებელი პირების სიიდან. სიას ადგენს კომისია საჯარო კონტრაქტების საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, ან იმ კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციების შემთხვევაში, რომელთა საქმიანობაც განისაზღვრება დირექტივის 90/531/EEC მე-2(2)(დ) მუხლით – სატელეკომუნიკაციო შესყიდვების საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ.
მორიგების პროცედურის თითოეულმა მხარემ უნდა განაცხადოს, მისაღებია თუ არა მისთვის მომრიგებელი, ან დანიშნოს დამატებითი მომრიგებელი. მომრიგებლებს შეუძლიათ ექსპერტებად მოიწვიონ არა უმეტეს ორი პირისა, რათა მათ კონსულტაცია გაუწიონ სამუშაოსთან დაკავშირებით. მორიგების პროცედურაში მონაწილე მხარეებმა და კომისიამ შეიძლება უარი განაცხადონ მომრიგებლის მიერ მოწვეულ ნებისმიერ ექსპერტზე.
3. მომრიგებელმა უნდა მისცეს პირს, რომელიც მორიგების პროცედურის გამოყენებას ითხოვს, კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციასა და შესაბამისი კონტრაქტის მინიჭების პროცედურაში მონაწილე ნებისმიერ სხვა კანდიდატსა თუ ტენდერის მონაწილეს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადების გაკეთების საშუალება ზეპირად ან წერილობით.
4. მომრიგებლები უნდა ეცადონ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ მხარეებს შორის შეთანხმებას ევროგაერთიანების კანონმდებლობის თანახმად.
5. მომრიგებლებმა კომისიას უნდა აცნობონ კვლევის შედეგების ან სხვა მიღწეული შედეგების შესახებ.
6. პირს, რომელიც ითხოვს მორიგების პროცედურის გამოყენებას და კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეთ პროცედურის ნებისმიერ დროს შეწყვეტის უფლება.
7. თუკი მხარეები არ გადაწყვეტენ სხვაგვარად, პირი, რომელიც ითხოვს მორიგების პროცედურის გამოყენებას და კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაცია პასუხისმგებელი უნდა იყვნენ მხოლოდ საკუთარ ხარჯებზე. ამასთან, თითოეულ მათგანს უნდა დაეკისროს პროცედურის ხარჯების ნახევარი საქმეში მონაწილე მესამე პირების ხარჯების გამოკლებით.
მუხლი 11
1. როცა კონკრეტული კონტრაქტის მინიჭების პროცედურასთან მიმართებაში დაინტერესებული პირი, მე-9 მუხლის მნიშვნელობით, იმ პირის გარდა, რომელიც ითხოვს მორიგების პროცედურას, აწარმოებს სასამართლო განხილვის პროცედურას ან სხვა განხილვის პროცედურას წინამდებარე დირექტივის მნიშვნელობით, კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციამ ამის შესახებ უნდა აცნობოს მომრიგებლებს. მომრიგებლები ატყობინებენ აღნიშნულ პირს, რომ წარმოდგენილია მოთხოვნა მორიგების პროცედურის გამოყენების თაობაზე და სთავაზობენ მას გარკვეული დროის მონაკვეთში მიუთითოს, თანახმაა თუ არა აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე. თუკი ეს პირი უარს იტყვის მონაწილეობაზე, მომრიგებლებმა შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში ხმების უმრავლესობით, შეწყვიტონ მორიგების პროცედურა თუკი ჩათვლიან, რომ ამ პირის ჩართულობა აუცილებელია დავის მოსაგვარებლად. მათ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობონ კომიტეტს და ასევე მიაწოდონ მას გადაწყვეტილების მიღების მიზეზები.
2. წინამდებარე თავის მიხედვით განხორციელებული ქმედება ზიანს არ უნდა აყენებდეს:
(ა) ნებისმიერ ქმედებას, რომელიც კომისიამ ან ნებისმიერმა სხვა წევრმა სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელი ხელშეკრულების 169-ე ან 170-ე მუხლების ან წინამდებარე დირექტივის მე-3 თავის შესაბამისად;
(ბ) იმ მხარეების უფლებებს, რომლებიც ითხოვენ მორიგების პროცედურას, კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციისა და სხვა პირების უფლებებს.
თავი 5
დასკვნითი დებულებები
მუხლი 12
1. წინამდებარე დირექტივის გამოყენებიდან არაუგვიანეს 4 წლის შემდეგ, საჯარო ხელშეკრულებების საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციით, კომისიამ უნდა განიხილოს ის, თუ როგორ განხორციელდა წინამდებარე დირექტივის დებულებები, კერძოდ კი, ევროპული სტანდარტების გამოყენება და, საჭიროების შემთხვევაში, წამოაყენოს წინადადება შესწორებების შეტანის შესახებ.
2. ყოველი წლის 1-ელ მარტამდე წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გადასცენ ინფორმაცია წინა კალენდარული წლის განმავლობაში თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი საკონტროლო პროცედურების მოქმედებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის ხასიათი განისაზღვრება კომისიის მიერ საჯარო ხელშეკრულებების საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციით.
3. კონტრაქტის მონაწილე იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების შემთხვევაში, რომელთა ქმედებები განისაზღვრება დირექტივის 90/531/EEC მე-2 (2) (დ) მუხლით, კომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს, ასევე, სატელეკომუნიკაციო შესყიდვების საკონსულტაციო კომიტეტთან.
მუხლი 13
1. 1993 წლის 1-ელ იანვრამდე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები წინამდებარე დირექტივის შესრულების უზრუნველსაყოფად. ესპანეთის სამეფომ აღნიშნული ზომები უნდა მიიღოს არაუგვიანეს 1995 წლის 30 ივნისისა. საბერძნეთისა და პორტუგალიის რესპუბლიკებმა აღნიშნული ზომები უნდა მიიღონ არაუგვიანეს1997 წლის 30 ივნისისა. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.
როცა წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აღნიშნულ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე, ან მათ უნდა დაერთოს ასეთი მითითება ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში. ასეთი მითითების გაკეთების მეთოდები განისაზღვრება წევრი სახელმწიფოს მიერ.
2. წევრმა სახელმწიფოებმა ძალაში უნდა შეიყვანონ 1-ელ პუნქტში მითითებული ზომები იმავე რიცხვში, რომელშიც ძალაში შევა დირექტივით 90/531/EEC გათვალისწინებული ზომები.
3. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა გააცნონ შიდასახელმწიფოებრივი კანონის იმ ძირითად დებულებათა ტექსტები, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.
მუხლი 14
წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.
შედგენილია ბრიუსელში 1992 წლის 25 თებერვალს.
ევროსაბჭოს სახელით
თავმჯდომარე
ვიტორ მარტინსი
დანართი
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რომლებსაც შეიძლება გაეგზავნოს მე-9 მუხლში მითითებული მოთხოვნა მორიგების პროცედურების გამოყენების თაობაზე
Belgium Services du Premier Ministre
Diensten Van de Eerste Minister
Ministère des Affaires économiques
Ministerie van Economische Zaken
Denmark Industri- og Handelsstyrelsen (მიწოდების კონტრაქტები)
Boligsministeriet (სამუშაო კონტრაქტები)
Germany Bundesministerium fuer Wirtschaft
Greece Ypoyrgeio Viomichanias, Energeias kai Technologias
Ypoyrgeio Emporioy Ypoyrgeio Perivallontos, Chorotaxias kai Dimosion Ergon
Spain Ministerio de Economía y Hacienda
France Commission centrale des marchés
Ireland Department of Finance
Italy Presidenza del Consiglio dei Ministri Politiche Comunitarie
Luxembourg Ministère des travaux publics
Netherlands Ministerie van Economische Zaken
Portugal Conselho de mercados de obras publicas e particulares
United Kingdom HM Treasury
1 ოფიციალური ჟურნალი No C 216, 31. 8. 1990, გვ.8 და ოფიციალური ჟურნალი No C 179, 10. 7. 1991, გვ. 18.
2 ოფიციალური ჟურნალი No C 106, 22. 4. 1991, გვ.82 და ოფიციალური ჟურნალი No C 39, 17. 2. 1992.
3 ოფიციალური ჟურნალი No C 60, 8. 3. 1991, გვ. 16.
4 ოფიციალური ჟურნალი No L 297, 29. 10. 1990, გვ. 1.
5 ოფიციალური ჟურნალი No L 395, 30. 12. 1989, გვ. 33.
6 ოფიციალური ჟურნალი No L 185, 16. 8. 1971, გვ. 5.
7 ოფიციალური ჟურნალი No L 13, 15. 1. 1977, გვ. 1.
8 ფიციალური ჟურნალი No L 19, 24. 1. 1989, გვ. 16.
To see the original English version of this document, please, follow the link:
დოკუმენტის კომენტარები