“ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”

“ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 25/07/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 31/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 14/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 389.012.004.344
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
158
25/07/2000
სსმ, 68, 31/07/2000
389.012.004.344
“ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”
იუსტიციის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/2000 - 14/09/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 389.012.004.344

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება 158

2000 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე და მის შესასრულებლად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

ინსტრუქცია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ

კარი I. ზოგადი დებულებანი

1. ”ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, დასახლებულ პუნქტებში, სადაც სანოტარო ბიუროები არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (სოფელი, დაბა) ასრულებენ შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

ა) ადასტურებენ ანდერძებს;

ბ) იღებენ ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

გ) ამოწმებენ დოკუმენტების პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედნებთან;

დ) გადასცემენ პირთა განცხადებებს და ცნობებს სხვა პირებს;

ე) ადასტურებენ მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

ვ) ადასტურებენ მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

ზ) შესანახად იღებენ დოკუმენტებს;

თ) საქართველოს კანონმდებლობით მათ შეიძლება დაეკისროთ სხვა ისეთი სანოტარო მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ამ კანონის 41-ე და 42- მუხლებით არ არის გათვალისწინებული.

2. სანოტარო მოქმედებას სოფელში, თემსა და დაბაში ასრულებს გამგებელი ან მის მიერ სათანადო აქტით უფლებამოსილება მინიჭებული პირი.[1]

3. ”ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე- 2 მუხლის შესაბამისად სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და აქტებით.

4. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები მოვალენი არიან დაიცვან შესრულებული სანოტარო მოქმედების საიდუმლოება.

ცნობები შესრულებული სანოტარო მოქმედების შესახებ და დოკუმენტები ეძლევათ მხოლოდ იმ პირებს (ფიზიკური ან იურიდიული), რომელთა დავალებით ან რომელთა მიმართ იყო შესრულებული სანოტარო მოქმედება, ან მათ წარმომადგენლებს.

გამოძიების, ადვოკატის, ან სასამართლოს მოთხოვნით ცნობები შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ და დოკუმენტები გაიცემა მათ წარმოებაში არსებული სისხლის, ან სამოქალაქო სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ცნობებსა და დოკუმენტებს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები გასცემენ მხოლოდ ზემოაღნიშნული ორგანოების წერილობითი მოთხოვნით.

ცნობები ანდერძის არსებობის, მისი შინაარსის და სხვათა შესახებ გაიცემა მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვალების მოწმობის წარდგენით.

სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის წესები ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებმაც შესრულებული სანოტარო მოქმედების თაობაზე შეიტყვეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებს, აგრეთვე პირებს, რომლებმაც შესრულებული სანოტარო მოქმედების თაობაზე შეიტყვეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, შესრულებული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დარღვევისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები მოვალენი არიან ხელი შეუწყონ პირებს თავიანთი უფლებების განხორციელებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საქმეში, განუმარტონ მათ უფლება-მოვალეობანი, გააფრთხილონ შესასრულებელი სანოტარო მოქმედების შედეგების შესახებ, რათა იურიდიული გაუთვითცნობიერებლობა და სხვა მსგავსი გარემოებანი გამოყენებული არ იქნეს მათ საზიანოდ.

აუცილებლობის შემთხვევებში აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებმა იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა (შემდგომში – პირთა) თხოვნით, რომლებმაც მათ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად მიმართეს, უნდა შეადგინონ განცხადებათა პროექტები, მოამზადონ დოკუმენტების ასლები და მათი ამონაწერები, აგრეთვე მისცენ ახსნა-განმარტებანი სანოტარო მოქმედების შესრულების საკითხებზე.

6. სანოტარო მოქმედება ”ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 7 მუხლის თანახმად სრულდება სახელმწიფო ენაზე.

თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.

თუ პირმა არ იცის ის ენა, რომელზეც შედგენილია დოკუმენტი, იგი ხელს აწერს იმ ენაზე, რომელიც მან იცის.

კარი II. სანოტარო მოქმედებათა შესრულების ძირითადი წესები

7. სანოტარო მოქმედება შეიძლება შესრულდეს ყოველი სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს აღმასრულებელ ორგანოში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ ინსტრუქციის მე-12 და 30-ე პუნქტებით.

8. სანოტარო მოქმედება სრულდება სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს შენობაში.

ცალკეულ შემთხვევებში, როცა ფიზიკურ პირს ავადმყოფობის, ინვალიდობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს შენობაში, სანოტარო მოქმედება შეიძლება შესრულდეს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების შენობების გარეთაც.

თუ სანოტარო მოქმედება სრულდება საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს შენობის გარეთ, დამადასტურებელ წარწერაში დოკუმენტზე და სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი და მისამართი (მაგალითად, ანდერძი დადასტურებულია სახლში შემდეგ მისამართზე: დაბა სურამი, 9 აპრილის ქუჩა N 5, ბინა 11).

9. სანოტარო მოქმედება სრულდება ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენისა და საზღაურის გადახდის შემდგომ. საზღაურის რაოდენობა განისაზღვრება ”სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად მთლიანად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

10. სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება გადაიდოს:

ა) თუ გამოთხოვილია დამატებითი მონაცემები ან დოკუმენტები, მათ შემოსვლამდე;

ბ) თუ ტარდება ექსპერტიზა ექსპერტის დასკვნის მიღებამდე;

გ) დაინტერესებული პირის თხოვნით, რომელსაც სურს მიმართოს სასამართლოს იმ უფლებაზე ან ფაქტზე შედარებისათვის, რომლის დადასტურებასაც ითხოვს მეორე პირი. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირს უფლება აქვს გადადოს სანოტარო მოქმედების შესრულება არა უმეტეს ათი დღის ვადით. თუ შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოდან მიღებული არ იქნა ცნობა დაინტერესებულ მოქალაქის განცხადების შეტანის შესახებ, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი ასრულებს სანოტარო მოქმედებას;

დ) სანოტარო მოქმედების შესრულება ჩერდება სასამართლოს შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, სასამართლოში სამართლებრივი დავის გადაწყვეტამდე;

ე) სანოტარო მოქმედების გადადების ან შეჩერებისას აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი არ გასცემს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს ან მოწმობას, საჭიროების შემთხვევაში იგი სანოტარო დოკუმენტში აღიშნავს, რომ შემოწმებულია პირთა უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

11. სანოტარო მოქმედების შესრულებისას აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები დაადგენენ იმ პირთა, ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვენ.

საქართველოს მოქალაქეების ვინაობა დგინდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით ან საქართველოს ეროვნული პასპორტით.

16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა ვინაობა დგინდება მშობლების (მშვილებლების) პასპორტებში მათ შესახებ ჩანაწერის საფუძველზე ან დაბადების მოწმობის მიხედვით.

სამხედრო მოსამსახურეთა ვინაობა დგინდება პირადობის მოწმობისა და სამხედრო ბილეთის საფუძველზე, რომელსაც გასცემს სამხედრო ნაწილისა და სამხედრო დაწესებულების სარდლობა.

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვინაობა დადგინდება საქართველოში ბინადრობის მოწმობის ან ეროვნული პასპორტის მიხედვით, რომელიც რეგისტრირებულია შინაგან საქმეთა ან სხვა საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებში.

საქართველოში დროებით საცხოვრებლად ჩამოსული იმ პირის ვინაობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ, დადგინდება მისი საზღვარგარეთული პასპორტით.

თუ აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი, რომელიც სანოტარო მოქმედებას ასრულებს, პირადად იცნობს პირს, პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.

დოკუმენტის ასლისა და მისი ამონაწერის ნამდვილობის დადასტურებისას, მოქალაქის ვინაობა შეიძლება დადგენილ იქნეს იმ მოწმობით, რომელიც გაცემულია დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის მიერ პირის სამუშაო ადგილის მიხედვით, ინვალიდობის მოწმობით, ომის მონაწილის მოწმობით.

12. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირს უფლება არა აქვს შეასრულოს სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობს თვითონ, მისი მეუღლე, თავისი ან მეუღლის მშობლები, პაპები, ბებიები, ძმები ან დები.

სანოტარო მოქმედებას აღნიშნულ შემთხვევაში შეასრულებს ნებისმიერი სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო, რომელიც სანოტარო მოქმედებას ასრულებს.

”ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის ”ბ“ პუნქტით გათვალისწინებული მოქმედება სრულდება მხოლოდ იმ სოფელში, თემსა და დაბაში, სადაც იმყოფება სამკვიდრო ქონება.

ამ პუნქტში აღნიშნული წესების დარღვევით შესრულებული სანოტარო მოქმედება ბათილია.

13. სანოტარო წესით დადასტურებული გარიგების ტექსტი უნდა დაიწეროს ნათლად და გარკვევით. თარიღები და ვადები ერთხელ მაინც უნდა დაიწეროს სიტყვებით. დოკუმენტში სრულად უნდა იყოს ნაჩვენები ფიზიკურ პირთა გვარები, სახელები, მამის სახელები, საცხოვრებელი ადგილი, იურიდიულ პირთა სახელწოდება, მათი ადგილსამყოფელი. ბოლომდე შეუვსებელი სტრიქონები და სხვა თავისუფალი ადგილები დოკუმენტზე უნდა გადაიხაზოს. მინაწერები და შესწორებები უნდა აღინიშნოს გარიგების მონაწილის და გარიგების ხელმომწერ სხვა პირთა ხელმოწერის წინ. მაგალითად, თუ ანდერძის ტექსტში სიტყვები ”ჩვეულებრივი საოჯახო მოხმარების საგნები“ გადასწორებულია სიტყვებით ”საცხოვრებელი სახლი“, გადასწორება უნდა აღინიშნოს ამგვარად: გადახაზული სიტყვები ”ჩვეულებრივი საოჯახო მოხმარების საგნები“ წაშლილია, ჩაწერილი სიტყვები ”საცხოვრებელი სახლი“ სწორია. ამ შესწორებას ხელს უნდა აწერდეს მოანდერძე (ან სხვა პირი, რომელმაც ხელი მოაწერა ანდერძს მოანდერძის თხოვნით) აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირის თანდასწრებით და იგი უნდა განმეორდეს დამადასტურებელი წარწერის ბოლოს აღნიშნული თანამდებობის პირის ხელმოწერის წინ. თუ შესწორება შეტანილია იმ დოკუმენტის ტექსტში, რომელსაც მხარეები ხელს არ აწერენ (მაგალითად, დოკუმენტის ასლი), ისინი უნდა აღინიშნოს და ხელმოწერილ იქნეს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირის მიერ დამადასტურებელი წარწერის ბოლოს.

თუ დადასტურებული ან დასამოწმებელი დოკუმენტი შედგენილია არასწორად ან უწიგნურად, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი წინადადებას აძლევს მთხოვნელ პირს გაასწოროს იგი ან შეადგინოს ახალი დოკუმენტი. მთხოვნელი პირის თხოვნით დოკუმენტი შეიძლება შეადგინოს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირმა, რისთვისაც გადახდილ უნდა იქნეს საზღაური დოკუმენტის პროექტის შედგენისათვის დაწესებული ოდენობით.

14. ანდერძის დადასტურებისას, დოკუმენტის ასლებისა და ამონაწერების დედანთან სისწორის დამოწმებისას, დოკუმენტზე კეთდება დამადასტურებელი წარწერა, რომელიც მოწმდება აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

დამადასტურებელი წარწერის ტექსტი უნდა დაიბეჭდოს ან დაიწეროს ხელით, ნათლად, გადაშლისა და ამოფხეკის გარეშე. შეუვსებელი ადგილები უნდა გადაიხაზოს. მინაწერები და სხვა შესწორებანი აღინიშნოს წინა პუნქტში აღწერილი წესით.

დამადასტურებელ წარწერათა შესასრულებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შტამპები შესაბამისი წარწერის ტექსტით.

თუ დამადასტურებელი წარწერა არ ეტევა შესაბამის დოკუმენტზე, იგი შეიძლება გაგრძელდეს ან მთლიანად დაიწეროს დოკუმენტზე მიკრულ ქაღალდის ფურცელზე. ამ შემთხვევაში ფურცლები, რომლებზეც გადმოცემულია დოკუმენტის ტექსტი და დამადასტურებელი წარწერა, ზონარგაყრილი და დანომრილი უნდა იყოს, ფურცლების რაოდენობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი თანამდებობის პირის ხელმოწერით და ბეჭდით.

დამადასტურებელი წარწერის გადმოცემის ან მისი გაგრძელებისათვის დასაშვებია აგრეთვე ქაღალდის ფურცლის მიწებება გერბიანი ბეჭდის დასმით, რომლის ანაბეჭდი ნაწილობრივ უნდა აისახოს მიწებებულ ფურცელზე.

ქაღალდის ფურცლების მიმაგრება და მიწებება დოკუმენტის ასლის სისწორის დამოწმების დამადასტურებელი წარწერისათვის, აგრეთვე დუბლიკატზე წარწერისათვის არ დაიშვება.

15. ყველა სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებენ აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები, რეგისტრაციაში ტარდება სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ჟურნალში. ყოველ სანოტარო მოქმედებას ეძლევა ცალკე რიგითი ნომერი. ნომერი, რომლითაც სანოტარო მოქმედება რეგისტრირებულია ჟურნალში, აღინიშნება გაცემულ დოკუმენტსა და დამადასტურებელ წარწერაში.

ჟურნალი ზონარგაყრილი, ხოლო მისი ფურცლები დანომრილი უნდა იყოს. ფურცლების რაოდენობა უნდა დაამოწმოს სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა აღმასრულებელი ორგანოს გერბიანი ბეჭდის დასმით.

აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი ჟურნალში ჩანაწერის შესრულებისას იყენებს მელანს (ან ბურთულიან კალამს). ფანქრით ჩაწერა და გადაშლა-გადაფხეკა ჟურნალში არ დაიშვება. დოკუმენტზე შეუვსებელი ადგილები უნდა გადაიხაზოს, ხოლო შეტანილი შესწორებანი აღინიშნოს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერით.

16. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ამონაწერს გასცემენ იმ პირთა წერილობითი განცხადებით, ვისი დავალებით, ან ვის მიმართაც შესრულებულია სანოტარო მოქმედება, აგრეთვე სასამართლოს, პროკურატურის, გამოძიების, მოკვლევის ორგანოებისა და ადვოკატურის მოთხოვნით მათ წარმოებაში არსებული სისხლის ან სამოქალაქო სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.

17. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირის მიერ დადასტურებული ან გაცემული დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში იმ პირთა წერილობითი განცხადებით, ვისი დავალებით ან ვის მიმართაც შესრულებულია სანოტარო მოქმედება, გაიცემა დაკარგული დოკუმენტის დუბლიკატი.

დოკუმენტის დუბლიკატები გაიცემა ამ ინსტრუქციის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით.

დოკუმენტის დუბლიკატები უნდა შეიცავდეს დადასტურებული ან გაცემული დოკუმენტის მთელ ტექსტს. დოკუმენტის დუბლიკატზე დამადასტურებელი წარწერა კეთდება კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.

ანდერძის ასლი შეიძლება მიეცეთ ანდერძში აღნიშნულ მემკვიდრეებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარადგენენ მოწმობას მოანდერძის გარდაცვალების შესახებ. ანდერძში აღნიშნული მემკვიდრეების გარდაცვალების შემთხვევაში, ანდერძის ასლი შეიძლება მიეცეთ მათ მემკვიდრეებს მას შემდეგ, რაც ისინი წარადგენენ მოწმობებს მოანდერძისა და გარდაცვლილი მემკვიდრის გარდაცვალების შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელ საბუთს.

18. თუ წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებს უფლება აქვთ შეაჩერონ ეს დოკუმენტი ან გაგზავნონ იგი საექსპერტიზოდ.

დოკუმენტი საექსპერტიზოდ იგზავნება განსაკუთრებული წერილით, რომელშიც აღინიშნება:

დოკუმენტის გაგზავნის თარიღი;

დოკუმენტის გამგზავნი თანამდებობის პირის ინიციალები, გვარი და აღმასრულებელი ორგანოს დასახელება;

დოკუმენტის დასახელება, ვის სახელზეა იგი გაცემული;

ვინ (გვარი, სახელი, მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილი) წარადგინა დოკუმენტი სანოტარო მოქმედების შესასრულებლად;

გარემოებანი, რამაც გამოიწვია დოკუმენტის საექსპერტიზოდ გაგზავნის აუცილებლობა;

სად (რომელ საექსპერტო დაწესებულებას) ეგზავნება დოკუმენტი ექსპერტიზის ჩასატარებლად;

საკითხები, რომლებზეც საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა.

19. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები:

_ უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ ასეთი მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება კანონს;

მოქმედება არ უნდა შესრულდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ან უნდა შესრულდეს სხვა ორგანოს მიერ;

სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს არაქმედუნარიანი პირი ან წარმომადგენელი, რომელსაც არ გააჩნია სათანადო უფლებამოსილება, ან ქმედუნარიანი, მაგრამ მოცემულ მომენტში ისეთ მდგომარეობაში  მყოფი პირი, რომელსაც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავის მოქმედებას ან უხელმძღვანელოს მას;

დოკუმენტი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს ან შეიცავს პირის პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს.

პირს, რომელსაც სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი ეთქვა, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი უარის თქმის შემდეგ არა უგვიანეს სამი დღისა, აძლევს დოკუმენტს (დადგენილება), რომელშიც მოცემულია უარის თქმის მოტივები, უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

20. სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე გარიგებების, განცხადებების პროექტების შედგენისათვის, დოკუმენტების ასლების, მათი ამონაწერების მომზადებისათვის, დოკუმენტების დუბლიკატების გაცემისათვის დაინტერესებულ პირებს გადაეხდებათ საზღაური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

21. ”სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი ადგილზე გაემგზავრა, დაინტერესებულ პირებს ეკისრებათ სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება.

თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია აღმასრულებელი ორგანოს შენობის გარეთ ან არასამუშაო დროს, საზღაური გამოიანგარიშება შესაბამისი საზღაურის განაკვეთზე ყოველი დახარჯული საათისათვის 3 ლარის დამატებით. სანოტარო მოქმედების შემსრულებელი პირის სამუშაო დროდ მიიჩნევა დრო 10 საათიდან 18 საათამდე.

კარი III. სანოტარო მოქმედების ცალკეულ სახეობათა შესრულების წესები

თავი I. ანდერძის დადასტურება

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის თანახმად, ანდერძს ადასტურებენ ნოტარიუსები, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, - თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები. ანდერძის სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილ და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.

ანდერძი ქმედუნარიანმა ფიზიკურმა პირმა პირადად უნდა წარუდგინოს შესაბამის თანამდებობის პირს. ერთი ანდერძის დადასტურება რამდენიმე პირის სახელით, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.

ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშნვით და მოანდერძემ თვითონ უნდა მოაწეროს მასზე ხელი.

აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირმა მოანდერძის სიტყვებით შეიძლება ჩაიწეროს ანდერძი ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები, როგორიცაა საბეჭდი მანქანა, კომპიუტერი და ა.შ.

მოანდერძის სიტყვებით  აღმასრულებელ ორგანოს თანამდებობის პირის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და შესაბამისი თანამდებობის პირისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.

თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ აწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირმა უნდა აღნიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა. პირს, რომელსაც უანდერძებენ ქონებას, უფლება არა აქვს დაესწროს ანდერძის შედგენას და ხელი მოაწეროს მას მოანდერძის მაგიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას თვითონ მოანდერძე ითხოვს. ამ შემთხვევაში ანდერძის ორივე ეგზემპლარზე კეთდება აღნიშვნა მოანდერძის თხოვნის შესახებ, რაც დამოწმებული უნდა იქნეს მოანდერძის (ან მისი დავალებით ანდერძზე ხელის მომწერი პირის), აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერით და მისივე ბეჭდით.

23. თუ მოანდერძე ყრუ, მუნჯი ან ყრუ – მუნჯია, ან ყრუ, მუნჯი და წერა-კითხვის უცოდინარია, საანდერძო განკარგულება მან უნდა გააკეთოს შესაბამის თანამდებობის პირთან ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.

მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა, საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს შესაბამის თანამდებობის პირთან სამი მოწმის თანდასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს და აღნიშნულის თაობაზე აღნიშნოს სანოტარო დოკუმენტში.

ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი.

ჩანაწერში მითითებული უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს შესაბამისმა თანამდებობის პირმა.

24. ანდერძის მოწმეებად არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი). შესაბამისად, მოწმეებს განემარტებათ სამოქალაქო კოდექსის 1362-1363 მუხლები, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს ანდერძზე გაკეთებულ დამადასტურებელ წარწერაში. ამასთან, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები და მოწმეები, მოანდერძის სურვილის არსებობის შემთხვევაში და ”ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილ შემთხვევაში, შესაძლებელია განთავისუფლდნენ საიდუმლოების დაცვის მოვალეობისაგან.

25. თანამდებობის პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას.

მოანდერძემ, სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, ანდერძი შეიძლება შეადგინოს თვითონ და მოაწეროს მას ხელი ოფიციალური დამოწმების გარეშე (შინაურული ანდერძი). მოანდერძეს შეუძლია ასეთი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს შესაბამის თანამდებობის პირს სამი მოწმის თანდასწრებით, რაც უნდა დადასტურდეს კონვერტზე ხელის მოწერით. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი ვალდებულია შინაურული ანდერძი მიიღოს შესანახად _ ოფიციალური დეპონირებისათვის.

ანდერძის დადასტურებისათვის საზღაური იანგარიშება როგორც ერთი სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის. მოწმეთა ხელმოწერები და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები აისახება სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში, მაგრამ მათ არ მიენიჭებათ დამოუკიდებელი სანოტარო მოქმედებისათვის კუთვნილი რიგითი ნომერი.

26. ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა და ა.შ. მაგრამ ყველა შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.

ანდერძის დადასტურებისას მოანდერძეს უნდა განემარტოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი და აღნიშნულმა ასახვა უნდა ჰპოვოს ანდერძის ტექსტში.

27. კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა ანდერძის დადასტურებისას უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ანდერძში მითითებული იყოს მისი შედგენის თარიღი. თარიღის არ არსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის შედგენის, შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.

ანდერძის დადასტურებისას მოანდერძეს არ მოეთხოვება იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც ადასტურებენ მის უფლებას საანდერძო ქონებაზე.

28. ”ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს  კანონის თანახმად, სანოტარო წესით დამწმებული ანდერძი ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში

29. თუ აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირმა მიიღო განცხადება დადასტურებული ანდერძის გაუქმების შესახებ ან ახალი ანდერძი, რომელიც აუქმებს ან ცვლის ადრე დადასტურებულ ანდერძს, შესაბამისი თანამდებობის პირი ამის თაობაზე აღნიშვნას აკეთებს სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ჟურნალში და ანდერძის იმ ეგზემპლარზე, რომელიც ინახება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. თუ მოანდერძე წარმოადგენს მის ხელთ არსებულ ეგზემპლარს, აღნიშვნა ანდერძის გაუქმების შესახებ კეთდება ამ ეგზემპლარზეც, რის შემდეგ იგი განცხადებასთან ერთად (თუ ანდერძი გაუქმებულია განცხადებით) თან დაერთვის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში შენახულ ეგზემპლარს.

სანოტარო მოქმედების შემსრულებელმა თანამდებობის პირმა მოანდერძეს უნდა განუმარტოს სამოქალაქო კოდექსის 1414-1420 მუხლები და აღნიშნულმა ასახვა უნდა ჰპოვოს საანდერძო დანაკისრში.

თავი II. სამკვიდრო ქონების დასაცავად მიღებული ზომები

30. ”ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის ”ბ“ პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 1495-ე მუხლის თანახმად, ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებენ ზომებს სამკვიდროს დასაცავად. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის, _ სამკვიდროს ადგილსამყოფელი.

თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ _ მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

დროებით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქის (საზღვარგარეთ გარდაცვალების შემდეგ) სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის, მაშინ _ სამკვიდროს ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა, აგრეთვე იმ ტექნიკუმების და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე სტუდენტთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეთ მდებარეობენ, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება ის ადგილი, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ან შესაბამის სასწავლებლებში შესვლამდე.

31. შესაბამისი თანამდებობის პირი, რომელმაც მიიღო შეტყობინება სამკვიდროს გახსნის შესახებ, მოვალეა აცნობოს ეს იმ მემკვიდრეებს, რომელთა სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი მისთვის ცნობილია. მასვე აგრეთვე შეუძლია მემკვიდრეების გამოწვევა საჯარო განცხადების ან პრესის მეშვეობით. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი განუმარტავს სამკვიდროს მიმღებს სხვა მემკვდრეთა გამოწვევის თაობაზე.

32. თუ სამკვიდროს დამტოვებლის ქონება ან ქონების ნაწილი არ არის სამკვიდროს გახსნის ადგილზე, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი სამკვიდროს მიმღების განცხადების საფუძველზე, უგზავნის სამკვიდრო ქონების დაცვისათვის ზომების მიღების თაობაზე დავალების შესაბამის ნოტარიუსს ან ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით.

სამკვიდრო ქონების დაცვის მიზნით მიღებული ზომების შესახებ, ამ ზომათა გამტარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირი აცნობებს იმ ნოტარიუსს, რომლის სამუშაო უბანშიც არის სამკვიდროს გახსნის ადგილი.

33. სამკვიდრო ქონების დაცვის მიზნით აღმასრულებელი ორგანო თანამდებობის პირი ახდენს ქონების აღწერას და გადასცემს მას შესანახად მემკვიდრეებს ან სხვა პირებს, ამასთან, იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან.

სამკვიდრო ქონების აღწერა ხდება სპეციალისტის, პოლიციის უბნის რწმუნებულის და 2 მოწმის, აგრეთვე აღწერაში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

აღწერის აქტი უნდა აღინიშნოს: დარჩენილი ქონების შესახებ განცხადების (შეტყობინების) ან სამკვიდრო ქონების დასაცავად ზომების მიღების შესახებ დავალების შემოსვლის თარიღი; აღწერის ჩატარების თარიღი; აღწერაში მონაწილე პირთა გვარი, სახელი და მისამართი; სამკვიდროს დამტოვებლის სახელი, გვარი, მისი გარდაცვალების დრო; აღსაწერი ქონების ადგილსამყოფელი; დალუქული იყო თუ არა სადგომი კომპეტენტური თანამდებობის პირის გამოცხადებამდე და იყო თუ არა დაცული ლუქის ან ბეჭდის მთლიანობა; აქტში ჩამოთვლილი თითოეული საგნის დაწვრილებითი დახასიათება და შეფასება, მათი ცვეთის პროცენტი.

აღწერილი საგნის შეფასება, რომელსაც საცალო ფასი არა აქვს, ხდება სპეციალისტის დასკვნის მიხედვით.

34. იმ შემთხვევაში, თუ შეფასებას არ ეთანხმებიან მემკვიდრეები, მათ უფლება აქვთ მოიწვიონ სპეციალისტი შემფასებელი. სპეციალისტი შემფასებლის შრომა ანაზღაურდება მემკვიდრეების ხარჯზე.

აქტის ყოველ გვერდზე აღინიშნება ნივთების (საგნების) რაოდენობა და მათი ღირებულების ჯამი, აღწერის დამთავრების შემდეგ კი – ნივთების (საგნების) საერთო რაოდენობა და მათი ღირებულების საერთო ჯამი. აღწერის აქტში შეიტანება გარდაცვლილის ბინაში არსებული მთელი ქონება. მეზობლების და სხვა პირთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ცალკეული ნივთები მათ ეკუთვნით, შეიტანება აღწერის აქტში, ხოლო დაინტერესებულ პირებს განემარტებათ, თუ რა წესით უნდა მიმართონ სასამართლოს ამ ქონების აღწერიდან ამორიცხვის შესახებ.

35. თუ ქონების აღწერა წყდება ან რამდენიმე დღით გრძელდება, სადგომს ყოველთვის დალუქავს პოლიციის უბნის რწმუნებული სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით. აღწერის აქტში ჩაიწერება აღწერის შეწყვეტისა და განახლების მიზეზები და დრო, აგრეთვე ლუქისა და ბეჭდის მდგომარეობა სადგომის შემდგომი გაღებისას.

აქტის ბოლოს აღინიშნება იმ პირის სახელი, გვარი, დაბადების წელი (აუცილებლობის შემთხვევაში, თვე) და საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც გადაეცა შესანახად ქონება, მისი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, ნომერი, გაცემის თარიღი და დოკუმენტის გამცემი დაწესებულების დასახელება.

აღწერის აქტი დგება სულ ცოტა სამ ეგზემპლარად. ყველა ეგზემპლარს ხელს აწერენ: სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირი, დაინტერესებული პირები, მოწმეები და ქონების შესანახად მიმღები პირი.

თუ სამკვიდრო ქონების დასაცავად ზომების მიღება შეუძლებელია (მემკვიდრეების ან სამკვიდროს დამტოვებელთან მცხოვრები სხვა პირები აღწერის წინააღმდეგნი არიან, არ წარადგენენ ქონებას აღსაწერად, ანდა ქონება გადატანილია და ა.შ.) აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი შეადგენს აქტს და ამის შესახებ შეატყობინებს დაინტერესებულ პირებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საფინანსო ორგანოს.

36. გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ფული შეინახება დეპოზიტი მემკვიდრეთათვის გადაცემამდე.

ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინის ჯგუფის ლითონები (როდიუმი, პალადიუმი, ირიდიუმი, რუთენიუმი) მონეტებში, ზოდის ან ნედლეულის სახით და უცხოური ვალუტა, ბანკნოტები, სახაზინო ბილეთები, მონეტები, საგადამხდელო დოკუმენტები (ჩეკები, თამასუქები, აკრედიტივები, აქციები და სხვა), ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, მათ შორის ძვირფასი ქვები და მარგალიტის ნაკეთობანი მემკვიდრეთათვის გადაცემამდე არსებული წესის მიხედვით შესანახად ბარდება ბანკში.

37. გარდაცვლილის ქონებაში აღმოჩენილი იარაღი (გარდა სანადირო იარაღისა) და ფეთქებადი ნივთიერებანი, განსაკუთრებული აღწერილობის მიხედვით ბარდება შინაგან საქმეთა ორგანოებს.

38. თუ აღწერილი ქონების შემადგენლობაში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ხელნაწერები, ლიტერატურული შრომები, ისტორიული ან მეცნიერული მნიშვნელობის წერილები, ეს დოკუმენტები ცალკე აღიწერება და გადაეცემა მემკვიდრეებს ან მემკვიდრეების არყოფნის შემთხვევაში შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებსაც აფრთხილებენ შენახვაზე პასუხისმგებლობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მემკვიდრეთა არყოფნისას) ნოტარიუსი დალუქავს დოკუმენტებს ან სადგომს, სადაც დაცულია აღნიშნული სახის დოკუმენტები.

39. თუ მოანდერძის მიერ არ არის დანიშნული ანდერძის ამსრულებელი ან თუნდაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, მმართველი არ დაინიშნება, მაგრამ თუ სამკვიდროში ირიცხება ქონება, რომელიც მართვას საჭიროებს, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. იმ შემთხვევაში, როცა მემკვიდრეობის მიღებამდე სამკვიდრო დამტოვებლის კრედიტორებმა აღძრეს სარჩელი, აღნიშნულ ქონებაზე ინიშნება მმართველი, რის შესახებაც გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება. ქონების მმართველებს, მეურვეებს და სხვა პირებს, რომელთაც გადაეცათ ქონება შესანახად, აფრთხილებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, სამკვიდრო ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვისათვის და მიყენებული ზიანისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. პირებს, რომელთაც გადაეცემათ შესანახად სამკვიდრო ქონება, თუ ისინი მემკვიდრეები არ არიან, უფლება აქვთ მიიღონ გასამრჯელო სამემკვიდრეო ქონების შენახვისათვის. აღნიშნული გასამრჯელოს ოდენობა მითითებული უნდა იყოს შესაბამის დადგენილებაში.

40. გასამრჯელოს ოდენობა წესდება მმართველთან, მეურვესთან ან სხვა პირთან შეთანხმებით. პირს, რომელსაც გადაეცემა შესანახად ქონება, მიეცემა ანაზღაურება, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს შესანახად გადაცემული ქონების ღირებულების 1,5 პროცენტს. ცხოველთა შენახვისათვის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება დაწესებული საფასურის 50 პროცენტით. აღნიშნულ პირებს აუნაზღაურდებათ აგრეთვე სამკვიდრო ქონების შენახვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯები. ეს ხარჯები ანაზღაურდება, წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ქონების გამოყენებით ფაქტობრივად მიღებული გამორჩენის გამოქვითვით.

41. სამკვიდრო ქონების დაცვა გრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე, ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე.

აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი მოვალეა წინასწარ შეატყობინოს მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონების დაცვის მიზნით მიღებული ზომების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ქონება მემკვიდრეობის უფლებით გადაეცემა სახელმწიფოს (ადგილობრივი მმართველობის ორგანოს).

42. აუცილებლობის შემთხვევაში მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღებამდე, ხოლო თუ ასეთი ქონება მიღებული არ არის, მემკვიდრეობის უფლებაზე მოწმობის გაცემამდე, აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი გასცემს განკარგულებას სამკვიდრო ქონებიდან გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, კერძოდ:

მამკვიდრებლის მოსავლელად მისი ავადმყოფობის დროს, აგრეთვე მის დასაკრძალად;

მამკვიდრებლის კმაყოფაზე მყოფი პირების შესანახად;

ხელფასთან დაკავშირებული და მათთან გათანაბრებული პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად;

სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის, აგრეთვე მემკვიდრეების შეტყობინებასთან დაკავშირებული პუბლიკაციებისათვის.

თუ სამკვიდრო ქონებაში არ მოიპოვება ფულადი თანხები, მაშინ გაიცემა განკარგულება გარდაცვლილის შემდეგ დარჩენილი ნივთების მიცემის შესახებ, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს გაწეული ხარჯების თანხას.

ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯების დასადასტურებლად აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი მოითხოვს სათანადო დოკუმენტების ასლებს.

თავი III. დოკუმენტის ასლებისა და მათი ამონაწერების სისწორის დამოწმება

43. ”ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ამოწმებენ დოკუმენტის პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედანთან. დაუშვებელია პირადობის მოწმობის, სამხედრო ბილეთის, პარტიული ბილეთის, დეპუტატის მოწმობის ასლის დამოწმება, გარდა მათი თარგმანისა.

44. ამონაწერის სისწორე დედანთან შეიძლება დამოწმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი, რომლიდანაც კეთდება ამონაწერი, შეიცავს რამდენიმე ცალკეული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი საკითხის გადაწყვეტას. ამონაწერი უნდა ასახავდეს დოკუმენტის ნაწილის სრულ ტექსტს განსაზღვრულ საკითხზე.

45. დოკუმენტის ასლის (ფოტოასლის) სისწორეს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი ამოწმებს იმ პირობით, თუ ასლის სისწორე დადასტურებულია სანოტარო წესით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ, ან თუ დოკუმენტის ასლი გაცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის მიერ, სადაც შედგენილია დოკუმენტის დედანი. უკანასკნელ შემთხვევაში დოკუმენტის ასლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს მოცემული დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის ბლანკზე, დასმული უნდა ჰქონდეს ბეჭედი და აღნიშნული იყოს, რომ დოკუმენტის დედანი ინახება მოცემულ დაწესებულებაში, საწარმოში, ორგანიზაციაში. ასლის სისწორე უნდა დადასტურდეს დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

46. დოკუმენტის დადასტურებული ასლი (ქსეროასლი) ან მისი ამონაწერი შეჯერდება დედანთან.

ფიზიკური პირის მიერ გაცემული ასლის სისწორე მოწმდება იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტზე ფიზიკური პირის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია სანოტარო ორგანოს ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც ფიზიკური პირი მუშაობს ან სწავლობს, იმ სახლმმართველობის (საბინაო-საექსპლუატაციო უბნის) მიერ, სადაც იგი ცხოვრობს ანდა იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, რომელშიც იგი იმყოფება სამკურნალოდ.

თავი IV. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებისა და ცნობების გადაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის

47. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირს შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები გადასცეს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რისთვისაც იგი აღნიშნულ განცხადებებზე აკეთებს სპეციალურ წარწერას ან აგზავნის ფოსტით უკან დაბრუნების შეტყობინებით.

განცხადებები შეიძლება გადაიცეს აგრეთვე ტელეფაქსის, კომპიუტერული ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

შესაბამის თანამდებობის პირს განცხადება წარედგინება ორ ეგზემპლარად, რომლიდანაც ერთ-ერთი იგზავნება ფოსტით, უკან დაბრუნების უწყებით, ხოლო მეორე – რჩება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში.

48. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო პირის თხოვნით გასცემს მოწმობას განცხადების გადაცემის თაობაზე.

მოწმობაში მითითებული უნდა იქნეს განცხადების მიღებისა და გადაცემის თარიღი, აგრეთვე მისი შინაარსი.

განმცხადებლის სურვილით მოწმობაში შესაძლებელია მიეთითოს განცხადებაზე პასუხის მიღების თარიღი.

პირი, რომელიც მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს განცხადების გადაცემის თაობაზე, იხდის არა მარტო აღნიშნული სანოტარო მოქმედებისათვის კანონით დაწესებულ საზღაურს, არამედ თავის თავზე იღებს მასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც.

თავი V. მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება

49. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ადასტურებს პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტს.

18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის ცოცხლად ყოფნის ფაქტი დასტურდება მისი კანონიერი წარმომადგენლების (მშობლების, მშვილებლების, მზრუნველების) თხოვნით, ხოლო სასამართლოს მიერ შეზღუდულ ქმედუნარიანად ან არაქმედუნარიანად აღიარებული პირის მიმართ – მზრუნველისა და მეურვის თხოვნით.

50. პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტი დასტურდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობაში, ისე მის გარეთ.

პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი დაინტერესებულ პირზე გასცემს მოწმობას.

თავი VI. პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება

51. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი ადასტურებს ფიზიკური პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს.

18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტი დასტურდება მისი კანონიერი წარმომადგენლების (მშობლების, მშვილებლების, მეურვეების ან მზრუნველების) თხოვნით, ხოლო სასამართლოს მიერ შეზღუდულ ქმედუნარიანად ან არაქმედუნარიანად აღიარებული პირის მიმართ – მზრუნველობის ან მეურვეობის ორგანოს თხოვნით.

52. პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტი დადასტურდება მაშინ, როცა იგი გამოცხადდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ისევე მაშინ, როცა ამ ფაქტს ადასტურებს შესაბამისი თანამდებობის პირი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობის გარეთ.

53. ფიზიკური პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის დასადასტურებლად აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი დაინტერესებულ პირებს მისცემს მოწმობას.

თავი VII. დოკუმენტების მიღება შესანახად

54. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი შესანახად იღებს დოკუმენტებს აღწერის მიხედვით.

აღწერის დოკუმენტი დგება ორ ეგზემპლარად. მას ხელს აწერს პირი, რომელმაც ჩააბარა დოკუმენტები შესანახად და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირი.

აღწერის დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმეებში, ხოლო მეორე ეგზემპლარი მიეცემა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა დოკუმენტები შესანახად (ანდერძის შენახვა).

დოკუმენტების მიღების დასადასტურებლად იმ პირს, რომელმაც ჩააბარა ისინი შესანახად, მიეცემა მოწმობა აღწერის ეგზემპლარითურთ.

55. შესანახად მიღებული დოკუმენტები ინახება ცალკე პაკეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ბეჭდით დალუქულ რკინის კარადებში ან სეიფებში.

56. შესანახად მიღებული დოკუმენტები უბრუნდება მათ ჩამბარებელს ან კანონით უფლებამოსილ პირს მას შემდეგ, რაც წარადგენენ მოწმობას და აღწერის ეგზემპლარს სანოტარო მოქმედების შემსრულებელი პირის ხელმოწერით, ანდა სასამართლოს დადგენილებით.



[1] ამ ინსტრუქციის შემდგომ პუნქტებში სოფლის, თემის, დაბის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებს, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, ეწოდებათ ”აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები“.