„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 377-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 450090060.05.001.020243
377-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
450090060.05.001.020243
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).“.

2. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუზეუმს სახელმწიფო (ეროვნულ) კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

2. მუზეუმს ადგილობრივ კატეგორიას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს სამინისტრო.“.

3. მე-9 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუზეუმი იქმნება სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმებს აფუძნებს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. მუზეუმის შემქმნელის (დამფუძნებლის) უფლებები განისაზღვრება მის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) მუზეუმის დებულებით (წესდებით) ან/და მუზეუმის შემქმნელსა (დამფუძნებელსა) და სამინისტროს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების ფორმას ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო.“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში არსებულ და ახალშექმნილ მუზეუმებს სამინისტრო აღრიცხავს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმის შემქმნელი (დამფუძნებელი) სამინისტროს წერილობით აცნობებს მუზეუმის შექმნის (დაფუძნების) მიზანს, მის ტიპს, სახელწოდებასა და ადგილმდებარეობას.“.

6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

8. მე-14 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამუზეუმო საქმიანობის მართვას.

2. სამინისტროს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;

ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია;

გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება;

დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;

ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ვ) მუზეუმის ფონდის მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;

ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება;

თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;

ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;

კ) სახელმწიფო მუზეუმის ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;

ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.

3. სამუზეუმო ნივთებისა და კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.“.

9. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე;“.

10. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დადგენილ ვადაში აცნობოს სამინისტროს სამუზეუმო ექსპონატის გასხვისების შესახებ;“.

11. 22-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო.“;

ბ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია სამუზეუმო სამუშაოთა წარმართვის შესახებ.“.

12. 24-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში აღრიცხავს სამინისტრო საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

4. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოირიცხება დადგენილი წესით, სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N377-IVმს-Xმპ