დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 326-IVმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.09.001.016650 |
|
„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველო შეუერთდეს „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციას. 2. „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციასთან საქართველოს შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დათქმები: 1. კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. კონვენციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო გამორიცხავს კონვენციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების გამოყენებას. 3. საქართველო არ იღებს ვალდებულებას, სასამართლო დავალების შესრულების მიზნით თარგმნოს დოკუმენტები. 4. კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, დავალების გამომგზავნი სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დაესწრონ სასამართლო დავალების შესრულების პროცესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ექსპერტებისა და თარჯიმნებისათვის გადასახდელი თანხა და ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური პროცედურის გამოყენებით, უნდა აანაზღაუროს დავალების წარმოშობის სახელმწიფომ. 6. კონვენციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო არ გამოიყენებს კონვენციის II თავის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებს. საქართველო აცხადებს, რომ ასევე არ გამოიყენებს კონვენციის მე-19 და 21-ე მუხლებს, რამდენადაც ისინი მიუთითებენ მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებზე, რომლებზედაც დათქმა გაკეთდა. 7. საქართველო მოითხოვს, რომ დავალების წარმოშობის ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელმაც დავალება გამოგზავნა კონვენციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აანაზღაუროს ის საფასური და ხარჯები, რომლებზედაც აღნიშნული პუნქტი მიუთითებს. 3. „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციასთან საქართველოს შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დეკლარაცია: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები; ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები). ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის №1633 რეზოლუციით აღიარა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) და აფხაზეთის (საქართველო) დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც საერთაშორისო სამართლისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპების დარღვევას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს მის მიერ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) და აფხაზეთის (საქართველო) დამოუკიდებლობის აღიარება და სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ქვეყნის საზღვრების ურღვევობას. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ (გენერალური ასამბლეის №11785 რეზოლუცია) ასევე აღიარა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების უფლება, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოიყენება და განხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, მას შემდეგ, რაც შეიქმნება შესაბამისი გარემოებები და საქართველო აღადგენს მათზე ეფექტურ კონტროლს. დოკუმენტები ან დავალებები, რომლებიც შედგენილია ან გაცემულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის არაუფლებამოსილი ორგანოების ან ამ ორგანოების მოხელეების ან რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მოქმედი აფხაზეთისა (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) უკანონო ორგანოების მიერ, იმთავითვე იურიდიული ძალის არმქონეა და არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგებს, მიუხედავად იმისა, ისინი წარდგენილია პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რუსეთის ფედერაციის ორგანოების გავლით. კონვენციის ის დებულებები, რომლებიც შეეხება პირდაპირ კომუნიკაციას ან ურთიერთობას, არ გამოიყენება რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფი აფხაზეთისა (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) უკანონო ორგანოების მიმართ. შესაბამისი კომუნიკაციის პროცედურას განსაზღვრავს ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს ცენტრალური ორგანო.
|
თბილისი, 5 მარტი 2021 წ. N326-IVმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები