„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე

„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 325-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016649
325-IVმს-Xმპ
05/03/2021
ვებგვერდი, 10/03/2021
480140000.09.001.016649
„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველო შეუერთდეს „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციას.

 2. „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან საქართველოს შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დათქმები:

1. საქართველო აცხადებს, რომ მოსამართლე უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით.

2. საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მე-16 მუხლით დადგენილი შეღავათის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ ის წარდგენილია სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.

3. კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

4. საქართველო აცხადებს, რომ დოკუმენტები, რომელთა ჩაბარებაც უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ან მათ უნდა ახლდეს დავალების გამომგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

5. კონვენციის მე-7 მუხლის მიზნებისთვის დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

6. საქართველო აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგია, სასამართლო დოკუმენტების ჩაბარება მის ტერიტორიაზე განახორციელონ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ან საკონსულო დაწესებულებებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი, რომელსაც დოკუმენტები უნდა ჩაჰბარდეს, იმ ქვეყნის მოქალაქეა, სადაც ეს დოკუმენტები შედგა.

7. საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად გადასაცემი დოკუმენტები მხარეთათვის ჩაბარების მიზნით გადაეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

8. საქართველო უარს აცხადებს, დოკუმენტების ჩაბარების მიზნით  გამოიყენოს მათი გადაგზავნის ის საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

9. კონვენციის:

ა) მე-2 მუხლის მიზნებისთვის საქართველოს ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ბ) მე-6 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოები არიან საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოები;

გ) მე-9 მუხლის შესაბამისად, საკონსულო არხების მეშვეობით გადაგზავნილი დოკუმენტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3. „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან საქართველოს შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დეკლარაცია:

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები;

ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები).   

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის №1633 რეზოლუციით აღიარა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) და აფხაზეთის (საქართველო) დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც საერთაშორისო სამართლისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპების დარღვევას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს მის მიერ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) და აფხაზეთის (საქართველო) დამოუკიდებლობის აღიარება და სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ქვეყნის საზღვრების ურღვევობას.

გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ (გენერალური ასამბლეის №11785 რეზოლუცია) ასევე აღიარა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების უფლება, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოიყენება და განხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, მას შემდეგ, რაც შეიქმნება შესაბამისი გარემოებები და საქართველო აღადგენს მათზე ეფექტურ კონტროლს.       

დოკუმენტები ან დავალებები, რომლებიც შედგენილია ან გაცემულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის არაუფლებამოსილი ორგანოების ან ამ ორგანოების მოხელეების ან რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მოქმედი აფხაზეთისა (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) უკანონო ორგანოების მიერ, იმთავითვე იურიდიული ძალის არმქონეა და არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგებს, მიუხედავად იმისა, ისინი წარდგენილია პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რუსეთის ფედერაციის ორგანოების გავლით.

კონვენციის ის დებულებები, რომლებიც შეეხება პირდაპირ კომუნიკაციას ან ურთიერთობას, არ გამოიყენება რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფი აფხაზეთისა (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) უკანონო ორგანოების მიმართ. შესაბამისი კომუნიკაციის პროცედურას განსაზღვრავს ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს ცენტრალური ორგანო.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

თბილისი,

5 მარტი 2021 წ.

N325-IVმს-Xმპ