დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 47 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017452 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 482 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე და ანაზღაურების მომენტში თანხის მიმღები პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.“. 2. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სავალდებულო არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 3. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე–49-ე პუნქტები: „46. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი. 47. ამ მუხლის 46-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ორივე მხარე წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს და ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით, ამ ოპერაციის თითოეულ მხარეს უფლება აქვს, ჩაითვალოს მის მიერ მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული და შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში. ამ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ ოპერაციაზე დარიცხული და შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რა დროსაც, დასაბეგრ პირებს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება. 48. თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. 49. საქონლის იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომელიც გაიწევა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე და შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების ნაწილად და ექვემდებარება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები