„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016439
2
25/02/2021
ვებგვერდი, 04/03/2021
300310000.16.009.016439
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №2

2021 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის  საფუძველზე,  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/06/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.16.009.016373) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ (დანართი №1):

ა) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მიერთების ტექნიკური პირობები, იმ შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი მოწყობილობის მიერთება ელექტროენერგეტიკულ ან ბუნებრივი გაზის სისტემასთან.“;

ბ) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მონაცემები ლიცენზიატის შესახებ: სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;“.

2. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“  (დანართი №1)   დანართი  1.4-ის (ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობის სალიცენზიო პირობები) მე-5 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ლიცენზირების წესებს“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 1.6 -ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის საქმიანობის სალიცენზიო პირობები“:

„დანართი 1.6

 

ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის საქმიანობის სალიცენზიო პირობები

 

1. სალიცენზიო საქმიანობა

1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზია (შემდგომში – ლიცენზია) გაიცემა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) გადაწყვეტილებით და მის მფლობელს (შემდგომში – ლიცენზიატი) ანიჭებს საქართველოს ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების უფლებამოსილებას, კანონისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

2. ბუნებრივი გაზის ბაზრის კონკრეტული სეგმენტის ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი ლიცენზია.

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაცემულია უვადოდ.

3. ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები

1. ლიცენზიატი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის ოპერირებისა და ორგანიზების საქმიანობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის სეგემენტის სუბიექტებს (ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებს) მოსთხოვოს სალიცენზიო საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების მოთხოვნების შესაბამისად;

გ) უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის  სეგემენტის სუბიექტის რეგისტრაციაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად;

დ) განახორციელოს ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგემენტის  ორგანიზების პერიოდული ანალიზი და კომისიას წარუდგინოს წინადადებები მისი გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი ზომების თაობაზე;

2. ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) გააფორმოს დაშვების ხელშეკრულებები ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტებთან ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ფორმით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების ბაზრის მონაწილეების მიერ დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ;

გ) კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობითა და კომისიის კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

დ) სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.

3. ლიცენზიატს არ აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან მისი მოქმედების არეალის ფარგლების გარეთ გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეწყვეტა ან შემცირება ხდება სისტემით მოსარგებლის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, მიმართოს კომისიას მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, ლიცენზიატი კომისიას წარუდგენს სალიცენზიო მოწმობას მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების მიზნით.

4. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ზომები ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

4. სალიცენზიო პირობები

ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) შეასრულოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ლიცენზიით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;

ბ) განახორციელოს საქართველოს ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის ლიცენზიით გათვალისწინებული სეგმენტის ორგანიზება და ოპერირება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის დაკავშირებასა და ინტეგრირებას სხვა ბაზრებთან რეგიონულ ან/და საერთაშორისო დონეზე;

დ) საკუთრებაში იქონიოს ან სხვა საფუძვლით ფლობდეს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების პლატფორმასა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის მექანიზმებს ან/და ახორციელებდეს შესაბამისი მომსახურების მესამე პირებისაგან შესყიდვას;

ე) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსი, მათ შორის, მესამე პირებისაგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვით;

ვ) ჰქონდეს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა;

ზ) ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტებს გაუწიოს საიმედო და ეფექტიანი მომსახურება სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები აღნიშნული მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად;

თ) აწარმოოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების რეესტრი;

ი) მოამზადოს ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის დღიური გეგმა ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის შედეგების საფუძველზე;

კ) უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის დღიური გეგმის დროული მიწოდება;

ლ) აწარმოოს ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების რეესტრი;

მ) უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის განცალკევებული აღრიცხვა;

ნ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;

ო) კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობის, ფორმის, შინაარსისა და ვადების დაცვით უზრუნველყოს კომისიაში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;

პ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური;

ჟ) უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სათანადოდ შესრულება;

რ) დროულად წარუდგინოს კომისიას ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და მონაცემი.

5. ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურებები

1. სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისას ლიცენზიატმა უნდა გასწიოს შემდეგი მომსახურებები:

ა) ბუნებრივი გაზის ბაზრის კონცეფციის შესაბამისად განსაზღვრული ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ორგანიზება და ოპერირება;

ბ) ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

გ) ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ორგანიზება-ოპერირებისათვის საჭირო პლატფორმისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური გამართულობა;

დ) ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სუბიექტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რეესტრის წარმოება.

2. ლიცენზიატმა მომსახურება უნდა გაუწიოს ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მონაწილეებს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად შემუშავებული სტანდარტული ხელშეკრულებების შესაბამისად, თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

3. ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრის  სუბიექტის რეგისტრაციისას ლიცენზიატმა მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. ანგარიშების განცალკევება

ლიცენზიატი ვალდებულია ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია. ამასთან, ლიცენზიატის შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.

7. პერიოდული ანგარიშგება

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადები განისაზღვრება კომისიის ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით.

8. რეგულირების საფასური

1. ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილ ვადებში გადაიხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების საფასური.

2. ლიცენზიატის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს მოსთხოვოს რეგულირების საფასურის დაანგარიშების შესახებ ანგარიშგების წარმოდგენა ან შესწორება (შევსება), ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ლიცენზიატი არ შეასრულებს კომისიის მოთხოვნას ან/და კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

9. სალიცენზიო პირობების კონტროლი

1. ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კომისია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება:

ა) სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებით;

ბ) სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

4. ლიცენზიატის შერჩევითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის პირობების შემოწმება ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, მათ შორის აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

5. კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის ადგილზე შემოწმება განახორციელოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

10. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის

1. ლიცენზიატი პასუხისმგებელია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

2. ლიცენზიატს, საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

11. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა, ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ლიცენზიატის სახელწოდება ან იურიდიულ– სამართლებრივი ფორმა, ლიცენზიატი ვალდებულია, მიმართოს კომისიას ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:

ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით;

ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. ლიცენზიის გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზიის პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

5. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაუბრუნოს კომისიას სალიცენზიო მოწმობა.“.

4. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის“ (დანართი №2):

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) ,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ა) იურიდიული პირის ამონაწერი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ა.ბ) ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ა) იურიდიული პირის ამონაწერი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;“

ა.გ) ,,გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის ამონაწერი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;“

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ინფორმაციას ელექტროენერგიის მწარმოებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, მიმწოდებლისა და ტრეიდერის სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, თუ იგი იურიდიული პირია; სახელს, გვარს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე ინფორმაციას – თუ ინდივიდუალური მეწარმეა;“

5. დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №3

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის (შემდგომში – სალიცენზიო მოწმობა) ფორმა წარმოადგენს ბამბის ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ფერის A4 ფორმატის ერთფურცლიან მოწმობას.

2. სალიცენზიო მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ნომერი და სერია, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ლიცენზიის მოქმედების ვადა, ლიცენზიის დანართების ჩამონათვალი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით). მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება სალიცენზიო მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა);  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინიციალები – „სემგს“ და რეგისტრაციის ნომერი.

3. სალიცენზიო მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი;

4. სალიცენზიო მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;

ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფაბრებით;

გ) სალიცენზიო მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სალიცენზიო მოწმობა“, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;

დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს.

 

 

“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი