აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016660
2-271
09/03/2021
ვებგვერდი, 10/03/2021
360160000.22.023.016660
აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-271

2021 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს „აკვაკულტურის  მრჩეველთა  საბჭოს  შემადგენლობისა  და  საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ თანდართული დებულება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



დებულებ

აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს (შემდგომ – საბჭო) პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრის, საქმიანობის, მის მიერ წინადადებების, რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავებისა და წარდგენის წესსა და საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. საბჭო შექმნილია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად, კანონით განსაზღვრული „უცხო სახეობის“ შემოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე, კანონის შესაბამისად განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესასრულებლად.

3. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით, ამ დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

4. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილი იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემის ორგანოების, შესაბამის სფეროში საგანმანათლებლო/სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების, ბიოლოგიისა და ვეტერინარიის სფეროში.

5. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს მინისტრი.

მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები

საბჭო:

ა) უზრუნველყოფს „უცხო სახეობის“ შემოყვანის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის შემუშავებას და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის (შემდგომ – სააგენტო) წარდგენას;

ბ) განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რომლებიც წინ უძღვის „უცხო სახეობის“ აკვაკულტურაში გამოყენებას;

გ) ახორციელებს „უცხო სახეობის“ შემოყვანის რისკების ანალიზს და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) აკვაკულტურის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ასპექტებისა და მათი დანერგვის შესახებ კონსულტაციებს უწევს და წარუდგენს რეკომენდაციებს სამინისტროსა და სააგენტოს;

ე) უზრუნველყოფს აკვაკულტურის განვითარების მიზნით მინისტრის მიერ საბჭოსთვის დაკისრებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 3. საბჭოს საქმიანობის წესი

1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. იგი ხელს აწერს საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

2. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით. საბჭოს სხდომა შეიძლება, გაიმართოს დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

3. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.

4. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, საბჭო იკრიბება და გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

6. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

მუხლი 4. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.