შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-10/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016838
01-10/ნ
31/01/2021
ვებგვერდი, 01/02/2021
470230000.22.035.016838
შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-10/ნ 

2021 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი (დანართი №1).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე



დანართი №1

შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი

 

პრეამბულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) დასაქმებული თითოეული შრომის ინსპექტორი (შემდგომში – შრომის ინსპექტორი) აცნობიერებს, რა საკუთარ როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, აანალიზებს რა, რომ შრომის ინსპექციის სამსახურში მუშაობა გულისხმობს საზოგადოების მიერ გამოცხადებულ მაღალ ნდობას მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, იღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს იხელმძღვანელებს წესიერების, პატიოსნების, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმებითა და პრინციპებით. შრომის ინსპექტორს სრულად გააზრებული აქვს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები, შესაბამისად, იგი არასოდეს განახორციელებს ისეთ ქმედებას, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობასა და სამსახურის იმიჯზე. იგი საკუთარი ქმედებებით იქნება სამსახურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცების გარანტი.

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო და მიზანი 

1.  შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) ადგენს ქცევის ნორმებსა და სტანდარტებს, რომლებიც მიზნად ისახავს შრომის ინსპექტორთა საქმიანობის წარმართვას სამართლიანად, კანონიერად, მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ, ობიექტურად, კვალიფიციურად, ეფექტურად, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით.

2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნის მისაღწევად თითოეული შრომის ინსპექტორი ვალდებულია საქმიანობის პროცესში:

ა) იყოს სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი, ეფექტიანი და კვალიფიციური;

ბ) პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;

გ) სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდეს პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად;

დ) პროფესიულ საქმიანობაში განუხრელად იცავდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ე)  ჰქონდეს გაცნობიერებული მისი თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობა და საქმიანობის დროს ხელმძღვანელობდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოს საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცება სამსახურის მიმართ;

ვ) იცავდეს დისციპლინას, სტანდარტებსა და ნორმებს.

4. სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება გულისხმობს თანამშრომელთა  ქცევის წესების განსაზღვრას, რაც თავის მხრივ, უნდა იყოს  საჯარო სამსახურში აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების პრაქტიკაში გატარების გარანტი.

5. კოდექსის მიზანია, უზრუნველყოს, ერთი მხრივ, მოქალაქეების რწმენის ამაღლება შრომის ინსპექტორთა მიმართ, მეორე მხრივ, დაამკვიდროს მაღალი სტანდარტი სამსახურის ფუნქციონირების პროცესში და საზოგადოების მაღალი ნდობა ინსპექტორთა ქმედებების მიმართ. 

6. ამ კოდექსის განმარტებისას, თითოეული დებულება გააზრებული უნდა იქნეს ფართოდ და სრულად,  გამოიყენებოდეს ისეთი ქცევების მიმართ, რომლებიც შესაძლოა კოდექსში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის ზოგადი პრინციპებიდან და მიზნებიდან ან/და ეწინააღმდეგება მათ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო მოსამსახურე – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირი – მმართველობითი ფუნქციის განხორციელებისას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრისა და საქართველოს მოსამართლისა;

ბ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება;

გ) შრომის ინსპექტორი – სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელე, რომელიც უშუალოდ არის უფლებამოსილი „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების ფარგლებში შრომითი ნორმების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაზე, ასევე მთავარი შრომის ინსპექტორი;

დ) საჩუქარი – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩუქარი;

ე) მინდობილი ქონება – მატერიალური რესურსი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს გადაცემული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილი, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უნდა იმყოფებოდეს ან მიდიოდეს საჯარო მოსამსახურე. საჯარო დაწესებულების შენობა/ოფისი, მივლინების ადგილები, საქმიანი ლანჩის/სადილის დარბაზი და სხვა ისეთი ადგილები, სადაც სამსახურებრივი ან/და მისგან გამომდინარე ვალდებულებები სრულდება;

ზ) ინტერესთა შეუთავსებლობა – რეალური ან შესაძლო წინააღმდეგობა პიროვნების კერძო ინტერესსა და მის საჯარო ან კორპორატიულ  ვალდებულებას შორის;

თ) გავლენა – ადამიანის ქცევა, რომელიც ცვლის მისადმი სხვა ადამიანების დამოკიდებულებასა და გრძნობას;

ი) კონფიდენციალურობა  „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შემუშავებული შრომის ინსპექტორისთვის შემუშავებული სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც მას აქვს ინფორმაციის გაუხმაურებლობის/გასაიდუმლოების ვალდებულება.

 

თავი II. შრომის ინსპექტორთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები

 

მუხლი 3. კანონიერება

1. შრომის ინსპექტორის ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს შრომით კანონმდებლობასთან მიმართებაში. იგი თავისი საქმიანობის დროს უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2. შრომის ინსპექტორი ასრულებს ხელმძღვანელის დავალებას, თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს.

3. შრომის ინსპექტორი იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის შესაძლო დარღვევები სამსახურში.

მუხლი 4. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა

1. შრომის ინსპექტორმა პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუტუციით,  საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და უნდა იცავდეს მათ.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას, დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნით. ამავე დროს, დაუშვებელია შრომის ინსპექტორმა განახორციელოს რაიმე სახის დისკრიმინაციული ქმედება.

3. შრომის ინსპექტორმა პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და თავისებურებები.

მუხლი 5. ერთგულება

1. შრომის ინსპექტორი თავისი საქმიანობით ემსახურება სახელმწიფოსა და ხალხს.

2. ხალხისადმი ერთგულება გულისხმობს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებას, საჯარო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით.

3. სახელმწიფოსადმი ერთგულება გულისხმობს სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების დაცვას, როგორიცაა: დემოკრატიის პრინციპი, კანონიერების პრინციპი და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი 6. ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა

1. შრომის ინსპექტორი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი და ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით.

2. შრომის ინსპექტორმა უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც შთაბეჭდილების შექმნა მის არაობიექტურობასთან, მიკერძოებულობასთან და უსამართლობასთან დაკავშირებით.

3. შრომის ინსპექტორი არ უნდა მოექცეს ცალკეული პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა და პოლიტიკოსთა), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ.

მუხლი 7. პროფესიონალიზმი

1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვით, ეფექტიანად, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი პასუხისმგებლობით, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს მის საქმიანობას დაკისრებულ საკითხებზე სწრაფი რეაგირება, ჩაატაროს სრული მოცულობით ყველა ის მოქმედებები, რაც საჭიროა  იმისთვის, რომ პროცესი წარმართოს მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ ვადაში.

3. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითებით.

მუხლი 8. საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა

1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გახდა ცნობილი, არ გაამჟღავნოს ან არ გამოიყენოს იგი არასამსახურებრივი მიზნით.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია არ დაუშვას, რომ მის წარმოებაში არსებული საქმე ხელმისაწვდომი იყოს მესამე პირისათვის და არ უნდა აწარმოოს კონფიდენციალური საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით.

3. შრომის ინსპექტორს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება  უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

 

თავი III. ურთიერთობა სახელმწიფოსთან

 

მუხლი 9. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით, შინაგანაწესითა და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მიზნებისათვის.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ობიექტურად ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე, ასევე სამსახურის ავტორიტეტსა და სახელზე.

3. შრომის ინსპექტორმა უნდა დაიცვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

4. შრომის ინსპექტორს არ უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესები, რომლებიც შეუთავსებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის, სარგებლისთვის.

5. შრომის ინსპექტორს, რომელსაც გააჩნია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ინსპექტირების,  საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

6. შრომის ინსპექტორმა არ უნდა მიიღონ საჩუქარი დამსაქმებლებისგან/დასაქმებულებისგან, რამდენადაც ამან შეიძლება იქონიოს გავლენა დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მიუკერძოებელ და ობიექტურ შესრულებაზე. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7.  შრომის ინსპექტორმა უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად.

8.  დაუშვებელია პირადი ინტერესებისთვის იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც შრომის ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

9.  შრომის ინსპექტორი ვალდებულია, ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას უკავშირდება.

10. შრომის ინსპექტორი არ იღებს შრომის ანაზღაურებას სხვა წყაროდან, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ საქმიანობისთვის, რომლის განხორციელებაც მას ეთხოვა, როგორც საჯარო დაწესებულების წარმომადგენელს.

 

მუხლი 10. გავლენისაგან თავისუფლება

 

1. შრომის ინსპექტორი თავისუფალია ნებისმიერი სხვა თანამდებობის სტატუსისა თუ პროფესიის მქონე პირის გავლენისგან და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

2. შრომის ინსპექტორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს თავის ნებისმიერ ქმედებაზე – როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, ისე – მის გარეთ. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა.

3. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო დავალების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, შრომის ინსპექტორმა უარი უნდა თქვას დავალების შესრულებაზე, აცნობოს უშუალო ან/და სამსახურის ხელმძღვანელს ან შესაბამის ორგანოს  და იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

 

მუხლი 11. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

 

1. შრომის ინსპექტორი თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. დაუშვებელია შრომის ინსპექტორის მიერ პოლიტიკური მრწამსის ნიშნების აშკარა დემონსტრირება.

3. შრომის ინსპექტორს უფლება არ აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს.

 

თავი IV. შრომის ინსპექტორთა პროფესიული ქმედების სტანდარტები

 

მუხლი 12. პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა

1. შრომის ინსპექტორი არის ღია და თავისუფალი ახალი იდეებისა და მეთოდების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად.

2. შრომის ინსპექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში და მას აქვს თმენის ვალდებულება.

3. შრომის ინსპექტორი პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს სუბორდინაციის პრინციპს.

4.  შრომის ინსპექტორი უნდა ისწრაფვოდეს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწისკენ. მან კეთილსინდისიერად და სრულყოფილად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები და  ძალისხმევა მიმართოს არსებული რესურსით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

5. შრომის ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა იღებდეს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს, უნდა ზრუნავდეს მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომების დროულ გამოსწორებაზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სრულად უნდა იყენებდეს სამსახურის  მიზნების მისაღწევად.

6. შრომის ინსპექტორი უნდა იცავდეს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების, დაწესებულების შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს.

მუხლი 13. კოლეგებთან ურთიერთობა

1. კოლეგებთან ურთიერთობისას შრომის ინსპექტორი უნდა ხელმძღვანელობდეს პატივისცემისა და პროფესიული სოლიდარობის პრინციპით და მათთან ურთიერთობისას დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია:

ა) ყოველდღიურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პატივი სცეს კოლეგების აზრს, უფლებამოსილებებს და შესასრულებელ/შესრულებულ სამუშაოს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს პირადი უთანხმოებისა და კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად;

ბ) ხელს უწყობდეს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) პირნათლად შეასრულოს კოლეგებთან დადებული ფორმალური/არაფორმალური შეთანხმებები და აცნობოს კოლეგებს მათი შესრულების შესახებ;

გ) სამუშაოს ეფექტურად შესრულების მიზნით დროულად მიაწოდოს კოლეგებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია;

დ) თხოვნის შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს კოლეგებს სამუშაოს შესრულებაში;

ე) თავი შეიკავოს კოლეგის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან;

ვ) არ მოითხოვოს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გაართულებს ან შეაფერხებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

ზ) ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.

3. შრომის ინსპექტორმა წინასწარი განზრახვით არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში. იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექტორი განახორციელებს არაეთიკურ ქმედებებს მეორე პირზე აზრის გამოთქმის გამო, გამოყენებულ იქნება სათანადო დისციპლინური ღონისძიების ზომა.

მუხლი 14. რესურსების ქმედითი გამოყენება

1. შრომის ინსპექტორმა მისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური და მატერიალური რესურსები უნდა განკარგოს დანიშნულებისამებრ, ეკონომიურად და ქმედითად.

2. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, შრომის ინსპექტორი ვალდებულია, გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და იყენებდეს მას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის.

3. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, თავად აანაზღაუროს მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შრომის ინსპექტორი ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დააბრუნოს მასზე მინდობილი სამსახურებრივი ქონება.

მუხლი 15. ჩაცმის წესი

1. შრომის ინსპექტორი იცავს დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ ჩაცმულობისათვის განსაზღვრულ წესრიგს.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, მიმართავდეს ჩაცმულობის იმგვარ სტილს, რაც შეესაბამება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოს, ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და ატაროს სამუშაო გარემოსთვის შესაფერისი სამოსი, სამსახურებრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად.

 

თავი V. შრომის ინსპექტორთა ურთიერთობა მესამე პირებთან

 

მუხლი 16.  გამჭვირვალობა, ღიაობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა

1. შრომის ინსპექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს გამჭვირვალედ და ღიად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობისას შრომის ინსპექტორს სრულად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ის  წარმოადგენს სამსახურს მოქალაქეებთან, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  ურთიერთობისას.

3. მესამე პირებთან ურთიერთობისას შრომის ინსპექტორი უნდა ხელმძღვანელობდეს სამსახურის, როგორც ინსტიტუტის, საუკეთესო რეპუტაციის პრიორიტეტით. ის პატივისცემით უნდა მოეპყრას თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას.

4. შრომის ინსპექტორი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

5. სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში შრომის ინსპექტორი მოქალაქეებთან, კოლეგებთან, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას თავისი ქცევით უნდა ავლენდეს კეთილგანწყობას, პროფესიონალიზმს, თავიაზიანობას, დროსა და რესურსს უნდა იყენებდეს რაციონალურად და ეფექტურად რამე სახის მიკერძოების გარეშე.

6. შრომის ინსპექტორი მესამე პირებთან ურთიერთობისას:

ა) თავი უნდა აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) თავი უნდა შეიკავოს  პირად ცხოვრებაში  ჩარევისაგან;

გ) წინასწარი განზრახვით არ უნდა შეიყვანოს სხვა პირი შეცდომაში;

დ) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს საკუთარ მოსაზრებებს. დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.

7.  დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა ან ქმედება შრომის ინსპექტორის მიერ, რომლებიც მიზნად ისახავს პირის უფლების შეზღუდვას ან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, განათლების, წარმომავლობის, ქონებრივი,  წოდებრივი თუ სხვა სახის ნიშნით.

მუხლი 17.  შრომის ინსპექტორთა ქმედებები  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობისას, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში

1. შრომის ინსპექტორის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი, კორექტული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამსახურის ინტერესებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სამსახურის პოზიცია.

2. დაუშვებელია შრომის ინსპექტორის მირ ინტერნეტ-სივრცეში და სოციალურ ქსელებში სამსახურებრივი საკითხების არამართლზომიერი განხილვა-გაშუქება, სამსახურის დისკრედიტაცია, უხამსი/არაეთიკური ტერმინოლოგიის და ვიდეო-ფოტომასალის განთავსება. მან მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში მის მიერ განხორციელებული ქმედება შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სამსახურის პოზიცია.

3. ინტერნეტ-სივრცეში და სოციალურ ქსელებში შრომის ინსპექტორის მიერ განხორციელებული ქმედებები უნდა იყოს კორექტული და თავისი შინაარსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს.

 

თავი VI. კოდექსის ადმინისტრირება

მუხლი 18. პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისათვის

1. სამსახურის თითოეული შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი ნორმები და სტანდარტები.

2. ამ კოდექსის ნორმების დარღვევა გამოიწვევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

მუხლი 19. კოდექსის მოთხოვნათა შესრულების ფარგლები

1. თითოეული შრომის ინსპექტორი ვალდებულია საფუძვლიანად იცნობდეს კოდექსის დებულებებს, სრულად გააანალიზოს კოდექსის მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია მის მუშაობასთან, დაიცვას კოდექსის მოთხოვნები, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, იმოქმედოს გონივრულად ამ კოდექსის პრინციპების სრული დაცვით და არ დაუშვას არც საკუთარი და არც სხვა პირთა არასწორი ქცევა სამუშაო ადგილზე.

2. ხელმძღვანელი პირი (მთავარი შრომის ინსპექტორი) დამატებით ვალდებულია ამ კოდექსის მოთხოვნების დაცვაზე იმგვარად, რომ:

ა) საკუთარი მაგალითით შეუწყოს ხელი ეთიკის კოდექსის ნორმების დამკვიდრებას სამსახურში;

ბ) უზრუნველყოს რომ მის წინაშე ანგარიშვალდებული პირები კარგად იცნობენ ეთიკის კოდექსს;

გ) ნებისმიერი საქმის წარმოებისას ხელი შეუწყოს ნულოვან ტოლერანტობას მექრთამეობისა და კორუფციის მიმართ;

დ) შექმნას ისეთი გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას. წაახალისოს თანამშრომლები გონივრული ინიციატისთვის, ქმედებისთვის;

ე) თანამშრომლების შეფასებისას გაითვალისწინოს მათი დამოკიდებულება ქცევის კოდექსთან;

ვ) უზრუნველყოს კოდექსის თანმიმდევრული აღსრულება.

მუხლი 20. კოდექსის გაცნობის წესი

1. თითოეული შრომის ინსპექტორი ვალდებულია, გაეცნოს კოდექსს და წერილობით  დაადასტუროს, რომ იგი სრულად იზიარებს კოდექსის შინაარსს, იგი შეესაბამება მის ზნეობრივ ნორმებსა და სამსახურებრივ სტანდარტებს და რომ ის თანახმაა იკისროს კოდექსით გათვალისწინებული დებულებების სისრულეში მოყვანის პასუხისმგებლობა.

2. კოდექსის გაცნობის ფორმის დაუცველობა არ ათავისუფლებს შრომის ინსპექტორს კოდექსის წესების დაცვის პასუხისმგებლობისგან.

3. შრომის ინსპექტორის მიერ კოდექსის ნორმებისა და სტანდარტების უგულვებელყოფა შესაძლებელია გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მათ შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.