დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 80 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 28/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016431 |
|
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის „ჰ23“ პუნქტის, 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1.
წესის მიზანი |
ამ წესის მიზანია ელექტროენერგეტიკის სექტორში მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრა. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ამ წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ახალი მომხმარებელი – ელექტროენერგიის გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელთან საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით მიერთების მსურველი, რომელიც, კომისიის მიერ დადგენილი წესით, მიმართავს შესაბამის სისტემის ოპერატორს; ბ) არსებული მომხმარებელი – ელექტროენერგიის გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი; გ) მომხმარებელი – არსებული მომხმარებელი ან/და ახალი მომხმარებელი; დ) მისაერთებელი სიმძლავრე – ელექტროენერგეტიკული სისტემით სარგებლობისთვის ნებადართული მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მოწყობილობა-დანადგარების ხანგრძლივად მუშაობას, ტექნიკური პირობების შესაბამისად, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საპასპორტო მონაცემების შესაბამისად; ე) სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი; ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით. |
მუხლი 3.
ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმები |
1. ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებელს წარმოადგენს საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომლის ქსელთან მიერთების წერტილებიდან:
ა) ერთი მაინც მდებარეობს 10 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის ქსელზე; ან ბ) ერთი მაინც მდებარეობს 6-10 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე და ამ 6-10 კილოვოლტის ძაბვის ქსელთან მიერთების წერტილში/წერტილებში მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად ტოლია ან აღემატება 500 კილოვატს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიუხედავად, მომხმარებელი, რომლის ყველა საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის მდებარეობა არ ემთხვევა შესაბამის ძაბვაზე მისი ქსელთან მიერთების ყველა წერტილს ან/და ეს აღრიცხვის წერტილები არ აკმაყოფილებს კომისიის მიერ დამტკიცებული ქსელის წესების მოთხოვნებს, არ ჩაითვლება მსხვილი მომხმარებლი სტატუსის მქონედ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
მუხლი 4.
ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის პროცედურა |
1. სისტემის ოპერატორი განსაზღვრავს მის ქსელთან მიერთებული თითოეული საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მსხვილი მომხმარებლის სტატუსს.
2. ამ წესის შესაბამისად, სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან: ა) შესაბამისი მომხმარებლისთვის განსაზღვრონ მსხვილი მომხმარებლის სტატუსი; ბ) აწარმოონ მათ ქსელთან მიერთებული მსხვილი მომხმარებლების რეესტრი ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; გ) მსხვილი მომხმარებლის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განსაზღვრიდან ან/და გაუქმებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ელექტრონული ფორმით მიაწოდონ კომისიასა და შესაბამის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მსხვილი მომხმარებლების ერთიან რეესტრს აწარმოებს კომისია, ხოლო მსხვილი მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. მსხვილი მომხმარებლების ერთიანი რეესტრი მოიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვილი მომხმარებლების სტატუსის შესახებ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის სისტემის ოპერატორებს. 5. მსხვილი მომხარებლების ერთიან რეესტრზე დაშვება აქვთ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორებსა და სისტემის ოპერატორებს. 6. მსხვილი მომხმარებლების რეესტრი თითოეული მომხმარებლისათვის მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) დასახელებასა და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის ან/და გაუქმების თარიღებს; გ) მისაერთებელ სიმძლავრეს ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით, ასევე, არსებული მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მოწოდებულ ინფორმაციას სხვა სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ; დ) ქსელთან მიერთებისა და საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების განთავსების შესახებ; ე) აღრიცხვის წერტილების მიერ კომისიის მიერ დამტკიცებული ქსელის წესების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ; ვ) არსებული მისაერთებელი სიმძლავრის ან/და მიერთების წერტილების ცვლილების შესახებ შესაბამისი მოთხოვნის განხილვის დაწყებისა და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თარიღებს. 7. ახალი მომხმარებლისთვის მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრა ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს ელექტრონერგიის გამანაწილებელ ან/და გადამცემ ქსელთან მისი მიერთებისთვის საჭირო პროცედურების დასრულებასთანავე. 8. იმ შემთხვევაში, თუ არსებულ მომხმარებელს გააჩნია ერთზე მეტი სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილები, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით, იგი ვალდებულია, ერთ-ერთ სისტემის ოპერატორს მიაწოდოს სხვა სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილების შესახებ შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება ეკისრება არსებულ მომხმარებელს იმ შემთხვევაშიც, თუ ის ერთი სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილებითაც აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. 10. იმ შემთხვევაში, თუ არსებული მომხმარებელი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაუუქმოს მას მსხვილი მომხმარებლის სტატუსი ერთი სამუშაო დღის ვადაში მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია აისახება მსხვილი მომხარებლების ერთიან რეესტრში. 11. არსებული მომხმარებელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში 2 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის სისტემის ოპერატორს. |
მუხლი 5.
გარდამავალი დებულებები |
1. არსებული მომხმარებლებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ან გადამცემ ქსელთან მიერთება დასრულდა ამ წესის ამოქმედებამდე, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 1 აპრილამდე.
2. სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, მსხვილი მომხმარებლის სტატუსი ასევე განუსაზღვრონ მათთან აბონენტად რეგისტრირებულ არსებულ მომხმარებლებს, რომლებიც მიერთებული არიან მესამე პირების ქსელზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულების მიზნით, არსებული მომხმარებელები, რომელთაც გააჩნიათ ერთზე მეტი სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილები, ვალდებული არიან, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართონ შესაბამის სისტემის ოპერატორს არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტამდე. 4. სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან, ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მათთან აბონენტად რეგისტრირებულ ერთ კილოვოლტზე მეტი ძაბვის არსებულ მომხმარებლებს მატერიალური ფორმით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, აგრეთვე, ვებგვერდზე განათავსონ ეს ინფორმაცია არაუგვიანეს 2021 წლის 1 თებერვლამდე. |
დოკუმენტის კომენტარები