დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 240/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016535
240/04
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
220020000.18.011.016535
დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №240/04

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 301 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
  1. დამტკიცდეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
  2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 ივლისის №173/04 ბრძანება „კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველ იანვარს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



როებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში – ეროვნული ბანკი) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 301 მუხლით გათვალისწინებული ადრეული ინტერვენციის ზომის გამოყენებისას კომერციული ბანკის ან/და უცხოური ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესსა და პროცედურას, უფლებამოსილებებსა და ანგარიშვალდებულებას.

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ადრეული ინტერვენციის ზომის – დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის – ეფექტიან გამოყენებას, ბანკებისა და საბანკო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, უზრუნველყოს ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვა.

3. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

 

მუხლი 2.  დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა

1. თუ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო, ან თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, ბანკისა და საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშესაწყობად და ბანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დასაცავად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, იმავე კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს ერთი ან რამდენიმე დროებითი ადმინისტრატორი.

2. დროებითი ადმინისტრატორი შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ასევე სხვა პირი.

3. დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისთვის და, ამასთან, სახეზე არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი.

4. დროებითი ადმინისტრატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს მის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოსცემს ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაში შედის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან. ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება აგრეთვე  ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში.

6. დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) დროებითი ადმინისტრატორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის საფუძვლები და ვადა;

გ) დროებითი ადმინისტრატორის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც უნდა განისაზღვროს თითოეული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით;

დ) ბანკის არსებული ადმინისტრატორებისა და დროებითი ადმინისტრატორის ურთიერთთანამშრომლობის პირობები და ფარგლები, თუ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორი იმუშავებს ბანკის არსებულ ადმინისტრატორებთან ერთად;

ე) იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალი, რომელთა დროებითი ადმინისტრატორის მიერ განხორციელება საჭიროებს ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. დროებითი ადმინისტრატორი ინიშნება არაუმეტეს ერთი წლით. ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თუ აღმოფხვრილი არ არის ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ეროვნულმა ბანკმა ბანკის აქციონერებს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება.

 

მუხლი 3. დროებითი ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

1. დროებითი ადმინისტრატორი უნდა იყოს ბანკისგან დამოუკიდებელი პირი და უნდა აკმაყოფილებდეს  ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი  დამოკიდებულება.  პირი მიიჩნევა აღნიშნულ კრიტერიუმთან შეუსაბამოდ, თუ:

ა.ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან/და გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ა.ბ) ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

ა.გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;

ა.დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ;

ბ) ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის, ბუღალტერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;

გ) ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი;

დ) არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;

ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის;

ვ) არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ბანკის ინტერესების მიმართ. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შეფასება გულისხმობს სულ მცირე შემდეგი გარემოებებისა და სხვა ცალკეული გარემოებებით გამოწვეული შედეგების შეჯერებასა და ანალიზს:

ვ.ა) ეკონომიკური ინტერესების არსებობა, რაც გულისხმობს ბანკის დროებითი ადმინისტრატორის მიერ ბანკის აქციების პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობას ბანკში/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებში, ასევე, ბანკის მიერ სესხის გაცემას დროებით ადმინისტრატორზე ან/და კომპანიაზე, რომელსაც ფლობს იგი;

ვ.ბ) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან;

ვ.გ) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა ბანკის ან/და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოების ადმინისტრატორებთან;

ვ.დ) ისეთი კომპანიის ფლობა ან მმართველი ორგანოს  წევრობა, რომელთანაც ბანკს/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოს აქვს კონკურენტული ინტერესი;

ვ.ე) ბანკთან/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებთან, მის ადმინისტრატორებთან და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან დაკავშირებული საქმიანი ურთიერთობის ან სამართლებრივი დავის არსებობა ბოლო 2 წლის განმავლობაში;

ვ.ვ) პოლიტიკური გავლენა და აქტივობა, რაც გულისხმობს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, ასევე, პოლიტიკური გაერთიანების წევრობას ან/და მხარდაჭერას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულობების სახით;

ზ) სასამართლოს მიერ არ უნდა იყოს ცნობილი მხარდაჭერის მიმღებად;

თ) არ უნდა იყოს სხვა ბანკის ადმინისტრატორი ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, არ უნდა ახორციელებდეს რაიმე სახის საქმიანობას სხვა ბანკში.

2. გარდა ამ მუხლით განსაზღვრულისა, დროებით ადმინისტრატორზე ვრცელდება ბანკის ადმინისტრატორებზე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები და შეზღუდვები.

 

მუხლი 4. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა

1. დროებითი ადმინისტრატორი მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული მითითებების ფარგლებში.

2. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებით ადმინისტრატორზე შესაძლოა, გადავიდეს ბანკის ნებისმიერი ორგანოს სრული უფლებამოსილება, გარდა აქციონერთა საერთო კრებისა.

3. დროებითმა ადმინისტრატორმა, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს ბანკის ინტერესების დასაცავად და თავისი საქმიანობა წარმართოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. 

4. დროებითი ადმინისტრატორის უფლებები და მოვალეობებია:

ა) განსაზღვროს ბანკის ფინანსური მდგომარეობა, რა მიზნითაც უნდა შეამოწმოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მასალა;

ბ) მიიღოს ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ზომები, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით;

გ) ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, ბანკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოიწვიოს ბანკის აქციონერთა საერთო კრება;

დ) განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

5. დროებითი  ადმინისტრატორი უფლება-მოვალეობათა შესრულებას იწყებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან.

6. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორი შესაძლოა, მუშაობდეს დამოუკიდებლად ან ბანკის არსებულ ადმინისტრატორებთან ერთად. თუ დროებითი ადმინისტრატორი თავის უფლებამოსილებებს ბანკის ადმინისტრატორებთან ერთად ახორციელებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის ადმინისტრატორებს გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად განუსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორის თანხმობის მიღების ვალდებულება.

7. დროებით ადმინისტრატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას დროებითი ადმინისტრატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს დროებითი ადმინისტრატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს დროებითი ადმინისტრატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული დროებითი ადმინისტრატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით.

8. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შეიძლება, განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ასევე, მის მიერ უფლება-მოვალეობების განხორციელების ეტაპზე.

9. ეროვნული ბანკის თანხმობა არ მოითხოვება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

10. დროებითი ადმინისტრატორის მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი ყველა ხარჯი, მათ შორის, დროებითი ადმინისტრატორის სახელფასო სარგო ანაზღაურდება ბანკის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დროებით ადმინისტრატორად ინიშნება ეროვნული ბანკის თანამშრომელი.

 

მუხლი 5. დროებითი ადმინისტრატორის ანგარიშვალდებულება

1. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე და მის საქმიანობას ზედამხედველობს ეროვნული ბანკი.

2. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმითა და დადგენილ ვადაში, თავისი საქმიანობის დასრულებისას ან/და მოთხოვნის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს  წარუდგინოს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიში.

3. დროებითი ადმინისტრატორის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიში, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული ბანკის მმართველობითი საქმიანობის შესახებ.

 

მუხლი 6. დროებითი ადმინისტრატორის გათავისუფლება

  1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს დროებითი ადმინისტრატორი, ასევე შეცვალოს ამ წესის მე-2 მუხლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებაში დროებითი ადმინისტრატორის მიმართ დადგენილი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ან დროებით ადმინისტრატორად დანიშნოს სხვა პირი ამ წესით განსაზღვრული პროცედურებით.
  2. დროებითი ადმინისტრატორის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაში შედის  ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების დღიდან.