დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/14/1476 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 11/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016555 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის
განჩინება №2/14/1476
2020 წლის 11 დეკემბერი
ქ. ბათუმი
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 2 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – გიორგი გოცირიძე; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ვასილ ჟიჟიაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – რუსუდან მუმლაური და ნინო შარმანაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1476) მომართა გიორგი გოცირიძემ. №1476 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 31 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2020 წლის 24 ივნისს.
2. №1476 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას, მათ შორის, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, განისაზღვრება დასახელებული უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
5. №1476 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომლითაც დადგენილია სანქცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის, რაც გამოიხატა მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით, დროებით განთავსებაში ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სანქციის კონსტიტუციურობა თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის, კერძოდ, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებისთვის ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ შეზღუდვას და სამართლებრივ შედეგს. მოსარჩელის განმარტებით, ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი სადავო ნორმასა და არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის არის მათი გეოგრაფიული მოქმედების არეალი, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დადგენილი იყო სანქცია თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის, ხოლო 1502 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ემსახურება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების პრევენციას.
8. მოსარჩელის შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა არ მიემართებოდა რომელიმე კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულს, არამედ აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ზოგადი კონსტიტუციური სტანდარტები. მოსარჩელის აზრით, №1/5/1271 გადაწყვეტილებაში შესაფასებელი მოცემულობა, კერძოდ, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის ინტერესების დაბალანსება თანაბრად რელევანტურია თბილისის მუნიციპალიტეტთან მიმართებით და არ არსებობს რაიმე განსხვავებული ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც ნორმის, საქმის არსებითი განხილვის ფორმატში, ხელახალი შეფასების წინაპირობას შექმნიდა.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა შეიცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ შინაარსს. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
10. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილება ერთმანეთისგან არ განასხვავებს საკუთრების ობიექტებს მათი გეოგრაფიული განლაგების მიხედვით, შესაბამისად, ერთი და იმავე ქმედების განხორციელება სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში არ წარმოშობს რაიმე ისეთ დამატებით საფრთხეს, რომლის ხელახლა შეფასება საჭირო იქნება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
12. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომლის თანახმად, ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასა და სადავო ნორმას შორის არის მათი რეგულირების სფერო გეოგრაფიული მოქმედების თვალსაზრისით. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ხოლო №1476 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ შეზღუდვას და სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ ცნო №1476 კონსტიტუციური სარჩელი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით, საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის აქტით მისი ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
3. იმისათვის, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს დასახელებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). ამდენად, შინაარსობრივი მსგავსება სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი მოწესრიგების არაკონსტიტუციურობა უკვე დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ არსებობს სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახლა შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა.
5. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იმეორებს სადავო ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. ამასთან, არსებითი მსგავსების პირობებშიც კი, აუცილებელია, გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასება არსებითი განხილვის ფორმატში.
6. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ ცნო №1476 კონსტიტუციური სარჩელი. მისი მითითებით, სადავო ნორმა არის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსის მქონე, ამავე დროს, ერთი და იმავე ქმედების განხორციელება სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში არ წარმოშობს რაიმე ისეთ დამატებით საფრთხეს, რომელიც ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასების აუცილებლობას შექმნიდა. მოპასუხე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის საკითხი რეგულირდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას არ ცვლის.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით. ხსენებული ნორმა ადგენდა სანქციას თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნების ლეგიტიმურ ინტერესზე და მის მნიშვნელობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ დროულობას და მყისიერებას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ მოსაზრების გამოხატვისას, ხოლო პროტესტის ნებისმიერი დროით დაყოვნებამ შესაძლოა, იმდენად შეამციროს მისი ეფექტურობა, რომ ფაქტობრივად აზრი დაუკარგოს მას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვის საპირწონე ვერ იქნება ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის იერსახის ხანმოკლე, დროებითი სახეცვლილების პრევენცია.
9. განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის პირველი ნაწილის სადავოდ გამხდარი სიტყვები კრძალავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. მოცემული აკრძალვა თანაბრად ვრცელდება აღნიშნული ქმედების განხორციელებაზე მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით და დროებით ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.
10. აშკარაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო იმ ქმედების აკრძალვა, რასაც ადგენს მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული ნორმა. დასახელებული სადავო ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს ძალადაკარგული ნორმის შინაარსს და არეგულირებს არსებითად იდენტურ სამართლებრივ ურთიერთობას. განსხვავებას წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ ძალადაკარგული ნორმა ადმინისტრაციულ სამართლებრივ სანქციას ადგენდა თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის, ხოლო განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმა ვრცელდება იმავე ქმედების განხორციელებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
11. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ამა თუ იმ ქმედებიდან მომდინარე საფრთხე შესაძლოა, განსხვავდებოდეს მისი განხორციელების ადგილის მიხედვით. ამა თუ იმ ობიექტის გეოგრაფიული განლაგება, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა განაპირობებდეს მასზე განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელების აუცილებლობას და უკავშირდებოდეს რაიმე განსაკუთრებულ ინტერესს, რომელიც სხვა ტერიტორიაზე არ იარსებებდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით სადავო ნორმით აკრძალული ქმედება ერთხელ უკვე შეფასდა თვითმმართველი ერთეულის იერსახის დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. განსახილველ საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე დამატებითი ინტერესი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმავე ქმედების შეფასებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში. ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები, მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება და სამართლებრივი შედეგი არის არსებითად იდენტური. შესაბამისად, არსებული განსხვავება არ განაპირობებს სადავო ნორმის იმგვარ სხვაობას, რომ საჭიროებდეს საქმის შემოწმებას არსებითი განხილვის ფორმატში.
12. ამდენად, სადავო ნორმას აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად იდენტური შინაარსი და არ გამოკვეთილა რაიმე ახალი გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა №1476 კონსტიტუციური სარჩელის არსებით ფორმატში განხილვის აუცილებლობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1476 („გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
დოკუმენტის კომენტარები