დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 727 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.10.003.022449 |
|
„ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/11/2020, 220090000.10.003.022399) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო პროგრამა − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი ზოგადი ნაწილი მუხლი 1. ტერმინთა განმარტება პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი; ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში; დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომლის საქმიანობის პროფილის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ იგი ახორციელებს ღონისძიებების/შეკრებების/გამოფენების/კინოთეატრებში, კინოკლუბებში, ღია ცის ქვეშ ან სხვა სადემონსტრაციო ადგილებში კინოფილმების ან ვიდეოფილმების დემონსტრირების/შეხვედრების/წვეულებების ორგანიზებას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში, პერსონალის მართვითა და მიწოდებით, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე, კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ვ) საქმიანობის პროფილი − მეწარმე სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ღონისძიებების /შეკრებების/გამოფენების/კინოთეატრებში, კინოკლუბებში, ღია ცის ქვეშ ან სხვა სადემონსტრაციო ადგილებში კინოფილმების ან ვიდეოფილმების დემონსტრირების/შეხვედრების/წვეულებების ორგანიზებას და აღნიშნულის დადასტურება ხდება კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის ხელთ არსებული პროფილის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად; ზ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; თ) ლიზინგის გამცემი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს (ახორციელებს სალიზინგო პროექტს) და რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ი) სესხი − კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით; კ) ძირითადი საშუალება − მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივი (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია; ლ) სალიზინგო პროექტი − ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს შორის შესაბამისი პროფილით საქმიანობის ფარგლებში შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის (ლიზინგის საგნის ღირებულება და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი) სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგნის გაცემას, ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე; მ) ლიზინგის საგანი − ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ნივთი, მეწარმე სუბიექტის ბიზნესგეგმის შესაბამისად განსაზღვრული შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალება საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია; ნ) ლიზინგის საგნის ღირებულება − ლიზინგით გაცემული ქონების საწყისი ღირებულება, დღგ-ის გარეშე და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის ან მისი დაკვეთით მესამე პირის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტისა და სხვა მსგავსი მომსახურების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი; ო) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური; პ) საბანკო მიმართვა − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში; ჟ) სალიზინგო მიმართვა − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემთან დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში; რ) საბანკო განაცხადი − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას; ს) სალიზინგო განაცხადი − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას; ტ) სუბსიდირების მექანიზმის თანხა − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის/სალიზინგო პროექტებისათვის გადასარიცხი სუბსიდირების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა; უ) სუბსიდირების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით, მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე/ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული/დასარიცხი საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 მარტის მდგომარეობით იმავე სესხზე/სალიზინგო პროექტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით; ფ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება; ქ) სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების /რესტრუქტურიზების სესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/ გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის ის სესხ(ებ)ი, რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით; ღ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით; ყ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება კომერციულ ბანკში − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა კომერციული ბანკისგან მიღებული სესხით; შ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი; ჩ) უკულიზინგი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებში ლიზინგის საგნის მიმწოდებელი და ლიზინგის საგნის მიმღები ერთი და იგივე პირია. მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა 1. „სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი. 2. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს: სესხის სუბსიდირების კომპონენტი და სალიზინგო პროექტის სუბსიდირების კომპონენტი. 3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს როგორც ორივე კომპონენტით ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე. 4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სუბსიდირების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 3. პროგრამის კოორდინაცია და მონიტორინგი 1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. 2. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. 3. კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. მუხლი 4. სუბსიდირების მექანიზმის შეწყვეტა 1. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა/ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით. 2. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. მუხლი 6. დამატებითი პირობები 1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდირების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი საბანკო განაცხადის/სალიზინგო განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი I სესხის სუბსიდირების კომპონენტი მუხლი 7. სესხის სუბსიდირების მექანიზმი 1. სესხის სუბსიდირების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. 2. სუბსიდირების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად. 3. პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურ კატეგორიაში იყო კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად. 4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სესხი, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროფილური საქმიანობის სფეროში და სააგენტოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ სესხზე თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა. 5. მეწარმე სუბიექტს კონკრეტულ სესხთან მიმართებით პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სუბსიდირების მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთხელ. მუხლი 8. სესხის სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარები 1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში; ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს; გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში. 2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ არის პრობლემურ კატეგორიაში კლასიფიცირებული და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით. 3. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე სესხით დაფარულია/გადაფარულია მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის სალიზინგო პროექტები, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურად არ არის მიჩნეული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ლიზინგის გამცემის შიდა პროცედურების შესაბამისად. მუხლი 9. სესხის სუბსიდირების მექანიზმის განხორციელების პროცესი და სუბსიდირების მექანიზმის თანხის მართვა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სესხის სუბსიდირების მექანიზმის ფარგლებში, კომერციულ ბანკში წარადგენს საბანკო მიმართვას. 2. მეწარმე სუბიექტის მიერ საბანკო მიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია: ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება; ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. 3. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის საბანკო განაცხადს. 4. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ საბანკო განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია: ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა; გ) სესხის გაცემის თარიღი; დ) სესხის მიზნობრიობის აღწერა; ე) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის პროფილის აღწერა; ვ) 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული სესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობა. 5. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი საბანკო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ბანკისთვის განკუთვნილ სუბსიდირების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე. 6. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას. 7. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ. 8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 მარტიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და სესხის ძირი, სააგენტოს მიერ გადახდილი სუბსიდირების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების გადასახდელი სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. 9. კომერციული ბანკი ვალდებულია, საბანკო განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.
თავი II სალიზინგო პროექტის სუბსიდირების კომპონენტი მუხლი 10. სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი 1. სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სალიზინგო პროექტზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. 2. სუბსიდირების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სალიზინგო პროექტის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის) დასაფარად. 3. პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის სალიზინგო პროექტი ლიზინგის გამცემის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურად არის მიჩნეული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ლიზინგის გამცემის შიდა პროცედურების შესაბამისად. 4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სალიზინგო პროექტი, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული პროფილური საქმიანობის სფეროში და სააგენტოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა. 5. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სალიზინგო პროექტები, რომლებიც ხორციელდება უკულიზინგის წესით. მუხლი 11. სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარები 1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში; ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი ბიზნესგეგმის შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სახეზეა სალიზინგო პროექტი; გ) მეწარმე სუბიექტი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში. 2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომელმაც იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით მოახდინა მისი ან მისი დამფუძნებლის იმ სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურად არ არის მიჩნეული მხარეებს შორის შეთანხმებისა და ლიზინგის გამცემის შიდა პროცედურების შესაბამისად. მუხლი 12. სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის განხორციელების პროცესი და სუბსიდირების მექანიზმის თანხის მართვა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის ფარგლებში, ლიზინგის გამცემთან წარადგენს სალიზინგო მიმართვას. 2. მეწარმე სუბიექტის მიერ სალიზინგო მიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია: ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება; ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. 3. ლიზინგის გამცემი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-10 და მე-11 მუხლების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის სალიზინგო განაცხადს. 4. ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში წარსადგენ სალიზინგო განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია: ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) ლიზინგის საგნის ღირებულება; გ) ლიზინგის საგნის გაცემის თარიღი; დ) სალიზინგო პროექტის აღწერა; ე) ლიზინგის საგნის აღწერა ბიზნესგეგმის შესაბამისად; ვ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის პროფილის აღწერა; ზ) 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობა. 5. ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში შესაბამისი სალიზინგო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ლიზინგის გამცემისათვის განკუთვნილ სუბსიდირების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიზინგის გამცემის შესაბამის ანგარიშზე. 6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ლიზინგის გამცემი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის ლიზინგის საგნის ღირებულების ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას. 7. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული დაფარვების, სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ. 8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 მარტიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და ლიზინგის საგნის ღირებულება, სააგენტოს მიერ გადახდილი სუბსიდირების თანხები მოხმარდება სალიზინგო პროექტის ფარგლებში მომდევნო თვეების გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულების ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. 9. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, სალიზინგო განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბებული სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები