ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 8938/07; 41891/07
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 02/04/2020
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2020
სარეგისტრაციო კოდი
8938/07; 41891/07
02/04/2020
ვებგვერდი, 26/10/2020
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 

გადაწყვეტილება

მეხუთე სექციის საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივრები 8938/07 და №41891/07)

 


 

მუხლი 2 (არსებითი) • სასიკვდილო ძალის განურჩეველი და გადაჭარბებული გამოყენება ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დროს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა გაუკონტროლებლად და არასისტემურად მკაფიო ბრძანებათა ჯაჭვის გარეშე • არამართლზომიერი ძალადობისა და ამბოხების საფრთხით გამართლებული სასიკვდილო ძალის გამოყენება • ხელისუფლების ორგანოების მიერ ნაკლებად ძალადობრივი საშუალებების ან მოლაპარაკებების შესაძლებლობის განხილვის შეუსრულებლობა • არასათანადო მოპყრობა და ძალის არაპროპორციული გამოყენება, რომელიც გრძელდება ოპერაციის დასრულების შემდეგ • ხელისუფლების ორგანოების მიერ ადეკვატური სამედიცინო დახმარების ვერუზრუნველყოფა • მთავრობის მიერ გარდაცვალების თითოეული შესაბამის შემთხვევის აღრიცხვის შეუსრულებლობა • სასამართლოს მიერ ყველა ხელმისაწვდომ მასალაზე დაყრდნობა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებზე, როცა მას ხელი შეუშალეს ფაქტების დადგენაში სახელმწიფოსთან დაკავშირებული მიზეზების გამო.

 

 

მუხლი 2 (პროცედურული) • გამოძიების შეფერხება მისი დაგვიანებული დაწყებით, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის არარსებობა, გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის არასაკმარისი ჩართულობა და სამართალწარმოებებში დაუშვებელი შეყოვნებები.

 

სტრასბურგი

2 აპრილი, 2020

საბოლოო გახდა

02/08/2020

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. იგი შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას

საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,
გაბრიელე კუჩკო-შტადლმაიერი,
განა იუდკივსკა,
ანდრე პოტოკი,
მარტინშ მიტსი,
ლადო ჭანტურია,
ანგელიკა ნუსბერგერი, მოსამართლეები,
და კლაუდია ვერსტერდიკი, სექციის განმწესრიგებელი,

2019 წლის 15 ოქტომბრის და 2020 წლის 10 მარტის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

პროცედურა

1. საქმეს საფუძვლად დაედო სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სამი მოქალაქის, ქ-ნ სოფიო კუხალაშვილის, ქ-ნ მარინა გორდაძისა და ქ-ნ რუსუდან ჩიტაშვილის („მომჩივნები“) მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი ორი საჩივარი (№8938/07 და №41891/07), ქ-ნმა კუხალაშვილმა და ქ-ნმა გორდაძემ საჩივრები შეიტანეს 26 იანვარს, ხოლო ქ-ნმა ჩიტაშვილმა საჩივარი შეიტანა 2007 წლის 14 აგვისტოს.

2. მომჩივნებს წარმოადგენდა ბ-ნი მ. სტურუა, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს თბილისში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) თანმიმდევრულად წარმოადგენდნენ - ბ-ნ დ. თომაძე და ბ-ნ ლ. მესხორაძე იუსტიციის სამინისტროდან.

3. კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივნებმა გაასაჩივრეს ციხეში მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტი და შემდგომში ჩატარებული გამოძიებების არაადეკვატურობა.

4. 2007 წლის 30 ივლისს და 15 ოქტომბერს, მთავრობას ეცნობა საჩივრების შესახებ.

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

A. ისტორია

5. ქ-ნი ს. კუხალაშვილი („პირველი მომჩივანი"), ქალბატონი მ. გორდაძე („მეორე მომჩივანი") და ქალბატონი რ. ჩიტაშვილი („მესამე მომჩივანი") დაიბადნენ, შესაბამისად, 1977, 1956 და 1938 წლებში და ცხოვრობენ საქართველოში.

6. პირველი და მეორე მომჩივნები არიან და და დედა, შესაბამისად, ზ.კ.-სი, ოცდასამი წლის დაკავებული პირის, რომელიც გარდაიცვალა 2006 წლის 27 მარტს თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში („№5 სასჯელაღსრულების დაწესებულება“) იუსტიციის სამინისტროს ბუნტის ჩახშობის რაზმის მიერ (შემდეგ „ბუნტის ჩახშობის რაზმი“) ჩატარებული შეიარაღებული სპეცოპერაციის (შემდეგ „2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაცია“) დროს.

7. მესამე მომჩივანი არის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ოცდაცხრა წლის დაკავებული პირის – ა.ბ.-ს დედა, რომელიც გარდაიცვალა იმავე ოპერაციის დროს.

8. 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციამდე, ზ.კ. და ა.ბ. დაკავებულები იყვნენ, შესაბამისად, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების №81 და №76 საკნებში.

9. „ჰუმან რაითს ვოჩი“ (“Human Rights Watch” (HRW)), ორგანიზაცია, რომელმაც 2006 წლის მაისში საქართველოში განახორციელა ფაქტების დამდგენი მისია პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის დოკუმენტირების მიზნებისთვის, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ბუნტის დაწყების შესახებ იტყობინებოდა შემდეგს (იხილეთ პარაგრაფი 110 ქვემოთ):

„მეტად წინააღმდეგობრივია არეულობის ზუსტი ბუნება თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ცხადია, რომ 27 მარტის დილით ძალიან ადრე, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექვსი სავარაუდო ქურდული სამყაროს წევრების თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადასაყვანად, რომლებმაც, მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით, სცადეს სასჯელაღსრულების სისტემაში ბუნტის პროვოცირება. „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოკითხული ადამიანები და სხვა პირები აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციის დროს ამ ექვს პირს სცემეს; მთავრობა უარყოფს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. როდესაც ხელისუფლების ორგანოების მიერ მოხდა აღნიშნული პირების ციხის საავადმყოფოდან გაყვანა, სხვა დაკავებულმა პირებმა დაიწყეს ხმაური და დაწვეს ზეწრები და სხვა საგნები. ეს არეულობა მალევე გავრცელდა ახლოს მდებარე თბილისის №1 და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ბევრმა დაკავებულმა პირმა ატეხა ხმაური, ცეცხლი წაუკიდა თეთრეულს, გაიქცა თავისი საკნებიდან და ბარიკადებით გადაკეტა ციხის კარები. იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარისო ფორმირებებმა ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის დასასრულებლად, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა სულ მცირე ექვსი, ხოლო დაშავდა მრავალი პირი.“

B. ფაქტები, რომლებიც ცნობილი იყო პირველი და მეორე მომჩივნისთვის მთავრობისათვის მათი საჩივრის შესახებ შეტყობინებამდე

10. პირველმა მომჩივანმა, რომელიც წარმოდგენილი იყო ადვოკატით (იმავე პირით, რომელიც წარმოადგენდა მომჩივნებს წინამდებარე საქმეში, იხილეთ პარაგრაფი 2 ზემოთ, შემდეგ „ადვოკატი“), მიმართა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს („სასჯელაღსრულების დეპარტამენტი“) 2006 წლის 12 აპრილს და მოითხოვა თავისი ძმის პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის დასკვნა და ინფორმაცია სხვა იმ საგამოძიებო ღონისძიების შესახებ, რომელიც განხორციელდა 2006 წლის 27 მარტს ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დროს ზ.კ.-ს მკვლელობასთან დაკავშირებით.

11. ვინაიდან პასუხი არ მიუღია, ადვოკატმა იმავე განცხადებით მიმართა 2006 წლის 11 მაისს. მან ასევე ითხოვა, რომ მისთვის ეცნობებინათ სამართალწარმოებაში გარდაცვლილი ზ.კ.-ს სტატუსის შესახებ: იყო თუ არა ის დაზარალებული თუ ბრალდებული.

12. 2006 წლის 15 მაისს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გამომძიებელმა ადვოკატს უპასუხა, რომ ზ.კ.-ს ჯერ არ ჰქონდა რაიმე სტატუსი სამართალწარმოებაში და რომ პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის დასკვნის გაცნობა შესაძლებელი იყო შენობაში.

13. 2006 წლის 18 აპრილის აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ზ.კ.-ს სხეულის მარჯვენა მხარეს, იღლიის უკან აღენიშნებოდა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობა, ტყვიის ჭრილობა იყო ასევე მარცხენა ბარძაყზე. პირველმა ტყვიამ ჯერ გაიარა ნეკნები და პლევრა და შემდეგ გაჩერდა მარჯვენა ფილტვში. მეორე ტყვიამ გახვრიტა მარცხენა ბარძაყი ქვევიდან ზევით, შევიდა კუჭში და დააზიანა ნაწლავები და დიაფრაგმა, ბოლოს კი გულმკერდის ძვალში გაჩერდა და დაამტვრია. ამ დაზიანებების შემდეგ წარმოქმნილმა ძლიერმა სისხლჩაქცევებმა გამოიწვია გარდაცვალების ფაქტი.

14. 2006 წლის 11 ივლისს, ადვოკატი დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურას („პროკურატურა”) და გაასაჩივრა გამომძიებლის 2006 წლის 15 მაისის პასუხი. აღნიშნა, რომ ზ.კ.-ს გარდაცვალებიდან თითქმის ოთხი თვე გავიდა და მოითხოვა საქმის მასალებზე წვდომა და ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მიუთითა, რომ მის ხელთ არსებული ერთადერთი დოკუმენტის - პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის დასკვნის მიხედვით, ზ.კ.-ს გარდაცვალება გამოიწვია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა დაზიანებებმა, ადვოკატმა მოითხოვა, რომ ზ.კ.-სთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი 2006 წლის 27 მარტის შეიარაღებულ ოპერაციასთან დაკავშირებით.

15. 2006 წლის 29 ივლისის პასუხში, დ.ზ.-მ, იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ზედამხედველმა პროკურორმა გენერალური პროკურატურიდან, განაცხადა, რომ დაზარალებულის სტატუსი გარდაცვლილ პირს ვერ მიენიჭებოდა. გარდაცვლილის ნათესავისთვის ამ სტატუსის მინიჭება რომც ყოფილიყო შესაძლებელი, ზ.კ.-ს შემთხვევაში ეს მაინც ვერ მოხდებოდა, რადგან მის წინააღმდეგ სასიკვდილო ძალა გამოიყენეს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა „უკიდურესი აუცილებლობის მომენტში, პატიმრების მიერ ამბოხის მოწყობის ჩასახშობად და მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ხელის შესაშლელად“. შესაბამისად, ვინაიდან ზ.კ. არ დაზიანებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (“სსსკ”) 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, არ არსებობდა საფუძვლები ამ საქმეში მისი ნათესავებისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად.

16. 2006 წლის 14 აგვისტოს, ადვოკატმა კვლავ მისწერა პროკურატურას, მიმართა პროკურორებს, რომლებიც იერარქიულად დ.ზ.-ზე უფრო მაღლა იდგნენ და განაცხადა, რომ პირველი და მეორე მომჩივნებისთვის მნიშვნელოვანი იყო მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების ზუსტი გარემოებების ცოდნა. ადვოკატმა შესაბამისად მოითხოვა წვდომა საქმის მასალებზე და დოკუმენტის დათვალიერების ნებართვა, რომელიც ასკვნიდა, რომ ზ.კ.-ს წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა სასიკვდილო ძალა. „უკიდურესი აუცილებლობის მომენტში, პატიმრების მიერ ამბოხის მოწყობის ჩასახშობად და მათთვის დანაშაულის ჩადენის ხელის შესაშლელად“.

17. 2006 წლის 17 აგვისტოს, დ.ზ.-მ უარყო მოთხოვნა, გაიმეორა თავისი 2006 წლის 29 ივლისის დასაბუთება და დასძინა, რომ იმ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სასამართლო პროცესის მხარეს, არ შეეძლოთ საქმეში არსებული მასალების დათვალიერება.

18. 2006 წლის 24 აგვისტოს, ადვოკატმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი და მეორე მომჩივნების სახელით სსსკ-ს 242-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით და მოითხოვა დ.ზ.-ს 2006 წლის 17 აგვისტოს პასუხის უკანონოდ ცნობა, პირველი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და მისთვის საქმის მასალების დათვალიერების ნებართვის მიცემა. რადგან პასუხი არ მიუღია, მან კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მისი განცხადების დაუყოვნებლივ შესწავლა მისი თანდასწრებით, საქმის მოსმენისას.

19. 2006 წლის 10 ოქტომბერს მხარეთა დაუსწრებლად თბილისის საქალაქო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა იმ საფუძვლით, რომ სსსკ-ს 242 (1) მუხლით, სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ან წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება ან ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი. ეს გადაწყვეტილება საბოლოო იყო.

20. ამის მიუხედავად, ადვოკატმა გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების უარი და სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება წარმოადგენდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.

21. 2006 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიმეორა, რომ 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

22. 2006 წლის 1-ლ ნოემბერს, ადვოკატმა მიმართა პირადად გენერალურ პროკურორს და მიუთითა, რომ პირველ მომჩივანს უფლება ჰქონდა მიეღო დეტალური ინფორმაცია საქმეში განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებებისა და იმ შეგროვებული მტკიცებულებების შესახებ, რომელთა საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები. მან აღნიშნა, რომ არაერთ ეროვნულ გაზეთში გამოქვეყნებული ახალი ამბების მიხედვით, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა გადაჭარბებული იყო.

23. დ.ზ.-მ უპასუხა 2006 წლის 7 ნოემბერს და გაიმეორა იგივე არგუმენტები, რომლებიც მითითებული იყო 2006 წლის 29 ივლისის მის წერილში (იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ).

C. მთავრობისთვის საჩივრის შესახებ შეტყობინების წარდგენამდე მესამე მომჩივნისთვის ცნობილი ფაქტები

24. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ 2006 წლის 30 მარტს გაცემული გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, მესამე მომჩივნის ვაჟი გარდაიცვალა 2006 წლის 27 მარტს „თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის დროს“ „უცნობი მიზეზით“. ამ მოწმობის მიხედვით, მისი შინაგანი ორგანოები და ტვინი დააზიანა ტყვიით გამოწვეულმა მრავალმა ჭრილობამ.

25. 2007 წლის 16 თებერვალს, მესამე მომჩივანმა მისწერა თბილისის საქალაქო პროკურატურას და აღნიშნა, რომ მისი აზრით, მისი ვაჟის წინააღმდეგ სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო გადაჭარბებული და უკანონო, გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილი მრავალი დაზიანების გათვალისწინებით. მან მოითხოვა საქმის წარმოებაში ჩართვა და ასევე, მისთვის გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაგზავნა. მესამე მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი გარდაცვლილი ვაჟის ინტერესები მისი მონაწილეობის გარეშე სათანადოდ ვერ იქნებოდა დაცული.

26. რადგან პასუხი ვერ მიიღო, მესამე მომჩივანმა გაიმეორა თავისი თხოვნა 2007 წლის 20 მარტს გენერალური პროკურატურის, იმ ორგანოს წინაშე, რომელიც იერარქიულად ქალაქის პროკურატურაზე უფრო მაღლა იდგა.

27. როცა პასუხი კვლავ ვერ მიიღო, მესამე მომჩივანმა 2007 წლის 3 აპრილს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. გაიმეორა რა თავისი 2007 წლის 16 თებერვლისა და 20 მარტის არგუმენტები, მან გაასაჩივრა გენერალური პროკურატურის მიერ პასუხის გაუცემლობა, რასაც, მისი თქმით, ის ასაჩივრებდა სსსკ-ს 242-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. კონვენციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, მან მოითხოვა ბრძანება, რომ პროკურატურას მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოებაში და მისთვის გაეგზავნათ საგამოძიებო მასალებში არსებული დოკუმენტები.

28. 2007 წლის 5 აპრილის წერილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპასუხა მესამე მომჩივანს და განუცხადა, რომ სსსკ-ს 242-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ან წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება ან ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი. მან ასევე გაიმეორა, რომ მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომ პროკურატურისთვის ებრძანებინა, ვინმესთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

29. 2007 წლის 1-ლ მაისს, მესამე მომჩივანმა კვლავ მიმართა პროკურატურას და გაიმეორა თავისი 2007 წლის 16 თებერვლის მოთხოვნა.

30. 2007 წლის 15 მაისს, დ.ზ.-მ (იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ) უპასუხა, რომ მესამე მომჩივანი ვერ მოითხოვდა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რადგან ამ საქმეზე სსსკ-ს 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არცერთი საფუძველი არ ვრცელდებოდა. „გამოძიებამ დაადგინა“, რომ მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა სასიკვდილო ძალა „უკიდურესი აუცილებლობის მომენტში“ ამბოხების ჩახშობისა და პატიმრებისთვის დანაშაულების ჩადენისთვის ხელის შეშლის მიზნით.

31. 2007 წლის 22 მაისს, მესამე მომჩივანმა პროკურატურას ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას წვდომა ჰქონოდა საქმეში არსებულ დოკუმენტებზე იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც, 2007 წლის 15 მაისის წერილის მიხედვით, ხელისუფლების ორგანოებმა განახორციელეს იმ დასკვნის გაკეთებამდე, რომ სასიკვდილო ძალის გამოყენება აუცილებელი იყო. მან გაიმეორა თავისი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით.

32. 2007 წლის 19 ივნისს, დ.ზ.-ზე იერარქიულად მაღლა მდგომმა პირმა გასცა იდენტური პასუხი, რაც მოცემული იყო 2007 წლის 15 მაისის წერილში.

33. 2007 წლის 22 მაისს, მესამე მომჩივანმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სსსკ-ს 242-ე მუხლის საფუძველზე გაასაჩივრა დ.ზ.-ს 2007 წლის 15 მაისის წერილში მოცემული გადაწყვეტილება.

34. 2007 წლის 28 მაისს, მან საქალაქო სასამართლოსგან მიიღო იგივე პასუხი, რაც 2007 წლის 5 აპრილს.

D. მთავრობის მიერ წარდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები მათთვის საჩივრის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ

1. ციხის ბუნტის ორგანიზატორების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება N 073060138

(ა) იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიება

35. 2006 წლის 25 მარტს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დეპარტამენტმა მიიღო „ოპერატიული ინსტრუქტაჟი“ იმის შესახებ, რომ ქვეყნის სხვადასხვა ციხეში მზადდებოდა ბუნტი ქურდული სამყაროს წევრების უფლებამოსილების აღსადგენად. მ.ზ., პ.მ. და ნ.მ. – ქურდული სამყაროს სამი წევრი, ანუ “კანონიერი ქურდები” (იხილეთ Ashlarba v. Georgia, N 45554/08, §§ 21-24, 15 ივლისი 2014), რომლებიც მოთავსებული იყვნენ თბილისის ციხის საავადმყოფოში – იყვნენ ბუნტის ორგანიზატორები, და მათ მითითებები მისცეს ზ.ვ.-ს, გ.ა.-სა და ლ.-ც-ს. – სამ მაყურებელს, გავლენიან პატიმრებს, რომლებიც ზედამხედველობენ სხვა პატიმრების საქმიანობას (იხილეთ Tsintsabadze v. Georgia, N 35403/06, § 43, 15 თებერვალი 2011) და რომლებიც მოთავსებული იყვნენ იმავე საავადმყოფოში - წაექეზებინათ ყველა თავისი თანამესაკნე, განზრახ მიეყენებინათ საკუთარი თავისთვის ზიანი, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობას მდგომარეობაზე კონტროლი დაეკარგა. განსაკუთრებით, რადგან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქურდული სამყაროს მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას (იხილეთ პარაგრაფი 140 ქვემოთ), ქურდული სამყაროს აღნიშნული სამი წევრი იმედოვნებდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბ.ა. პასუხისმგებლობაში მიეცემოდა იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა ციხეებში მდგომარეობის კონტროლი და გათავისუფლდებოდა თანამდებობიდან, რის შემდეგაც, მიმდინარე რეფორმები შეჩერდებოდა.

36. მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიიღო ინსტრუქტაჟი, 2006 წლის 25 მარტს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ციხეში წესრიგის დარღვევის მცდელობის ბრალდებებთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლის წარმოება. იმავე დღეს, ციხის საავადმყოფოში ფარულად გაკეთდა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები (იხილეთ პარაგრაფები 61 და 86 ქვემოთ). გაიცა ბრძანება, რომ გაძლიერებულიყო უსაფრთხოების ზომები ზემოაღნიშნულ ექვს დაკავებულ პირთან - ქურდული სამყაროს სამ წევრთან და სამ მაყურებელთან მიმართებით, მათი თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისა და სხვა პატიმრებისგან იზოლირების შესახებ. გადაყვანა მოხდა ღამით, „გართულებების თავიდან ასაცილებლად“.

37. შესაბამისად, 2006 წლს 27 მარტის ღამეს ბ.ა., სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე და მისი თანამშრომლები ციხის საავადმყოფოში წავიდნენ. გადაყვანის ოპერაცია დაიწყო ღამის 12.45-ზე. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ზემოაღნიშნულმა ექვსმა დაკავებულმა პირმა უარი თქვა დამორჩილებაზე, ფიზიკურად შეეწინააღმდეგა ციხის თანამშრომლებს და მოახერხა დანარჩენი პატიმრების წაქეზება, რათა ისინი მხარდაჭერის ნიშნად ამბოხებულიყვნენ. თუმცა, გადაყვანა მაინც განხორციელდა, მაგრამ იმ პატიმრებმა, რომლებიც ციხის საავადმყოფოში დარჩნენ, ბუნტი გააგრძელეს. მათ დაიწყეს ყვირილი, სხვადასხვა საგნებისთვის ცეცხლის წაკიდება, ცდილობდნენ ფანჯრების გაღებას და ა.შ. მას შემდეგ რაც ხმაური გაიგეს, მომიჯნავე სასჯელაღსრულების დაწესებულებების - №1 და №5, პატიმრებმა რიგ-რიგობით დაიწყეს ბუნტი.

38. ბუნტი განსაკუთრებით რთული იყო №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და საჭიროებდა ბუნტის ჩამხშობი სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევას, სიტუაციის კონტროლს დაქვემდებარების მიზნით. ამ შეიარაღებული ოპერაციის დროს, შვიდი პატიმარი გარდაიცვალა და ოცდაორი პატიმარი და ციხის ორი თანამშრომელი დაშავდა.

(ბ) იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული თავდაპირველი საგამოძიებო ღონისძიებები (№5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტის ადგილის დათვალიერება)

39. 2006 წლის 27 მარტს, დილის 6.10 საათსა და 9.05 საათს შორის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს ხუთი გამომძიებლისგან შემდგარმა ჯგუფმა დაათვალიერა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტის ადგილი. შესაბამისი გამოძიების ანგარიშის მიხედვით, ჯგუფი ციხის პირველ სართულზე შევიდა რკინის კარით, რომელზეც საკეტი არც დაზიანებული იყო, არც გატეხილი. ზედა სართულებთან დაკავშირებით მათ შემდეგი დასკვნები გააკეთეს.

(i) მეორე სართული – სარეჟიმო კორპუსი №3

40. გამომძიებლები №3 სარეჟიმო კორპუსის პირველ დერეფანში შევიდნენ ლითონის კარით, რომელიც მუშა მდგომარეობაში იყო. დერეფანში მათ დაინახეს რკინის საწოლები და გადახლართული მავთულები იატაკზე. დერეფანში ოთხ საკანს კარები არ ჰქონდა და მათ ამ საკნების შიგნით დაინახეს პატიმრები, რომლებსაც შეიარაღებული და შენიღბული თანამშრომლები დარაჯობდნენ. გამომძიებლებმა ამოიღეს დერეფანში ნაპოვნი ორი რეზინის ტყვიის მასრები (38 მმ კალიბრის).

41. №3 სარეჟიმო კორპუსის მეორე დერეფანში, დანგრეული რკინის საწოლები და კარები იატაკზე ეყარა. თერთმეტი საკნიდან კარი მხოლოდ ორს ჰქონდა, და ისინი დახურული იყო. უკარო საკნებში, გამომძიებლებმა დაინახეს პატიმრები, რომლებსაც შეიარაღებული და შენიღბული თანამშრომლები დარაჯობდნენ. გამომძიებლებმა ამოიღეს ამ დერეფანში ნაპოვნი ექვსი რეზინის ტყვიის მასრა (38 მმ კალიბრის). დერეფნის ბოლოში, ლითონის კარი კიბისკენ გაიღო №2 და №4 საკნების მიმართულებით. მიწა დაფარული იყო ქაღალდის ნაგლეჯებით და ლითონის საგნების ნამსხვრევებით. მიწაზე ეყარა ოთხი ლითონის კარი და რკინის საწოლი. ანგარიშის მიხედვით, „ცხადი იყო, რომ პატიმრები შეეცადნენ №3 სარეჟიმო კორპუსის შესასვლელის ამ საგნებით ჩახერგვას.“

42. №3 სარეჟიმო კორპუსის მესამე დერეფანში ოთხი საკნიდან, ორს ჰქონდა კარები და ისინი დახურული იყო. უკარო საკნებში, გამომძიებლებმა დაინახეს პატიმრები, რომლებსაც შეიარაღებული და ნიღბიანი თანამშრომლები დარაჯობდნენ. ამ დერეფანში, რეზინის ტყვიების მასრები იატაკზე ეყარა „გაფანტულად“. ასევე, იატაკზე იყო ლითონის საგნები და დაშლილი რკინის საწოლი.

(ii) მესამე სართული – სარეჟიმო კორპუსი N 4

43. ზემოაღნიშნული კიბე (იხილეთ პარაგრაფი 41 in fine ზემოთ) მესამე სართულზე ადიოდა. №4 სარეჟიმო კორპუსის ლითონის კარი ადგილზე იყო, თუმცა, მთლიანად არ იღებოდა მის უკან აღმართული ბარიკადების გამო. საკეტი მუშაობდა და მასზე ძალის გამოყენების კვალი არ შეიმჩნეოდა. პირველ დერეფანში, ოთხ საკანს კარები არ ჰქონდა. იქ მყოფ პატიმრებს შეიარაღებული და ნიღბიანი თანამშრომლები დარაჯობდნენ. დერეფანში, ლეიბებთან და საბნებთან ერთად, ასევე ჩანდა ორი დაშლილი რკინის საწოლი. გამომძიებლებმა იპოვეს პისტოლეტი (სერიული ნომრით BA7812) მჭიდთან და ოთხ ტყვიასთან ერთად, რომლებიც ეყარა №74ა საკნის წინ. №87ა საკნის წინ, მათ ასევე იპოვეს მაგნუმის პისტოლეტი (სერიული ნომრით 77311) მჭიდთან და ტყვიასთან ერთად, ასევე, „ვალტრო კომბატის“ მოდელის პისტოლეტი მჭიდთან და ორ ტყვიასთან ერთად. გამომძიებლებმა ასევე ამოიღეს ტყვიის მასრები ავტომატური იარაღებიდან, სამი ტყვიის მასრა პისტოლეტებიდან და სხვადასხვა ლითონის საგნების ნამსხვრევები.

44. №4 სარეჟიმო კორპუსის მეორე დერეფანში თერთმეტ საკანს კარები არ ჰქონდა. იმ საკნებში პატიმრებს შეიარაღებული და ნიღბიანი თანამშრომლები დარაჯობდნენ. ამ დერეფანში, იატაკზე ეყარა ორი რკინის საწოლი და სხვადასხვა საგანი. №71 საკნის წინ აღმოჩენილ იქნა „ადლერის“ და „მაკაროვის“ პისტოლეტები მჭიდთან და სამ ტყვიასთან ერთად. №76 საკნის წინ იპოვეს „ვალტრო-2000“ მოდელის პისტოლეტი მჭიდთან და სამ ტყვიასთან ერთად. გამომძიებლებმა ამოიღეს ტყვიის მასრები (9 მმ. კალიბრის), ოცდაჩვიდმეტი ტყვიის მასრა ავტომატური იარაღებიდან და სხვადასხვა ლითონის საგნების ნამსხვრევები.

45. №4 სარეჟიმო კორპუსის მესამე დერეფანში ოთხ საკანს კარები არ ჰქონდა. პატიმრებს საკნებში შეიარაღებული და ნიღბიანი თანამშრომლები დარაჯობდნენ. დერეფანში იატაკზე ეყარა რკინის საწოლი და ლითონის საგნების ნამსხვრევები. გამომძიებლებმა ამოიღეს ავტომატური იარაღების ექვსი ტყვიის მასრა (9 მმ. კალიბრის).

46. №4 სარეჟიმო კორპუსის მეორე დერეფნის ბოლოს, ლითონის კარი, რომელიც ჯერ ისევ ადგილზე იყო, გაიღო იმ კიბისკენ, რომელიც მიდიოდა №3 და №5 სარეჟიმო კორპუსების მიმართულებით. კიბეზე შეიძლებოდა ყველა სახის საგნის ნახვა, მათ შორის, ორი ლითონის კარი და ორი რკინის საწოლი. გამომძიებლებმა ამოიღეს ტყვიის მასრა (9 მმ. კალიბრის).

(iii) მეოთხე სართული – სარეჟიმო კორპუსის №5

47. №5 სარეჟიმო კორპუსის პირველი დერეფნის ლითონის კარი ადგილზე იყო. დერეფანში, ოთხი საკნიდან ერთს კარი არ ჰქონდა. ამ საკანში პატიმრებს იცავდა შეიარაღებული და ნიღბიანი დაცვა. დანარჩენი სამი საკანი დაკეტილი იყო. დერეფანში ჩანდა ორი დამტვრეული რკინის საწოლი.

48. №5 სარეჟიმო კორპუსის მეორე დერეფანში თერთმეტიდან ორ საკანს კარი არ ჰქონდა. დერეფანში იატაკზე ეყარა ორი დაშლილი ლითონის საწოლი და სხვადასხვა საგანი. იატაკზე გაფანტული იყო რეზინის ტყვიის მასრები (38 მმ. კალიბრის) და გამომძიებლებმა შვიდი მათგანი ამოიღს.

49. №5 სარეჟიმო კორპუსის მესამე დერეფანში, ერთ საკანს კარი არ ჰქონდა. დანარჩენი სამი საკანი დაკეტილი იყო.

(გ) იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები

50. 2006 წლის 27 მარტს, დილის 9.30 საათსა და 11.15 საათს შორის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს ორმა გამომძიებელმა დაათვალიერა ბუნტის ადგილი №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ციხის დერეფანში შემჩნეული დაზიანება ზემოთ აღწერილზე უფრო ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა. თუმცა, შესაბამის ანგარიშში მითითებული იყო, რომ ციხის უფროსის ოფისი №4 სარეჟიმო კორპუსში, ზედა სართულის სავარჯიშო ეზოს სათვალთვალო კოშკურა და ზედა სართულის სხვენი დამწვარი იყო.

51. მესამე მომჩივნის ვაჟის, ა.ბ.-ს სხეულის სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა 2006 წლის 27 მარტს. იმ ექსპერტის თქმით, რომელმაც შემოწმება ჩაატარა, სხეულს ჰქონდა: ოთხი დაზიანება მარცხენა ბარძაყზე, რომელთაგან ერთი იყო გრძელი თხელი ჭრილობა და ჯერ კიდევ სისხლმდინარე, ხოლო მეორეში ჩანდა დამსხვრეული ძვლის ნატეხები; ორი დაზიანება მარჯვენა ტერფის ცერა თითზე და მოტეხილობა იმავე ადგილზე; ორი დაზიანება და მოტეხილობა მარცხენა იდაყვზე; და დაზიანება ზურგის მარჯვენა მხარეს. ზურგზე დაზიანება ვრცელდებოდა პლევრასა და ხერხემალზე და კისრის გავლით თავის ქალაში აღწევდა. თავის ქალა გაბზარული იყო. თავის ქალიდან ამოღებულ იქნა ყვითელი ლითონის ნაჭერი და „გაეგზავნა საგამოძიებო ორგანობს“. ზურგის ქვედა ნაწილში, ცხვირზე, შუბლზე, მარცხენა თვალის გარშემო და მარცხენა ხელზე იყო მრავალი წითელი დაზიანება, და მარჯვენა ნესტო გახეთქილი იყო. დათვალიერდა შინაგანი ორგანოები. დადგინდა, რომ სისხლში იყო სხვადასხვა სახის ალკოჰოლი. ექსპერტმა დაასკვნა, რომ გარდაცვალება მოხდა პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთამდე ექვსი-რვა საათით ადრე და ის გამოიწვია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა მრავალმა დაზიანებამ. ტყვიებმა დააზიანა შინაგანი ორგანოები და ხერხემალი და დაამსხვრია ძვლები. სხეულზე შემჩნეულ ბევრ წითელ დაზიანებასთან დაკავშირებით, ექსპერტმა დაასკვნა, რომ ისინი მიღებულ იქნა მაშინ, როცა ა.ბ. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ისინი გამოწვეული იყო ბლაგვი საგნით (საგნებით).

52. 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დროს დაშავდა ციხის ორი თანამშრომელი - კ.მ. და მ.ს., ორი სარეჟიმო კორპუსის უფროსები, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ. 2006 წლის 30 მარტის სამედიცინო დასკვნების მიხედვით, კ.მ.-ს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული არაგამჭოლი ჭრილობა მარცხენა მხარში, ხოლო მ.ს.-ს ჰქონდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა ბარძაყში. მ.ს.-ს მიერ მიღებული დაზიანება კლასიფიცირებულ იქნა, როგორც მცირე დაზიანება, რომელიც იწვევს შრომისუნარიანობის ხანმოკლე მოშლას.

53. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ციხის სხვადასხვა თანამშრომლის მტკიცებულება იქნა მოსმენილი და თანამშრომლებმა შემდეგი განცხადებები გააკეთეს.

(i) კ.მ.-სა და მ.ს.-ის, ციხის ორი დაშავებული თანამშრომლის განცხადებები

54. კ.მ. (იხილეთ პარაგრაფი 52 ზემოთ) დაიკითხა 2006 წლის 5 აპრილს და მოვლენების მისეული ვერსია შემდეგნაირია. 2006 წლის 26-27 მარტის ღამეს ის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მორიგე იყო და ღამის 1-ლი საათის შემდეგ თანამშრომელმა მას აცნობა, რომ ციხის საავადმყოფოში არეულობა დაიწყო. მან დაუყოვნებლივ აცნობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც საავადმყოფოში გაემართა. კ.მ. თვითონ წავიდა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა გაეძლიერებინა გარეთ უსაფრთხოების ზომები და მომზადებულიყო გაქცევის შესაძლო მცდელობისათვის. ამის შემდეგ მალევე, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობა გავრცელდა. პატიმრები ხმაურობდნენ და ყვიროდნენ და თან ფანჯრებიდან ცეცხლწაკიდებულ ლეიბებს, ზეწრებს და ტანსაცმელს ისროდნენ. მივიდნენ ციხის თანამშრომლები და პოლიციელები. ოდნავ მოგვიანებით ასევე მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსები. კ.მ. ავიდა სათვალთვალო კოშკურა №1-ზე, საიდანაც შესაძლებელი იყო №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების დანახვა. მან დაინახა, რომ პატიმრები შენობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და გარეთ გამოსვლასაც კი ცდილობდნენ. №1 სასჯელაღსრულების დაწესებულების სახურავს ცეცხლი ეკიდა. პოლიციამ მეგაფონით აღჭურვილი მანქანა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში შეიყვანა, რათა პატიმრებისთვის მიემართათ. სიმშვიდისკენ ყოველ მოწოდებას პატიმრები ხმამაღალი ხმაურით ხვდებოდნენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შემდეგ სასწრაფოდ გამოიძახა მორიგეობაზე არმყოფი ყველა თანამშრომელი. დაცვა გაძლიერებული იყო ციხის გარშემო ყველა საგუშაგო კოშკურაზე. ამავე დროს, მოვიდნენ მეხანძრეები და იუსტიციის სამინისტროს ბუნტის ჩამხშობი რაზმი. ბუნტის ჩამხშობი ძალები განლაგებული იყო შენობიდან 30-40 მეტრის დაშორებით, როდესაც ცეცხლწაკიდებული საგნები და ლითონის საგნები ფანჯრებიდან ცვიოდა. ამ დროის განმავლობაში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე პატიმრებს მეგაფონის მეშვეობით ესაუბრებოდა და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

55. ერთ მომენტში, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მივიდა და უთხრა კ.მ.-ს, რომ ის აპირებდა ციხეში პატიმრებთან დასალაპარაკებლად შესვლას. კ.მ.-მ და მ.ს.-მ (იხილეთ პარაგრაფი 52 ზემოთ) მასთან ერთად წასვლა გადაწყვიტეს. მათ სარეჟიმო კორპუსებში შეღწევა მთავარი შესასვლელით ვერ შეძლეს, რადგან კარი შიგნიდან იყო ჩახერგილი. ამიტომ მათ უკანა კარი გამოიყენეს. როცა ისინი პირველ სართულამდე მივიდნენ, ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრები უკვე იქ იყვნენ. შედარებით სიმშვიდე იყო პირველ და მეორე სართულებზე, თუმცა, ძლიერი ხმაური ისმოდა მესამე სართულიდან (სარეჟიმო კორპუსი №4), რომელზეც მათ წვდომა არ ჰქონდათ, რადგან კარი შიგნიდან იყო ჩახერგილი. ამიტომ, ისინი მეოთხე სართულზე ავიდნენ, სანამ უკან, მესამე სართულზე ჩავიდოდნენ და სხვა კარს გამოიყენებდნენ №4 სარეჟიმო კორპუსამდე მისასვლელად. ციხის უფროსს, რომელიც პირველ ხაზზე იყო, მოჰყვებოდნენ კ.მ., მ.ს. და ციხის რამდენიმე სხვა თანამშრომელი, რომლებსაც მოჰყვებოდნენ ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრები. ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრებისგან განსხვავებით, ციხის თანამშრომლები არ იყვნენ შეიარაღებულები და მათ არ ჰქონდათ ხელკეტები და არ ეკეთათ ნიღბები. კ.მ.-სა და ციხის უფროსს შავი ფორმის ტანსაცმელი ეცვათ, ხოლო მ.ს.-ს - სამოქალაქო ტანსაცმელი. ჯგუფი დერეფანში შევიდა, უფროსი პატიმრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და უხსნიდა, რომ ციხის ძველი შენობა შეიძლება ჩამონგრეულიყო და ათასობით ადამიანი დაღუპულიყო. როდესაც ჯგუფმა მარჯვნივ გაუხვია დერეფანში, ისინი ბარიკადების წინაშე აღმოჩნდნენ. ციხის თანამშრომლებმა მათი დაშლა სცადეს, მაგრამ პატიმრებმა დაიწყეს მათი მიმართულებით აგურისა და რკინის ნატეხების სროლა. შემდეგ, ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრებმა რეზინის ტყვიები გაისროლეს. პასუხად, ძალიან ახლოს გაისმა ხუთი თუ ექვსი გასროლის ხმა. მ.ს. დაეცა. გაისმა სხვა გასროლის ხმებიც და კ.მ.-მ მხარში სითბო იგრძნო. ის ვერ მიხვდა, რომ დაშავებული იყო მანამ, სანამ ის ციხის ეზოში გავიდა. როცა მ.ს. და კ.მ. დაშავდნენ, ბუნტის ჩახშობის რაზმმა მათ წინ ჩაიარა, ყვიროდნენ, რომ ზოგიერთი მათი წევრი დაშავდა და ავტომატური იარაღებიდან ცეცხლი გახსნეს.

56. 2006 წლის 11 აპრილს ჩვენების მიცემისას, მ.ს.-მ განაცხადა, რომ რადგან ციხის ეზოში სიმშვიდისკენ გაცემული მოწოდებები წარუმატებელი აღმოჩნდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ციხის შტურმით აღების შესახებ“. ამის გარდა, მან ისაუბრა იმავე ფაქტებზე, რაზეც კ.მ.-მ. გ.ფ.-სგან განსხვავებით (იხილეთ შემდეგ პარაგრაფები), მ.ს.-მ განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს, ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრები თავის ავტომატურ იარაღებს რომელი მიმართულებით ისროდნენ.

(ii) №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის ჩვენებები

57. გ.ფ.-მ, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსმა 2006 წლის 7 აპრილს მისცა ჩვენება. მისი თქმით, 2006 წლის 27 მარტს დაახლოებით ღამის 2.15-ზე მისი საპატიმრო დაწესებულების პატიმრებმა დაიწყეს არეულობა, რაც მოჰყვა ციხის საავადმყოფოში მღელვარებას. იმის გათვალისწინებით, რომ არეულობა შეიძლება მთელ საპატიმრო დაწესებულებაზე გავრცელებულიყო, ის ტელეფონით დაუკავშირდა ბ.ა.-ს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და უთხრა, რომ მას მდგომარეობის დამოუკიდებლად დასტაბილურების შესაძლებლობა არ ჰქონდა და ამიტომ, საპატიმრო დაწესებულებაში აცხადებდა საგანგებო მდგომარეობას და ითხოვდა დახმარებას. დახმარების მოლოდინში, გ.ფ.-მ გადაწყვიტა, ყველა სარეჟიმო კორპუსის დაცვის თანამშრომლებისთვის მათი პოსტის დატოვების, სარეჟიმო კორპუსების კარების და შენობების შესასვლელების დახურვის, და მათი თანამშრომლებისათვის იარაღის დარიგების უფლება მიეცა. ციხის გარშემო დაცვა გაძლიერდა გაქცევის ნებისმიერი მცდელობის აღსაკვეთად. ამასობაში, პატიმრებმა მოახერხეს თავიანთი საკნებიდან გამოსვლა და ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ სარეჟიმო კორპუსების დერეფნებში. ცეცხლმოკიდებული საგნები და აგურისა და რკინის ნატეხები ფანჯრებიდან ცვიოდა. ადგილზე მოვიდნენ ბუნტის ჩახშობის რაზმი, ბ.ა., მეხანძრეები და პოლიცია. დაახლოებით ღამის 2.45-ზე მიღებულ იქნა ციხის შტურმით აღების გადაწყვეტილება. შემდეგ, გ.ფ.-მ თავის მოადგილეებს და სხვა თანამშრომლებს შესთავაზა, რომ ისინი ბუნტის ჩახშობის რაზმის წინ წასულიყვნენ, რათა თავიდან აეცილებინათ რაზმის წევრების უშუალო შეხება პატიმრებთან. ის იმედოვნებდა, რომ ნაცნობი სახეების დანახვისას, პატიმრები უფრო მორჩილები გახდებოდნენ. ციხის თანამშრომლებმა მთავარი კარი გააღეს და ბუნტის ჩამხშობი რაზმის წევრების თანხლებით შენობაში შევიდნენ. ციხის ქვედა სართულები ცარიელი იყო. მესამე სართულის (№4 სარეჟიმო კორპუსი) შესასვლელი ჩახერგილი იყო. ციხის თანამშრომლებმა დაიწყეს ბარიკადების დაშლა. ამ დროს, გ.ფ.-მ ბარიკადების მეორე მხარეს მყოფ პატიმრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. პასუხად, პატიმრებმა მათ შეაგინეს, დაუწყეს აგურისა და რკინის ნატეხების სროლა, რის შემდეგაც, ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრებმა მათ რეზინის ტყვიები დაუშინეს. საპასუხოდ, გაისმა ოთხი თუ ხუთი სროლის ხმა პატიმრების მხრიდან და მ.ს. ძირს დაეცა. დაშავდა ასევე კ.მ.. გ.ფ.-მ და ბუნტის ჩახშობის რაზმმა მ.ს. დერეფნიდან გაიყვანეს. ამ დროს, ბუნტის ჩახშობის რაზმი, რომელიც კიბეზე იყო განლაგებული, დერეფანში შევიდა და თავიანთი ავტომატური იარაღების გამოყენებით ცეცხლი გახსნა. გ.ფ.-ს თქმით, თანამშრომლები ჭერსა და კედლებს უმიზნებდნენ. პატიმრები დაიშალნენ და თავიანთ საკნებს დაუბრუნდნენ.

(iii) №5 სარეჟიმო კორპუსის დაცვის წევრების ჩვენებები

58. 2006 წლის 8 აპრილს დაკითხვისას, რ.ო.-მ, №3 სარეჟიმო კორპუსის დაცვამ, ზოგადი მდგომარეობა იგივენაირად აღწერა, როგორც ზემოაღნიშნულმა ციხის თანამშრომლებმა. მან განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა №4 და №5 სარეჟიმო კორპუსებიდან უთხრეს, რომ ხუთი პატიმარი, მათ შორის, ა.ბ. (მესამე მომჩივნის ვაჟი) განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდა და საკნებს არბევდა.

59. 2006 წლის 8 აპრილს ჩვენების მიცემისას, №4 სარეჟიმო კორპუსის დაცვამ - ზ.დ.-მ, განაცხადა, რომ 2006 წლის 27 მარტს, სარეჟიმო კორპუსის ცხრამეტ საკანში 900 პატიმარი იყო მოთავსებული. მან განმარტა, რომ დაცვის წევრები არასოდეს არ იყვნენ შეიარაღებულები და უფრო მეტიც, არ ჰქონდა იმ სარეჟიმო კორპუსების გასაღები, სადაც ისინი პატიმრებთან ერთად იყვნენ ჩაკეტილები. სარეჟიმო კორპუსის კარები ყოველ ჯერზე გარედან იკეტებოდა. სწორედ ამიტომ, როცა №4 სარეჟიმო კორპუსში ბუნტი დაიწყო, რომელშიც „ყველაზე პრობლემური“ პატიმრები იმყოფებოდნენ, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ზ.დ.-მ განაცხადა, რომ როცა ის 2006 წლის 26 მარტის საღამოს 8 საათზე სამორიგეოდ წავიდა, მან საკნის კარებზე ყველა საკეტი შეამოწმა. დაახლოებით საღამოს 1.30-ზე მას მოესმა ციხის საავადმყოფოდან მომავალი ხმები. პატიმრები ყვიროდნენ: „ისინი [ქურდული სამყაროს] წევრებს სცემენ!“ და პატიმრებს აიძულებდნენ მოეწყოთ ბუნტი. რამდენიმე წამის შემდეგ, №4 სარეჟიმო კორპუსის პატიმრებმა თავიანთი საკნის კარებზე ბრახუნი დაიწყეს. ზ.დ.-ს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ისინი რკინის საწოლების ან მაგიდების გამოყენებით ცდილობდნენ საკნის კარების გაღებას, რომლებიც დერეფანში გადიოდა. დაახლოებით ხუთ წუთში, №2 სარეჟიმო კორპუსის დაცვა მოვიდა კარის გასაღებად, რათა ზ.დ. გარეთ გამოეშვა. მათ მას კარი გარედან მიუხურეს. ზ.დ.-მ განმარტა, რომ ყველა საკნის კარები იყო ხის, რომლებიც გამაგრებული იყო ლითონის საფარველით. კარის ჩარჩოებიც აგრეთვე ხისგან იყო დამზადებული. ეს ძველი კარები მხოლოდ ბოქლომით იკეტებოდა, და მათი ჩამოგდება რთული არ იყო. ზ.დ.-მ განაცხადა, რომ №4 სარეჟიმო კორპუსში, ორი პატიმარი №76 საკნიდან - ა.ბ. (მეორე მომჩივნის ვაჟი) და გ.ჯ. და პატიმარი №78 საკნიდან - კ.ქ. პირველები იყვნენ, რომლებიც ციხის საავადმყოფოში ბუნტის დაწყების შემდეგ აბუნტდნენ. მათ პირველებმა გატეხეს ფანჯრის გისოსები თავისი საკნის კარებში, სანამ თავებს გარეთ გამოყოფდნენ და პატიმრებს ბუნტისკენ მოუწოდებდნენ.

(დ) ციხის ბუნტის ორგანიზატორების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და საქმის გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოსათვის

60. ზემოთ აღწერილმა საგამოძიებო ღონისძიებებმა განაპირობეს ბრალდებების წაყენება მ.ზ.-ს, პ.მ.-ს და ნ.მ.-ს- ქურდული სამყაროს სამი წევრის, ანუ კანონიერი ქურდების და ზ.ვ.-ს, გ.ა.-ს და ლ.ც.-ს. - სამი მაყურებლის წინააღმდეგ, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ზემოაღნიშნულ წევრებს (შემდეგ „ბუნტის ექვსი ორგანიზატორი“, იხილეთ პარაგრაფი 36 ზემოთ). ამ ბრალდებების წარდგენა მოხდა 2006 წლის 13 აპრილს.

61. 2006 წლის 4 მაისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბუნტის რამდენიმე ორგანიზატორს შორის შეხვედრის საიდუმლო ვიდეო‑გადაღება გაგრძელდა დაახლოებით ოცდახუთი წუთი და მას მონტაჟის არანაირი კვალი არ ეტყობოდა (იხილეთ პარაგრაფი 36 ზემოთ). საუბრის აღქმადი ნაწილების სტენოგრამის მიხედვით, ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ ისინი ტყუილს იტყოდნენ და განაცხადებდნენ, რომ დათვალიერებისას, ციხის თანამშრომლებმა მათ ცემა დაუწყეს. ამის შემდეგ, ისინი დარეკავდნენ პატიმართა უფლებების ცხელ ხაზზე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში და ჟურნალისტებთან, შესაბამისად მომდევნო დღეს, იმ სატელევიზიო არხზე, რომელიც ხელისუფლების მიმართ თავისი კრიტიკით იყო ცნობილი, ოცდაოთხსაათიანი რეპორტაჟები გავიდოდა. მათი თქმით, ეს მათ „კვლავ ფეხზე დადგომის“ შესაძლებლობას მისცემდა. საუბრის დანარჩენი ნაწილის გაშიფვრა შეუძლებელი იყო მნიშვნელოვანი ფონური ხმაურის გამო.

62. 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტა ჩამოეშორებინა იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლები სისხლის სამართლის საქმიდან. გადაწყვეტილებაში საქმის გადაცემის მიზეზები არ იყო მითითებული. თუმცა, მითითებული იყო შემდეგი ინფორმაცია. იმ ციხის თანამშრომლების მიერ დამშვიდების მოწოდების შემდეგ, რომლებიც დერეფანში ბუნტის ჩახშობის რაზმს წინ უძღვებოდნენ, პატიმრები „[ციხის თანამშრომლებისა და ბუნტის ჩახშობის რაზმის] მიმართულებით გაეშურნენ“, „რის გამოც ბუნტის ჩახშობის რაზმი იძულებული გახდა, რეზინის ტყვიები გაესროლა“. პატიმრებმა ამ გასროლებს უპასუხეს „რამდენიმე“ გასროლით, რა დროსაც დაშავდა ციხის ორი თანამშრომელი. „შემდეგ დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ. ორმხრივი გასროლების შედეგად, შვიდი პატიმარი გარდაიცვალა და ოცდაორი დაშავდა“. ამის შემდეგ, „მდგომარეობა დასტაბილურდა, პატიმრები თავის საკნებში დაბრუნდნენ და შეწყვიტეს თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.“ ამან ასევე დადებითი ზემოქმედება მოახდინა №1 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებზე, რომლებიც დამშვიდნენ რაიმე ძალის გამოყენების აუცილებლობის გარეშე.

63. 2006 წლის 25 მაისის ბალისტიკური დასკვნის თანახმად, 2006 წლის 27 მარტს მჭიდებთან და შვიდ ტყვიასთან ერთად ამოღებული ექვსი პისტოლეტიდან ორი (იხილეთ პარაგრაფები 39-49 ზემოთ), იყო „მაკაროვის“ პისტოლეტი (9 მმ კალიბრის); ერთს სერიული ნომერი არ ჰქონდა, ხოლო მეორეს ნომერი იყო BA7812. იარაღები გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ისინი უკანასკნელად გაიწმინდა. შვიდი ტყვია იყო „მაკაროვის“ ან „სტეჩკინ-APS“-ის პისტოლეტების. რვა 9მმ-იანი მასრა შეესაბამებოდა „მაკაროვისა“ და „სტეჩკინ-APS“-ის ტყვიებს; ოთხი მათგანი გასროლილი იყო სერიული ნომრის არმქონე „მაკაროვის“ პისტოლეტიდან, დანარჩენი ორი - „მაკაროვის“ BA7812-დან, ხოლო ბოლო ორი - დაუდგენელი „მაკაროვიდან“. დანარჩენი ამოღებული ოთხი პისტოლეტი იყო სპეციალური თავდაცვის იარაღი (9 მმ კალიბრის) ცარიელი ვაზნებისთვის, რეზინის ტყვიებისთვის, ან გაზის ან ტყვიისგან გაკეთებული ტყვიებისთვის. ეს იარაღები იყო მუშა მდგომარეობაში და ისინი გამოყენებულ იქნა უკანასკნელად გაწმენდის შემდეგ, რადგან მასრებში აღმოჩენილ იქნა დენთის კვალი. ერთ-ერთ იარაღთან ერთად ნაპოვნი სამი ტყვია (9 მმ კალიბრის) გამოსადეგი იყო ერთ-ერთი იარაღისთვის; ორი მათგანი იყო რეზინის ტყვია, ხოლო მესამე - გამაღიზიანებელი საშუალება (გაზი CS).

64. 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა აღნიშნა, რომ საქმის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა ბუნტის ექვს ორგანიზატორს, მზად იყო და სასამართლო სხდომა უნდა დანიშნულიყო. თუმცა, მისი შეხედულებით, აუცილებელი იყო იმის გადამოწმება, იყო თუ არა პატიმრებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება კანონიერი. ამიტომ, მან გადაწყვიტა, ერთმანეთისგან განეცალკევებინა ციხისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული ასპექტი, ბუნტის ექვს ორგანიზატორთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმისგან და გადაწყვიტა ახალი საქმის დაწყება ამ შესაძლო ბრალდების გამოსაძიებლად (იხილეთ პარაგრაფები 76-84 ქვემოთ). ამ გადაწყვეტილებაში მოცემული ფაქტების მიხედვით, 2006 წლის 27 მარტს არსებობდა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების ციხიდან გაქცევის რისკი და პატიმრების სიცოცხლის საფრთხე ხანძრის გამო. იმ დროს, როცა ციხის თანამშრომლები, რომლებიც ბარიერს ქმნიდნენ ბუნტის ჩახშობის რაზმსა და პატიმრებს შორის და პატიმრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, პატიმრები "მათ აგურისა და რკინის ნატეხებს ესროდნენ", "რის გამოც, ბუნტის ჩახშობის რაზმმა პატიმრების მიმართულებით რეზინის ტყვიები გაისროლა”. საპასუხოდ, პატიმრებმა გაისროლეს „მაკაროვის და გაზის პისტოლეტებიდან“, რის შედეგადაც ციხის ორი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. „ციხის თანამშრომლებისა და ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრების მიერ ძალადობის ჩახშობის შემდგომი მცდელობების“ მიუხედავად, პატიმრებმა განაგრძეს „თავიანთი მაკაროვის ორი [პისტოლეტიდან] და ოთხი [სხვა] პისტოლეტიდან სროლა“, რის გამოც, ბუნტის ჩახშობის რაზმი „იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ.“ ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო მდგომარეობის კონტროლის ქვეშ მოქცევა.

65. 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განეცალკევებინა იმ საქმისგან, რომელიც ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებას (იხილეთ პარაგრაფი 64 ზემოთ და პარაგრაფები 76-84 ქვემოთ), იმისათვის, რათა მომხდარიყო პატიმრების გარდაცვალების მიზეზებისა და გარემოებების დადგენა (იხილეთ ასევე პარაგრაფი 85 ქვემოთ). ამ ახალ საქმეში, სისხლისსამართლებრივი პროცესი დაიწყო მკვლელობისთვის (დანაშაული, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით).

66. ამავდროულად, ბუნტის ექვსი ორგანიზატორი სასამართლოს გადაეცა.

67. 2007 წლის 22 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ბუნტის ექვსი ორგანიზატორის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბ.ა. დაკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 27 მარტის დაახლოებით ღამის 1-ლ საათზე, ბ.ა. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ბუნტი მზადდებოდა, წავიდა ციხის საავადმყოფოში (იხილეთ პარაგრაფი 57 ზემოთ). ღამის 1-ლ საათზე, მან იუსტიციის სამინისტროს შეატყობინა, რომ ბუნტის ექვსი ორგანიზატორი ფიზიკურად შეეწინააღმდეგა ციხის თანამშრომლებს გადაყვანის დროს, და რომ მათ წააქეზეს დანარჩენი პატიმრები ამბოხებისკენ და მდგომარეობა გართულდა. მან აღწერა ბუნტის წამომწყები პატიმრების ქცევა და მინისტრს აცნობა, რომ მათ ცეცხლი გააჩინეს და გამოთქვა ვარაუდი, რომ არსებობდა გაქცევის საფრთხე. ამ ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტრომ „გამოაცხადა“ საგანგებო მდგომარეობა, მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის ბრძანების („ბრძანება N 60“) საფუძველზე და შექიმნა კრიზისების მართვის ცენტრი, რომელიც შედგებოდა იუსტიციის მინისტრის, მისი ორი მოადგილისა და თავად ბ.ა.-სგან. იუსტიციის მინისტრი წავიდა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდგომარეობის შესასწავლად და ბ.ა.-ს განმარტებების მოსასმენად. ბ.ა.-ს თქმით, როდესაც ომბუდსმენის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, პოლიციისა და ციხის თანამშრომლების მოწოდებები სიმშვიდისკენ უშედეგო აღმოჩნდა, და როდესაც „№5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაწყებული ცეცხლი გაძლიერდა“, 4000 პატიმრის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა და რეალური გახდა ციხიდან მასიური გაქცევა, მიღებულ იქნა ჩარევის გადაწყვეტილება.

68. №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების ქცევასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მხარეს ისმოდა სროლის ხმა, ბ.ა.-მ მიუთითა იმავე ფაქტეზე, რაზეც კ.მ.-მ და მ.ს.-მ. (იხილეთ პარაგრაფები 54-56 ზემოთ). ბ.ა.-ს თქმით, კ.მ.-ს და მ.ს.-ს დაჭრისთანავე, მდგომარეობა „კონტროლიდან გამოვიდა“. მისი შეხედულებით, ციხიდან მასიური გაქცევისა და ხანძარში პატიმრების გარდაცვალების ალბათობა გაიზარდა. შემდეგ, კრიზისების მართვის ცენტრმა გადაწყვიტა, ბუნტის ჩახშობის რაზმისთვის მიეცა ბრძანება, „მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა კანონის შესაბამისად წესრიგის აღსადგენად, და აუცილებლობის შემთხვევაში, გამოეყენებინათ იარაღი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში“. გატარებული ზომებისა და „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების“ შედეგად, ბ.ა.-ს თქმით, „მასობრივი არეულობა და პატიმრების ამბოხება ჩახშობილ იქნა“ დაახლოებით დილის 4 საათისთვის. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ განცდილმა ზარალმა შეადგინა 50,737 ქართული ლარი (დაახლოებით 16,500 ევრო (ევრო)). გამომძიებლის მიერ დასმულ ერთადერთ შეკითხვაზე ბ.ა.-მ უპასუხა, რომ კრიზისების მართვის ჯგუფმა იმოქმედა პატიმრობისა და იარაღების წესების, ბრძანება №60, 2003 წლის ერთობლივი სამოქმედო გეგმისა და ბუნტის ჩახშობის ძალების მარეგულირებელი წესების შესაბამისად (იხილეთ პარაგრაფები 96-107 ქვემოთ).

(ე) ბუნტის ექვსი ორგანიზატორის წინააღმდეგ აღძრული საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპი

69. 2007 წლის თებერვალ-მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა რამდენიმე სხდომა ბუნტის ექვი ორგანიზატორის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე დაიკითხნენ შემდეგი მოწმეები.

70. სასამართლოში ჩვენების მიცემისას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბ.ა.-მ განაცხადა, რომ როგორც კი საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მას აცნობა, რომ ბუნტის ექვსი ორგანიზატორი გაიყვანეს და ისინი დერეფანში ელოდებოდნენ მათ გადაყვანას თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მან გასცა ბრძანება, რომ ისინი ჩაესვათ ფურგონში, რომელიც ამ მიზნით გაჩერებული იყო საავადმყოფოს ეზოში. მისი მტკიცებით, არც ერთი მათგანი საავადმყოფოს უფროსის ოფისში არ წაუყვანიათ (შეადარეთ პარაგრაფები 71-73 ქვემოთ). რამდენიმე წუთის შემდეგ, ბ.ა.-ს აცნობეს, რომ აღნიშნული პატიმრები უარს ამბობდნენ გადაყვანაზე. ამავე დროს, შესაძლებელი იყო ბუნტის ხმის გაგონება. შემდეგ მან გამოიძახა ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრები, რომლებმაც გააკეთეს დერეფანი, რომელშიც გაიარა ექვსმა პატიმარმა გადაყვანამდე. დანარჩენ მოვლენებთან დაკავშირებით, მან მიუთითა იმავე ფაქტებზე, რაზეც 2007 წლის 22 იანვარს (იხილეთ პარაგრაფები 67-68 ზემოთ).

71. ბუნტის ექვსი ორგანიზატორიდან ორი პირი - ზ.ვ. და გ.ა. (იხილეთ პარაგრაფი 35 ზემოთ) სასამართლოს წინაშე აცხადებდნენ, რომ 2006 წლის 27 მარტის ღამეს ისინი დაცვამ გააღვიძა, რომელმაც მათ უხმო საავადმყოფოს უფროსის ოფისში ბ.ა.-სთან შესახვედრად. ამ ოფისში, ისინი შეხვდნენ ბ.ა.-ს, რომელსაც თან ახლდა №7 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი, რამდენიმე შენიღბული ადამიანი, პ.მ. (მეორე თანაბრალდებული) და ციხის რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაგან ერთი შეხვედრას ვიდეოთი იღებდა. ბ.ა.-მ გამოკითხა ზ.ვ. და გ.ა. „[ბუნტის ორგანიზატორებს შორის შეხვედრის] თარიღის თაობაზე“. ორმა პატიმარმა უპასუხა, რომ „მათ არ ახსოვდათ“. შემდეგ, ბ.ა.-მ გ.ა.-ს დაარტყა, რომელმაც მას საპასუხო დარტყმით უპასუხა. შემდეგ, ნიღბიანმა პირებმა დაიწყეს ზ.ვ.-ს და გ.ა.-ს ფეხებით და მუშტებით, ასევე, თავისი ხელკეტებით და თოფების ლულებით ცემა. ორი პატიმარი უგონო მდგომარეობაში იყო, როცა ისინი გადაიყვანეს №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ისინი კვლავ სცემეს.

72. ბუნტის ექვსი ორგანიზატორიდან კიდევ ერთმა პირმა - ლ.ც.-მ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის დაცვამ გააღვიძა, ის დაიბარეს საავადმყოფოს უფროსის ოფისში. მან დერეფანში ბევრი ადამიანი და ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრები დაინახა, რომლებმაც მას ხელკეტებით ცემა დაუწყეს. ამავე დროს, ზ.ვ.-სა და გ.ა-ს სცემდნენ საავადმყოფოს უფროსის ოფისში (იხილეთ წინა აბზაცი). №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დანარჩენი ორ პატიმართან ერთად გადაყვანის დროს ლ.ც. გააშიშვლეს და კვლავ სცემეს, მუშტები ურტყეს და ხელკეტებით სცემეს. ლ.ც.-ს განცხადებით, მას და ზ.ვ.-ს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ, ხოლო გ.ა.-ს ასეთი კვალი ჰქონდა სახეზე.

73. ციხის საავადმყოფოს უფროსმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ პატიმრებს შორის ინფორმატორების დახმარებით მან შეიტყო, რომ მზადდებოდა ბუნტი. მან ამის შესახებ აცნობა ბ.ა.-ს, რომელიც 2006 წლის 27 მარტის დაახლოებით დილის 1-ლ საათზე მივიდა საავადმყოფოში და უფროსს დაავალა ბუნტის ექვსი ორგანიზატორის უფროსის ოფისში მიყვანა მათი გადაყვანის მიზნით. როდესაც არეულობა დაიწყო, პატიმრების გადაყვანაში დასახმარებლად ბ.ა.-მ გამოიძახა ბუნტის ჩახშობის რაზმის ოცდაათი წევრი. ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრები საავადმყოფოში არ დარჩენილან, რადგან იქ მდგომარეობა მალე დასტაბილურდა. ისინი და ბ.ა. წავიდნენ №1 და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ასევე დაიწყო პრობლემები.

74. 2007 წლის 2 აპრილის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ზ., ზ.ვ., გ.ა. და ლ.ც. ბრალდებულად ცნო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, სასჯელაღსრულების დაწესებულების წესრიგის დარღვევაში და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმასა ანდა ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილები). თითოეულ მათგანს შეეფარდა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ.მ.-ს შეეფარდა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა იმავე დანაშაულებებისათვის და მობილური ტელეფონის უკანონო ფლობისათვის (დანაშაულისთვის, რომელიც 2006 წლის ივნისში იყო ჩადენილი). პ.მ.-ს მიესაჯა თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა იმავე დანაშაულებებისთვის, რაც ჩაიდინა პირველმა ოთხმა პატიმარმა, და ქურდული სამყაროს წევრობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

75. მის მიერ წარმოდგენილ ფაქტებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დგინდებოდა შემდეგი ფაქტები. ციხის იმ თანამშრომლების ჩვენების მიხედვით, რომლებსაც მიჰყვებოდა ბუნტის ჩახშობის რაზმი, №4 სარეჟიმო კორპუსის პატიმრებმა მათი მიმართულებით დაიწყეს აგურისა და რკინის ნატეხების სროლა. ამის გამო, ბუნტის ჩახშობის რაზმმა საპასუხოდ მათ რეზინის ტყვიები დაუშინა, რის პასუხადაც პატიმრებმა ცეცხლი გახსნეს მაკაროვის პისტოლეტებისა და გაზის იარაღების გამოყენებით. ისინი წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებდნენ იქამდე, სანამ ისინი არ მოექცნენ კონტროლის ქვეშ ციხის თანამშრომლებისა და ბუნტის ჩახშობის ძალების მიერ განხორციელებული ზომებით.

2. ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით აღძღული სისხლის სამართლის საქმე (საქმე N 74068237)

76. აღნიშნული საქმე ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ აღიძრა 2006 წლის 21 ივნისს (იხილეთ პარაგრაფი 64 ზემოთ) და განხორციელდა შემდეგი საგამოძიებო ღონისძიებები.

77. 2006 წლის 9 ოქტომბერს დაკითხვისას, ექსპერტმა, რომელმაც 2006 წლის 27 მარტს შეადგინა პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის დასკვნა (იხილეთ პარაგრაფი 51 ზემოთ), განაცხადა, რომ ა.ბ.-ს მარჯვენა ნესტოს ჭრილობა და ბევრი წითელი დაზიანება მის სხეულზე მიყენებულ იქნა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, და ისინი შეიძლება რეზინის ტყვიებს გამოეწვია. შედარების მიზნით, ექსპერტმა დამატებით განაცხადა, რომ მსგავსი ჭრილობები არ აღენიშნებოდა გ.ი.-ს, იმ პატიმრის სხეულზე, რომელიც აგრეთვე გარდაიცვალა, და რომლის სხეულზე მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები აღინიშნებოდა.

78. 2006 წლის 10 ოქტომბერს, ექსპერტმა, რომელმაც გამოიკვლია სამი სხვა გარდაცვლილი პატიმრის სხეულები, განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებების გარდა, პატიმრებს აღენიშნებოდათ დაზიანებები და სისხლჩაქცევები, რომლებმაც წითელი კვალი დატოვეს მათი სხეულების სხვადასხვა ნაწილებზე ჯერ კიდევ მათ სიცოცხლეში, და გარდაცვალებიდან ძალიან მოკლე პერიოდში. დაზიანებები შეიძლება რეზინის ტყვიებით ყოფილიყო გამოწვეული.

79. 2006 წლის 24 და 26 ოქტომბერს შორის პერიოდში, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოთხი პატიმარი დაიკითხა ადვოკატის დაუსწრებლად. შესაბამისი ოქმების მიხედვით, სამი პატიმარი აცხადებდა, რომ ისინი სამართლებრივ დახმარებას არ ითხოვდნენ, მოცემული მოვლენების დროს არც ერთი მათგანი არ დაზიანებულა. მათი ჩვენებების მოკლე შინაარსი წარმოდგენილი არის ქვემოთ.

80. გ.ს.-მ, №56 საკნის პატიმარმა განაცხადა, რომ 2006 წლის 27 მარტის დაახლოებით დილის 2 საათზე მას მოესმა, რომ პატიმრები ყვიროდნენ და იგინებოდნენ, და რომ როდესაც მან ფანჯრიდან გაიხედა, დაინახა, რომ ციხის ეზოში ცვიოდა ცეცხლწაკიდებული საგნები. ამის შემდეგ მალევე, მის კარზე საკეტი გატყდა და ის და მისი თანამესაკნეები დერეფანში გავიდნენ. კვამლის გამო, ისინი ყველანი მეორე სართულზე ავიდნენ. ამის შემდეგ მალევე მოვიდა ბუნტის ჩახშობის რაზმი, მაგრამ ისინი ბარიკადებმა შეაჩერა, პატიმრების მხარეს გაისმა გასროლის ხმა. საპასუხოდ, ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრებმა გაისროლეს რეზინის ტყვიები და გ.ს. საკანში დაიმალა. ბუნტის ჩახშობის სპეცრაზმის წევრებმა ბარიკადები დაშალეს და მდგომარეობა დასტაბილურდა.

81. რ.ჩ.-მ, №70ა საკნის პატიმარმა მსგავსი აღწერილობა მისცა. მან განმარტა, რომ ბუნტის ჩახშობის რაზმს პატიმრებისთვის ცალ-ცალკე „დამიზნების საშუალება არ ჰქონდა“ და ისმოდა ზედაპირებიდან სროლის ასხლეტის ხმა. მის გვერდით მყოფმა პატიმარმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო ბრმა ტყვიით.

82. ბ.შ.-მ, №71 საკნის პატიმარმა მსგავსი აღწერილობა მისცა და აღნიშნა, რომ ყველა სართულის პატიმრებმა ერთად მოიყარეს თავი მათ სარეჟიმო კორპუსში (№4). მან ორი პატიმრის ხელებში პისტოლეტები დაინახა, მაგრამ არ შეეძლო ამ პირების ამოცნობა. მოგვიანებით ბუნტის ჩახშობის სპეცრაზმი მოვიდა, მაგრამ რადგან მათ არ ჰქონდათ „პატიმრებისთვის დამიზნების საშუალება“, ისინი რეზინის ტყვიებს ქაოტურად ისროდნენ.

83. გ.თ.-მ, №104 საკნის პატიმარმა (№5 სარეჟიმო კორპუსი) მსგავსი აღწერილობა მისცა და დასძინა, რომ 2006 წლის 27 მარტს დაახლოებით დილის 01.10-ზე, მან გაიგონა, რომ ციხის საავადმყოფოების პატიმრები ყვიროდნენ, რომ ქურდული სამყაროს წევრებს თავს დაესხნენ, და ისინი სხვა პატიმრებს ბუნტისკენ მოუწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც მისი საკნის კარი გარედან გაიღო, ის მესამე და მეოთხე სარეჟიმო კორპუში ჩავიდა. მეოთხე სარეჟიმო კორპუსის პატიმრებს შესასვლელები საკნის კარებით ჰქონდათ ჩახერგილი. მოვიდა ციხის თანამშრომელთა ჯგუფი. გაისმა გასროლის ხმა და ვიღაცამ დაიყვირა, რომ ციხის თანამშრომელი დაიჭრა. ამას მოჰყვა შემდგომი გასროლები და მან აღარ იცოდა, ვინ ვის ან საიდან ესროდა.

84. ხელთ არსებული საქმის მასალის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტის გამოძიება დღეის მდგომარეობით არ შეწყვეტილა. არსებული მასალებიდან არ ირკვევა, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გარდა (იხილეთ პარაგრაფები 77-83), გადაიდგა თუ არა რაიმე სხვა საგამოძიებო ნაბიჯები.

3. სისხლის სამართალწარმოება ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს მკვლელობასთან დაკავშირებით (საქმეები N 74068394 და N 74068398)

85. საქმის მასალაში არ არსებობს ინფორმაცია იმ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, რომელიც გატარებულ იქნა 2006 წლის 23 ოქტომბერს დაწყებული სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ამ დრომდე, ასეთის არსებობის შემთხვევაში (იხილეთ პარაგრაფი 65 ზემოთ).

4. მთავრობის მიერ წარმოებული ვიდეოჩანაწერის შინაარსი

86. მთავრობამ წარადგინა ვიდეოჩანაწერი. პირველი ეპიზოდი, როგორც ჩანს, წარმოადგენდა ბუნტის ორგანიზატორებს შორის შეხვედრის საიდუმლო ჩანაწერს. მათი საუბრის ტიტრების შინაარსი არის იგივე, რაც მოცემულია ზემოთ, 61-ე პარაგრაფში.

87. მეორე ეპიზოდში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა გაჩერებულია ადგილზე, რომელიც არ არის ციხის ეზო, თუმცა, შესაძლებელია იყოს ციხის ტერიტორიის პერიმეტრის შესასვლელი. მანქანაში მყოფ პოლიციელს მეგაფონი უჭირავს და ამბობს „შეწყვიტეთ ბუნტი! პატიმრებო, შეწყვიტეთ ბუნტი! ვიმეორებ, შეწყვიტეთ ბუნტი!“

88. მესამე ეპიზოდში ნაჩვენებია ციხის ეზო, სადაც რამდენიმე ათეული ნიღბიანი ადამიანი დარბის. შენობას აქვს ქვედა სართული და სამი ზედა სართული. ფანჯრებიდან ცვივა ცეცხლწაკიდებული საგნები და საკნებიდან ისმის ყვირილისა და არეულობის ხმა. მეორე სართულზე რამდენიმე ფანჯარა შიგნიდან ცეცხლის ალებით განათდა.

89. მეოთხე ეპიზოდში ჩანს, რომ მეხანძრეები აქრობენ ხანძარს იმავე შენობის სახურავზე.

90. მეხუთე ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორ ჩარბის შენობის კიბეზე ორი შენიღბული ადამიანი და ერთი შავ პიჯაკში ჩაცმული კაცი. ისინი ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარება უნდა გამოეძახათ.

91. მეექვსე ეპიზოდში ნაჩვენებია, რომ ექიმები სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირს უხვევენ ბარძაყს (იხილეთ პარაგრაფები 55 და 56 ზემოთ) და შავ პულოვერში ჩაცმულ ადამიანს - მარცხენა მხარს.

92. მეშვიდე ეპიზოდში ნაჩვენებია, რომ რამდენიმე შენიღბული ადამიანი ცდილობს გაწმინდოს ჩახერგილი შესასვლელი.

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და დოკუმენტები

A. სისხლის სამართლის კოდექსი

93. 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაჭარბებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მომგერიებლის მიერ თავდაცვა აშკარა შეუსაბამოა მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. 30-ე მუხლის მიხედვით, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში. ქმედება დაზარალებული პირის მიერ უკიდურესი აუცილებლობის პირობებში ჩადენილად ითვლება, თუ: ეს აუცილებელია იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა დამზიანებელს ან სხვა პირს; თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით; და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.

B. შესაბამის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

94. 62-ე მუხლის მე-6 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

62-ე მუხლის მე-6 ნაწილი (2007 წლის 22 ივნისის ცვლილებების შემდეგ - 62-ე მუხლის მე-5 ნაწილი)

„6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 377-ე – 381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.“

95. სსსკ-ის სხვა შესაბამის დებულებებში ვკითხულობთ:

68-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები

„1. დაზარალებული არის ... პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ... შედეგად ...

2. იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს ...“

მუხლი 234

„გამომძიებლის, გამოძიების ორგანოს უფროსის, პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მოქმედების ან გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ პროცესის მონაწილეებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კოდექსით დადგენილი წესით.“

235-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები

„1. საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი. ...

2. საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს. ...“

მუხლი 242 (1)

„1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია.[ეს ქმედებები ან გადაწყვეტილებები] მოიცავენ შემდეგს:

(ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება.“

C. 1999 წლის 22 ივლისის კანონი პატიმრობის შესახებ

96. პატიმრობის შესახებ კანონის შესაბამის დებულებებში ვკითხულობთ:

95-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტები

„3. თუ პატიმარი თავს დაესხმება ან ჩაიდენს სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც ემუქრება სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლეს, დასაშვებია სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით დადგენილი წესის დაცვით.

4. პატიმრობიდან გაქცევის შემთხვევაში გამონაკლისი ღონისძიების სახით დასაშვებია სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული მოქმედების აღკვეთა.

7. ნებისმიერი სახის უშიშროების ღონისძიების გამოყენების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ ... უნდა ჩაატაროს პატიმრის [შესაბამისი] სამედიცინო შემოწმება.“

მუხლი 96

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობებისას ... სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ... შეიმუშავებს უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით.”

D. 2003 წლის 8 მაისის კანონი იარაღის შესახებ

97. ამ კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, იარაღის გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით

E. მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის ბრძანება (№60) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უშიშროების დამატებითი ღონისძიებების შესახებ

98. №60 ბრძანებით, იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის სხვებს შორის, მასობრივი არეუალობისა და პატიმრების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. სხვა საკითხებთან ერთად, ოპერატიული შტაბი უნდა შეიქმნას სამინისტროში სხვადასხვა ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად. ოპერატიულ შტაბს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; სასჯელაღსრულების ორგანოების კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილე; იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. შტაბის გადაწყვეტილებების შესრულების მიზნით, შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა შექმნილიყო ადგილობრივი შტაბი. იუსტიციის მინისტრს და მის პირველ მოადგილეს ჰქონდათ სამინისტროს ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარების მოთხოვნის უფლებამოსილება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს ატყობინებს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მასშტაბებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ, და უზრუნველყოფს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამშრომლებთა საკმარისი რაოდენობის არსებობას, იგი ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დაწესებულების ძალებისა და საშუალებების მოქმედებას მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე. მდგომარეობის გაუარესების გარდაუვალი საფრთხის დროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეეძლო თავად გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა შესაბამის ციხეში და მიეღო ზომები შესაბამისი ტერიტორიული პოლიციის ძალებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული ოპერატიული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

F. მინისტრის 2001 წლის 18 ივნისის ბრძანება (№212), რომელიც მოიცავს შესაბამის დროს მოქმედ სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მარეგულირებელ წესებს

99. სწრაფი რეაგირების დანიშნულების სამსახური იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქვედანაყოფი და მისი მისია იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივი არეულობების, თავდასხმების, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირება. მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი იყო კანონი პატიმრობის შესახებ, პრეზიდენტის ბრძანებულებები, იუსტიციის მინისტრის ბრძანებები, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულება, და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები (მუხლი 1). სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური ხელმძღვანელობდა სპეციალური ძალების პროფესიულ და ფიზიკურ მომზადებას (მუხლი 2(4)). სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის უფროსი ექვემდებარებოდა იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ის პასუხისმგებელი იყო სამსახურისა და მოსამსახურეების სათანადო დისციპლინაზე, პროფესიონალიზმსა და მათი ქმედებების კანონთან შესაბამისობაზე (მე-6 მუხლი).

100. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება და ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები (მუხლი 8(2)).

101. მინისტრის მოცემულ ბრძანებაში, პატიმრობის შესახებ კანონში ან სხვა ნორმატიულ აქტში არ იყო რაიმე სხვა მითითება სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების მოსამსახურეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით.

G. 2003 წლის იანვრის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც ვრცელდებოდა საგანგებო სიტუაციებზე

102. 2003 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და გენერალური პროკურორის მიერ მიღებული ერთობლივი სამოქმედო გეგმით ამოქმედდა არაერთი ზომა სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემაში საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ძალის გამოყენების აუცილებლობის გარეშე და საჭიროების შემთხვევაში, ამ სიტუაციების კონტროლის ქვეშ მოსაქცევად. ხელისუფლებას უნდა მიემართა ძალისთვის მხოლოდ „უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში“, აგრესიული პატიმრების კონტროლის მიზნით.

103. მასობრივი არეულობის და კოლექტიური დაუმორჩილებლობის შემთხვევაში (საგანგებო სიტუაცია №3), რომლებსაც თან ახლავს ხმაური, ყვირილი, ციხის თანამშრომლებზე თავდასხმის მცდელობები, ბარიკადების აღმართვა კარების ჩასახერგად, კარების დანგრევის მცდელობები ან ჯგუფური ძალადობა, ოპერატიულ თანამშრომელს უნდა გაეანალიზებინა მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, გამოეცხადებინა განგაში. შემდეგ მან უნდა: აცნობოს ციხის ხელმძღვანელს და სასჯელაღსრულების დაწესებულების დეპარტამენტის ოპერატიულ სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს; გამოიძახოს სასჯელაღსრულების დაწესებულების პერსონალი; მიიღოს გადამწყვეტი ზომები წესრიგის აღსადგენად; შექმნას ციხის თანამშრომლების ჯგუფი, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან „სპეციალური საშუალებებით“, მაგალითად, ფარებით, ხელკეტებით, ხელბორკილებით, ჩაფხუტებით, ჯავშანჟილეტებით და ა.შ.; და გამოცხადდეს არეულობის ადგილზე.

104. თუ მდგომარეობის გაკონტროლება არსებული საშუალებებით შეუძლებელი იქნებოდა (იხილეთ წინა პარაგრაფი), შესაბამისი ციხის უფროსს მათი სარეჟიმო კორპუსის დაცვისთვის უნდა ებრძანებინა ციხის გარშემო არსებული პერიმეტრის გაძლიერება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების რაზმის მოსვლის დალოდება. უფროსს უნდა: მიეღო ყველა აუცილებელი ზომა ციხიდან გაქცევის საწინააღმდეგოდ; შეესწავლა არეულობაში მონაწილე პირების შესახებ მონაცემები, არეულობის გამომწვევი მიზეზები და მიზანი; და გაეანალიზებინა ოპერატიული თანამშრომლის მიერ გატარებული ზომებით მიღებული შედეგები. უფროსს, სარეჟიმო კორპუსზე პასუხისმგებელი თავისი მოადგილის დახმარებით, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოემზადებინა ტექსტი, რომლითაც ის მიმართავდა იმ პატიმრებს, რომლებმაც გამოიწვიეს არეულობა, და უნდა შეემუშავებინა წინადადებები არეულობის ჩახშობის მიზნით ინტერვენციისათვის.

105. მასობრივი არეულობის ჩასახშობად შექმნილი სპეციალური ჯგუფი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო ჯავშანჟილეტებით, რეზინის ხელკეტებით, ხელბორკილებით და აირწინაღებით. ასევე, შეიძლებოდა წყლის გამოყენება. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნებადართული იყო მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, თავდასხმის შემთხვევაში, რომელიც ნამდვილად უქმნიდა საფრთხეს ციხის თანამშრომლების ან სხვა პატიმრების სიცოცხლეს, ან ციხიდან გაქცევის რეალური მცდელობის შემთხვევაში, რომლის შეჩერებაც სხვა რაიმე საშუალებით შეუძლებელი იყო.

106. ხანძრის შემთხვევაში (საგანგებო სიტუაცია №4), ხელისუფლების ორგანოებს მეხანძრეებისთვის უნდა მიეცათ შენობაში შესვლის და საჭიროების შემთხვევაში, პატიმრების ევაკუაციის ნებართვა, ამასთან, მათ უნდა გაეძლიერებინათ უსაფრთხოება ციხის გარშემო, ასევე განეხორციელებინათ მონიტორინგის ღონისძიებები პატიმრების სხვადასხვა კატეგორიის შესაბამისად.

107. ერთობლივი სამოქმედო გეგმის მიხედვით, თითოეული ციხის უფროსს უნდა შეედგინა მსგავსი სახის გეგმა საგანგებო სიტუაციების გასამკლავებლად.

H. საქართველოს სახალხო დამცველის 2006 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო ანგარიში

108. ზემოაღნიშნული ანგარიშის შესაბამის ამონარიდებში ვკითხულობთ შემდეგს:

ამბოხი მე-5 საპყრობილეში

27 მარტს მე-5 საპყრობილეში მოხდა პატიმართა ამბოხება [...] სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად [ვფიქრობთ], რომ ამბოხებას პროვოცირება გაუკეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და ამბოხის ჩახშობის დროს [პატიმრების წინააღმდეგ] გამოყენებული ძალა არ იყო წინააღმდეგობის ადეკვატური ... კერძოდ, 27 მარტის ღამეს [სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე] სპეცრაზმთან ერთად შევიდა ციხეში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე პატიმარს. ამან გამოიწვია ამბოხი [...]. ამას [ფაქტებს] ადასტურებს არაერთი პატიმრის თითქმის იდენტური ჩვენება. [...]

რაც შეეხება სპეცოპერაციას, დაჭრილი პატიმრების უმრავლესობამ ... დაზიანებები მიიღო არა [№5 სასჯელაღსრულების დაწესებულების] დერეფნებში, არამედ საკნებში ... ის ფაქტი, რომ პატიმრების უმეტესობამ დაზიანებები მიიღო საკნებში, მეტყველებს, რომ სპეცნაზი ცეცხლსასროლ იარაღს მას შემდეგაც იყენებდა, როცა ამბოხება დამთავრებული იყო და პატიმრები მათ წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ ... რამდენიმე პატიმარი სარკმლიდან შევარდნილი ტყვიით დაიჭრა და გარდაიცვალა. [...]“

109. 2007 წლის 11 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მოხდა ანგარიშის „გათვალისწინება საინფორმაციო მიზნებისთვის“.

III. საერთაშორისო დოკუმენტები

A. „ჰუმან რაითს ვოჩი“

110. 2006 წლის სექტემბერში, „ჰუმან რაითს ვოჩმა“ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი ანგარიში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, სახელწოდებით „შეუსაბამო სასჯელი. სასტიკი მოპყრობა პატიმრების წინააღმდეგ საქართველოში” (ტომი 18, No. 8 (D)). ამ ანგარიშის შესაბამის ნაწყვეტებში, რომლებიც კონკრეტულად ეხება 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციას, ვკითხულობთ:

27 მარტის არეულობა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

ძალიან წინააღმდეგობრივია თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი არეულობის ზუსტი ხასიათი. რაც ცხადია, არის ის ფაქტი, რომ 27 მარტის დილით ძალიან ადრე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქურდული სამყაროს ექვსი სავარაუდო წევრის გადასაყვანად, რომლებმაც, მთავრობის მტკიცებით, სცადეს სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემაში ამბოხის პროვოცირება. „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოკითხული და სხვა პირები აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციის დროს ამ ექვს პირს სცემეს; მთავრობა უარყოფს მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს. როდესაც ხელისუფლების ორგანოებმა ეს პირები ციხის საავადმყოფოდან წამოიყვანეს, სხვა დაკავებულმა პირებმა დაიწყეს ხმაური და ზეწრებისა და სხვა საგნების დაწვა. ეს არეულობა მალევე გადაედო ახლოს მდებარე თბილისის №1 და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, სადაც პატიმრებმა ატეხეს ხმაური, ცეცხლი წაუკიდეს თეთრეულს, გავიდნენ თავისი საკნებიდან და ჩახერგეს ციხის კარები. იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებმა ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის დასასრულებლად, რის შედეგადაც, გარდაიცვალა სულ მცირე, ექვსი და დაშავდა არაერთი პირი. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დაშავდა ასევე მთავრობის, სულ მცირე, ათი წარმომადგენელი. არეულობა თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამთავრდა შეიარაღებული ჩარევის გარეშე.

თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის წარმოშობის შესახებ განმარტებების გაკეთებისას, მთავრობა ამტკიცებს, რომ ერთმა პატიმარმა, მ[.]ზ[.]-მ, სავარაუდო კანონიერმა ქურდმა, სხვებთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულების სიტემაში არეულობის შექმნა დაგეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე იმ რეფორმების შეჩერებას, რომელთა მიზანი, როგორც ზემოთ აღინიშნა, იყო ციხეებში კანონიერი ქურდების უფლებამოსილების მოშლა. მთავრობა ამტკიცებს, რომ [მ.]ზ[.]-მ, ორ სხვა ეჭვმიტანილ კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად, დაიქირავა სამი სხვა კრიმინალური პიროვნება საკუთარი თავისთვის დაზიანებების მიყენების გეგმის შესასრულებლად, და სხვა თანამზრახველები, რომლებსაც უნდა ეთქვათ, რომ მათ დაზიანებები მიაყენა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რათა გამოეწვიათ არეულობები სასჯელაღსრულების სისტემაში. მთავრობა აცხადებს, რომ მან ინფორმაცია ამ შეთქმულების შესახებ მიიღო 25 მარტს და აწარმოა საიდუმლო აუდიო და ვიდეო ჩაწერა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დაკავებული იყო ექვსივე სავარაუდო შეთქმულების მომწყობი პირი.

26 მარტს, ციხის საავადმყოფოს უფროსმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ექვსი შეთქმული „ახდენდა მასობრივი არეულობის ორგანიზებას“ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამდებობის პირებს სთხოვა, აუცილებელი ზომების მიღება. შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე და კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის თანამდებობის პირები მივიდნენ ციხის საავადმყოფოში სავარაუდო შეთქმულების მონაწილე პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში გადასაყვანად. მთავრობის განცხადებით, „მდგომარეობის შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად, გადაწყდა, რომ ოპერაცია ჩატარებულიყო ღამით“, 27 მარტს დილის 12.45 საათზე.

ბუნტის მოწყობის სავარაუდო შეთქმულთა დაკავება და არეულობა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

მთავრობა ამტკიცებს, რომ ექვსი სავარაუდო შეთქმული ფიზიკურად შეეწინააღმდეგა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაყვანის მცდელობას და რომ გადაყვანის დროს მათ საავადმყოფოში სხვა დაკავებულ პირებს მოუწოდეს „მასობრივი არეულობის დაწყებისკენ“. შედეგად, სხვა დაკავებულმა პირებმა ციხის საავადმყოფოში „დაიწყეს დაუმორჩილებლობა და მასობრივი არეულობა, კერძოდ, ხმაური, გინება, ყვირილი, საგნებისთვის ცეცხლის წაკიდება, ფანჯრების მტვრევა და ა.შ.“.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოკითხულმა დაზარალებულებმა და მოწმეებმა მთავრობისგან განსხვავებულად აღწერეს იმ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ქმედებები, რომლებიც შევიდნენ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექვსი სავარაუდო შეთქმული პირის დასაკავებლად. „ჰუმან რაითს ვოჩი“ გაეცნო მტკიცებულებებს, რომლებშიც მითითებული იყო, რომ ექვსიდან, სულ მცირე, ოთხი დაკავებული პირი შეიძლება სასტიკად ეცემათ, როცა ისინი ციხის საავადმყოფოდან წაიყვანეს და №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთმა დაკავებულმა პირმა „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა:

„27 მარტს, მე მეძინა. ჩემი ოთახიდან საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გამომიძახა. მათ ქვედა სართულზე ჩამიყვანეს და დაიწყეს ჩემი ცემა. ეს დაიწყო შიგნით და შემდეგ გაგრძელდა გარეთ, სადაც მე გონება დავკარგე. ქირურგიული განყოფილებიდან წამიყვანეს. არ ვიცი ვინ მცემდა. ეს მოხდა ღამით. ადამიანებს ნიღბები ეკეთათ. გამიყვანეს ეზოში და ისინი ლითონის ჯოხებით და ხელკეტებით მცემდნენ და ფეხებს მირტყამდნენ“.

შემდეგ დაზარალებული დაუყოვნებლივ თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ცემის შედეგად მას აწუხებს ხანგრძლივი სამედიცინო გართულებები. „ჰუმან რაითს ვოჩი“ მიუთითებდა მისი მდგომარეობის სიმძმეზე და ექიმმა დაადასტურა, რომ ის გადაუდებლად საჭიროებდა უფრო მაღალი ხარისხით სამედიცინო მკურნალობას.

ომბუდსმენი და სამედიცინო მუშაკი ეწვივნენ დანარჩენ სამ ეჭვმიტანილ ამბოხების მომწყობებს, რომლებიც სავარაუდოდ სცემეს 27 მარტს, როცა ისინი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან წაიყვანეს. სამედიცინო ექსპერტმა დაადასტურა, რომ თითოეულ დაკავებულ პირს ცემის შედეგად აღენიშნებოდა მრავალი დაზიანება. ერთმა დაკავებულმა პირმა განაცხადა, რომ ის თავისი ოთახიდან გაიყვანეს და „[საავადმყოფოს] უფროსის ოთახის წინ [ხელკეტებით] სცემეს“. სამდიცინო ექსპერტმა დაადასტურა, რომ პატიმარმს ურტყეს მუცელზე, ზურგზე და თავში და ამის შედეგად, მას სტკიოდა თირკმელები, ჰქონდა თავბრუსხვევისა და წონასწორობის პრობლემები, ასევე, კოშმარული სიზმრები და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები. ომბუდსმენმა და სამედიცინო ექსპერტმა დაადასტურეს, რომ დანარჩენი სავარაუდო შეთქმულების მომწყობიდან ორს, აღენიშნებოდა ცემით გამოწვეული დაზიანებები და მწვავე ფიზიკური და ფსიქოლოგიური გართულებები. ომბუდსმენმა ფოტოსურათზე აღბეჭდა ერთ-ერთი დაკავებული პირის დაზიანებები და ისინი „ჰუმან რაითს ვოჩს“ უჩვენა.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოკითხულმა რამდენიმე მოწმემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რამდენიმე დაკავებული პირი ციხის საავადმყოფოდან 27 მარტს ადრე, დილის საათებში სცემეს. ერთმა დაკავებულმა პირმა განმარტა:

„27 მარტს, ეს დაიწყო მეორე სართულზე. სპეციალური დანიშნულების ჯარები საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში შემოვიდნენ და სამი კაცი პირდაპირ ჩემს თვალწინ წაიყვანეს. ისინი მათ სცემდნენ ჩვენს სართულზე და შემდეგ ეზოში გაიყვანეს. მათ ის არ დაუმალავთ. ისინი სცემეს იარაღის კონდახით და ხელკეტებით. ადამიანებმა ყვირილი დაიწყეს. ეს სამი ადამიანი განცალკევებული ოთახებიდან იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს ეპილეფსია ჰქონდა. მათ ისინი საავადმყოფოდან გამოიყვანეს. სპეციალური დანიშნულების რაზმში იყო 40, 50 ან 60 წევრი. იქ იყო ჯერ ერთი ჯგუფი, შემდეგ მეორე. მათ ეკეთათ ნიღბები და ეცვათ შავი ფორმა.

მეორე მოწმემ განაცხადა: „მე დავინახე, როგორ შევიდნენ სპეციალური დანიშნულების ჯარები ქირურგიულ განყოფილებაში. პირველად 20 [ადამიანი] და შემდეგ კიდევ 20“. მესამემ თქვა: „ღამის 1-ლი საათი იყო და მეძინა. არაადამიანური ყვირილის ხმა შემომესმა და ამან გამომაღვიძა. მე ძილის წამლებს ვსვამ, თუმცა, ამის მიუხედავად, გამეღვიძა. გავიგე ყვირილის ორი ხმა. ეზოში დავინახე ნიღბიანი ადამიანები. ისინი ორ ადამიანს სცემდნენ. ისინი ყვიროდნენ. შემდეგ მათ მესამე ადამიანი გამოიყვანეს. ცხოვრებაში ასეთი ყვირილი არ გამიგია“.

მოწმეებმა, რომლებიც იმ დროს ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, განაცხადეს, რომ ციხეში დაკავებულმა პირებმა დაიწყეს ხმაური და პროტესტი მათი მეგობარი პატიმრების მიმართ მოპყრობის საპასუხოდ. „მათ საავადმყოფოს ფანჯრებიდან დაიწყეს ყვირილი. ისინი ძალიან ხმაურობდნენ. ადამიანებს ეშინოდათ, რომ ისინიც არ ეცემათ. ერთ-ერთ იმ პირს, ვისაც სცემდნენ, ეპილეფსია ჰქონდა. ადამიანები ყვიროდნენ „ნუ სცემთ! მას ეპილეფსია აქვს!“ – განუცხადა ერთმა დაკავებულმა პირმა „ჰუმან რაითს ვოჩს“. მეორე დაკავებული პირის განცხადებით, „ხალხმა ყვირილი დაიწყო. ზოგიერთმა პატიმარმა დაწვა ზეწრები და ბალიშები და ისინი ფანჯრიდან გადაყარა.

არეულობა ვრცელდება სასჯელაღსრულების №5 და №1 დაწესებულებებში

მოწმეებმა განაცხადეს, რომ, როდესაც ციხის საავადმყოფოში არეულობა დაიწყო, №1 და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაკავებულმა პირებმა, რომლებიც მდებარეობს 50 მეტრის დაშორებით, ასევე დაიწყეს რეაგირება. ციხის საავადმყოფოში მყოფი ერთი დაკავებული პირის განცხადებით: „№5 სასჯელაღსრულების დაწესებულება ჩვენს საავადმყოფოს გადმოჰყურებდა. ისინი ყველაფერს ხედავენ. მათ დაიწყეს თეფშების რახუნი და ხმაური ატეხეს. ისინი ღრიალებდნენ და ყვიროდნენ. მათ ყურადღების აქეთ მოქცევა სურდათ“. „პატიმრებმა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაიწყეს ყვირილი, „რა ხდება?“ და ატეხეს ხმაური და ისინი აქ მყოფ პირებზე უფრო მეტად ხმაურობდნენ. ის მხოლოდ 50 მეტრის დაშორებით არის და ღამით, როცა სიჩუმეა, ხმა ძალიან კარგად ისმის“, - განუცხადა „ჰუმან რაითს ვოჩს“ მეორე დაკავებულმა პირმა.

№5 და №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დაკავებულმა პირებმა ხმაური ატეხეს ყვირილით და თეფშების და სხვა ხელსაწყოების რახუნით. მათ ასევე დაიწყეს ზეწრებისა და სხვა საგნებისთვის ცეცხლის წაკიდება და ფანჯრებიდან გადმოყრდა. №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსმა - გ[.]პ[.]-მ „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა, რომ როდესაც მან დაინახა, როგორ მოედო არეულობა №5 და №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, გადაწყვიტა, ყველა პერსონალის შენობიდან გაყვანა მათივე უსაფრთხოებისთვის და შენობის დაკეტვა. საბოლოოდ, №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხელისუფლებამ შეძლო არეულობის დასრულება სპეცოპერაციის ჩატარების ან ძალის გამოყენების გარეშე. თუმცა, გაურკვეველი რჩება, თუ რა მოხდა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას შემდეგ, რაც საპატიმრო დაწესებულების პერსონალმა დატოვა შენობა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლებიც კი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იძლევიან.

ხელისუფლების ორგანოების ცნობით, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე დაკავებული პირები თავიანთი საკნებიდან გამოიქცნენ ან გამოუშვეს. №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსმა განაცხადა: „კარები გატეხილი იყო პატიმრების მიერ. აბსოლუტურად ყველა მათგანი გატეხილი იყო. კარები არის ძალიან ძველი. ამიტომ, ისინი გატყდა. ისინი ოთახებში არსებულ საწოლებს იყენებდნენ. მხოლდო საჭიროა, რომ ათმა ადამიანმა საწოლი კარს მიარტყას.“ ერთმა დაკავებულმა პირმა, რომელიც 2006 წლის 27 მარტს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა, რომ რა თქმა უნდა, მათ მოახერხეს თავიანთი საკნის კარის ჩამომტვრევა. აღნიშნული დაადასტურეს სხვა დაკავებულმა პირებმა.

არსებული მტკიცებულებიდან ნათლად არ ირკვევა, რომ დაკავებულმა პირებმა თავისი კარები ერთობლივად გატეხეს . ზოგიერთმა დაკავებულმა პირმა თქვა, რომ მათ მოახერხეს თავიანთი საკნებიდან გასვლა და შემდეგ გააღეს დანარჩენი საკნების კარები. სხვა დაკავებული პირები აცხადებდნენ, რომ მათი კარები არ იყო გატეხილი ან ღია და მათ თავისი საკნები არ დაუტოვებიათ. იუსტიციის მინისტრი იტყობინება, რომ „პატიმრებმა დაამტვრიეს ყველა საკნის კარები და პატიმრების უმეტესობა საკნების გარეთ იმყოფებოდა. ზოგიერთი პატიმარი სახურავზე ავიდა და ციხის შენობას ცეცხლი წაუკიდა.“ კ[.]მ[.]-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალის უფროსმმა ასევე უთხრა „ჰუმან რაითს ვოჩს“: „პატიმრები წვავდნენ ტანსაცმელს, საბნებს და მათ ფანჯრებიდან ისროდნენ. რამდენიმე მათგანი სახურავზე აძვრა. ისინი საგნებს გარეთ და სახურავიდან ისროდნენ. შენობასთან ძალიან ახლოს ვერავინ მიდიოდა.“ თუმცა, როდესაც „ჰუმან რაითს ვოჩმა“ ციხის დირექტორს [გ.]ფ[.]-ს სახურავზე მყოფი პატიმრების შესახებ ჰკითხა, მან თქვა- „რა? სახურავზე არავინ იყო“.

[გ.]ფ[.]-მ „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა, რომ დაახლოებით დილის 2 საათზე, მან დაურეკა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც შენობაში მივიდა და 15 წუთის შემდეგ მივიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ციხის შენობებს ალყა შემოარტყეს ძალის სადემონსტრაციოდ. ომბუდსმენმა, ს[.]ს[.]-მ, რომელიც ასევე ესწრებოდა ოპერაციას, განაცხადა, რომ ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 150-300 სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი. მოწმეთა თქმით, ეზოში ასევე შემოიყვანეს ორი ჯავშან ტრანსპორტიორი ან რაღაც სხვა სახის დიდი სამხედრო მანქანა.

არეულობის დაწყებიდან მალე, რამდენიმე დაკავებულმა პირმა დაურეკა ე[.]თ[.]-ს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარეს და ის მაშინვე წავიდა ციხეში. მან „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა: „პატიმრებმა მე მითხრეს - „ჩვენ ციხე ჩავიგდეთ ხელში, გვეშინია, რომ ისინი სროლას დაიწყებენ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოდით დასახმარებლად“. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ სურდათ, რომ მათთან მოლაპარაკება გამემართა“. მან განაცხადა,რომ ციხეში მისვლისთანავე „მე შინაგან საქმეთა მინისტრს ვთხოვე [ციხის] შიგნით შევეშვი ომბუდსმენთან ერთად, რათა პატიმრები დამერწმუნებინა, თავის საკნებში დაბრუნებულიყვნენ. როგორც კი [ციხის] კარის გაიღო, შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილება შეცვალა. მე მითხრეს, რომ შიგნით შესვლა ძალიან საშიში იყო, რადგან თუ პატიმრები ტყვედ ამიყვანდნენ, ისინი ჩემს დახმარებას ვერ შეძლებდნენ. ამის ნაცვლად, მათ მეგაფონი გადმომცეს და მე მივმართე [პატიმრებს]“. [ე.თ.]-მ განაცხადა, რომ მას ციხეში შესვლის არ ეშინოდა და დარწმუნებული იყო, რომ უშუალო შეხებას დაკავებულ პირებთან შეიძლებოდა მდგომარეობა განემუხტა: „მე ჯერ ისევ ვფიქრობ, რომ შიგნით რომ შევსულიყავი, ისინი ტყვედ არ ამიყვანდნენ“.

სპეციალური ოპერაცია არეულობის ჩასახშობად

[ე.თ.]-მ, [ს.ს.]-მ და სხვა თანამდებობის პირებმა ციხის ეზოდან პატიმრებთან საუბარი დაიწყეს მეგაფონის მეშვეობით და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მთავრობის თქმით, ერთი საათის განმავლობაში ისინი აძლევდნენ გაფრთხილებებს, რომ „ბრძანებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში [გამოყენებული იქნებოდა] ძალა“, და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წევრები და სპეცრაზმი შენობაში შესულიყვნენ. თუმცა, ს[.]ს[.]-ს თქმით: „ზოგიერთმა დაკავებულმა პირმა ჩემს მობილურ ტელეფონზე დარეკა. მათ სურდათ გარკვეული მოლაპარაკების გამართვა, თუმცა, მათ რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ წამოუყენებიათ. მაგრამ, მათ სურდათ მოლაპარაკება. სპეცრაზმს შესვლის დროს გაფრთხილება არ გაუცია. მათ მოლაპარაკება არ უცდიათ. მხოლოდ ერთხელ გააკეთეს განცხადება რადიოთი [ოპერაციის შესახებ], რომელიც, როგორც დაკავებული პირები ამბობენ, მათ არ გაუგონიათ, რადგან ისინი ძალიან ხმაურობდნენ.“

თავად სპეციალური ოპერაციის დაწყების შესახებ არსებობს ბევრი შეუსაბამობა. [გ][ფ.]-მ, რომელიც უძღვებოდა ციხეში პირველად შესვლას, განაცხადა, რომ მან, ორმა კოლეგამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან და სპეცრაზმის ჯგუფმა, ვერ შეძლეს სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარი კარის მეშვეობით შესვლა, რადგან ის შიგნიდან იყო ჩახერგილი. გვერდითი შესასვლელის გამოყენებით ისინი გაემართნენ მეოთხე სართულზე, სადაც მათ დაიწყეს ჩახერგილი კარის შემტვრევა. მისი მტკიცებით, მათ მოესმათ ყვირილი და საარტილერიო ცეცხლის ხმა. შემდგომ განვითარებული მოვლენები [გ.][ფ.]-მ ასე აღუწერა „ჰუმან რაითს ვოჩს“:

„დეპარტამენტის ორ თანამშრომელს ესროლეს. როგორც კი მათ ესროლეს, მე ისინი დერეფნიდან უსაფრთხო ადგილზე გავიყვანე. სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო რეზინის ტყვიების სროლა ფანჯრებში და ჭერში პატიმრების შესაშინებლად. შემდეგ, სპეციალური დანიშნულების ძალა მეოთხე სართულზე შევიდა. ბნელოდა. პატიმრებმა ნათურები დაამსხვრიეს. ჩვენ მოგვესმა სხვა საარტილერიო ცეცხლის ხმა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო სროლა [ავტომატური იარაღებიდან]. ეს ხდებოდა მეოთხე სართულზე, მაგრამ ჩვენგან გარკვეულ მანძილზე.“

თუმცა, იუსტიციის მინისტრის თქმით, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მაშინ, როდესაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსმა განაცხადა, რომ მას და მის თანამშრომლებს ესროლეს და მისი ორი თანამშრომელი დაიჭრა მეოთხე სართულზე შესვლისას, მინისტრის მტკიცებით, ხელისუფლების ორგანოებმა სროლა დაიწყეს რეზინის ტყვიებით. მხოლოდ იმ მომენტში გახსნეს პატიმრებმა ცეცხლი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიმართ გაკეთებულ თავის მოხსენებაში, სამინისტრო აცხადებს:

„შენობის ჩახერგილი შესასვლელის გაწმენდის შემდეგ, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი სპეციალური დანიშნულების ძალის რამდენიმე წევრთან ერთად შევიდა შენობაში და კიდევ ერთხელ მოუწოდა პატიმრებს სიმშვიდისკენ, რასაც პატიმრების მხრიდან საპირისპირო რეაქცია მოჰყვა და მათ ადმინისტრაციის მიმართულებით დაიწყეს სვლა; შესაბამისად, სპეციალური დანიშნულების ძალამ გამოიყენა იარაღი რეზინის ტყვიებით; პატიმრებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით უპასუხეს, რის შედეგადაც [სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორი თანამშრომელი] დაიჭრა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პერსონალის დაჭრის შემდეგ, დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ.“

მთავრობა ახლა აცხადებს, რომ ციხეში ნაპოვნი იქნა ექვსი ცეცხლსასროლი იარაღი, ათეულობით დანასთან ერთად. თუმცა, კვლავ რჩება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია
ცეცხლსასროლი იარაღის ზუსტი რაოდენობის შესახებ. პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ გაიმართა, იუსტიციის მინისტრმა მედიას შეატყობინა, რომ აღმოჩენილ იქნა ხუთი იარაღი. ომბუდსმენმა „ჰუმან რაითს ვოჩს“ განუცხადა, რომ როცა ის ციხეშ შევიდა მას შემდეგ, როგორც კი სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოპერაცია დაასრულა, მან დაინახა ორი თოფი, რომლებიდანაც სავარაუდოდ პატიმრები ისროდნენ ბუნტის დროს. „ჰუმან რაითს ვოჩმა“ ვერ დაადასტურა, პატიმრებს ჰქონდათ თუ არა იარაღი და თუ ჰქონდათ, რამდენი და როგორ შეძლეს მათი მოპოვება და ციხეში შენახვა. როცა „ჰუმან რაითს ვოჩმა“ იკითხა, თუ თავდაპირველად როგორ მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მიერ სავარაუდოდ გამოყენებული იარაღი, ციხის უფროსმა [გ.]ფ[.]-მ უპასუხა: „არ ვიცი. ეს ჩემი მორიგეობისას არ მომხდარა“.

სპეცოპერაციის დროს ძალის გამოყენება

მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმი ციხეში შევიდა; მან მხოლოდ განაცხადა, რომ „ზემოაღნიშნულის შემდეგ, მდგომარეობა კონტროლს დაექვემდებარა, პატიმრები თავის საკნებში შევიდნენ და შეწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევა“. როგორც მთავრობა, ისე დაკავებული პირები აცხადებენ, რომ არ მომხდარა არაძალადობრივი საშუალებები ან ბუნტის კონტროლის ალტერნატიული მეთოდების, როგორიც არის მაგალითად ცრემლსადენი აირი ან წყალსატყორცნები, გამოყენება. ერთადერთი საშუალება, რაც გამოიყენეს იყო საარტილერიო ცეცხლი რეზინის ტყვიებით და საბრძოლო მასალა რასაც შედეგად მოჰყვა შვიდი დაკავებული პირის გარდაცვალება და სულ მცირე, 17 დაკავებული პირის დაჭრა. სტანდარტული მინიმალური წესები მოითხოს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა „გამოიყენოს ძალა, გარდა აუცილებელი მოგერიებისა ან გაქცევის მცდელობის შემთხვევებისა, ან კანონზე ან რეგულაციებზე დამყარებული წესრიგის მიმართ აქტიური ან პასიური ფიზიკური წინააღმდეგობის დროს. იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც მიმართეს ძალას, არ უნდა გამოიყენონ იმაზე მეტი, ვიდრე ეს მკაცრად აუცილებელია.“ [...]

„ჰუმან რაითს ვოჩმა“ გამოკითხა მრავალი დაკავებული პირი, რომლებმაც მიუთითეს, რომ სპეცრაზმის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოხდა მაშინვე, როგორც კი ის საპატიმრო დაწესებულებაში შევიდა. „ჰუმან რაითს ვოჩი“ გაესაუბრა იმ შვიდ დაკავებულ პირს, რომლებმაც ავტომატური იარაღიდან ცეცხლნასროლი ჭრილობები მიიღეს. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა ასევე დაადასტურეს საარტილერიო ცეცხლით მიყენებული ჭრილობები იმ დაკავებულ პირებზე, რომლებიც არეულობის დროს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ამ ექსპერტებმა ასევე აღმოაჩინეს ჭრილობები, რომლებიც გამოწვეული იყო რეზინის ტყვიებით 11 სხვადასხვა პირის თეძოებზე, დუნდულებზე, თავზე, მკერდზე, კოჭზე და ტერფებზე. „ჰუმან რაითს ვოჩი“ გაესაუბრა იმ ორ ადამიანს, რომლებიც რეზინის ტყვიებით დაშავდნენ. ერთმა დაკავებულმა პირმა „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა: „მე პლასტმასის ტყვიები მარჯვენა ბარძაყში ორჯერ მომხვდა“.

ზოგიერთი დაკავებული პირი ასევე იტყობინებოდა, რომ სახელმწიფოს ორგანოები სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარ შენობას სხვა შენობების სახურავებიდან ესროდნენ და რომ ტყვიები ფანჯრებიდან აღწევდა. ოპერაციის გარკვეულ ეტაპზე, ტყვიებს მათ საკნებში შენობის გარედან ისროდნენ. შედეგად, ზოგიერთი პატიმარი იძულებული გახდა, თავისი ოთახები უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინა. სხვები აცხადებდნენ, რომ ამ სროლის დროს დაშავდნენ. მეოთხე სართულზე მდებარე საკანში მყოფმა დაკავებულმა პირმა განაცხადა: „მე ჩემს ოთახში ვიყავი და ფერდში დავიჭერი. ისინი ისროდნენ [ადმინისტრაციული შენობის] სახურავიდან ჩვენს პირისპირ და ასხლეტილი ტყვია მე მომხვდა.“ მეხუთე სართულზე მყოფმა დაკავებულმა პირმა განაცხადა: „ეზოში სროლა იყო. ჩვენ შეგვეშინდა, საკნიდან გამოვედით და დერეფანში გავჩერდით. ჩვენი კარი გარედან გაიღო. მათ ის საკეტის დამტვრევით გააღეს. ჩვენი ტელევიზორით ვადევნებდით თვალს, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს. ისინი გარედან ისროდნენ. ჩვენი შენობის სახურავებიდან ისროდნენ. შემდეგ, ჩვენს ოთახში შევედით და იქ ვიცდიდით. გვერდით საკანში სროლის ხმა მოგვესმა. ადამიანებს ესროდნენ. ერთი პირი დაიჭრა, მეორე მოკლეს.“ ერთმა დაკავებულმა პირმა, რომელსაც ტყვიით ორი ჭრილობა მიადგა და შემდეგ გონება დაკარგა, განაცხადა: „ჩვენ ამ საკნებში დიდი ფანჯრები გვაქვს. ვფიქრობ, რომ შეიძლლება ტყვიები ფანჯრებიდან შემოსულიყო. საწოლიდან წამომდგარი ვიყავი. არ ვიცი, ვინ მესროლა. ყველა შეშინებული იყო.“ №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტის დროს, „ჰუმან რაითს ვოჩმა“ არაერთი საკნის სარკმელზე დაინახა ნახვრეტები, რომლებიც ჰგავდა ნატყვიარებს. თუმცა, საჭიროა სასამართლო ექსპერტიზა ნახვრეტების ზუსტი ხასიათის განსაზღვრის მიზნით.

სხვადასხვა მოწმემ დაადასტურა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ტყვიები ციხის ეზოში გაისროლეს ოპერაციის დროს, მათ შორის, ციხის საავადმყოფოს ან ქუჩის მიმართულებით, სადაც შეკრებილი იყო რამდენიმე ათეული ჟურნალისტი, ნათესავი, ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა პირები. მოწმეები იუწყებიან, რომ დაინახეს „მანათობელი ტყვიები“, როგორც ჩანს, მგეზავი ტყვიები, რომლებიც ფრენის დროს კაშკაშად იწვიან, რაც მსროლელს ტყვიების ტრაექტორიებისთვის თვალის დევნების შესაძლებლობას აძლევს.

გადაჭარბებული ძალის გამოყენება

როგორც ზემოთ არის აღწერილი, არსებობს შეუსაბამობები თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის დასასრულებლად ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ სხვადასხვა ანგარიშებში, მათ შორის, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის. თუმცა, ცხადია, რომ დაკავებულმა პირებმა დაუდგენელი ხარისხის წინააღმდეგობა გაუწიეს იმ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ ციხეში კონტროლის აღდგენას და რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა გამოიყენა სასიკვდილო ძალა და სხვა ძალადობრივი საშუალებები ამ წინააღმდეგობის ჩასახშობად, გამოყენებული ძალის ზუსტი ხასიათი და პროპორციულობა ბუნდოვანი რჩება. ამ გარემოებებში, ძნელია იმის დადგენა, ზემოთ აღწერილი სროლა იყო თუ არა გადაჭარბებული, და კონკრეტული დასკვნების გაკეთების ერთადერთი გზა არის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სრულყოფილი გამოძიების წარმოება. თუმცა, „ჰუმან რაითს ვოჩმა“ შეძლო გადაჭარბებული და უკანონო ძალის გამოყენების ცალკეული კონკრეტული შემთხვევების დოკუმენტირება. ეს მოიცავდა, დაკავებული პირებისთვის სროლის სულ მცირე, ორ შემთხვევას სპეცოპერაციის დროს და დაკავებული პირების ცემის რამდენიმე შემთხვევას ოპერაციის შემდეგ.

„ჰუმან რაითს ვოჩმა“ შეძლო იმ ორი შემთხვევის დოკუმენტირება, რომლის დროსაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა როგორც ჩანს, ესროლა იმ დაკავებულ პირებს, რომლებიც არ უქმნიდნენ მყისიერ საფრთხეს ან საშიშროებას დაცვის წევრებს, დაკავებული პირების დასამორჩილებლად რაიმე გაფრთხილების ან სხვა საშუალებების გამოყენების გარეშე. ერთმა დაშავებულმა დაკავებულმა პირმა, რომელმაც ტყვიებისგან ხუთი ჭრილობა მიიღო, აღნიშნა:

„მე მეშინოდა სროლის. ჩვენს ოთახში პანიკა იყო. მეშინოდა, რომ მომკლავდნენ. ჩვენ ყველა ვიყავით. ზოგიერთი ადამიანი გვეუბნებოდა - „დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ, ისინი ჩვენ არ მოგვკლავენ“. ჩვენი საკნის კარი დახურული იყო. ოთახში შემოვიდა კაცი ავტომატური იარაღით და ნიღბით. მან ჩვენ გინება დაგვიწყო. ის კარის ზღურბლზე მარტო იდგა, თუმცა, მის უკან სხვებიც იდგნენ. მან გვითხრა - „მაშ, გინდათ რომ ფერადი ტელევიზორი გქონდეთ, თქვე დედააფეთქებულებო?“ და შემდეგ მან სროლა დაიწყო. მე მასთან ახლოს, ზუსტად მის წინ ვიდექი, ამიტომ პირველი ტყვიები მე მომხვდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ის შემოვიდა, ეს სიტყვები გვითხრა და შემდეგ სროლა დაიწყო. მას არ გავუფრთხილებივართ, რომ გვესროდა. მე გონება დავკარგე. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ოთახში ტელევიზორი გვქონდა და ამ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე მათ მისი წაღება უნდოდათ. ჩვენ უარი ვთქვით“.

როგორც ჩანს, სპეცრაზმის წევრებმა სხვა პატიმარს ესროლეს, რადგან ის საკმარისად სწრაფად ვერ დაემორჩილა იატაკზე დაწოლის ბრძანებას. პატიმარმა, რომელმაც მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო, „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა:

„სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩვენს დერეფანში მოვიდა. გავიგე, როგორ ისროდნენ ისინი დერეფანში. სპეცრაზმი გვეუბნებოდა, „დაწექით“ და ამავე დროს, ისროდა. ჩემს ოთახში, ის ადამიანები, ვინც ფეხზე იდგნენ, დაწვნენ. მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი ზედა საწოლზე ვიყავით. ჩვენ ვერ შევძელით ქვევით ჩაძრომა, რომ დავწოლილიყავით, რადგან ოთახი სავსე იყო მწოლიარე ადამიანებით. სპეციალური დანიშნულების რაზმის ერთი წევრი ჩვენს ოთახში შემოვიდა და გვითხრა- „დაწექით, თქვე დედააფეთქებულებო!“ მე ჩემი საწოლიდან ჩამოვედი და დავინახე ადგილი საწოლთან, კუთხესთან ახლოს. როცა იქ გადავდიოდი, სპეცრაზმის წევრმა მესროლა. როცა პატიმრებმა იარაღიდან გასროლის ხმა გაიგონეს, სხვა საკნებიდან პატიმრები ჩვენს საკანში შემოვიდნენ. მე ძალიან შეშინებული ვიყავი, უბრალოდ ვუყურებდი კარს და ველოდებოდი, რა მოხდებოდა.“

სხვა დაკავებულმა პატიმარმა „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა მას ფეხში ესროლა, ის მიწაზე დაეცა. „შემდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი მომიახლოვდა და კიდევ ორი ტყვია მესროლა დუნდულებში, ზუსტად ჩემს უკანა ჯიბეებზე“.

ოპერაციის ფარგლებში, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა კონტროლი დაამყარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე, მისმა ბევრმა წევრმა სცემა დაკავებული პირები, როგორც ჩანს, მათი დასჯის ან დამორჩილების მიზნით. ერთმა დაკავებულმა „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა, რომ ოპერაციის დასრულებისთანავე, „მათ ხელკეტებით გვცემეს. ისინი გვცემდნენ ასევე ფეხებით. [ისინი ჩვენ გვცემდნენ] ძაღლებივით.“ სხვა დაკავებული პირის განცხადებით, ოპერაციის დაწყების შემდეგ, „ჩვენ უბრალოდ ვისხედით ჩვენს ოთახში და არ ვინძრეოდით. პატიმრები რომ თავის ოთახებში ყოფილიყვნენ, მათ არ სცემდნენ. მაგრამ, თუ ისინი გარეთ გავიდოდნენ და სხვა ოთახში შევიდოდნენ, სცემდნენ. მესმოდა, როგორ სცემდნენ ადამიანებს. ისინი ტკივილისგან ყვიროდნენ.“ დაკავებულმა პირმა მეოთხე სართულიდან განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ, „[სპეციალური დანიშნულების ძალები] მოვიდნენ და წაგვიყვანეს დარბაზში, თითო ჯერზე თითო და თითქმის სასიკვდილოდ გვცემეს. ერთი კვირის განმავლობაში საწოლში ვიწექი და განძრევა არ შემეძლო.“ მეორე პატიმარმა „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა- „საკნებიდან გამოგვიყვანეს და გვცემეს ჭკუის სასწავლებლად“. ერთმა კი განაცხადა, რომ ის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაყვანისას სცემეს: „თავში ავტომატური იარაღით მცემეს, ერთხელ ოთახში, ერთხელ ფურგონში აქ [რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში] მოსვლისას“. ოპერაციის შემდეგ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულ პირებთან გასაუბრებების საფუძველზე, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, ოპერაციის დროს ან უშუალოდ მისი დასრულების შემდეგ №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 100-ზე მეტი დაკავებული პირი სცემეს. [...]

დაჭრილების მკურნალობა

ოპერაციის შემდეგ დაჭრილებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება მთლიანობაში იყო არაადეკვატური.

დაკავებული პირები, რომლებიც გაიყვანეს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან და გადაიყვანეს თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როგორც ზემოთ არის აღწერილი, აცხადებდნენ, რომ მყისიერი სამედიცინო დახმარება არ მიუღიათ იმ დაზიანებების სამკურნალოდ, რომლებიც მიადგათ ცემის დროს, და სათანადო მკურნალობის მიღებისას მათ სირთულეები შეექმნათ. [...]

7 აპრილს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ 27 მარტის ცემასთან დაკავშირებული მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გართულებების მიუხედავად, დაკავებულ პირებს სასამართლო-სამედიცინო შემოწმება არ ჩაუტარდათ, მათ უარი უთხრეს ექიმებთან რეგულარულ კონტაქტზე და რაიმე არსებითი სამედიცინო მომსახურება არ მიუღიათ. ერთმა კაცმა განაცხადა, რომ მას ეშინოდა, რომ მოეთხოვა ექიმის მიერ მონახულება, რადგან ეშინოდა, რომ ციხის ხელმძღვანელობა მას დამატებით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდა. დაკავებულებს არ აძლევდნენ გარეთ გასვლის უფლებას და მათ სათანადო ჰიგიენის დაცვა არ შეეძლოთ - არ შეეძლოთ გაპარსვა და შეზღუდული წვდომა ჰქონდათ დაბანაზე. არ არსებობდა სამედიცინო ჩანაწერები საპატიმროში მყოფ დაკავებულ პირებთან დაკავშირებით.

სპეციალური ოპერაციის დროს თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაჭრილმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ ადეკვატური მკურნალობა. თუმცა, ციხეში ძალიან ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა ყველა პატიმარს არ აღმოუჩინა დაუყოვნებლივი სამედიცინო მომსახურება, და „ჰუმან რაითს ვოჩის“ ვიზიტის დროს, ბევრ დაკავებულ პირს, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდათ, კვლავ არ ჰქონდათ მიღებული. [...]

ექსპერტმა, ომბუდსმენის ოფისის მოთხოვნით, მოახდინა ასევე რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებდნენ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას 27 მარტის ინციდენტის დროს მიყენებული დაზიანებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ერთ დაკავებულ პირს ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა, რომელთაგან რამდენიმე, როგორც ჩანს, დაინფიცირდა, რამაც ცხელება გამოიწვია. ექსპერტმა განსაზღვრა, რომ სხვა დაკავებულ პირებს თითო ტყვიით ჰქონდათ ჭრილობები მიღებული, რომლებიც საჭიროებდნენ ქირურგიულ ჩარევას და სხვა სერიოზულ მკურნალობას. გულმკერდის დაზიანების მქონე ერთ დაკავებულს არ გადაუღეს რენტგენი და არ გაუვლია სპეციალისტთან კონსულტაცია. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ციხეს არ ჰქონდა კანცელარია შემოსული დაკავებული პირების დაზიანების აღსარიცხად და არ ინახებოდა რაიმე სამედიცინო დოკუმენტაცია ავადმყოფ ან დაშავებულ პირებთან მიმართებით.

შეუსაბამობები მოკლული და დაჭრილი პირების რაოდენობასთან დაკავშირებით

იუსტიციის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ოპერაციის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი წევრი დაიჭრა და 10 წევრი დაშავდა. ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული ჭრილობების ან დაზიანებების სახეობა და არც ჭრილობასა და დაზიანებას შორის განსხვავებაა მითითებული. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორმა წევრმა ოპერაციის დაწყებისას ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო. ზუსტად არ არის ცნობილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მიყენებული დაზიანებების დათვლა ცალკე მოხდა, თუ დაჭრილი და დაშავებული სახელმწიფოს წარმომადგენლების საერთო რაოდენობასთან ერთად.

ოპერაციის დროს მოკლული და დაჭრილი პატიმრების საერთო რაოდენობა უცნობი რჩება. „ჰუმან რაითს ვოჩისთვის“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. თუმცა, თავდაპირველ ანგარიშებში მითითებული იყო, რომ შესაძლოა ყოფილიყო იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე ეს დაფიქსირდა ოფიციალურად და რომ, სულ მცირე, გარდაცვალების ერთი შემთხვევა, რომელიც სხვა მიზეზებს მიეწერა, რეალურად, იყო ოპერაციის შედეგი. ...

კიდევ უფრო სადავოა დაჭრილების რაოდენობა. თავად მთავრობამ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია წარადგინა. 2006 წლის მაისში „ჰუმან რაითს ვოჩისთვის“ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დაასახელა 17 დაჭრილი პატიმრის ვინაობა. ამის საპირისპიროდ, იუსტიციის სამინისტრომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CAT) მიმართ თავის 2006 წლის მაისის ანგარიშში განაცხადა, რომ „ორმხრივი სროლის შედეგად, შვიდი პატიმარი გარდაიცვალა და 22 პატიმარმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება“. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ერთმა ექიმმა, დაკავებული პირები მოინახულა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომლებიც 27 მარტის ოპერაციის შემდეგ თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს. თავდაპირველად, რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების პერსონალმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ გადაყვანილი პატიმრებიდან 27 მარტის ოპერაციის დროს დაჭრილი იყო რვა პატიმარი. თუმცა, წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს 15 პაციენტი ჭრილობებით, მათ შორის, ცეცხლნასროლი ჭრილობებით, რომლებიც მათ მიიღეს 27 მარტის ოპერაციის დროს. მათ განაცხადეს: „დროის უკმარისობის გამო, ყველა საკანი ვერ დავათვალიერეთ, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ [დაჭრილი] პატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო მაღალია.“

დამატებით, „ჰიუმენ რაითს ვოჩი“ გაესაუბრა 14 სხვა პირს, რომლებმაც დაზიანებები 27 მარტის ოპერაციის დროს მიიღო. მათ შორის, შვიდ პირს, რომლებსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა მიადგა და რეზინის ტყვიებით დაჭრილ ორ დაკავებულ პირს, ასევე, ცემის შედეგად დაშავებულ ხუთ დაკავებულ პირს. ერთობლივად, „ჰუმან რაითს ვოჩის“ და ომბუდსმენის ოფისის მიერ შეგროვებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ დაჭრილების რეალური რაოდენობა შეიძლება მთავრობის მიერ შეტყობინებულ რაოდენობაზე უფრო მაღალი იყოს.

ოპერაციის დაგეგმვა

ძალიან მცირე ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი იმის შესახებ, თუ კანონით მოთხოვნილი რა სახის გეგმა იქნა გამოყენებული №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოცენებული არეულობის მოსაგვარებლად და იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდა ეს გეგმები. ასევე ბუნდოვანია, ეს გეგმები ეხებოდა თუ არა ევროპული ციხის წესებით განსაზღვრულ ძალის გამოყენების მოთხოვნებს [...].

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სპეცოპერაცია „ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობასა და ციხის წესებთან სრული შესაბამისობით“, მაგრამ დეტალურად არ იყო განსაზღვრული ოპერაციის შესაბამისობა საერთაშორისო ვალდებულებებთან, ან არ იყო წარდგენილი რაიმე მტკიცებულება იმ გეგმის შესახებ, რომელიც ოპერაციის დროს განხორციელდა. „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ შეგროვებული ინფორმაცია კითხვებს ბადებს ოპერაციის რეალურ გეგმასთან დაკავშირებით. ციხის უფროსმა, [გ.][ფ.]-მ „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა: „რასაკვირველია, არსებობს წესი და ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ სხვადასხვა სიტუაციაში. გარდა ამისა, შენ უბრალოდ წყვეტ, თუ როგორ მოიქცე მოვლენების განვითარებისას. ” დირექტორის მოადგილემ ს[.]ო[.]-მ დასძინა: ”ეს ჰგავს როდესაც საპირფარეშოში გინდათ წასვლა - უბრალოდ ფიქრობთ, როგორ გააკეთოთ ეს, და მოქმედებთ“. თუმცა, ცხადია, რომ ოპერაცია იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა ძალებმა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ძალებმა განახორციელეს, „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოკითხული ადამიანების უმრავლესობამ ვერ დაასახელა, თუ ვინ იყო ოპერაციაზე პასუხისმგებელი. საპატიმრო დაწესებულების დირექტორმა [გ.][ფ.]-მ, რომელიც თავად მონაწილეობდა ოპერაციაში, აღნიშნა: „მე არ ვიცი, ვინ იყო პასუხისმგებელი ოპერაციაზე; არ ვიცი, ვინ აკონტროლებდა სპეციალური დანიშნულების რაზმებს. სპეციალური დანიშნულების რაზმის ყველა წევრს აქვს ერთნაირი ფორმის ტანსაცმელი და ნიღაბი. ვერ ვიტყვი, ისინი საიდან იყვნენ“.

დაგეგმვასთან დაკავშირებით, ე[.]თ[.]-მ „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა: „შინაგან საქმეთა მინისტრი დამპირდა, რომ ისინი მხოლოდ რეზინის ტყვიებს გამოიყენებდნენ. მან მაჩვენა ის სპეციალური იარაღი, რომელიც ამ ტყვიებს ისვრის. მათ თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო. თუმცა, სპეციალური დანიშნულების რაზმმა [ოპერაცია] დაიწყო და ის უკვე ნამდვილ საბრძოლო ტყვიებს ისროდა [...] მგონია, რომ საბრძოლო იარაღიდან სროლის და სიცოცხლის მოსპობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. ვფიქრობ, შეგვეძლო გარდაცვალების შემთხვევების თავიდან აცილება“.

თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 27 მარტს მომხდარი ინციდენტის გამოძიება

„ჰუმან რაითს ვოჩისთვის“ გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის 25 მარტს, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემაში ბუნტის სავარაუდო დაგეგმვის გამოძიება და ეს გამოძიება განახორციელა 27 მარტს მომხდარი არეულობის შემდეგ. 27 მარტის შემდეგ, გამოძიების არეალი გაფართოვდა და მოიცვა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებები, მაგრამ მან არ მოიცვა სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე ის მუხლი, რომელიც დაკავშირებული იყო შვიდი პატიმრის გარდაცვალებასთან ან ოპერაციის დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ქცევასთან. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 27 მარტის მოვლენების შეფასებისას, გამოძიებამ მაინც შეისწავლიდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ქმედებებს. [...]

27 მარტის ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, კარელ დე გიუხტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებისკენ, აღნიშნა რა, რომ 27 მარტის ინციდენტის შემდეგ „არსებობდა მკაფიოობის ნაკლებობა“ და რომ „მიზანშეწონილი იქნებოდა დაწყებულიყო მოვლენების დამოუკიდებელი და საჯარო გამოძიება, მათ შორის, სამთავრობო სპეცრაზმის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების ბრალდებებისა, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა“. მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ამბოხების მიზეზების უკვე მიმდინარე გამოძიებამ, დამოუკიდებელი გამოძიება არასაჭირო გახადა. თუმცა, იმ დროს, მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრებისთვისაც კი გაურკვეველი იყო გამოძიების ზუსტი ხასიათი, ისინი აცხადებდნენ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გადაჭარბებული ძალის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, როცა რეალურად გამოძიება დაიწყო იუსტიციის სამინისტროს მიერ და მხოლოდ ბუნტის ორგანიზებასთან დაკავშირებული ფაქტების ირგვლივ, როგორც ზემოთ არის აღწერილი თავად გენერალური პროკურატურის მიერ.

საჯაროდ, მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ
სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ კანონიერად. სააკაშვილი მიესალმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს და პოლიციას, რომლებმაც, მისი თქმით, „უაღრესად პროფესიონალურად იმოქმედეს“. მოახდინეს პარლამენტის თავმჯდომარის, ნ[.]ბ[.]-ის ციტირება, რომ მან შეაქო პოლიცია და განაცხადა, რომ მათ ციხიდან გაქცევის თავიდან ასაცილებლად „ადეკვატური ძალა“ გამოიყენეს.

გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ არ დაიწყო დაუყოვნებლივ შვიდი დაკავებული პირის გარდაცვალების ფაქტის და იმის გამოძიება, იყო თუ არა აბსოლუტურად აუცილებელი ძალის გამოყენება, „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა, რომ ეს ფაქტები შესწავლილი იქნებოდა ბუნტის დაგეგმვასთან დაკავშირებით 25 მარტს დაწყებული გამოძიების ფარგლებში. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ დაკავებულმა პირებმა ციხე დააზიანეს, საკმარისი იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საჭიროების ასახსნელად. მან განაცხადა: „ვარაუდი თავიდანვე არის ის, რომ ძალის გამოყენება გამართლებული იყო, რადგან ყველა მტკიცებულება აჩვენებდა, რომ იქ არსებობდა აშკარა წინააღმდეგობა. მთელი ციხე დაინგრა. ცხადზე ცხადი იყო, რადგან ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი დაიწვა. არც ერთი კარი არ დარჩა.“ [...]“

111. 2010 წელს გამოქვეყნებულ თავის მსოფლიო ანგარიშში, „ჰუმან რაითს ვოჩმა“ 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციასთან დაკავშირებით შემდეგი დასკვნა გააკეთა:

„მთავრობამ ვერ შეძლო, ეწარმოებინა საფუძვლიანი გამოძიება №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2006 წლის მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა და ათეულობით პირი დაშავდა.“

B. „ამნესტი ინტერნეშენელ“

112. 2007 წლის სექტემბერში, „ამნესტი ინტერნეშენელმა“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიმართ გამოაქვეყნა თავისი საინფორმაციო დოკუმენტი საქართველოს შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამის ნაწყვეტებში (გვერდები 7-9 და 11-13) ვკითხულობთ:

პოლიციის და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის სასიკვდილო გამოყენება

„[...] სასიკვდილო ძალა ასევე გამოყენებულ იქნა, როცა ხელისუფლების ორგანოებმა ჩაახშვეს ციხის ამბოხი 2006 წლის მარტში. იყო ბრალდებები, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმს, რომელიც ჩართული იყო ამ ოპერაციაში, შეიძლება გადაჭარბებული ძალა გამოეყენებინა.

ციხის არეულობა 2006 წლის მარტში: სპეცრაზმის მიერ მოკლული იქნა, სულ მცირე, შვიდი პატიმარი

ხელისუფლების განცხადებით, სპეცრაზმი თბილისის №5 საგამოძიებო იზოლატორში შევიდა 2006 წლის 27 მარტის დღის დასაწყისში შიარაღებული ბუნტის და ციხიდან გაქცევის მცდელობის ჩასახშობად, რომელიც მოთავეების მიერ სავარაუდოდ ორგანიზებული იყო წინასწარ. იმავე დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე მოუწოდა პატიმრებს ბუნტის შეწყვეტისაკენ, თუმცა, უშედეგოდ. როგორც იუწყებიან, იმავე დღეს მოგვიანებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, „რომლებიც უაღრესად პროფესიონალურად მოქმედებდნენ ქვეყნის მოქალაქეების იმ უბედურებისგან დასაცავად, რაც შეიძლება მომხდარიყო [...] გასულ ღამეს, თბილისში შეიძლება გაქცეულიყო 4000-ზე მეტი საშიში დამნაშავე [...] ეს ნიშნავდა ასობით გატაცებულ ავტომანქანას, ასობით გაუპატიურებულ ადამიანს, ასობით გაქურდულ სახლს, ასობით მკვლელობას და ბევრ სხვა უბედურებასა და არეულობას“.

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველომ „ამნესტი ინტერნეშენელს“ 2007 წლის 21 მაისს აცნობა, რომ სპეცრაზმის ოფიცრებმა პატიმრებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს. მათ თხოვნას „მოჰყვა პატიმრების საპირისპირო რეაქცია, რადგან მათ დაიწყეს თანამშრომლების მიმართულებით სვლა და ქვებს, ლითონისა და ხის ნაჭრებს ესროდნენ მათ. საპასუხოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიების გამოიყენა. პატიმრებმა ცეცხლსასროლი იარაღით უპასუხეს. შედეგად, დაიჭრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. სპეცრაზმის მიერ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატიმრებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს”.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, სპეცრაზმის ოპერაცია განხორციელდა დაკავებული პირების მიერ პატიმრების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის წინააღმდეგ სპონტანური პროტესტის ჩასახშობად, ახლოს მდებარე ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის და სპეცრაზმის მიერ ღამით. არასამთავრობო წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესულ სპეცრაზმს არ გამოუყენებია ალტერნატიული არაძალადობრივი საშუალებები საპატიმრო დაწესებულებაში კონტროლის დასამყარებლად; ამის ნაცვლად, მან გაისროლა ავტომატური იარაღიდან და რეზინის ტყვიები და დაკავებული პირები ხელკეტებით სცემა. სახალხო დამცველის ოფისის საგამოძიებო და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გ[.]გ[.]-ს განცხადებით, რომელიც იმ დროს იზოლატორის ეზოში იმყოფებოდა, ხელისუფლებას პატიმრების მიმართულებით სროლის დაწყებამდე რაიმე გაფრთხილება არ გაუცია. ომბუდსმენის განცხადებით, სპეცრაზმმა სავარაუდოდ „განაგრძო სროლა მაშინაც კი, როცა ამბოხება რეალურად დასრულებული იყო და პატიმრები წინააღმდეგობას აღარ [...] უწევდნენ“.

ამ სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა, სულ მცირე, შვიდი პატიმარი და მრავალი სხვა პატიმარი დაიჭრა.

საქართველოს სახალხო დამცველმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება ამ მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისთვის არასათანადო მკურნალობის გამო როგორც ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში, ისე №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2006 წლის 27 მარტს. მაგალითად, სახალხო დამცველის ოფისის მიერ 7 აპრილს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის ექვსი მამაკაცი, რომლებიც სავარაუდოდ დაშავდნენ თანამდებობის პირების მიერ ციხის საავადმყოფოში ცემის შედეგად, იმავე ღამით მოგვიანებით გადაიყვანეს თბილისის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ციხის ექიმების ნებართვის გარეშე და მათ სამედიცინო პერსონალთან წვდომა მხოლოდ სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ მიეცათ. არასამთავრობო ორგანიზაციდან „ემპათია“, „ამნესტი ინტერნეშენელის“ მიერ 2006 წლის 9 აპრილს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბევრ დაკავებულ პირს, რომლებმაც 2006 წლის 27 მარტს ტყვიით გამოწვეული დაზიანებები მიიღეს და შემდგომში რუსთავის №6 იზოლატორში გადაიყვანეს, არ მიუღიათ დაუყოვნებლივი სამედიცინო მკურნალობა და ზოგიერთი მათგანის ჭრილობებმა დაიწყო დაჩირქება. [...]

2006 წლის მარტში ციხის არეულობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების ბრალდებების გამოძიება

2006 წლის 27 მარტს, ციხის არეულობის დღეს, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა მ[.]ს[.]-მ უარყვეს ის ბრალდებები, რომ ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, და დაადასტურეს, რომ უსაფრთხოების ძალები სათანადოდ მოქმედებდნენ. აშშ-ს მიერ დაფინანსებული რადიო თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, 28 მარტს პარლამენტში სახელისუფლებლო უმრავლესობის წევრებმა, რომლებმაც ბრალი დასდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს „დამნაშავეების მფარველობაში“, უარყვეს 27 მარტის მოვლენების საპარლამენტო გამოძიების ჩატარების შეთავაზება.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ თანახმად, „მთავრობა ძალადობის შემდეგ სამი თვის განმავლობაში იცდიდა, რომ დაეწყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, გადააჭარბა თუ არა სპეცრაზმმა თავის უფლებამოსილებას“.

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველომ „ამნესტი ინტერნეშენელს“ 2007 წლის 21 მაისს აცნობა, რომ „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ გატარებული ზომების, კერძოდ, პატიმრების [...] მიმართ ცეცხლის გახსნის კანონიერების დასადგენად, დაიწყო გამოძიება“ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით („სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“) და რომ ამ გამოძიებას, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა შეესწავლა შვიდი დაკავებული პირის გარდაცვალების ფაქტი. ამ გამოძიების გარდა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ცნობით, 2006 წლის 23 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) დაიწყო ცალკე გამოძიება, პატიმრების გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. სამმართველომ ასევე აღნიშნა, რომ 2006 წლის მარტის მოვლენების გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 190 პატიმარი. როგორც განაცხადეს, №5 იზოლატორის 37 პატიმარმა პროკურორებს განუცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენჯერმე მოუწოდეს პატიმრებს „შეეწყვიტათ წინააღმდეგობის გაწევა“ და რომ თანამშრომლებმა რეზინის ტყვიების სროლა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ერთმა პატიმარმა მათი მიმართულებით პისტოლეტიდან გაისროლა. ამის შემდეგ, „პატიმრებმა დაიწყეს მოძრაობა თანამშრომლების მიმართულებით და მალე, მათ მოესმათ [ყვირილი], რომ თანამშრომლების ერთ-ერთი წევრი დაიჭრა. ამის შემდეგ, თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს. თუმცა, ისინი ჰაერში ისროდნენ და არა პატიმრების მიმართულებით“. 2007 წლის მაისით დათარიღებულ თავის წერილში, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველომ „ამნესტი ინტერნეშენელს“ აცნობა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

2007 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გ[.]გ[.]-მ „ამნესტი ინტერნეშენელს“ აცნობა, რომ მის სამსახურს არ მიუღია პასუხები გენერალური პროკურატურიდან იმასთან დაკავშირებით, დაიწყო თუ არა წინასწარი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, დაჭრილი პატიმრები ცნეს თუ არა დაზარალებულებად და გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრები ცნეს თუ არა მათ სამართალმემკვიდრეებად.

არასამთავრობო წყაროების მტკიცებით, ხელისუფლებამ ნათესავების ადვოკატებს არ მისცა წვდომა გამოძიებაზე. ერთი წყაროს მტკიცებით, „სახელმწიფოს ორგანოემბა წვდომაზე უარი განაცხადეს იმ საბაბით, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა იყო მართლზომიერი და რომ პატიმრებისთვის მიყენებული დაზიანებები დანაშაულებრივ ქმედებას არ გამოუწვევია.“

როგორც იტყობინებიან, ამ გადაწყვეტილების სასამართლოებში გასაჩივრება წარუმატებლად დასრულდა. შემდგომში, რამდენიმე ნათესავმა მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. [...]“

კანონი

I. საჩივრების გაერთიანება

113. იმის გამო, რომ საჩივრებს აქვთ მსგავსი დავის საგანი, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მათი ერთობლივად განხილვა ერთი გადაწყვეტილების ფარგლებში, სასამართლოს წესების 42-ე წესის შესაბამისად.

II. კონვენციის მე-2 და მე-13-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა

114. მომჩივნები დავობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრების მკვლელობაზე პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო, კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევით, და რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი ინციდენტის ეფექტიანი გამოძიება, რითაც დაირღვა ამ დებულებასა და კონვენციის მე-13 მუხლში მოცემული პროცედურული ვალდებულებები. მითითებულ დებულებებში ვკითხულობთ:

მუხლი 2

„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცლის განხრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისთვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:

(ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისგან;

(ბ) კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;

(გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“

მუხლი 13

„ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

A. მისაღებობა

115. მთავრობა ამტკიცებდა, რომ საჩივრები დაუშვებელი იყო კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით გასაჩივრების შეიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო, რადგან მომჩივნებს საქმეზე პასუხისმგებელი გამომძიებლებისა და პროკურორების გადაწყვეტილებები მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, არ გასაჩივრებულა ზემდგომ ორგანოში, სსსკ.-ს 234-235-ე მუხლების 1-ლი და მე-2 ნაწილებით. მომჩივნების მდგომარეობაში, ზემდგომ ორგანოში გასაჩივრება, როგორც ეს გათვალისწინებულია ეროვნული ნორმებით, იქნებოდა უფრო რელევანტური, ვიდრე გასაჩივრების ის საშუალებები, რომლებსაც მათ მიმართეს სსსკ-ს 242-ე მუხლის 1-ლი მუხლით (იხილეთ პარაგრაფი 95 ზემოთ). დამატებით, მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივრები იყო ნაადრევი, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობდა გამოძიებები ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ და ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს მკვლელობასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები (იხილეთ პარაგრაფი 84 და 85 ზემოთ).

116. მომჩივნებმა უპასუხეს, რომ მათ მიმართეს გასაჩივრების ყველა საშუალებას მათი ოჯახის წევრების მკვლელობის გამოძიებებზე პასუხისმგებელი ეროვნული ორგანოების უმოქმედობასთან დაკავშირებით. ხოლო, იმ ფაქტთან მიმართებით, რომ სისხლისსამართლებრივი პროცედურების გარკვეული ნაწილი კვლავ მიმდინარეობდა, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ისინი არ იყვნენ ვალდებულები, უსასრულოდ ეცადათ ამ პროცესების დასრულებისთვის, და რომ გამოძიებების მნიშვნელოვანი შეფერხება უკვე წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმის დასასაბუთებლად, რომ გამოძიება იყო არაეფექტიანი.

117. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის წესის გამოყენების დროს სათანადოდ უნდა იქნას გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ის გამოყენებულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის იმ მექანიზმების კონტექსტში, რომელთა შექმნაზეც შეთანმხდნენ ხელშემკვრელი სახელმწიფოები. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მუხლი 35 (1) უნდა გამოყენებულიყო მოქნილობის გარკვეული ხარისხით და ზედმეტი ოფიციალურობის გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამოწურვის წესი არც აბსოლუტურია და არც მისი ავტომატურად გამოყენება არის შესაძლებელი; იმის განხილვისთვის, წესი შესრულდა თუ არა, მნიშვნელოვანია ცალკეული საქმის გარემოებების გათვალისწინება. კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ პრაგმატულად უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ფორმალური გასაჩივრების საშუალებების არსებობა შესაბამისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში, არამედ ასევე ის ზოგადი კონტექსტი, რომელშიც ისინი მოქმედებენ, ისევე, როგორც მომჩივნის პირადი გარემოებები. შემდეგ, შესწავლილ უნდა იქნას, საქმის ყველა გარემოებაში, მომჩივანმა გააკეთა თუ არა ყველაფერი, რისი გაკეთებაც მისგან იყო მოსალოდნელი გონივრულ ფარგლებში, გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვისთვის (იხილეთ Akdivar and Others v. Turkey, 16 სექტემბერი 1996, § 69, Reports of Judgments and Decisions 1996‑IV, და Aksoy v. Turkey, 18 დეკემბერი 1996, § 53-54, Reports of Judgments and Decisions 1996-VI).

118. რაც შეეხება განცხადებას ამოუწურაობის შესახებ, სასამართლო შენიშნავს, რომ სსსკ.-ს 234-235-ე მუხლების 1-ლი და მე-2 ნაწილები, ამასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ციტირებული დებულებები, იძლევიან უფრო მაღალი უფლებამოსილების მქონე ორგანოს წინაშე გამომძიებლების ან პროკურორების ქმედებების წინააღმდეგ საჩივრების შეტანის შესაძლებლობას (იხილეთ პარაგრაფი 95 ზემოთ). თუმცა, ხელახლა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, საჩივრის შეტანა ზემდგომ ორგანოში ვერ იქნება მიჩნეული ეფექტიანად, რადგან დავის მონაწილე მხარეებს არ შეუძლიათ ამ წარმოებებში მონაწილეობა (იხილეთ Hartman v. Czech Republic, N 53341/99, § 66, ECHR 2003‑VIII; Horvat v. Croatia, N 51585/99, § 47, ECHR 2001‑VIII; და Giorgi Nikolaishvili v. Georgia, N 37048/04, § 112, 13 იანვარი 2009). ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავრობას გამორჩა ის ფაქტი, რომ მომჩივნებმა, რეალურად ისარგებლეს განმეორებით საჩუვრების შეტანის შესაძლებლობით შესაბამის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პროკურორის - დ.ზ.-ს წინააღმდეგ, ზემდგომ პროკურორთან. მომჩივნებმა მხოლოდ მას შემდეგ სცადეს სასამართლოს გზის გამოყენება, როდესაც ეს საჩივრები უარყოფილ იქნა ან არ განიხილეს, თუმცა უშედეგოდ (იხილეთ პარაგრაფები 14, 16-17, 25-27 და 29-33 ზემოთ). ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო კმაყოფილდება იმით, რომ მომჩივნებმა საკმარისი ყურადღება მიაქციეს შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებში საკითხების წარდგენას (შეადარეთ İlhan v. Turkey [GC], N 22277/93, §§ 61‑63, ECHR 2000‑VII). ვინაიდან უფლებამოსილი ორგანოები ეწინააღმდეგებოდნენ მომჩივნების ჩართვის მცდელობებს შესაბამისი გამოძიებაში, მომჩივნებმა შეიძლება გამართლებულად ჩათვალეს რომ იმავე ორგანოებისთვის რაიმე დამატებითი თხოვნით მიმართვა იქნებოდა უსარგებლო, რასაც შესაძლოა დაებრკოლებინა საკითხის ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენა (იხილეთ Giorgi Nikolaishvili, ციტირებული ზემოთ, § 114, და შეადარეთ Guzzardi v. Italy, 6 ნოემბერი 1980, § 80, სერია A N 39).

119. რაც შეეხება მთავრობის წინააღმდეგობას იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნები უნდა დალოდებოდნენ შესაბამისი სისხლის სამართლის გამოძიებების შეწყვეტას მათი საჩივრების სასამართლოში შეტანამდე, ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება შემდეგი საკითხის შესწავლას - შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნას, რომ სახელმწიფომ შეასრულა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თავისი პროცედურული ვალდებულებები (იხილეთ, მაგალითად, Mojsiejew v. Poland, N 11818/02, §§ 37, 42 და 43, 24 მარტი 2009).

120. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აერთიანებს მთავრობის პრეტენზიას მიუღებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ეყრდნობა საჩივრების არსებითი ნაწილის ნაადრევ ხასიათს, და განუხილველად ტოვებს მის პრეტენზიას [გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების] ამოუწურაობასთან დაკავშირებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საჩივრები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის მნიშვნელობით და არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლებით. ამიტომ, ისინი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

B. საქმის არსებითი მხარე

121. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ საჩივრის არსებითი მხარის განხილვა დაიწყოს იმ პრეტენზიით, რომელიც ეხება მომჩივნების ოჯახის წევრების გარდაცვალების სავარაუდო არაეფექტიან ეროვნულ გამოძიებას.

1. კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის და მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევები

(ა) მომჩივნების არგუმენტები

122. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული გამოძიება განზრახ არაადეკვატური იყო და მისი მიზანი იყო მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებული ნამდვილი გარემოებების დამალვა. ისინი აცხადებდნენ, რომ უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო ღონისძიებები იმისათვის, რათა გამოძიება ეფექტიანი ყოფილიყო კონვენციის მე-2 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. კერძოდ, მომჩივნები დავობდნენ, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, მათმა ნათესავებმა ცალ-ცალკე გაუწიეს თუ არა შეიარაღებული წინააღმდეგობა ბუნტის ჩახშობის სპეცრაზმს, ან რა დრო გავიდა მათი ნათესავების დაჭრის მომენტსა და მათ გარდაცვალებას შორის. ამგვარად, ჯერ კიდევ უცნობია, შესაძლებელი იყო თუ არა ორი დაკავებული პირის გადარჩენა, მათთვის რომ სწრაფი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მესამე მომჩივანი დამატებით დავობდა, რომ არ ჩატარებულა მისი ვაჟის თავის ქალიდან ამოღებულ ლითონის ნაჭრის სასამართლო ექსპერტიზა (იხილეთ პარაგრაფი 51 ზემოთ). აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთმა თვითმხილველმა, ზ.დ.-მ განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა მოუწოდა პატიმრებს წინააღმდეგობის გაწევისკენ (იხილეთ პარაგრაფი 59 ზემოთ), მესამე მომჩივანმა აღნიშნა, რომ არც ამ კონკრეტულ მოწმეს და არც რომელიმე სხვა პირს არ მიუთითებია, რომ მისი ვაჟი შეიარაღებული იყო ან რომ მან ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სახელმწიფო წარმომადგენელებს.

123. მომჩივნები დამატებით დავობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიეცეთ გამოძიებაში ჩართვის ან სულ მცირე, მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების რაიმე შესაძლებლობა. უბრალოდ ის ფაქტი, რომ მათ პირველად შეიტყვეს პროკურატურის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დაიწყო ახალი ცალკე საქმე მათი ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობებთან დაკავშირებით - სასამართლოსთვის წარდგენილი მთავრობის მოსაზრებებიდან, იყო მრავლისმთქმელი იმ საინფორმაციო ვაკუუმის მასშტაბთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა მათ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გამოძიებას დამოუკიდებლად და ობიექტურად ვერ ჩაატარებდა, რადგან იუსტიციის მინისტრი და მისი ორი მოადგილე, ბ.ა.-სთან ერთად პირადად იყვნენ პასუხისმგებლები 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებაზე. ამ იერარქიული და ფუნქციონალური შეუთავსებლობით შეიძლებოდა იმ ფაქტის ახსნა, თავდაპირველად, არ განხორციელებულა საგამოძიებო ღონისძიებები იმის შესაფასებლად, იყო თუ არა პატიმრების მიმართ გამოყენებული ძალა პროპორციული.

124. რაც შეეხება გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ნაწილს, მომჩივნები დავობდნენ, რომ ვერც ის იქნებოდა მიუკერძოებელი, რადგან ხელისუფლება თავიდანვე პატიმრების წინააღმდეგ იყო განწყობილი. ამ ბრალდებების მხარდასაჭერად, მომჩივნებმა მიუთითეს გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიმართ გაკეთებულ კომენტარებზე. ამ კომენტარებში, რომლებიც ასახულია ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ შესაბამის ანგარიშებში (იხილეთ პარაგრაფი 110 ზემოთ), ვკითხულობთ: „ვარაუდი თავიდანვე არის ის, რომ ძალის გამოყენება გამართლებული იყო, რადგან ყველა მტკიცებულება აჩვენებდა, რომ იქ არსებობდა აშკარა წინააღმდეგობა. ...“ მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ რადგან სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს ასეთი ნაწილობრივი ხედვა გააჩნდა, ცხადია, შეუძლებელი იქნებოდა მოლოდინი, რომ იმის გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოს მიერ ძალის გამოყენება იყო თუ არა გადაჭარბებული, იქნებოდა ეფექტიანი. და ბოლოს, მომჩივნები ასევე დავობდნენ, რომ გამოძიებაში იყო ხელისშემშლელი შეფერხებები. არა მხოლოდ ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების გამოძიება დაიწყო 2006 წლის 21 ივნისს, ანუ 2006 წლის 27 მარტის საბედისწერო ინციდენტიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, არამედ ამ შემთხვევის მნიშვნელოვანი თვითმხილველებიც კი მხოლოდ 2006 წლის ოქტომბერში დაიკითხნენ. გარდა ამისა, 2007 წლის იანვრიდან არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.

(ბ) მთავრობის არგუმენტები

125. მთავრობის განცხადებით, ციხის ბუნტის ორგანიზების სისხლისსამართლებრივი გამოძიება, 2006 წლის 27 მარტის მდგომარეობით, ასევე მოიცავდა გამოძიებას გადაჭარბებული ძალის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად მოჰყვა დაკავებული პირების გარდაცვალებისა და დაზიანების შემთხვევები. ამ ორმაგი მიზნის მქონე გამოძიების ჭრილში, ჯერ კიდევ 2006 წლის 8 აპრილს, საგამოძიებო ორგანომ მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ იმ სამართლებრივი აქტების წარდგენა, რომლებიც წარმოადგენდნენ მოცემული შეიარაღებული ოპერაციის საფუძველს. საგამოძიებო ორგანომ ასევე სცადა განესაზღვრა ის ზუსტი მომენტი, როცა ბუნტის ჩახშობის რაზმს მისცეს ჩარევის ბრძანება, და მომენტი, როცა თანამშრომლებმა პატიმრებს ცეცხლი გაუხსნეს. მთავრობამ დამატებით განმარტა, რომ გენერალური პროკურორის მოადგილის 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გამოძიებისგან გათავისუფლების შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 62 ზემოთ), იყო საქმის მიმართ გაზრდილი საჯარო ინტერესის შედეგი. 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის (იხილეთ პარაგრაფი 64 ზემოთ) თავდაპირველი გამოძიებისგან გაცალკევების შესახებ, ანალოგიურად, იყო გაზრდილი საზოგადოებრივი ზეწოლის და ბუნტის ჩახშობის სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოებებისთვის ნათელის მოფენის საჭიროების შედეგი. რაც შეეხება 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებას - ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცალკე საქმის დაწყების შესახებ, ეს იყო „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ მთავრობისთვის მიცემული რეკომენდაციის პირდაპირი შედეგი.

126. მთავრობამ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა განახორციელეს მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი საგამოძიებო ღონისძიებები. ამგვარად, გამოძიების დროს დაიკითხნენ შემდეგი პირები: ციხის ყველა თანამშრომელი, რომლებიც 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, ის ორი პირი, რომლებიც დაშავდნენ ბარიკადების უკან მყოფი პატიმრების ტერიტორიიდან გასროლილი ტყვიებით; №5 და №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე, №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყველა შესაბამისი სარეჟიმო კორპუსის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები; ციხის საავადმყოფოს უფროსი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; და იუსტიციის მინისტრი. მთავრობამ ერთი მხრივ აღიარა, რომ ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრები ჯერ არ იყვნენ დაკითხულები, მაგრამ განაცხადა, რომ უფლებამოსილი ორგანოები გეგმავდნენ ამის განხორციელებას, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული განცალკევებული სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში. მეორე მხრივ, მთავრობამ განაცხადა, რომ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა „თავიდანვე იცოდნენ“, რომ ბუნტის ჩახშობის რაზმმა 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დროს მხოლოდ ავტომატური შაშხანა გამოიყენა. ამრიგად, ერთადერთი შესაძლო დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთებულიყო №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების დათვალიერების დროს აღმოჩენილ პისტოლეტებთან დაკავშირებით, იყო ის, რომ ეს იარაღები ეკუთვნოდა დაკავებულ პირებს.

127. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების მიერ საქმის მასალაზე წვდომის არქონა და საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობის არმიღება გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მათ დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭათ. მათ დამატებით განმარტეს, რომ პროკურორის უარი მათთვის ამ სტატუსის მინიჭებაზე, განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ გამოძიების ასეთ ადრეულ ეტაპზე, არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება ან გარემოებები, რომელიც შექმნიდა ვარაუდს, რომ ადგილი ჰქონდა prima facie დანაშაულს, მაგალითად, 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ სასიკვდილო ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას. რადგან იმ დროს საქმესთან შემხებლობაში მყოფ სახელმწიფო წარმომადგენლებს შორის პოტენციური ეჭვმიტანილი არ გამოვლენილა, არ არსებობდა არც ერთი მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საჭიროება. ამასთან დაკავშირებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-2 მუხლში არსებული პროცედურული ვალდებულებები არ შეიძლება ისე ყოფილიყო განმარტებული, რომ ეროვნული საგამოძიებო ორგანოებისგან მოეთხოვათ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პირდაპირ ან ირიბად დაზიანდნენ განზრახ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად. ამის საწინააღმდეგოდ, საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ დისკრეცია ამასთან დაკავშირებით, რათა შეძლონ გამოძიების საუკეთესო ინტერესების დაცვით მოქმედება.

128. მთავრობამ მიუთითა, რომ ბუნტის ჩახშობის რაზმი (იუსტიციის სამინისტროს ერთეულ) არ ექვემდებარებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განყოფილებას (იმავე სამინისტროს სხვა ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბუნტის საქმის გამოძიებაზე). ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე 2006 წლის 19 მაისს, ბუნტის საქმე და ორი სხვა საქმე, რომლებიც წარმოიშვა სამართალწარმოებების განმავლობაში, გადაეცა გენერალურ პროკურატურას, რომელიც იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანო. რაც შეეხება გამოძიების ხანგრძლივობას, მთავრობამ აღნიშნულის გასამართლებლად მიუთითა საქმის განსაკუთრებულ სირთულეზე: ბუნტში მონაწილეობდა სასჯელაღსრულების სამი დაწესებულება (ციხის საავადმყოფო, №5 და №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებები), და საჭირო იყო რამდენიმე ასეული მოწმის (პატიმრები, ციხის დარაჯები და ბუნტის ჩახშობი რაზმის წევრები) დაკითხვა. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის ბოროტად გამოყენების გამოძიება დიდწილად დამოკიდებული იყო ბუნტის ექვსი ორგანიზატორის მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ დასკვნებზე.

(გ) სასამართლოს შეფასება

(i) ზოგადი პრინციპები

129. მართლსაწინააღმდეგო ან საეჭვო გარდაცვალების შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დადგენილი სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით კარგად არის დამკვიდრებული. ამ ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას, უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იმ ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას; აგრეთვე, იმ საქმეებში, რომლებშიც ფიგურირებენ სახელმწიფო წარმომადგენლები ან ორგანოები, მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა გარდაცვალების იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათი პასუხისმგებლობის ქვეშ. მაშინაც კი, როდესაც შეიძლება არსებობდეს ის დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან კონკრეტულ სიტუაციაში გამოძიების წინსვლას, ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი ნდობის შესანარჩუნებლად მათ მიერ კანონის უზენაესობის დაცვისა და შეთქმულების რაიმე გამოვლინების პრევენციის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ შემწყნარებლობასთან დაკავშირებით (იხილეთ Brecknell v. the United Kingdom, N 32457/04, § 65, 27 ნოემბერი 2007, შემდგომ მითითებებთან ერთად). კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესრულების მიზნით, გამოძიება უნდა იყოს ეფექტიანი იმ თვალსაზრისით, რომ მას უნდა შეეძლოს შესაბამისი ფაქტების დადგენისკენ მსვლელობა და საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების დასჯა. ეს არის ვალდებულება, რომელიც ეხება გამოსაყენებელ საშუალებებს და არა მისაღწევ შედეგებს. ხელისუფლებამ უნდა გადადგას მათთვის ხელმისაწვდომი გონივრული ნაბიჯები ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების დასაცავად, inter alia, თვითმხილველთა ჩვენება, სასამართლო ექსპერტიზა და, საჭიროების შემთხვევაში, პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა, რომელიც უზრუნველყოფს სრულ და ზუსტ ჩანაწერს დაზიანების შესახებ და კლინიკური დასკვნების ობიექტურ ანალიზს, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზს. ამ თვალსაზრისით იგულისხმება ოპერატიული და გონივრული მოქმედების მოთხოვნა (იხილეთ Šilih v. Slovenia [GC], N 71463/01, § 195, 9 აპრილი 2009; Ramsahai and Others v. the Netherlands [GC], N 52391/99, § 324, ECHR 2007-II; და Anguelova v. Bulgaria, N 38361/97, § 139, ECHR 2002‑IV).

130. გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები საქმესთან შემხებლობაში ან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი ნებისმიერი პირისგან. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირის არარსებობას, არამედ, პრაქტიკულ დამოუკიდებლობას (იხილეთ Aliyev and Gadzhiyeva v. Russia, N 11059/12, § 96, 12 ივლისი 2016). გარდა ამისა, გამოძიებაზე წვდომა უნდა ჰქონდეს დაზარალებულის ოჯახს იმ მოცულობით, რომლითაც ეს აუცილებელია მათი კანონიერი ინტერესების დასაცავად. ასევე, უნდა არსებობდეს გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის საკმარისი ელემენტი, რომლის ხარისხი შესაძლოა იცვლებოდეს საქმიდან საქმეზე (მაგალითად, იხილეთ Hugh Jordan v. the United Kingdom, N 24746/94, § 109, 4 მაისი 2001). გარდა ამისა, გამოძიების დასკვნები უნდა დაემყაროს ყველა შესაბამისი ელემენტის სრულყოფილ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. გამოძიების აშკარა ხაზიდან გადახვევა მნიშვნელოვნად უთხრის ძირს გამოძიების შესაძლებლობას, დაადგინოს საქმის გარემოებები, და საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება (იხილეთ Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], N 24014/05, § 175, 14 აპრილი 2015). ასევე, გამოძიება უნდა იყოს საკმარისად ფართომასშტაბიანი იმისათვის, რომ საგამოძიებო ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა მხედველობაში მიიღონ არა მხოლოდ იმ სახელმწიფო წარმომადგენლების ქმედებები, რომლებმაც უშუალოდ და მართლსაწინააღმდეგოდ გამოიყენეს ლეტალური ძალა, არამედ საქმესთან კავშირში მყოფი ყველა გარემოება (იხილეთ Mocanu and Others v. Romania [GC], NN 10865/09 და 2 სხვა, § 321, ECHR 2014 (ამონარიდები)), კერძოდ, მოქმედი სამართლებრივი ან ნორმატიული ჩარჩო და ოპერაციების მომზადება და მათზე ზედამხედველობა, თუკი ეს ელემენტები აუცილებელი აღმოჩნდება იმის განსაზღვრისთვის, შეასრულა თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლე კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად (იხილეთ Aydan v. Turkey, N 16281/10, § 107, 12 მარტი 2013). ხელისუფლება ყოველთვის მნიშვნელოვნად უნდა ცდილობდეს, დაადგინოს, თუ რა მოხდა და ის არ უნდა დაეყრდნოს ნაჩქარევ ან არასათანადოდ დასაბუთებულ დასკვნებს გამოძიების დასასრულებლად (იხილეთ El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], N 39630/09, § 183, ECHR 2012).

131. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას მოჰყვა სამართალწარმოების დაწყება ეროვნულ სასამართლოებში, სამართალწარმოებამ, მთლიანობაში, მათ შორის, საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპის ჩათვლით, უნდა დააკმაყოფილოს პოზიტიური ვალდებულება - დაიცვას სიცოცხლე კანონის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყველა სისხლისსამარეთლებრივი დევნა დასრულდეს მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელით, ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ გარემოებაში არ უნდა დაუშვან, რომ სიცოცხლისთვის საშიში დანაშაულები დარჩეს დაუსჯელად. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს ამოცანაა იმის განხილვა, უნდა იქნეს თუ არა მიჩნეული და რა მოცულობით, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, თავისი დასკვნის გაკეთებისას, საქმეზე განახორციელეს კონვენციის მე-2 მუხლით მოთხოვნილი გულდასმითი შესწავლა რათა სასამართლო სისტემის შემაკავებელ ეფექტს და იმ როლის მნიშვნელობას, რომლის შესრულებაც მას მოეთხოვება სიცოცხლის უფლების დარღვევების თავიდან ასაცილებლად, საფრთხე არ შეექმნას (იხილეთ, მაგალითად Armani Da Silva v. the United Kingdom [GC], N 5878/08, § 239, 30 მარტი 2016; Giuliani and Gaggio v. Italy [GC], N 23458/02, § 306, ECHR 2011 (ნაწყვეტები); და Enukidze and Girgvliani v. Georgia, N 25091/07, § 242, 26 აპრილი 2011). ასევე, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა და მომჩივნისთვის კომპენსაციის საშუალებების ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის განსაზღვრისთვის, შეასრულა თუ არა სახელმწიფომ მე-2 მუხლით გათვალისწინებული თავისი ვალდებულება (სხვა წყაროებთან ერთად, იხილეთ Fedina v. Ukraine, N 17185/02, §§ 66-67, 2 სექტემბერი 2010), სასამართლოსთვის უკვე გადაცემულ დიდი რაოდენობით საქმეებში, დარღვევის დადგენა უმეტესწილად ემყარებოდა არაგონივრულ შეფერხებას და ხელისუფლების მხრიდან გულმოდგინების არარსებობას სამართალწარმოებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ სამართალწარმოებების საბოლოო შედეგის მიუხედავად (მაგალითისთვის, იხილეთ Merkulova v. Ukraine, N 21454/04, § 51, 3 მარტი 2011, სხვა მითითებებთან ერთად). თუმცა, მე-2 მუხლის პროცედურული მოთხოვნების შესრულება ფასდება რამდენიმე უმთავრესი პარამეტრის, მათ შორის, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ეს ელემენტები ურთიერთდაკავშირებულია და თითოეული მათგანი ცალკე აღებული, თავისთავად არ წარმოადგენს მიზანს. ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაფასებელი გამოძიების ეფექტიანობის ხარისხის დადგენას. სწორედ ეფექტიანი გამოძიების ამ მიზანთან დაკავშირებით უნდა შეფასდეს ნებისმიერი საკითხი, მათ შორის, ოპერატიული და გონივრული მოქმედების საკითხი (იხილეთ Mustafa Tunç and Fecire Tunç, ციტირებული ზემოთ § 225).

(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

132. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების გამოძიების ოპერატიულობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ ის დაიწყო დაგვიანებით. მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება დაიწყო 2006 წლის 21 ივნისს, ანუ ბუნტის ჩახშობის ოპერაციის ჩატარებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ. ინციდენტის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ეს ზედმეტად ხანგრძლივი შეფერხება იყო და მან შექმნა იმის არსებითი რისკი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება ვერასდროს აღდგენილიყო. მთავრობის განმარტებებით, და „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში ასახული ინფორმაციის მიხედვით (იხილეთ პარაგრაფი 110 ზემოთ), უფლებამოსილმა ორგანოებმა თავდაპირველად უარი თქვეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით განცალკევებული გამოძიების დაწყებაზე, რომ №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები უკვე განხორციელებული იყო ბუნტის ექვსი ორგანიზატორის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველა თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის შემდგომ დაუყოვნებლივ იუსტიციის სამინისტროს იმავე ორგანოს - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, რომელმაც გასცა ციხის შტურმით აღების ბრძანება და რომელიც იყო ის ორგანო, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბუნტის ჩახშობის რაზმს. ამ გარემოებებში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გადადგმული საგამოძიებო ნაბიჯები უნდა შეფასებულიყო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნების მითითებით და აღნიშნულთან დაკავშირებული პროცედურული ხარვეზები საფრთხეს უქმნიდა გამოძიების ყველა შემდგომ განვითარებას (იხილეთ მაგალითად, Enukidze and Girgvliani, ციტირებული ზემოთ, §§ 245-249, და Kolevi v. Bulgaria, N 1108/02, §§ 208 და 212, 5 ნოემბერი 2009).

133. გარდა ზემოთ ხსენებული რისკისა, რომ დაცული არ იყო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აუცილებელი მოთხოვნა, ფაქტია, რომ გამოძიებას არ შეუსწავლია ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დაგეგმვა ან სასიკვდილო ან ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელსაც შედეგად მოჰყვა გარდაცვალების და დაზიანებების შემთხვევები №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებს შორის (შეადარეთ, mutatis mutandis, Kılıç v. Turkey, N 22492/93, §§ 80-82, ECHR 2000‑III). გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობდა იმის აშკარა ნიშნები, რომ ხელისუფლების ორგანოები წინასწარ იყვნენ განწყობილი, რომ მხედველობაში არ მიეღოთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე დანაშაული. ამრიგად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინციდენტის დასრულებისთანავე გაკეთებულ განცხადებებს (იხილეთ პარაგრაფი 110 ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირმა გენერალური პროკურატურიდან, იმ ორგანოდან, რომელმაც შემდგომში (2006 წლის 21 ივნისს) აიღო პასუხისმგებლობა ბუნტის ჩახშობის რაზმის მიერ ძალის გამოყენების პროპორციულობის გამოძიებაზე, უკვე 2006 წლის 23 მაისს განაცხადა, რომ „ვარაუდი თავიდან“ იმგვარი იყო, რომ ბარიკადების მიღმა მყოფი პატიმრების წინააღმდეგ ძალის გამოყენება „გამართლებული იყო“ (იხილეთ პარაგრაფები 110 და 124 ზემოთ). ამ ვარაუდის საფუძველზე, დ.ზ., გენერალური პროკურატურის პროკურორი, რომელიც ზედამხედველობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებას, აშკარად წინასწარ იყო განწყობილი, როგორც ეს დადასტურდა მისი 2006 წლის 29 ივლისისა და 17 აგვისტოს და 2007 წლის 15 მაისის წერილებით, რომ გამოძიების პროცესის პირველივე ეტაპებიდან მოეძებნა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალის გამოყენების გამართლება (იხილეთ პარაგრაფები 15-17 და 30 ზემოთ). ასეთ გარემოებებში და ხელმისაწვდომი მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიება არ იქნებოდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი (იხილეთ Tanış and Others v. Turkey, N 65899/01, §§ 209-10 და 215, ECHR 2005–VIII წინასწარი შეხედულებების გავლენა საგამოძიებო ორგანოების ნაწილზე იმ სისხლის სამართლის გამოძიების კონტექსტში, რომელიც დაიწყო გაუჩინარების საქმეში, და ასევე, mutatis mutandis, Giuliani and Gaggio, ციტირებული ზემოთ, § 323).

134. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით განცალკევებული სისხლისსამართლებრივი მოკვლევის დაწყების შემდეგაც კი, რომელიც დაიწყო 2006 წლის 21 ივნისს, მომჩივნები სამართალწარმოებებში არ იყვნენ ჩართულები დაზარალებულების სტატუსით, და შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ ესარგებლათ ამ სტატუსთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საპროცესო უფლებით (მაგალითად, შეადარეთ Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia, N 21571/05, § 108, 1 ივნისი 2017, და Trufin v. Romania, N 3990/04, § 52, 20 ოქტომბერი 2009; და განსხვავებით Mustafa Tunç and Fecire Tunç, ციტირებული ზემოთ, §§ 213-215). ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ გარდაცვლილების უახლოესი ნათესავების - ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს ოჯახის წევრების ჩართულობა - და შესაბამისი გამოძიების საზოგადოების მიერ კონტროლი თითქმის არ არსებობდა (შეადარეთ, ასევე Hugh Jordan, ციტირებული ზემოთ, §§ 106-109). და ბოლოს, საქმის მასალების თანახმად, დღემდე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით 2006 წლის 21 ივნისს დაწყებულ გამოძიებას რაიმე შემაჯამებელი დასკვნა არ წარმოუდგენია. მსგავსი ხელისშემშლელი შეფერხება თავისთავად შეუთავსებელია კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებასთან გარდაცვალების საეჭვო შემთხვევებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით (იხილეთ, სხვებთა ერთად, Merkulova, ციტირებული ზემოთ, § 51; Şandru and Others v. Romania, N 22465/03, §§ 73 და 77-80, 8 დეკემბერი 2009; და Mojsiejew, ციტირებული ზემოთ, §§ 57-58).

135. ამრიგად, გამოძიების დაგვიანებული დაწყების, მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის არარსებობის, გარდაცვლილის ახლო ნათესავის არასაკმარისი ჩართულობის, ასევე, სამართალწარმოებების ხელისშემშლელი შეფერხებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ზემოაღნიშნული ელემენტების ერთობლივად შეფასების საფუძველზე (შესაბამისი მეთოდოლოგიისთვის, იხილეთ პარაგრაფი 131 in fine ზემოთ), არაეფექტიანი იყო. ამიტომ, მთავრობის არგუმენტი საჩივრების ნაადრევ ხასიათთან დაკავშირებით (იხილეთ პარაგრაფი 120 ზემოთ) უნდა იქნას უარყოფილი, და სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.

136. ამ დადგენილი ფაქტის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე რაიმე ცალკე საკითხი არ წარმოიშვება (იხილეთ, მაგალითად Nachova and Others v. Bulgaria [GC], NN 43577/98 და 43579/98, § 123, ECHR 2005‑VII; Trapeznikova and Others v. Russia, N 45115/09, § 43, 1 დეკემბერი 2016; და Jelić v. Croatia, N 57856/11, § 109, 12 ივნისი 2014).

2. კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის სავარაუდო დარღვევა

(ა) მომჩივნების არგუმენტები

137. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეს სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ 2006 წლის 27 მარტს ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დროს სასიკვდილო ძალის არაპროპორციული გამოყენების მტკიცებულების მოსაპოვებლად (მათ მიუთითეს საქმეზე Akkum and Others v. Turkey, N 21894/93, § 208, ECHR 2005‑II (ამონარიდები)). ამავდროულად, მათ განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო იმ ფაქტობრივ დასკვნებზე დაყრდნობა, რომლებიც გაკეთდა ბუნტის ექვსი ორგანიზატორის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების დრო, რადგან, მათი აზრით, საფუძველში არსებული სისხლის სამართლის გამოძიება იყო აშკარად ხარვეზიანი (ამასთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტებისთვის იხილეთ პარაგრაფები 122-124 ზემოთ). იმის საპირისპიროდ, რასაც ამტკიცებდა მთავრობა (იხილეთ პარაგრაფი 142 ქვემოთ), მომჩივნები საქართველოს სახალხო დამცველისა და „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე აცხადებდნენ, რომ ბუნტის ჩახშობის რაზმმა გასროლა მოახდინა არა მხოლოდ №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების №4 სარეჟიმო კორპუსში. დანაშაულის ჩადენის ადგილის დათვალიერების ოქმმა ეს ფაქტი დაადასტურა (იხილეთ პარაგრაფები 40-42 და 47-49 ზემოთ).

138. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით, მათი ოჯახის წევრები გახდნენ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წლის იანვარში არჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „სროლა განადგურების მიზნით“პოლიტიკის მსხვერპლნი. კერძოდ, თავის 2006 წლის 12 იანვრის საჯაროდ სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ციხეში მზადდებოდა ბუნტი კრიმინალური ავტორიტეტების მხარდასაჭერად“, თუმცა, მთავრობა აპირებდა „ამბოხებულების ჩაცხრილვას ... ტყვიების დაზოგვის გარეშე“. შემდგომ, 2006 წლის 11 მარტს, როცა პრეზიდენტი დაესწრო პოლიციის სხვა ოპერაციის დროს მოკლული სამი პოლიციელის დაკრძალვას, მან თქვა, რომ ის საჯაროდ „აძლევდა ბრძანებას პოლიციელებს, ჩაეხოცათ დამნაშავეები“ (პრეზიდენტის საჯარო განცხადებები წარედგინა სტრასბურგის სასამართლოს).

139. გარდა ამისა, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ქურდული სამყაროს წევრების ციხის საავადმყოფოდან №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფორმა განზრახ პროვოკაციული და დამამცირებელი იყო, და რომ სიტყვიერი ბრძანების გაცემა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ძალის გამოყენებით აღებაზე არ შეესაბამებოდა კონვენციის №2 მუხლს, და შეიარაღებული ინტერვენცია სათანადოდ არ იყო მომზადებული და მართული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მთავრობამ თვითონ არ იცოდა ბუნტის ჩახშობის რაზმის იმ წევრების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობდნენ თავდასხმაში, და რომ მათთვის მიცემული ინსტრუქციების შინაარსი და მკაფიოობის ხარისხი, თუ მსგავსი ინსტრუქციები საერთოდ არსებობდა, უცნობი დარჩა. რაც შეეხება ბუნტის ჩახშობის რაზმის მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ის იყო არასაკმარისი და არაზუსტი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ქაოტურად გამოყენების უფლებას იძლეოდა.

(ბ) მთავრობის არგუმენტები

140. მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, გაეთვალისწინებინა გავლენიანი მაფიის ბოსების მიერ მართული „ქურდული სამყაროს“ სოციალური ფენომენი, რომელიც საქართველოში ასევე ცნობილია „კანონიერი ქურდების“ სახელწოდებით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ქურუდული სამყაროს წევრების არაფორმალური უფლებამოსილება მნიშვნელოვნად სცილდებოდა ქურდულ სამყაროს, და ის ასევე, აბინძურებდა ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ ასპექტს. ამ გადაჭარბებულმა გავლენამ გამოიწვია, სხვებს შორის, ციხეების „კანონიერი ქურდების“ მიერ სრული კონტროლი. მუქარის, იძულებისა და ახალი წევრების დანიშვნის მეშვეობით, ქურდული სამყაროს წევრებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს სხვა პატიმრებზე და სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელებზე. მთავრობამ განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა რეალური ბრძოლა „კანონიერი ქურდების“ წესისა და მათი დამნაშავეობრივი სინდიკატების წინააღმდეგ, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 2003 წლის ნოემბრიდან დაიწყო საკანონმდებლო და სხვა ზომების მიღება, რომელთა მიზანი იყო კრიმინალური სამყაროს წევრების ძალაუფლების შესუსტება (მეტი დეტალი „ქურუდლი სამყაროს“ მოვლენისა და მოპასუხე სახელმწიფოს მიერ 2003 წლიდან მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ იხილეთ საქმეში Ashlarba v. Georgia, §§ 21-24 და 28-31). 2006 წლის 27 მარტს ციხის საავადმყოფოში დაწყებული ბუნტი, რომელიც მოედო №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ქვეყანაში არსებულ სხვა ციხეებს, არის იმის მკაფიო მაგალითი, თუ როგორ ახდენდნენ მაფიის ბოსები სახელმწიფოს ძალაუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას სასჯელაღსრულების სისტემაში. ამის გამო, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი, გადამწყვეტი ფორმით სამაგიეროს გადახდის გარდა.

141. რაც შეეხება მოცემული ორი საჩივრით წამოჭრილ საკითხებს, მთავრობამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ციხის თანამშრომლების მიერ ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების გამოძიებები იყო მიმდინარე, 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ფაქტი დადგინდა ბუნტის ექვსი ორგანიზატორის წინააღმდეგ უკვე შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ამრიგად, მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, გაეთვალისწინებინა ზემოთ პარაგრაფებში 60-75 აღნიშნული ფაქტები და დამატებით წარადგინეს შემდეგი განმარტებები. კონკრეტულად, მთავრობამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ დღეს, დილის 02.30 საათზე №5 სასჯელაღსრულების დაწესებულება გარსშემორტყმული იყო ბუნტის ჩახშობის რაზმის მიერ ციხიდან შესაძლო გაქცევის თავიდან ასაცილებლად. სიტუაციის კონტროლს დაქვემდებარების შესახებ ბრძანება მიეცა ბუნტის ჩახშობის ძალებს, რადგან სიმშვიდისკენ თავდაპირველმა მოწოდებებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო, და პატიმრებმა დაიწყეს საკნების კარების ჩამოღება და შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება, ხოლო მეზობელ №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი შენობის სახურავზეც კი ავიდა.

142. მთავრობამ განმარტა, რომ რადგან შესაბამისი ბრძანება სიტყვიერად გაიცა, მათ არ შეეძლოთ სასამართლოსთვის მისი ასლის წარდგენა. ამ ბრძანების საფუძველზე, ბუნტის ჩახშობის რაზმის დაახლოებითი ორმოცდაათი წევრი, ციხის თანამშრომლებისა და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის თანხლებით შევიდა შენობის №4 სარეჟიმო კორპუსში ღამის 2.40-დან 2.45-ს შორის პერიოდში. ცეცხლის გახსნის ბრძანება ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრებს მიეცა ბარიკადებს მიღმა მყოფი პატიმრების მხრიდან მომავალი ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად გამოწვეული ცეცხლით ციხის თანამშრომლებისთვის შექმნილი რეალური და გარდაუვალი საფრთხის გათვალისწინებით. თანამშრომლებმა დაიწყეს ავტომატებით სროლა, და დაკავებული პირები სწრაფად გაიფანტნენ და თავის საკნებში დაბრუნდნენ. ბუნტის ჩახშობის რაზმი №4 სარეჟიმო კორპუსიდან (რომელიც, ამგვარად, გაწმენდილი იყო) გაემართა №5 სარეჟიმო კორპუსისკენ, სადაც ცეცხლის გახსნის საჭიროება აღარ იყო, რადგან ამ უკანასკნელი სარეჟიმო კორპუსის პატიმრებს არ გაუწევიათ შეიარაღებული წინააღმდეგობა.

143. სასიკვდილო ძალის გამოყენებაზე არსებულ სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით, მთავრობამ სასამართლოს მიუთითა სისხლის სამართლის კოდექსის და იარაღის შესახებ კანონის შესაბამის დებულებებზე და მინისტრის №60 და №212 ბრძანებებზე (იხილეთ პარაგრაფები 93 და 96-101 ზემოთ). ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ კონკრეტული სამართლებრივი ტექსტების საფუძველზე ბუნტის ჩახშობის რაზმი უფლებამოსილი იყო გამკლავებოდა ისეთი კრიტიკულ სიტუაციებს, როგორიც იყო 2006 წლის 27 მარტის ციხის ბუნტი. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ბუნტის ჩახშობის რაზმის წევრები დატრენინგებული იყვნენ, რომ გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მიზნით და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოედქსის 28(2)-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. მთავრობამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა წინასწარ შედგენილი რაიმე გეგმა პატიმრების გასანადგურებლად და რომ ბუნტის ჩახშობის რაზმს არ მიუღია რაიმე ბრძანება ან წახალისება ზემდგომი პირებისგან, რომ საფუძვლის გარეშე ესროლათ პატიმრებისთვის. ამის საპირისპიროდ, მათ ჰქონდათ მკაფიო და წინასწარ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება ბუნტის ჩახშობის რაზმის მიერ იმართებოდა ბრძანებათა ჯაჭვით, ასე, რომ თვითნებური ქმედების არეალი იქნებოდა მინიმალური და შესაძლებელი იყო რაზმის თანამშრომლების ქცევის მორგება ადგილზე სიტუციის განვითარებასთან. მთავრობამ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ გამოყენებული ძალა არ იყო არაპროპორციული იმისა, რაც ნამდვილად მიიჩნეოდა უკიდურეს აუცილებლობად პატიმრების ბუნტის ჩასახშობად, დაახლოებით 4000 პატიმრის მასობრივი გაქცევის თავიდან ასაცილებლად და ციხის თანამშრომლებისა და ბუნტის ჩახშობის ძალების წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად (ამასთან დაკავშირებით, მან მიუთითა საქმეზე Huohvanainen v. Finland, №57389/00, §§ 97 და 98, 13 მარტი 2007).

(გ) სასამართლოს შეფასება

(i) ზოგადი პრინციპები

144. როგორც მე-2 მუხლის ფორმულირებაში არის მითითებული, უსაფრთხოების ძალების მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენება შეიძლება გარკვეულ გარემოებებში იყოს გამართლებული. თუმცა, მე-2 მუხლი მათ კარტ-ბლანშს არ ანიჭებს. სიტყვები „აბსოლუტურად აუცილებელი“ იმაზე მიუთითებს, რომ გამოყენებული ძალა, უნდა იყოს იმ მიზნების მკაცრად პროპორციული, რომლებიც აღნიშნულია მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (a), (b) და (c) ქვეპუნქტებში (იხილეთ სხვა წყაროებს შორის Finogenov and Others v. Russia, NN 18299/03 და 27311/03, § 210, ECHR 2011 (ამონარიდები), და Gül v. Turkey, N 22676/93, §§ 77 და 78, 14 დეკემბერი 2000). სახელმწიფო წარმომადგენლების დაურეგულირებელი და თვითნებური ქმედება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვასთან. ეს ნიშნავს, საპოლიციო ოპერაციები გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით ავტორიზებული, ასევე, საკმარისად უნდა იყოს დარეგულირებული მის მიერ, თვითნებობისა და ძალის ბოროტად გამოყენების ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიების სისტემის ჩარჩოს ფარგლებში, და თავიდან აცილებადი უბედური შემთხვევის წინააღმდეგაც კი (სხვა წყაროებთან ერთად, იხილეთ Nachova and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 96 და 97). უსაფრთხოების ძალების წევრები თავიანთი მოვალეობების შესრულებისას ვაკუუმში არ უნდა დარჩნენ, იქნება ეს მომზადებული ოპერაციის თუ იმ პირზე სპონტანური დევნის კონტექსტში, რომელიც საშიშად აღიქმება: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ჩარჩოთი უნდა განისაზღვროს ის შეზღუდული გარემოებები, რომლებშიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა შეიძლება გამოიყენონ ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი, ამ მხრივ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით (იხილეთ Makaratzis v. Greece [GC], N 50385/99, §§ 58 და 59, ECHR 2004‑XI, და Anık and Others v. Turkey, N 63758/00, § 54 ბოლოს, 5 ივნისი 2007). კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ სწავლება იმის შეფასებაში, არსებობს თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უკიდურესი აუცილებლობა, არა მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების საფუძველზე, არამედ ასევე ადამიანის სიცოცხლის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების დაცვის უპირატესობის სათანადოდ გათვალისწინებით (იხილეთ Nachova and Others, ციტირებული ზემოთ, § 97; იხილეთ ასევე საქმში McCann and Others v. the United Kingdom, 27 სექტემბერი 1995, §§ 211-214, სერია A no. 324, სასამართლოს მიერ „სროლა განადგურების მიზნით“ სამხედრო წვრთნის კრიტიკა).

145. როდესაც ხელისუფლების მიერ მსგავსი სახის ოპერაციების ფარგლებში ხდება სასიკვდილო ძალის გამოყენება, ხშირად ძნელია კონვენციით გათვალისწინებული სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებების განცალკევება მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებებისგან (იხილეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 208). ამ სახის საქმის განხილვისას, სასამართლომ, შეფასების პროცესში, ძალიან საგულდაგულოდ უნდა შეისწავლოს სიცოცხლის მოსპობის ფაქტები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გამოიყენება სასიკვდილო ძალა და გაითვალისწინოს არა მხოლოდ სახელმწიფოს იმ წარმომადგენლების ქმედებები, რომლებიც რეალურად ახდენდნენ ძალის ადმინისტრირებას, არამედ ასევე ყველა დაკავშირებული გარემოება, მათ შორის, ისეთი საკითხები, როგორებიცაა მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ჩარჩო და ქმედებების დაგეგმვა და კონტროლი (იხილეთ Musayev and Others v. Russia, NN 57941/00, 58699/00 და 60403/00, § 142, 26 ივლისი 2007, და Avşar v. Turkey, N 25657/94, § 391, ECHR 2001‑VII (ამონარიდები)). ეს გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა უკვე ჩატარდა ეროვნული სამართალწარმოებები და გამოძიებები (იხილეთ Bektaş and Özalp v. Turkey, N 10036/03, § 59, 20 აპრილი 2010). სასამართლო შეისწავლის, პოლიციის ოპერაცია დაიგეგმა და კონტროლდებოდა თუ არა ხელისუფლების მიერ, სასიკვდილო ძალის გამოყენებისა და ადამიანური დანაკარგის მაქსიმალურად შესამცირებლად, და მიღებულ იქნა თუ არა უსაფრთხოების ყველა შესაძლო წინასწარი ზომა უსაფრთხოების ოპერაციის საშუალებებისა და მეთოდების არჩევისას (იხილეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 208; Hugh Jordan, ციტირებული ზემოთ, §§ 102-104; და Ergi v. Turkey, 28 ივლისი 1998, § 79, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების 1998‑IV).

146. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები არ არის უპირობო: სიცოცხლისთვის ყველა სავარაუდო საფრთხე არ ავალდებულებს ხელისუფლებას მიიღოს კონკრეტული ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. კონკრეტული ზომების მიღების ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ იცოდა, ან უნდა სცოდნოდა სიცოცხლისთვის რეალური და იმწუთიერი საფრთხის არსებობა, და თუ ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული ხარისხის კონტროლი მდგომარეობაზე. რადგან მოპასუხე სახელმწიფოს მხოლოდ მოეთხოვება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ამ გარემოებებში არის „შესრულებადი“, პოზიტიური ვალდებულება იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ მან ხელისუფლებას არ დააკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც უკავშირდება თანამედროვე საზოგადოებებზე ზედამხედველობას, ადამიანის ქცევის არაპროგნოზირებადობას და ოპერატიულ არჩევანს, რომლებიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და რესურსების თვალსაზრისით (იხილეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 209, მასში არსებულ მითითებებთან ერთად). ამ კონტექსტში, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენება მე-2 (2) მუხლში მოცემული ერთ-ერთი მიზნის მიღწევის პროცესში, შეიძლება გამართლდეს ამ დებულებით იმ შემთხვევაში, როცა ის ემყარება კეთილსინდისიერ და ჭეშმარიტ რწმენას, რომ ძალის გამოყენება აუცილებელი იყო. ამ საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა განიხილოს, იყო თუ არა ეს რწმენა სუბიექტურად გონივრული, შესაბამის დროს კავშირის მქონე გარემოებების სრულად გათვალისწინებით. ეს რწმენა სუბიექტურად გონივრული რომ არ ყოფილიყო, სავარაუდოა, რომ სასამართლოს სირთულე შეექმნებოდა იმის აღიარებაში, რომ ის პატიოსნად და ნამდვილად ჩატარდა (see Armani Da Silva, ციტირებული ზემოთ, § 248; Chebab v. France, N 542/13, §§ 76 და 83, 23 მაისი 2019; და ასევე McCann and Others, ციტირებული ზემოთ, § 200).

(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

(α) სასამართლოს განხილვის მეთოდოლოგია

147. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იმის შესწავლისას, სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო თუ არა კანონიერი იმ შემთხვევაში, რომელშიც პირები, როგორც განსახილველ საქმეში, დაშავდნენ ან იმ გარემოებაში, რომელსაც ექსკლუზიურად ხელისუფლების ორგანოები აკონტროლებენ, მას ფაქტების დადგენის შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია. ამის შედეგად, და სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად, სასამართლო ამჯობინებს, როცა ეს შესაძლებელია, დაეყრდნოს ისეთი უფლებამოსილი ეროვნული ორგანოების დასკვნებს, როგორებიც არიან სასამართლოები ან ფაქტების დადგენის მიზნებისთვის შექმნილი საპარლამენტო ორგანო (იხილეთ, მაგალითად Perişan and Others v. Turkey, N 12336/03, § 75, 20 მაისი 2010, და Ceyhan Demir and Others v. Turkey, N 34491/97, § 95, 13 იანვარი 2005), თავის ზედამხედველობით ფუნქციაზე სრულად უარის თქმის გარეშე, იმ გაგებით, რომ მას შეუძლია ხელახლა შეაფასოს მტკიცებულებები (იხილეთ Kavaklıoğlu and Others v. Turkey, N 15397/02, § 168, 6 ოქტომბერი 2015). ეროვნული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებასა და ეროვნული სამართალწარმოებების ფარგლებში დადგენილ ფაქტებზე სასამართლოს დაყრდნობა, დიდწილად დამოკიდებული იქნება ეროვნულ საგამოძიებო პროცესის ხარისხზე, მის საფუძვლიანობასა და თანმიმდევრობაზე (იხილეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 238, დამატებითი მითითებებით).

148. თუმცა, მოცემულ საქმეში, ეროვნულ სასამართლოებს არ მიეცათ შესაბამისი ფაქტების დადგენის შესაძლებლობა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დროს ძალაუფლების სავარაუდო ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. არ მომხდარა არც საკითხის საპარლამენტო შესწავლა და ამასთან დაკავშირებით, სასამართლო წუხილს გამოთქვამს, რომ პარლამენტმა საჭიროდ არ ჩათვალა სპეციალური საგამოძიებო ორგანოს შექმნა მას შემდეგ, რაც ამ მასობრივმა ინციდენტმა ქვეყანა შეძრა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღება მიიქცია (იხილეთ „ამნესტი ინტერნეშენელის“ მიერ მომზადებული საინფრომაციო დოკუმენტი, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 112). ასეთ გარემოებებში, როცა სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, იცოდეს 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებები, იმ მიზეზების გამო, რომლებიც ობიექტურად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მიეწერებათ, მოპასუხე მთავრობამ დამაკმაყოფილებლად და დამაჯერებლად უნდა განმარტოს მოვლენების თანმიმდევრობა და წარმოადგინოს მყარი მტკიცებულებები, რომლებსაც შეუძლიათ გააბათილონ მომჩივნების ბრალდებები, და თუ მთავრობამ ამას ვერ შეძლებს, სასამართლოს შეუძლია გააკეთოს მტკიცე დასკვნები (იხილეთ Mansuroğlu v. Turkey, N 43443/98, § 80, 26 თებერვალი 2008, დამატებითი მითითებებით). რადგან საბოლოოდ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და გამოიტანოს დასკვნები მომჩივნების ბრალდებებთან დაკავშირებით (იხილეთ, მაგალითად El-Masri, ციტირებული ზემოთ, § 167), ის მოიხმობს ყველა ხელმისაწვდომ მასალას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს და ბუნტის ექვსი ორგანიზატორის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შედეგებს. შემდეგი პრინციპები, რომლებიც განვითარდა ევროპული სასამართლოს იმ ამოცანასთან დაკავშირებით, რომ დაადგინოს ფაქტები, რომლებზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, სასამართლოს დამატებით დახმარებას გაუწევს: ფაქტების დადგენა უნდა ემყარებოდეს მტკიცებულების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს; ეს მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანმიმდევრული დასკვნების ან ფაქტის უტყუარობის მსგავსი პრეზუმციების თანაარსებობიდან; და მტკიცებულების მოპოვების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხარეთა ქცევა. ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული დასკვნის გაკეთებისთვის სარწმუნოობის აუცილებელი დონე და ამასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთის გადანაწილება არსებითად დაკავშირებულია ფაქტების სპეციფიკურობასთან, ბრალდების ხასიათთან და რისკის ქვეშ არსებულ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებასთან (იხილეთ, მაგალითად Tagayeva and Others v. Russia, NN 26562/07 და 6 სხვები, § 586, 13 აპრილი 2017).

149. სახელმწიფოს მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენების შესაბამისი ზოგადი ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 144-146 ზემოთ), სასამართლო, პირველ რიგში, შეისწავლის, 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაცია იყო თუ არა თავსებადი კონვენციის მე-2-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე საფუძველთან. თუ ეს ასეა, იმ ვარაუდით, რომ ძალის გამოყენება გამართლებული იყო, სასამართლო, მეორე ნაბიჯის სახით, გულდასმით შეისწავლის საკითხს - განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული ძალა იყო თუ არა „აბსოლუტურად აუცილებელი“ იმავე დებულების მნიშვნელობის ფარგლებში (იმავე მეთოდოლოგიის გამოყენების მაგალითად იხილეთ Kavaklıoğlu and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 170-175 და 205-206, და Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 226, 227 და 237).

(β) იყო თუ არა სასიკვდილო ძალის გამოყენება ლეგიტიმური

150. სასამართლო იმეორებს, რომ ლეტალური ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ კონვენციის მე-2 (2) მუხლში ჩამოთვლილ ერთ-ერთი საფუძვლით, კერძოდ (a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან; (b) კანონიერი დაკავებისათვის ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად; ან (c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობას. ამგვარად, პირველი საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვას არის - ჰქონდა თუ არა 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციას ზემოაღნიშნული კანონიერი მიზნებიდან რომელიმე.

151. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქურდულ სამყაროსა და ციხის ხელმძღვანელებს შორის სავარაუდო განხეთქილებასთან დაკავშირებული მთავრობის შესაბამისი არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს მთავრობის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2006 წლის 27 მარტს ძალის გამოყენების, სულ მცირე, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო შესაბამისი ორგანოების „სამაგიეროს გადამწყვეტი ფორმით გადახდის“ სურვილი იმ კრიმინალური ჯგუფის წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც სცადეს სახელმწიფოს გამოწვევა (იხილეთ პარაგრაფი 140 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულმა ადამიანის უფლებათა დამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაცია იყო ციხის ბინადრების წინააღმდეგ მიმართული ძალის განზრახ დემონსტრირება. ისე რომ ითვალისწინებდა საქართველოში „ქურდული სამყაროს“ კრიმინალური ინსტიტუტის სოციალური დეგრადაციის მასშტაბსა და იმ სირთულეებს, რომლებსაც მოპასუხე სახელმწიფო შეხვდა ამ მავნე სოციალური მოვლენის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის ძალისხმევისას (იხილეთ Tsintsabadze v. Georgia, N 35403/06, §§ 61, 66-69 და 87-92 და Ashlarba, ასევე ციტირებული ზემოთ, §§ 21-24 და 36), სასამართლო მიიჩნევს, რომ სასიკვდილო ძალის გამოყენება მხოლოდ წმინდად სადამსჯელო, საპასუხო მიზნებისთვის, თუნდაც მათი სამიზნე იყვნენ ქურდული სამყაროს სავარაუდო წევრები, ვერ იქნება გამართლებული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული რომელიმე საფუძვლით. სხვაგვარად დადგენა იქნებოდა კონვენციის მე-2 მუხლის სულისკვეთების ძირის გამოთხრის ტოლფასი, რომელიც მკაცრ შეზღუდვებს აწესებს სახელმწიფოს მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენებაზე (შეადარეთ, მაგალითად Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 207).

152. რაც შეეხება მთავრობის მეორე არგუმენტს, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბინადრების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამართლებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმას, რომ არსებობდა საპატიმრო დაწესებულების მცველების სიცოცხლისთვის გარდაუვალი და რეალური საფრთხე იმ ცეცხლის შედეგად, რომელიც მოდიოდა ბარიკადებს მიღმა მყოფი ზოგიერთი ყველაზე აგრესიული პატიმრის მხრიდან, სასამართლო მას საკმარისად დამაჯერებლად მიიჩნევს. ფაქტების დადგენის გათვალისწინებით, ის ეთანხმება, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებიც აღმოჩნდნენ პატიმრების მხრიდან წამოსული საარტილერიო ცეცხლის პირისპირ, როცა ორი თანამშრომელი დაიჭრა, რა თქმა უნდა, შესაძლოა ჰქონოდათ სუბიექტური საპატიო მიზეზები იმის მისაჩნევად, რომ აუცილებელი იყო ძალის გამოყენება. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო, რომელიც სადავო მოვლენებისგან იყო მოწყვეტილი, ვერ შეცვლის საკუთარ შეფასებას იმ სამართლდამცავი ორგანოს თანამშრომლის შეფასებისათვის, რომელსაც, მოეთხოვებოდა იმწუთიერი რეაგირება, თავისი ან სხვათა სიცოცხლის რეალურად აღქმული საფრთხის ასარიდებლად (შეადარეთ Huohvanainen, ციტირებული ზემოთ, § 97). გარდა ამის, სასამართლოსთვის კარგად არის ცნობილი დაწესებულებაში ძალადობის შესაძლებლობის შესახებ და ძალადობრივი ქმედებების საფრთხე რომელიც სწრაფად იქცევა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ აქტიურ წინააღმდეგობად ან თუნდაც, აჯანყებად (იხილეთ Leyla Alp and Others v. Turkey, N 29675/02, § 84, 10 დეკემბერი 2013, და İsmail Altun v. Turkey, N 22932/02, § 73, 21 სექტეკბერი 2010). არსებული მტკიცებულების საფუძველზე, იმ პატიმრების ქცევამ, რომლებმაც ბარიკადები აღმართეს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აჩვენა ამბოხის მცდელობის გარკვეული ნიშნები (შედარეთ mutatis mutandis, Kavaklıoğlu and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 173-174). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე სახელმწიფოს, რომელიც აღმოჩნდა არამართლზომიერი ძალადობისა და ამბოხების საფრთხის წინაშე, შეიძლებოდა მიემართა იმ ზომებისთვის, რომლებიც მოიცავდა პოტენციურად სასიკვდილო ძალას, და რომ ეს შეიძლება თავსებადი ყოფილიყო კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (a) და (c) ქვეპუნქტებში მოცემულ მიზნებთან. გასარკვევი დარჩა, სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო თუ არა „აბსოლუტურად აუცილებელი“, განსაკუთრებით, გარდაცვლილი ან დაშავებული პირების რაოდენობის გათვალისწინებით.

(γ) იყო თუ არა სასიკვდილო ძალის გამოყენება პროპორციული

153. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ხანდახან შეიძლება „აბსოლუტური აუცილებლობის“ მკაცრი სტანდარტიდან გადახვევა, თუ ამ სტანდარტის გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მდგომარეობის გარკვეული ასპექტები სასამართლოს გამოკვლევის მიღმააა და შესაბამის ორგანოებს უნდა ემოქმედათ უკიდურესად შეზღუდული დროის ფარგლებში და მათ მიერ მდგომარეობის კონტროლი იყო მინიმალური (იხილეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 211). თუმცა, მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან უნდა განაგრძოს ძალიან მკაცრი დეტალური შესწავლის ზემოაღნიშნული ზუსტი სტანდარტის გამოყენება, რადგან თავად მთავრობამ აღიარა, რომ ხელისუფლების ორგანოებისთვის 2006 წლის 27 მარტის ინციდენტამდე კარგად ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ ქურდული სამყაროს წევრები გეგმავდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაუმორჩილებლობას. სასამართლო შეშფოთებულია იმით, რომ საფრთხის ზემოაღნიშნული პროგნოზირებადობის მიუხედავად, ბუნტის ჩახშობის სპეცრაზმის წევრებმა თავიანთი ზემდგომი პირებისგან არ მიიღეს კონკრეტული მითითებები და ბრძანებები სასიკვდილო ძალის გამოყენების აუცილებელ ფორმასთან და ინტენსივობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირებულიყო მსხვერპლი (იხილეთ İsmail Altun, ციტირებული ზემოთ, § 75, და Ceyhan Demir and Others, ციტირებული ზემოთ, § 98). ციხის ვიწრო კედლებში ავტომატური იარაღების გამოყენება აუცილებლად ნიშნავდა იმას, რომ სასიკვდილო შემთხვევების საფრთხე მეტისმეტად მაღალი იქნებოდა, იმის გამო, რომ ეს იარაღები გამოიყენებოდა პატიმრებისგან ახლო მანძილზე. მთავრობამ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის საჩვენებლად, რომ ბუნტის ჩახშობის რაზმი მოქმედებდა კონტროლის ქვეშ და სისტემატურად, ბრძანებათა მკაფიო ჯაჭვის მიხედვით. „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ ადგილზე შეგროვებული მტკიცებულების მიხედვით (იხილეთ პარაგრაფი 110 ზემოთ), რომლის დასკვნებიც მთავრობას სადავდო არ გაუხდია, უფლებამოსილმა ორგანოებმა ზუსტად არც კი იცოდნენ, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციაზე:

„ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ შეგროვებული ინფორმაცია კითხვებს ბადებს ოპერაციის რეალურ გეგმასთან დაკავშირებით. ციხის უფროსმა, [გ.][ფ.]-მ „ჰუმან რაითს ვოჩს“ უთხრა: „რასაკვირველია, არსებობს წესი და ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ სხვადასხვა სიტუაციაში. გარდა ამისა, შენ უბრალოდ წყვეტ, თუ როგორ მოიქცე მოვლენების განვითარებისას. ” დირექტორის მოადგილემ ს[.]ო[.]-მ დასძინა: ”ეს ჰგავს როდესაც საპირფარეშოში გინდათ წასვლა - უბრალოდ ფიქრობთ, როგორ გააკეთოთ ეს, და მოქმედებთ“. თუმცა, ცხადია, რომ ოპერაცია იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა ძალებმა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ძალებმა განახორციელეს, „ჰუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოკითხული ადამიანების უმრავლესობამ ვერ დაასახელა, თუ ვინ იყო ოპერაციაზე პასუხისმგებელი. საპატიმრო დაწესებულების დირექტორმა [გ.][ფ.]-მ, რომელიც თავად მონაწილეობდა ოპერაციაში, აღნიშნა: „მე არ ვიცი, ვინ იყო პასუხისმგებელი ოპერაციაზე; არ ვიცი, ვინ აკონტროლებდა სპეციალური დანიშნულების რაზმებს. სპეციალური დანიშნულების რაზმის ყველა წევრს აქვს ერთნაირი ფორმის ტანსაცმელი და ნიღაბი. ვერ ვიტყვი, ისინი საიდან იყვნენ“.

154. სასამართლო მიიჩნევს, ის, რომ უფლებამოსილ ორგანოებს არც უფიქრიათ №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინციდენტის ჩახშობის ალტერნატიული, ნაკლებად ძალადობრივი საშუალებების, მაგალითად, ცრემლსადენი გაზის ან წყალსატყორცნის გამოყენებაზე, აშკარად იყო 2006 წლის 27 მარტს ბუნტის ჩახშობის ოპერაციასთან დაკავშირებით რაიმე სტრატეგიული დაგეგმვის არარსებობის შედეგი. უფრო მეტიც, როგორც „ამნესტი ინტერნეშენელ“ (იხილეთ პარაგრაფი 112 ზემოთ) და „ჰუმან რაითს ვოჩი“ აცხადებდნენ (იხილეთ პარაგრაფი 110 ზემოთ), რომელთა მიერ დადგენილი ფაქტებიც შემდეგ მოპასუხე მთავრობას არ გაუხდია სადავო, ცეცხლი პატიმრების მიმართულებით მიდიოდა არა მხოლოდ ბუნტის ჩახშობის რაზმის მხრიდან შენობის შიგნით, არამედ ასევე გარეთ, მეზობელი შენობების სახურავებზე განლაგებული მსროლელების მხრიდანაც, და ბრმა ტყვიები ციხის საკნებში ფანჯრებიდან აღწევდნენ. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ბუნტის ჩახშობის რაზმის მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო განურჩეველი და გადაჭარბებული. ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ შეუძლია აშკარად მიუთითოს წევრი სახელმწიფოების მიერ ამ სახის კრიტიკული მდგომარეობის გამკლავებასთან დაკავშირებით საუკეთესო პოლიტიკაზე, ან განსაზღვროს რაიმე მკაცრი წესები ამ სფეროში, სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ როგორც „ჰუმან რაითს ვოჩი“ იტყობინება, არ ყოფილა ბარიკადებს მიღმა მყოფ პატიმრებთან მოლაპარაკებების წარმოების რაიმე მნიშვნელოვანი მცდელობა. მაშინ, როდესაც პატიმრებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ ისინი მზად იყვნენ, ეწარმოებინათ ასეთი მოლაპარაკებები (იხილეთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ე.თ.-ს და სახალხო დამცველის, ს.ს.-ს განცხადებები, როგორც ამას იტყობინება „ჰუმან რაითს ვოჩი“, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 110), სამართალდამცავ ორგანოებს არ განუხილავთ კრიზისის მოლაპარაკებების მეშვეობით მოგვარების შესაძლებლობა და მათ მიმართეს ლეტალურ ძალას (შეადარეთ Kavaklıoğlu and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 202‑204; İsmail Altun, ციტირებული ზემოთ, § 73 in fine; და ასევე Andronicou and Constantinou v. Cyprus, 9 ოქტომბერი 1997, § 184, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1997‑VI). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო, მართალია ადასტურებს, რომ მის კომპეტენციას სცილდება იმ საკითხით სპეკულირება, ყოველთვის აუცილებელი არის თუ არა ექსტრემისტებთან მოლაპარაკება (იხილეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 223), ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ თავისი ბუნებით, პატიმრები წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაცვას საჭიროებს (იხილეთ, მაგალითად, Avşar, ციტირებული ზემოთ, § 391).

155. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, როცა ბუნტის ჩახშობის ძალებმა მოახერხეს ბარიკადების დაშლა და პატიმრების წინააღმდეგობის ჩახშობა. საქმის მასალაში არსებული ინფორმაციის, მათ შორის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშების მიხედვით, ხელისუფლებამ ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დასრულების შემდეგ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაუწია №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბინადრებს (შეადარეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 237). „ჰუმან რაითს ვოჩმა“ დეტალურად ასახა დაჭრილებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების აშკარად არასაკმარისი ხასიათი (იხილეთ პარაგრაფი 110 ზემოთ). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რადგან ბუნტის ჩახშობის ოპერაცია სპონტანურად არ დაწყებულა, ხელისუფლებას ციხეზე შტურმის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე უნდა მიეღო შესაბამისი ზომები დაჭრილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. რადგან საფრთხე პროგნოზირებადი იყო, კიდევ უფრო დიდი იყო შესაბამისი ორგანოების ვალდებულება, შეედგინათ სათანადო სამედიცინო ევაკუაციის გეგმა (იხილეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 243). სასამართლო დამატებით შეშფოთებით აღნიშნავს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა არა მხოლოდ ვერ მოახერხეს სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დასრულების შემდეგ, არამედ არსებობდა სანდო ანგარიშები, დასაბუთებული როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, რომ არაერთ დაკავებულ პირს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არასათანადოდ ეპყრობოდნენ და მათ საკნებში ესროდნენ კიდეც, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ისინი წინააღმდეგობის გაწევას აღარ აგრძელებდნენ (იხილეთ პარაგრაფები 108, 110 და 112 ზემოთ). მოპასუხე მთავრობას ეს სანდო ანგარიშები არ გაუხდია სადავო. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააკეთოს დასკვნები იმ ფაქტების მიღებით, რომ დაკავებული პირების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობა და ძალის არაპროპორციული გამოყენება გრძელდებოდა ბუნტის ჩახშობის ოპერაციის შეწყვეტის შემდეგაც კი.

156. და ბოლოს, არც უფლებამოსილ ეროვნული ორგანოებს და არც მოპასუხე მთავრობას არ წარუდგენია ინფორმაცია მომჩივნების ოჯახის წევრების - ზ.კ.-სა და ა.ბ-ს ინდივიდუალურ ბედთან დაკავშირებით, რომლებიც ამ ოპერაციის დროს გარდაიცვალნენ. იმ მოპყრობის გათვალისწინებით, რომელსაც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაკავებული პირები დაუქვემდებარეს ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დასრულების შემდეგ, რაც მოიცავს დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაუწევლობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გარდაცვალების თითოეული შემთხვევის აღურიცხაობა, წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე ხარვეზს, და ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეროვნული გამოძიება იყო მნიშვნელოვნად ხარვეზიანი (შეადარეთ, მაგალითად İsmail Altun, ციტირებული ზემოთ, §§ 77 და 78).

(δ) დასკვნა

157. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი შემთხვევის მსგავს სიტუაციაში გარკვეული საწინააღმდეგო ღონისძიებები შესაძლოა იყოს გარდაუვალი. ის ასევე აღიარებს უსაფრთხოების ოპერაციის გარკვეული ასპექტების საიდუმლოდ დატოვების საჭიროებას (იხილეთ Finogenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 266). თუმცა, განსახილველი შემთხვევის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლოს არ შეუძლია არ დაასკვნას, რომ მომჩივნების ოჯახის წევრები, ზ.კ. და ა.ბ. გარდაიცვალნენ იმ სასიკვდილო ძალის შედეგად, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა კონვენციის მე-2(2) მუხლის (a) და (c) პუნქტების მიხედვით, არ იყო „აბსოლუტურად აუცილებელი“ ამ დებულების მნიშვნელობით. ეს დასკვნა ემყარება იმ ფაქტს, რომ 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაცია არ ჩატარებულა კონტროლით და სისტემურად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს არ მიუღიათ ის მკაფიო ბრძანებები და მითითებები, რომელთა მიზანი იყო მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირება. ხელისუფლებას არ განუხილავს უსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირების ნაკლებად ძალადობრივი საშუალების გამოყენება, მათ შორის, პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობა. ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დროს სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო დაურეგულირებელი და გადაჭარბებული და ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა დაშავებულებს ვერ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. მათ ასევე ვერ აღწერეს ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს გარდაცვალების ინდივიდუალური გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ 2006 წლის 27 მარტის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის შედეგად დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილი.

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

158. კონვენციის 41-ე მუხლში მოცემულია:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.

A. ზიანი

159. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, პირველმა და მეორე მომჩივნებმა ერთობლივად მოითხოვეს 102 000 ლარი (GEL - დაახლოებით 42 500 ევრო(ევრო)), ხოლო მესამე მომჩივანმა მოითხოვა 13 000 ლარი (დაახლოებით 5 416 ევრო). ეს მოთხოვნები ემყარებოდა იმ მტკიცებას, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრები, ზ.კ. და ა.ბ. იყვნენ ერთადერთი მარჩენალები მათ ოჯახებში და რომ მოთხოვნილი თანხები ასახავდა იმ ოდენობას, რომელიც მათ შეიძლება გამოემუშავებინათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2006 წლის 27 მარტის შემდეგ იცოცხლებდნენ. რადგან სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებამდე და დაპატიპრებამდე, მათი გარდაცვლილი ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო ანაზღაურებით დასაქმებული, გარდა წვრილმანი სამუშაოს ქონისა, მომჩივნებმა თავისი მოთხოვნები დაამყარეს 2008 წლის ოფიციალურ საარსებო მინიმუმს (1038 ლარი - დაახლოებით 432 ევრო), რომელიც გამრავლებულ იქნა იმ წლების რაოდენობაზე, რამდენსაც თითოეული მომჩივანი იცოცხლებდა საქართველოში ქალის სიცოხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლის მიღწევამდე (სამოცდათვრამეტ-ნახევარი წელი).

160. თითოეულმა მომჩივანმა ასევე მოითხოვა 75 000 ლარი (დაახლოებით 32 000 ევრო) მორალური ზიანისთვის.

161. მთავრობამ განაცხადა, რომ ეს მოთხოვნები იყო ან დაუსაბუთებელი, ან გადაჭარბებული.

162. სასამართლომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო მიზეზობრივი კავშირი მომჩივნის მიერ განცხადებულ ზიანსა და კონვენციის დარღვევას შორის, და რომ ეს, შესაბამის შემთხვევაში, შეიძლება მოიცავდეს მიუღებელი შემოსავლის კომპენსაციასაც (სხვა წყაროებს შორის, იხილეთ Imakayeva v. Russia, N 7615/02, § 213, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები), და Çakıcı v. Turkey [GC], N 23657/94, § 127, ECHR 1999‑IV). თუმცა, განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ადგენს მკაფიო მიზეზობრივ კავშირს მომჩივნების სავარაუდო მატერიალურ დანაკარგსა და მათი ოჯახის წევრების გარდაცვალებას შორის. ამგვარად, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ დაპატიმრებამდე არც ზ.კ. და არც ა.ბ. დასაქმებულები არ იყვნენ (შეადარეთ Çakıcı, ციტირებული ზემოთ, § 127). მეორე, მომჩივნების მიერ წარდგენილი მცირე რაოდენობის დოკუმენტებიდან გარკვევით ვერ დგინდება, რომ ისინი ფინანსურად დამოკიდებული იყვნენ მხოლოდ გარდაცვლილ ოჯახის წევრებზე (შეადარეთ, მაგალითად Gakiyev and Gakiyeva v. Russia, N 3179/05, §§ 171-73, 23 აპრილი 2009; Albekov and Others v. Russia, N 68216/01, §§ 125-127, 9 ოქტომბერი 2008; და İkincisoy v. Turkey, N 26144/95, § 137, 27 ივლისი 2004).

163. მეორე მხრივ, სასამართლო ეთანხმება იმ ფაქტს, რომ მომჩივნებს მიადგათ მორალური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია მხოლოდ დარღვევის დადგენით. ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიანიჭოს პირველ და მეორე მომჩივნებს ერთობლივად 40 000 ევრო და მესამე მომჩივანს 32 000 ევრო.

B. სასამართლო ხარჯები

164. პირველმა და მეორე მომჩივნებმა მოითხოვეს 18 960 ლარი (დაახლოებითი 7 900 ევრო) და მესამე მომჩივანმა მოითხოვა 13 329 ლარი (დაახლოებითი 5 553 ევრო) სასამართლოში გაწეული ხარჯებისათვის. ზემოაღნიშნული მოთხოვნების გასამყარებლად მათ წარმოადგინეს იურიდიული მომსახურებების შესახებ ხელშეკრულებების ასლები (დათარიღებული 2007 წლის 12 აპრილით და 20 ნოემბრით, და 2007 წლის 1-ლი მაისით და 9 აგვისტოთი), რომელთა მიხედვითაც, სასამართლოში სამართალწარმოების დასრულებისას, პირველ და მეორე მომჩივნებს თავისი წარმომადგენლისთვის ერთობლივად უნდა გადაეხადათ 12 940 ლარი (დაახლოებითი 5 400 ევრო) და მესამე მომჩივანს უნდა გადაეხადა 8 300 ლარი (დაახლოებით 3 400 ევრო). ამ ხელშეკრულებებს დამატებით თან ახლდა ანგარიშფაქტურები, რომლებიც შეიცავდა მოთხოვნილ ორ თანხას - საქმეზე დახარჯული საათების რაოდენობა, ადვოკატის საათობრივი მომსახურების ტარიფი, გაწეული იურიდიული მომსახურებების ზუსტი სახეობა და ის თარიღები, როცა ეს მომსახურებები იქნა გაწეული.

165. იმ თანხებზე მითითებით, რომლებიც არ შეესაბამებოდა იურიდიული მომსახურებების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ თანხებს, მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და უნდა ყოფილიყო უარყოფილი.

166. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის საფასური ითვლება ფაქტობრივად გაწეულ ხარჯად, თუ მომჩივანმა გაიღო ეს ხარჯები, ან ვალდებულია, გაიღოს ისინი. შესაბამისად, იმ წარმომადგენლის საფასური, რომელიც უფასოდ მოქმედებდა, არ ითვლება რეალურად გაწეულ ხარჯად. საწინააღმდეგო შემთხვევასთან გვაქვს საქმე იმ წარმომადგენლის საფასურთან მიმართებით, რომელმაც, მისი უარყოფის გარეშე, უბრალოდ არ გადადგა ნაბიჯები, რათა გადაეხადა იგი ან მოახდინა მისი გადავადება. წარმომადგენლისთვის გადახდილი საფასური, პირობითი ჰონორარის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ფაქტობრივად გადახდილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეთანხმება აღსრულებადია შესაბამის იურისდიქციაში (იხილეთ Merabishvili v. Georgia [GC], N 72508/13, § 371, 28 ნოემბერი 2017). ამის გარდა, სასამართლო არ არის შებოჭილი სამართლებრივ ხარჯებთან დაკავშირებული ეროვნული მასშტაბებითა და პრაქტიკით, შესაბამისად, ის თავისუფალია, არ დაადასტუროს შიდასახელმწიფოებრივი ადვოკატების ის საათობრივი განაკვეთები, რომლებიც ჩანს, რომ გადაჭარბებულია (იხილეთ Assanidze v. Georgia [GC], N 71503/01, § 206, ECHR 2004-II).

167. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა და მის ხელთ არსებული ფინანსური დოკუმენტების, კონკრეტულად, შესაბამისი იურიდიული მომსახურებების შესახებ ხელშეკრულებების გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფი 165 ზემოთ), სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიაკუთვნოს მომჩივნებს ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები. ამგვარად, პირველ და მეორე მომჩივნებს ერთობლივად უნდა მიეკუთვნოთ 5 400 ევრო და მესამე მომჩივანს უნდა მიეკუთვნოს 3 400 ევრო, სასამართლოში მათი სამართლებრივ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით.

C. საურავი

168. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

ამ მოტივით, სასამართლო ერთხმად,

1. იღებს გადაწყვეტილებას საჩივრების გაერთიანების შესახებ;

2. უერთებს მთავრობის შეპასუხებას საჩივრების ნაადრევ ხასიათთან დაკავშირებით საქმის არსებით მხარეს და

 აცხადებს საჩივრებს მისაღებად.

3. ადგენს, რომ უარყოფილ უნდა იქნას მთავრობის ზემოაღნიშნული შეპასუხება, და რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის როგორც პროცედურული, ისე არსებითი ასპექტის დარღვევას;

4. ადგენს, რომ არ არსებობს საჩივრის კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე განხილვის საჭიროება;

5. ადგენს:

(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით, მომჩივნებს გადაუხადოს თანხა შემდეგი ოდენობით:

(i) 40 000 ევრო (ორმოცი ათასი ევრო) პირველ და მეორე მომჩივნებს ერთობლივად, ხოლო 32 000 ევრო (ოცდათორმეტი ათასი ევრო) მესამე მომჩივანს მორალური ზიანისთვის და ნებისმიერი ის გადასახადი, რომელიც შესაძლოა მათ დაეკისროთ;

(ii) 5 400 ევრო (ხუთი ათას ოთხასი ევრო), პირველ და მეორე მომჩივნებს ერთობლივად, ხოლო მესამე მომჩივანს – 3 400 ევრო (სამი ათას ოთხასი ევრო) სასამართლო ხარჯებისთვის და ნებისმიერი ის გადასახადი, რომელიც შესაძლოა მათ დაეკისროთ;

ბ) რომ, ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.

6. უარყოფს მომჩივნების პრეტენზიებს სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2020 წლის 2 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

კლაუდია ვესტერდიკი                                                  სიოფრა ო’ლირი
განმწესრიგებელი                                                             თავმჯდომარე