სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია

სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
დოკუმენტის ნომერი CIS-2-93-01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 11/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016620
CIS-2-93-01
22/01/1993
ვებგვერდი, 19/10/2020
480610000.03.030.016620
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

 კონვენცია

სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოები, წინამდებარე კონვენციის მონაწილენი, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,

გამომდინარე მისწრაფებიდან, უზრუნველყონ ხელშემკვრელ მხარეთა მოქალაქეებისათვის და მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის ყველა ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში პირად და ქონებრივ უფლებებთან მიმართებით ისეთივე სამართლებრივი დაცვა, როგორიც ენიჭებათ საკუთარ მოქალაქეებს,

ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების იუსტიციის დაწესებულებათა მიერ სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის დარგში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


თავი I. ზოგადი დებულებები

 

ნაწილი I. სამართლებრივი დაცვა

 

მუხლი 1

სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე, თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა სახის დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები (შემდგომში – იუსტიციის დაწესებულებები), შეუძლიათ გამოვიდნენ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.

3. წინამდებარე კონვენციის დებულებები აგრეთვე გამოიყენება იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შეიქმნა ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 2

საბაჟო გადასახადებისა და ხარჯების ანაზღაურებისაგან გათავისუფლება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები და მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები თავისუფლდებიან სასამართლო და ნოტარიალური ბაჟისა და ხარჯების გადახდისა და ანაზღაურებისგან, ასევე სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარებით იმავე პირობებით, როგორც საკუთარი მოქალაქეები.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება ყველა პროცესუალურ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება მოცემულ საქმეზე, გადაწყვეტილების აღსრულების ჩათვლით.

 

მუხლი 3

დოკუმენტის წარდგენა საოჯახო და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ

1. მე-2 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები მიენიჭება იმ პირის საოჯახო და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც აღძრავს შუამდგომლობას. ამ დოკუმენტს გასცემს ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელის ტერიტორიაზეც განმცხადებელს გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი.

2. თუ განმცხადებელს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, საკმარისია დოკუმენტის წარდგენა, რომელიც გასცა იმ ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს.

3. დაწესებულებას, რომელსაც შუამდგომლობაზე შეღავათების მინიჭების შესახებ გამოაქვს გადაწყვეტილება, შეუძლია დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას მოსთხოვოს დამატებითი მონაცემები ან საჭირო განმარტებები.

 

ნაწილი II. სამართლებრივი დახმარება

 

მუხლი 4

სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა

1. ხელშემკვრელ მხარეთა იუსტიციის დაწესებულებები,  სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე, სამართლებრივ დახმარებას  აღმოუჩენენ წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

2. იუსტიციის დაწესებულებები, წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმეებზე, სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ ასევე სხვა დაწესებულებებსაც.

 

მუხლი 5

ურთიერთობის წესი

წინამდებარე კონვენციის აღსრულებისას, ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური იუსტიციის დაწესებულებები ერთმანეთს უკავშირდებიან თავიანთი ცენტრალური ორგანოების მეშვეობით, თუკი წინამდებარე კონვენცია ურთიერთობის სხვაგვარ წესს არ ადგენს.

 

მუხლი 6

სამართლებრივი დახმარების ოდენობა

ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სამართლებრივ დახმარებას პროცესუალური და სხვა ქმედებების შესრულების გზით, რომელთაც ითვალისწინებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, კერძოდ: დოკუმენტების შედგენა და გადაგზავნა, ჩხრეკის ჩატარება, ამოღებები, ნივთმტკიცებების გადაგზავნა და გაცემა, ექსპერტიზის, მხარეთა, მოწმეების, ბრალდებულთა, ექსპერტების დაკითხვა, სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა, დანაშაულის ჩამდენი პირების ძებნა და გადაცემა, სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარება და აღსრულება სამოქალაქო საქმეებზე, განაჩენებისა და სამოქალაქო-სასარჩელო, სააღსრულებო წარწერების ნაწილით, ასევე დოკუმენტების გადაცემის გზით.

 

მუხლი 7

სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დავალების შინაარსი და ფორმა

1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დავალებაში მითითებული უნდა ყოს:

ა) თხოვნის მიმღები დაწესებულების დასახელება;

ბ) თხოვნის გამგზავნი დაწესებულების დასახელება;

გ) საქმის დასახელება, რომლის მიხედვითაც გამოითხოვება სამართლებრივი დახმარება;

დ) მხარეების, მოწმეთა, ეჭვმიტანილების, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა ან დაზარალებულთა სახელები და გვარები, მათი საცხოვრებელი ადგილი და ადგილსამყოფელი, მოქალაქეობა, საქმიანობა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებზე ასევე დაბადების ადგილი და თარიღი და შეძლებისდაგვარად, მშობელთა სახელები და გვარები; იურიდიულ პირთათვის - მათი დასახელება და ადგილსამყოფელი;

ე) „დ“ პუნქტში ხსენებულ პირთა წარმომადგენლების არსებობისას მათი სახელები, გვარები და მისამართები;

ვ) დავალების შინაარსი, ასევე მის შესასრულებლად აუცილებელი სხვა ცნობები;

ზ) სისხლის სამართლის საქმეებზე ასევე ჩადენილი ქმედების აღწერა და კვალიფიკაცია და მონაცემები ზარალის ოდენობის შესახებ, თუ იგი ქმედების შედეგად იქნა მიყენებული.

2. დოკუმენტის გადაცემის შესახებ დავალებაში ასევე მითითებული უნდა იყოს მიმღების ზუსტი მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის დასახელება.

3. დავალებას ხელი ეწერება და მოწმდება თხოვნის გამგზავნი დაწესებულების გერბიანი ბეჭდით.

 

მუხლი 8

შესრულების წესი

1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დავალების შესრულებისას, თხოვნის მიმღები დაწესებულება სარგებლობს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობით. თხოვნის დაწესებულების თხოვნით, მან შეიძლება ასევე გამოიყენოს თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის პროცესუალური ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან თხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობას.

2. თუ თხოვნის მიმღები დაწესებულება არ არის კომპეტენტური შეასრულოს დავალება, იგი გადაუგზავნის მას კომპეტენტურ დაწესებულებას და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს გამგზავნ დაწესებულებას.

3. თხოვნის გამგზავნი დაწესებულების თხოვნით, თხოვნის მიმღები დაწესებულება დროულად აცნობებს მას და დაინტერესებულ მხარეებს დავალების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ, რათა მათ შეძლონ დასწრება დავალების შესრულების თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში, თუ დავალებაში მითითებული პირის ზუსტი მისამართი უცნობია, თხოვნის მიმღები დაწესებულება, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იგი იმყოფება, მისამართის დასადგენად მიიღებს საჭირო ზომებს.

5. დავალების შესრულების შემდგომ, თხოვნის მიმღები დაწესებულება დოკუმენტებს დაუბრუნებს თხოვნის გამგზავნ მხარეს; იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, იგი ამავდროულად ატყობინებს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან დავალების შესრულებას, და დოკუმენტებს უბრუნებს თხოვნის გამგზავნ დაწესებულებას.

 

მუხლი 9

მოწმეების, დაზარალებულთა, სამოქალაქო მოსარჩელეთა, სამოქალაქო მოპასუხეების, მათი წარმომადგენლებისა და ექსპერტების გამოძახება

1. მოწმე, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, ასევე ექსპერტი, რომელიც თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის გამოძახებით გამოცხადდება თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებაში, საზღვრის გადაკვეთამდე ჩადენილი დანაშაულისთვის, მისი მოქალაქეობისდა მიუხედავად, არ შეიძლება მიეცეს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, დაპატიმრდეს და დაექვემდებაროს სასჯელს მის ტერიტორიაზე. ამგვარი პირები აგრეთვე არ შეიძლება პასუხისგებაში მიეცნენ, დაპატიმრდნენ და დაექვემდებარონ სასჯელს მათ ჩვენებებთან ან საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის საქმეს და განეკუთვნება არსებითი განხილვის საგანს.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ხსენებული პირები კარგავენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიას, თუ ისინი არ დატოვებენ თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას, თუმცა მათ გააჩნიათ საამისო შესაძლებლობა იმ დღიდან 15 დღე-ღამის ვადის ამოწურვამდე, როდესაც მათი დამკითხავი იუსტიციის დაწესებულება მათ აცნობებს, რომ მათი შემდგომი დასწრება არ არის აუცილებელი. აღნიშნულ ვადაში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც ამ პირებს თავიანთი მიზეზით არ შეეძლოთ დაეტოვებინათ თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია.

3. მოწმეს, ექსპერტს, ასევე დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს, თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარე აუნაზღაურებს თხოვნის გამგზავნ სახელმწიფოში ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ისევე როგორც სამუშაოდან მოწყვეტის დღეებში მიუღებელ ანაზღაურებას; ექსპერტს აგრეთვე აქვს უფლება მიიღოს ანაზღაურება ექსპერტიზის ჩატარებისათვის. გამოძახებაში მითითებული უნდა იყოს, რა სახის ანაზღაურება შეიძლება მიიღონ გამოძახებულმა პირებმა; მათი შუამდგომლობით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულება შესაბამისი ხარჯების დასაფარად გადაიხდის ავანსს.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმის ან ექსპერტის მეორე მხარის იუსტიციის დაწესებულებაში გამოძახება არ უნდა შეიცავდეს გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძულების საშუალებათა გამოყენების მუქარას.

 

მუხლი 10

დოკუმენტის გადაცემის შესახებ დავალება

1. თხოვნის მიმღები იუსტიციის დაწესებულება დოუმენტების გადაცემას ახორციელებს მის სახელმწიფოში მოქმედი წესის შესაბამისად, თუ გადასაცემი დოკუმენტები შედგენილია მის ენაზე ან რუსულ ენაზე, ან აღჭურვილია აღნიშნულ ენებზე დამოწმებული თარგმანით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დოკუმენტებს გადასცემს მიმღებს, თუ იგი თანახმაა მათ ნებაყოფლობით მიღებაზე.

2. თუ დოკუმენტების გადაცემა შეუძლებელია დავალებაში მითითებულ მისამართზე, თხოვნის მიმღები იუსტიციის დაწესებულება, საკუთარი ინიციატივით მიიღებს მისამართის დასადგენად აუცილებელ ზომებს. თუ მისამართის დადგენა თხოვნის მიმღები იუსტიციის დაწესებულების მხრიდან შეუძლებელია, იგი აღნიშნულის შესახებ შეატყობინებს თხოვნის გამგზავნ დაწესებულებას და დაუბრუნებს მას გადასაცემ დოკუმენტებს.

 

მუხლი 11

დოკუმენტების გადაცემის დადასტურება

დოკუმენტების გადაცემა მოწმდება იმ პირის მიერ ხელმოწერილი დადასტურებით, ვისაც გადაეცემა დოკუმენტი და თხოვნის მიმღები დაწესებულების ოფიციალური ბეჭდით დამოწმებული,გადაცემის თარიღის და დოკუმენტის გადამცემი დაწესებულების მუშაკის ხელმოწერის შემცველი დოკუმენტით ან ამ დაწესებულების მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით, სადაც მითითებული უნდა იყოს გადაცემის ხერხი, ადგილი და დრო.

 

მუხლი 12

დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა უფლებამოსილებანი

1. ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ უფლება საკუთარ მოქალაქეებს დოკუმენტები გადასცენ თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით.

2. ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ უფლება თავიანთი კომპეტენტური ორგანოების დავალებით თავიანთი მოქალაქეები დაკითხონ საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით.

3. წინამდებარე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იძულების საშუალებები ან მათი მუქარა.

 

მუხლი 13

დოკუმენტების ნამდვილობა

1. დოკუმენტები, რომლებიც დამზადებულია ან მისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი ფორმით, დამოწმებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განმტკიცებულია გერბიანი ბეჭდით, სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მიიღება რაიმე სპეციალური მოწმობის გარეშე.

2. დოკუმენტები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიხილება როგორც ოფიციალური დოკუმენტები, სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე სარგებლობენ ოფიციალური დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალით.

 

მუხლი 14

სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებისა და სხვა დოკუმენტების გადაგზავნა

ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, თხოვნისამებრ, თარგმანის გარეშე და უსასყიდლოდ, ერთმანეთს გადაუგზავნონ სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის მოწმობები, დოკუმენტები განათლების, შრომითი სტაჟის შესახებ და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ეხება თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეთა ან მის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა პირთა პირად ან ქონებრივ უფლებებს.

 

მუხლი 15

ინფორმაცია სამართლებრივ საკითხებზე

ხელშემკვრელ მხარეთა ცენტრალური იუსტიციის დაწესებულებები, თხოვნისამებრ, ერთმანეთს მიაწვდიან ცნობებს არსებულ დროში ან წარსულში, მათ ტერიტორიაზე მოქმედი შიდა კანონმდებლობის შესახებ და იუსტიციის დაწესებულებათა მიერ მისი გამოყენების პრაქტიკაზე.

 

მუხლი 16

მისამართებისა და სხვა მონაცემების დადგენა

1. ხელშემკვრელი მხარეები, თხოვნისამებრ, თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მისამართების დადგენაში, თუ ეს აუცილებელია მათი მოქალაქეების უფლებების განსახორციელებლად. ამასთან, თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარე გასცემს მის ხელთ არსებულ მონაცემებს მოთხოვნაში მითითებული პირის მისამართის დასადგენად.

2. ხელშემკვრელ მხარეთა იუსტიციის დაწესებულებები ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირთა სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დადგენაში, ვის მიმართაც თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებაში სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილია ქონებრივი მოთხოვნები.

 

მუხლი 17

ენა

ერთმანეთთან ურთიერთობაში, წინამდებარე კონვენციის აღსრულებისას, ხელშემკვრელ მხარეთა იუსტიციის დაწესებულებები სარგებლობენ ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ენებით ან რუსული ენით.

 

მუხლი 18

სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული ხარჯები

თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე არ მოითხოვს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევი ხარჯების ანაზღაურებას. ხელშემკვრელი მხარეები თავად დაფარავენ ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა მათ ტერიტორიაზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას.

 

მუხლი 19

სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა

სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნა შეიძლება უარყოფილ იქნას, თუ ამგვარი დახმარების აღმოჩენას შეუძლია ზიანი მიაყენოს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს, ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.

 

თავი II. სამართლებრივი ურთიერთობები სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე

 

ნაწილი I. კომპეტენცია

 

მუხლი 20

ზოგადი დებულებები

1. თუ წინამდებარე თავის II – V ნაწილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, იმ პირთა წინააღმდეგ სარჩელები, ვისაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მათი მოქალაქეობისდა მიუხედავად, წარედგინება ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებს, ხოლო იურიდიული პირების წინააღმდეგ სარჩელები წარედგინება იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება იურიდიული პირის მართვის ორგანოები, მისი წარმომადგენლები ან ფილიალი.

თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე მოპასუხე, ვისაც საცხოვრებელი ადგილი (ადგილსამყოფელი) აქვს სხვადასხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე, დავა მოსარჩელის ნებისამებრ განიხილება ნებისმიერი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის (ადგილსამყოფელი) მიხედვით.

2. ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები კომპეტენტურნი არიან იმ შემთხვევებშიც, როდესაც მის ტერიტორიაზე:

ა) ხორციელდება ვაჭრობა, მოპასუხის საწარმოს (ფილიალის) სამრეწველო ან სხვაგვარი სამეურნეო საქმიანობა;

ბ) შესრულებულია ან სრულად ან ნაწილობრივ უნდა შესრულდეს ვალდებულება, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის საგანს;

გ) მოსარჩელეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის საქმეზე აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი.

3. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე საკუთრების უფლებისა და სხვა ნივთიერ უფლებათა შესახებ კომპეტენტურნი არიან მხოლოდ ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით განსაზღვრული სასამართლოები.

ტვირთის გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადამზიდავების წინააღმდეგ სარჩელები წარედგინება იმ სატრანსპორტო ორგანიზაციის მართვის ადგილსამყოფლის მიხედვით, რომელსაც დადგენილი წესით წარედგინა მოთხოვნა.

 

მუხლი 21

სახელშეკრულებო განსჯადობა

1. ხელშემკვრელ მხარეთა სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება ამ სასამართლოებში დავის გადაცემის შესახებ.

ამასთან, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და სხვა ნორმებიდან გამომდინარე განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც დადგენილია წინამდებარე თავის II – V ნაწილებით, ასევე შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობით, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

 

მუხლი 22

სასამართლო პროცესები ნაცვალგება

1. ერთსა და იმავე მხარეებს შორის, ერთსა და იმავე საგანსა და საფუძველზე ორივე ხელშემკვრელი მხარის კონვენციის შესაბამისად კომპეტენტურად განსაზღვრულ სასამართლოებში საქმის აღძვრის შემთხვევაში სასამართლო, რომელმაც უფრო გვიან აღძრა საქმე, შეწყვეტს საქმის წარმოებას.

2. შეგებებული სარჩელი და ჩათვლის შესახებ მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს იმავე სამართლებრივი ურთიერთობიდან, საიდანაც სარჩელი ექვემდებარება ძირითადი სარჩელის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას.

 

ნაწილი II. პირადი სტატუსი

 

მუხლი 23

უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

1. ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც იგი არის.

2. მოქალაქეობის არმქონე პირის ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი.

3. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა განისაზღვრება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის კანონებითაც იგი დაფუძნდა.

 

მუხლი 24

შეზღუდულ ქმედუნარიანად და ქმედუუნაროდ ცნობა. ქმედუნარიანობის აღდგენა

1. პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ საქმეებზე, წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის მოქალაქეც არის აღნიშნული პირი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის სასამართლოსათვის ცნობილი გახდება მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ხელშემკვრელი მხარის მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის საფუძვლები, იგი აღნიშნულის შესახებ შეატყობინებს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს, რომლის მოქალაქეც არის აღნიშნული პირი.

3. თუ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომელსაც შეატყობინებს შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის საფუძვლების შესახებ, სამი თვის განმავლობაში არ აღძრავს საქმეს ან არ აცნობებს საკუთარ მოსაზრებას, საქმეს შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ განიხილავს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც აღნიშნულ მოქალაქეს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება გადაეგზავნება იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, რომლის მოქალაქეც არის აღნიშნული პირი.

4. წინამდებარე მუხლის 1-დან 3-მდე პუნქტები ასევე გამოიყენება ქმედუნარიანობის აღდგენასთან მიმართებით.

 

მუხლი 25

უგზო-უკვლოდ დაკარგულად და გარდაცვლილად გამოცხადება. გარდაცვალების ფაქტის დადგენა

1. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ და გარდაცვალების ფაქტის დადგენის საქმეებზე კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებები, რომლის მოქალაქეც იყო პირი იმ დროს, როდესაც უკანასკნელი მონაცემებით იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო სხვა პირების მიმართ - იმ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებები, სადაც პირს ჰქონდა უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს შეუძლიათ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარონ სხვა ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე ან მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა პირი, ასევე დაადგინონ მისი გარდაცვალების ფაქტი მის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაინტერესებულ პირთა შუამდგომლობით, რომელთა უფლებები და ინტერესებიც ეფუძნება ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობას.

3. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ და გარდაცვალების ფაქტის დადგენის საქმეთა განხილვისას, ხელშემკვრელ მხარეთა იუსტიციის დაწესებულებები სარგებლობენ თავიანთი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

 

ნაწილი III. საოჯახო საქმეები

 

მუხლი 26

ქორწინება

თითოეული მომავალი მეუღლისათვის ქორწინების პირობები განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის იგი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირთათვის - იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომელიც არის მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, ქორწინებისათვის დაბრკოლებათა მიმართ დაცული უნდა იქნას იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ქორწინება.

 

მუხლი 27

მეუღლეთა სამართლებრივი ურთიერთობა

1. მეუღლეთა პირადი და ქონებრივი ურთიერთობები განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

2. თუ ერთი მეუღლე ცხოვრობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ამასთან ორივე მეუღლე ფლობს ერთი და იმავე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობას, მათი პირადი და ქონებრივი ურთიერთობები განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან.

3. თუ ერთი მეუღლე არის ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე და ერთი მათგანი ცხოვრობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე კი - მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მათი პირადი და ქონებრივი ურთიერთობები განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან.

4. თუ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირებს, ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე არ გააჩნდათ საერთო საცხოვრებელი, გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის უწყებაც განიხილავს საქმეს.

5. მეუღლეთა სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც ეხება მათ უძრავ ქონებას, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება აღნიშნული ქონება.

6. მეუღლეთა პირად და ქონებრივ ურთიერთობათა საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება წინამდებარე მუხლის 1-დან 3-მდე და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

 

მუხლი 28

ქორწინების შეწყვეტა

1. ქორწინების შეწყვეტის შესახებ საქმეებზე გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეებიც მეუღლეები არიან განცხადების შეტანის მომენტისათვის.

2. თუ ერთ-ერთი მეუღლე ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარისა, გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის დაწესებულებაც განიხილავს ქორწინების შეწყვეტის შესახებ საქმეს.

 

მუხლი 29

ხელშემკვრელ მხარეთა დაწესებულებების კომპეტენტურობა

1. ქორწინების შეწყვეტის შესახებ საქმეებში, 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის მოქალაქეებიც აღნიშნული მეუღლეები არიან განაცხადის შეტანის მომენტისათვის. თუ განცხადების შეტანის მომენტისათვის ორივე მეუღლე ცხოვრობს სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, კომპეტენტურია აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებაც.

2. ქორწინების შეწყვეტის შესახებ საქმეებზე, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, კომპეტენტური იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობს ორივე მეუღლე. თუ ერთ-ერთი მეუღლე ცხოვრობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ქორწინების შეწყვეტის შესახებ საქმეებზე კომპეტენტურია ორივე ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებები, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოვრობენ მეუღლეები.

 

მუხლი 30

ქორწინების ბათილად ცნობა

1. ქორწინების ბათილად ცნობის საქმეებზე გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომელიც 26-ე მუხლის შესაბამისად გამოიყენებოდა ქორწინების გაფორმებისას.

2. ქორწინების ბათილად ცნობის საქმეებზე დაწესებულებათა კომპეტენტურობა განისაზღვრება 27-ე მუხლის მიხედვით.

 

მუხლი 31

მამობისა და დედობის დადგენა და მოპოვება

მამობისა და დედობის დადგენა და მოპოვება განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის დაბადებით მოქალაქეც არის ბავშვი.

 

მუხლი 32

მშობლებისა და შვილების სამართალურთიერთობა

1. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ ბავშვები.

2. სრულწლოვანი შვილებისგან ალიმენტების ამოღების საქმეებზე გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც საცხოვრებელი ადგილი აქვს იმ პირს, ვინც გამოთქვამს პრეტენზიას ალიმენტების მიღებაზე.

3. მშობლებისა და შვილების ურთიერთობების საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით.

 

მუხლი 33

მეურვეობა და მზრუნველობა

1. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება ან გაუქმება წარმოებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის პირი, ვის მიმართაც წესდება ან უქმდება მეურვეობა თუ მზრუნველობა.

2. მეურვეს ან მზრუნველსა და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს შორის ურთიერთობა რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის დაწესებულებამაც დანიშნა მეურვე ან მზრუნველი.

3. მეურვეობის ან მზრუნველობის მიღების ვალდებულებას აწესებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეც არის მეურვედ ან მზრუნველად დანიშნული პირი.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქის მეურვედ ან მზრუნველად შეიძლება დაინიშნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, თუ იგი ცხოვრობს იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა მეურვეობა ან მზრუნველობა.

 

მუხლი 34

მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხებზე ხელშემკვრელ მხარეთა დაწესებულებების კომპეტენტურობა

მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების ან გაუქმების შესახებ საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებები, რომლის მოქალაქეც არის კონკრეტული პირი, ვის მიმართაც წესდება ან უქმდება მეურვეობა ან მზრუნველობა, თუ წინამდებარე კონვენციით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 35

მეურვეობისა და მზრუნველობის თაობაზე ზომების მიღების წესი

1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის იმ მოქალაქის ინტერესებისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის თაობაზე ზომების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, რომლის საცხოვრებელი, ადგილსამყოფელი ან ქონება იმყოფება სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება დაუყოვნებლივ შეატყობინებს 34-ე მუხლის მიხედვით კომპეტენტურად განსაზღვრულ დაწესებულებას.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნება დაუშვებელია, მეორე ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებას, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია თავადვე მიიღოს აუცილებელი დროებითი ზომები. ამასთან, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაწესებულებას, რომელიც 34-ე მუხლის თანახმად არის კომპეტენტური. აღნიშნული ზომები ძალაშია 34-ე მუხლში აღნიშნული დაწესებულების მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

მუხლი 36

მეურვეობისა და მზრუნველობის გადაცემის წესი

1. 34-ე მუხლის შესაბამისად კომპეტენტურ დაწესებულებას შეუძლია მეურვეობა ან მზრუნველობა გადასცეს მეორე ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებას იმ შემთხვევაში, თუ მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აქვს საცხოვრებელი, ადგილსამყოფელი ან/და ქონება. მეურვეობისა და მზრუნველობის გადაცემა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც თხოვნის მიმღები დაწესებულება თავის თავზე აიღებს მეურვეობას ან მზრუნველობას და აღნიშნული შესახებ შეტყობინებს თხოვნის გამგზავნ დაწესებულებას.

2. დაწესებულება, რომელიც წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღებს მეურვეობას ან მზრუნველობას, აღნიშნულ ფუნქციებს ახორციელებს თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 37

შვილად აყვანა

1. შვილად აყვანა ან მისი გაუქმება განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის შვილად ამყვანი, შვილად აყვანის ან მისი გაუქმების შესახებ განაცხადის შეტანის მომენტისათვის.

2. თუ ბავშვი არის სხვა ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, მისი შვილად აყვანისას ან გაუქმებისას აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს თანხმობა და ასევე ბავშვის თანხმობაც, თუ ამას მოითხოვს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეც არის იგი.

3. თუ ბავშვი შვილად აჰყავთ მუღლეებს, რომელთაგან ერთ-ერთი არის ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, შვილად აყვანა ან მისი გაუქმება უნდა მოხდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4. შვილად აყვანის ან მისი გაუქმების შესახებ საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის მოქალაქეც შვილად ამყვანი არის შვილად აყვანის ან გაუქმების შესახებ განაცხადების შეტანისას, ხოლო წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც მეუღლეებს აქვთ ან ჰქონდათ უკანასკნელი საერთო საცხოვრებელი ან ადგილსამყოფელი.

 

ნაწილი IV. ქონებრივი სამართალურთიერთობები

 

მუხლი 38

საკუთრების უფლება

1. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება უძრავი ქონება. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი ქონება ითვლება უძრავ ქონებად, გადაწყდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება აღნიშნული ქონება.

2. საკუთრების უფლება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში შეტანას, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო.

3. ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა ნივთიერი უფლების აღმოცენება და შეწყვეტა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ქონება იმყოფებოდა იმ მომენტში, როდესაც განხორციელდა ქმედება ან დადგა სხვა გარემოება, რაც გახდა ამგვარი უფლების აღმოცენების ან შეწყვეტის საფუძველი.

4. ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა ნივთიერი უფლების აღმოცენება და შეწყვეტა, რაც წარმოადგენს გარიგების საგანს, განისაზღვრება გარიგების ადგილმდებარეობის კანონმდებლობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 39

გარიგების ფორმა

1. გარიგების ფორმა განისაზღვრება მისი დადების ადგილის კანონმდებლობით.

2. უძრავ ქონებასა და მასთან დაკავშირებული უფლებების თაობაზე გარიგების ფორმა განისაზღვება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება აღნიშნული ქონება.

 

მუხლი 40

მინდობილობა

მინდობილობის ფორმა და მოქმედების ვადა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც გაიცემა მინდობილობა.

 

მუხლი 41

გარიგების მხარეთა უფლება-მოვალეობები

გარიგების მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მისი დადების ადგილის კანონმდებლობით, თუ მხარეთა შორის შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 

მუხლი 42

ზიანის ანაზღაურება

1. ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულებები, ხელშეკრულებებიდან და სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების გარდა, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ქმედება ან დადგა სხვა გარემოება, რომელმაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები.

2. თუ ზიანის მიმყენებელი და დაზარალებული არიან ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, გამოიყენება აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ნახსენებ საქმეებზე კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, ვის ტერიტორიაზეც განხორციელდა ქმედება ან დადგა სხვა გარემოება, რამაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. დაზარალებულს ასევე შეუძლია სარჩელი წარადგინოს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოშიც, სადაც საცხოვრებელი ადგილი აქვს მოპასუხეს.

 

მუხლი 43

სასარჩელო ხანდაზმულობა

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხები წყდება კანონმდებლობით, რომელიც გამოიყენება შესაბამისი სამართალურთიერთობის დასარეგულირებლად.

 

ნაწილი V. მემკვიდრეობა

 

მუხლი 44

თანასწორობის პრინციპი

თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე, კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობით მიიღონ ქონება ან უფლებები თანაბარი პირობებითა და იმავე მოცულობით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს.

 

მუხლი 45

მემკვიდრეობის უფლება

1. ქონების მემკვიდრეობის უფლება, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მამკვიდრებელს ჰქონდა უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი.

2. უძრავი ქონების მემკვიდრეობის უფლება განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება აღნიშნული ქონება.

 

მუხლი 46

მემკვიდრეობის სახელმწიფოსათვის გადაცემა

თუკი იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომელიც მემკვიდრეობისას გამოიყენება, მემკვიდრეს წარმოადგენს სახელმწიფო, მოძრავი სამკვიდრო ქონება გადადის იმ ხელშემკვრელი მხარის ხელში, რომლის მოქალაქეც იგი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში, ხოლო უძრავი სამკვიდრო ქონება გადადის იმ ხელშემკვრელი მხარის ხელში, რომლის ტერიტორიაზეც იგი იმყოფება.

 

მუხლი 47

ანდერძი

პირის უნარი შეადგინოს ან გააუქმოს ანდერძი, ასევე ანდერძისა და მისი გაუქმების ფორმა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც მოანდერძეს საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა აქტის შედგენის მომენტისათვის. ამავდროულად, ანდერძი ან მისი გაუქმება შეიძლება არ ჩაითვალოს ნამდვილად, თუ დაცული არ არის ფორმა, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს მისი შედგენის ადგილმდებარეობის კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

მუხლი 48

მემკვიდრეობის საქმეებზე კომპეტენტურობა

1. მოძრავი ქონების მემკვიდრეობის შესახებ საქმეებზე სამართალწარმოების ჩატარების კომპეტენცია აქვს იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებას, რომლის ტერიტორიაზეც მამკვიდრებელს, მისი გარდაცვალების მომენტისათვის ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი.

2. უძრავი ქონების მემკვიდრეობის შესახებ საქმეებზე სამართალწარმოების ჩატარების კომპეტენცია აქვს იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებას, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება ქონება.

3. წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები ასევე გამოიყენება დავების განხილვისას, რომლებიც მემკვიდრეობის საქმეებზე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით წარმოიშობა.

 

მუხლი 49

დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების კომპეტენტურობა მემკვიდრეობის საქმეებზე

მემკვიდრეობის შესახებ საქმეებზე, მათ შორის სამემკვიდრეო დავების შესახებაც, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას აქვს კომპეტენცია სპეციალური მინდობილობის გარეშე, სხვა ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებებში წარმოადგენდეს საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თუ ისინი ადგილზე არ იმყოფებიან ან არ დაუნიშნავთ წარმომადგენელი.

 

მუხლი 50

მემკვიდრეობის დაცვის ზომები

1. ხელშემკვრელ მხარეთა დაწესებულებები ღებულობენ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ იმ მემკვიდრეობის დაცვა ან მართვა, რომელიც მათ ტერიტორიაზე დატოვეს სხვა ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეებმა.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ იმ ხელშემკვრელი მხარის დრიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის მამკვიდრებელი. ხსენებულ წარმომადგენლობას ან დაწესებულებას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ზომების განხორციელებაში.

3. იუსტიციის დაწესებულების შუამდგომლობით, რომელიც კომპეტენტურია აწარმოოს მემკვიდრეობის შესახებ საქმე, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების შეუამდგომლობით, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები შეიძლება შეიცვალოს, გაუქმდეს ან გადაიდოს.

 

თავი III. გადაწყვეტილებათა აღიარება და აღსრულება

 

მუხლი 51

გადაწყვეტილებათა აღიარება და აღსრულება

თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ შემდეგ გადაწყვეტილებებს:

ა) სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებები, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებები და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტები (შემდგომ - გადაწყვეტილებები).

ბ) სისხლის სამართლის საქმეებზე ზარალის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები.

 

მუხლი 52

გადაწყვეტილებათა აღიარება, რომლებიც აღსრულებას არ მოითხოვენ

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე აღიარებულად მიიჩნევა სპეციალური წარმოების გარეშე, იმ პირობით, თუ:

ა) თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს ამ საქმეზე ადრე არ გამოუტანიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები;

ბ) საქმე, რომელზეც წინამდებარე კონვენციის თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში - იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, არ განეკუთვნება  ამ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ გადაწყვეტილებებსაც, ასევე ქორწინების შეწყვეტის თაობაზე იმ დაწესებულებების მიერ  გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კომპეტენტურნი არიან იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება.

 

მუხლი 53

შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე

1. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს იმ სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. აღნიშნული სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს იმ სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება აღნიშნულ შუამდგომლობაზე.

2. შუამდგომლობას თან ერთვის:

ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან;

ბ) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარე, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად გამოიძახეს სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური ქმედუუნარობის შემთხვევაში, იგი სათანადოდ იქნა წარმოდგენილი;

გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისათვის;

დ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე.

3. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე დამოწმებული თარგმანით.

 

მუხლი 54

გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების წესი

1. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობებს განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს იძულებითი აღსრულება.

2. სასამართლო, რომელიც განიხილავს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე შუამდგომლობას, შემოიფარგლება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობების დაცვის დადგენით. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს იძულებითი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება.

3. იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.

 

მუხლი 55

გადაწყვეტილების აღიარებასა და აღსრულებაზე უარი

52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ:

ა) იგი კანონიერ ძალაში არ შესულა ან არ ექვემდებარება აღსრულებას იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ) მოპასუხეს პროცესში იმის გამო არ მიუღია მონაწილეობა, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება;

გ) იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა აღიარდეს და აღსრულდეს გადაწყვეტილება, საქმეზე ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს მეირ აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება აღნიშნულ საქმეზე;

დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება უნდა აღიარდეს და აღსრულდეს, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას;

ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ;

ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს.

 

თავი IV. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე

 

ნაწილი I. გადაცემა

 

მუხლი 56

გადაცემის მოვალეობა

 

1. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოთხოვნისამებრ, ერთმანეთს გადასცენ მათ ტერიტორიაზე მყოფი პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად.

2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის გადაცემა წარმოებს იმგვარი ქმედებებისათვის, რომლებიც თხოვნის გამგზავნი და თხოვნის მიმღები მხარეების კანონმდებლობით არის დასჯადი და რომელთა ჩადენისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ერთი წლისა ან უფრო მძიმე სასჯელი.

3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის გადაცემა წარმოებს იმგვარი ქმედებებისათვის, რომლებიც თხოვნის გამგზავნი და თხოვნის მიმღები მხარეების კანონმდებლობით არის დასჯადი და რომელთა ჩადენისთვისაც პირს, რომლის გადაცემასაც ითხოვენ, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ექვსი თვისა ან უფრო მძიმე სასჯელი.

 

მუხლი 57

გადაცემაზე უარის თქმა

1. გადაცემა არ ხდება, თუ:

ა) პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ, არის თხოვნის მიმღები მხარის მოქალაქე;

ბ) მოთხოვნის მიღების მომენტისათვის, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება შეუძლებელია ან განაჩენის გამოტანა არ შეიძლება ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო ანდა სხვა რაიმე კანონიერ საფუძველზე;

გ) იმ პირისადმი, ვის გადაცემასაც მოითხოვენ, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმავე დანაშაულთან მიმართებით გამოტანილ იქნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან საქმის შეწყვეტის თაობაზე დადგენილება;

დ) თხოვნის გამგზავნი ან მიმღები მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, დანაშაული იდევნება კერძო ბრალდების წესით (დაზარალებულის განცხადებით).

2. გადაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვენ გადაცემას, ჩადენილ იქნა თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 58

გადაცემის მოთხოვნა

1. გადაცემის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) თხოვნის მიმღები დაწესებულების სახელწოდებას;

ბ) ქმედების ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას და თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის კანონის ტექსტს, რომლის საფუძველზეც ეს ქმედება ითვლება დანაშაულად;

გ) გადასაცემი პირის სახელს, გვარს, მამის სახელს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს ან ადგილსამყოფელს, შეძლებისდაგვარად გარეგნობის აღწერას და მისი პიროვნების შესახებ სხვა ცნობებს;

დ) ზარალის ოდენობას, რომელიც მიყენებულ იქნა დანაშაულის შედეგად;

2) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის პირის გადაცემის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს დაპატიმრების შესახებ დადგენილების დამოწმებული ასლი.

3. განაჩენის სისრულეში მოსაყვანად გადაცემის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს განაჩენის დამოწმებული ასლი ნიშნულით მისი კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის იმ დებულების ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირი არის გასამართლებული. თუ მსჯავრდებულმა უკვე მოიხადა სასჯელის ნაწილი, მას აღნიშნულის შესახებ ასევე გადაეცემა მონაცემები.

გადაცემის მოთხოვნა და მისი თანდართული დოკუმენტები მზადდება მე-17 მუხლის დებულებების შესაბამისად.

 

მუხლი 59

დამატებითი ცნობები

1. თუ გადაცემის მოთხოვნა არ შეიცავს ყველა აუცილებელ მონაცემს, მაშინ თხოვნის გამგზავნ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ცნობები, რისთვისაც იგი განსაზღვრავს ერთ თვემდე ვადას. აღნიშნული ვადა, თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის შუამდგომლობით, შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი თვით.

2. თუ თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარე დადგენილ ვადაში არ წარადგენს დამატებით ცნობებს, თხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ დაპატიმრებული პირი უნდა გაათავისუფლოს.

 

მუხლი 60

დაპატიმრება გადასაცემად

მოთხოვნის მიღებისთანავე, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს იმ პირის დასაპატიმრებლად, რომლის გადმოცემასაც მოითხოვენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაცემა შეუძლებელია.

 

მუხლი 61

დაპატიმრება ან დაკავება გადაცემის მოთხოვნის მიღებამდე

1. პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ, შუამდგომლობისამებრ შეიძლება დაპატიმრებულ იქნეს გადაცემის მოთხოვნის მიღებამდეც. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს პატიმრობაში აყვანის შესახებ დადგენილებაზე ანდა კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე მითითებას და მინიშნებას იმაზე, რომ გადაცემის მოთხოვნის წარდგენა ხდება დამატებით. დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა, გადაცემის მოთხოვნის მიღებამდე, შეიძლება გადაიცეს ფოსტით, ტელეგრაფით, ტელექსით ან ტელეფაქსით.

2. პირი შეიძლება დაკავებულ იქნეს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის გარეშეც, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, რომელიც იწვევს გადაცემას.

3. დაპატიმრების ან დაკავების შესახებ მეორე ხელშემკვრელ მხარეს აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პირის გადაცემამდე.

 

მუხლი 62

დაკავებული ან დაპატიმრებული პირის გათავისუფლება

1. 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დაპატიმრებული პირი უნდა გათავისუფლდეს, თუკი მისი გადაცემის შესახებ მოთხოვნა არ შემოვა დაპატიმრებიდან ერთი თვის განმავლობაში.

2. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაპატიმრებული პირი უნდა გათავისუფლდეს, თუკი მისი გადაცემის შესახებ მოთხოვნა არ შემოვა დაკავებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.

 

მუხლი 63

გადაცემის გადავადება

თუ გადასაცემი პირი, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ან გასამართლებულია სხვა დანაშაულისათვის, მისი გადაცემა შეიძლება გადავადდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე, განაჩენის სისრულეში მოყვანამდე ან სასჯელისგან გათავისუფლებამდე.

 

მუხლი 64

დროებით გადაცემა

1. თუ 63-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაცემის გადავადებას შეუძლია გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა ანდა ზარალი მიაყენოს დანაშაულის გამოძიებას, პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ შუამდგომლობით, შეიძლება დროებით გადაეცეს.

2. დროებით გადაცემული პირი ქმედების ჩატარების შემდგომ უნდა დაბრუნდეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომლისთვისაც იგი გადაეცა, მაგრამ პირის გადაცემის დღიდან არაუგვიანეს სამი თვისა.

 

მუხლი 65

გადაცემის მოთხოვნის კოლიზია

თუ გადაცემის მოთხოვნა შემოვა რამდენიმე სახელმწიფოსგან, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე თავად წყვეტს, რომელი მათგანი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მუხლი 66

გადაცემული პირის სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლები

1. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობის გარეშე გადაცემული პირი არ შეიძლება მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ან დაისაჯოს მის გადაცემამდე ჩადენილი დანაშაულისთვის, რომლის გამოც იგი არ გადაუციათ.

2. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობის გარეშე გადაცემული პირი არ შეიძლება გადაეცეს მესამე სახელმწიფოს.

3. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობა აუცილებელი არ არის, თუკი გადაცემული პირი სისხლისსამართლებრივი წარმოების დასრულებიდან ერთი თვის შემდგომ, ხოლო გასამართლების შემთხვევაში - სასჯელის მოხდიდან ან მისგან გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ არ დატოვებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას ანდა თუ იგი ნებაყოფლობით დაბრუნდება იქ. ამ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც გადაცემულ პირს არა საკუთარი ბრალით არ შეეძლო დაეტოვებინა თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია.

 

მუხლი 67

გადაცემული პირის ჩაბარება

თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე თხოვნის გამგზავნ ხელშემკვრელ მხარეს ატყობინებს გადაცემის ადგილსა და დროს. თუ თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარე გადასაცემ პირს არ მიიღებს ჩაბარების დადგენილი თარიღიდან 15 დღის განმავლობაში, ეს პირი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

 

მუხლი 68

განმეორებითი გადაცემა

თუ გადაცემული პირი შეეცდება თავი აარიდოს სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასჯელის მოხდას და დაბრუნდება თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ახალი მოთხოვნისამებრ იგი უნდა გადაეცეს 58-ე და 59-ე მუხლებში ხსენებული მასალების წარდგენის გარეშე.

 

მუხლი 69

შეტყობინება სისხლის სამართლის წარმოების შედეგების შესახებ

ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ მათთვის გადაცემული პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წარმოების შედეგთა შესახებ. თხოვნისამებრ, გადაიგზავნება საბოლოო გადაწყვეტილების ასლიც.

 

მუხლი 70

ტრანზიტით გადაყვანის ხარჯები

1. ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის შუამდგომლობით ნებას რთავს საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაიყვანონ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის მესამე სახელმწიფოს მიერ გადაცემული პირები.

2. ასეთ გადაყვანეზე ნებართვის შესახებ შუამდგომლობა განიხილება იმავე წესით, როგორც გადაცემის მოთხოვნა.

3. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე სატრანზიტო გადაყვანის ნებართვას იძლევა ისეთი ხერხით, რომელსაც იგი ყველაზე მიზანშეწონილად თვლის.

 

მუხლი 71

გადაცემასთან და ტრანზიტით გადაყვანასთან დაკავშირებული ხარჯები

გადაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ხელშემკვრელი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც ისინი წარმოიშვა, ხოლო ტრანზიტით გადაყვანასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ხელშემკვრელი მხარე, რომელმაც ამგვარი გადაყვანის შესახებ შუამდგომლობა წარადგინა.

 

ნაწილი II. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება

 

მუხლი 72

სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მოვალეობა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დავალებით, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საკუთარი მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში.

2. თუ დანაშაული, რომლის გამოც აღძრულია საქმე, იწვევს იმ პირთა სამოქალაქო-სამართლებრივ მოთხოვნებს, რომლებმაც დანაშაულის შედეგად იწვნიეს ზიანი, ზიანის ანაზღაურების შესახებ აღნიშნული მოთხოვნები მათი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში განიხილება მოცემულ საქმეში.

 

მუხლი 73

სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ დავალება

1. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ დავალება უნდა შეიცავდეს:

ა) თხოვნის გამგზავნი დაწესებულების სახელწოდებას;

ბ) ქმედების აღწერას, რისთვისაც დევნის განხორციელების შესახებ დავალება გადაიგზავნა;

გ) ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის შეძლებისდაგვარად ზუსტ მითითებას;

დ) თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის ტექსტს, რომლის საფუძველზეც ქმედება დაშაულებრივად არის აღიარებული, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების ტექსტს, რომელთაც საქმის წარმოებისათვის აქვთ არსებითი მნიშვნელობა;

ე) ეჭვმიტანილი პირის სახელსა და გვარს, მის მოქალაქეობას, ასევე მისი პიროვნების შესახებ სხვა ცნობებს;

ვ) სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულთა განცხადებებს, რომლებიც აღიძრა დაზარალებულის განცხადებით, და ზარალის ანაზღაურების შესახებ განცხადებებს;

ზ) დაშაულით მიყენებული ზარალის ოდენობის მითითებას.

დავალებას თან ერთვის თხოვნის გამგზავნი მხარის განკარგულებაში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის მასალები, ასევე მტკიცებულებები.

2. თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნისას, საკუთარი კანონმდებლობის თანახმად, გამოძიებას ამ საქმეზე აგრძელებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე. საქმეში არსებული თითოეული დოკუმენტი უნდა დამოწმდეს თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური იუსტიციის დაწესებულების გერბიანი ბეჭდით.

3. დავალება და მისადმი თანდართული დოკუმენტების შედგენა ხდება მე-18 მუხლის დებულებათა შესაბამისად.

4. თუ ბრალდებული, დევნის განხორციელების შესახებ დავალების გადაგზავნის მომენტისთვის, პატიმრობაში იმყოფება თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იგი გადაჰყავთ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 74

შეტყობინება სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგთა შესახებ

თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია თხოვნის გამგზავნ ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინოს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, გადაიგზავნება საბოლოო გადაწყვეტილების ასლი.

 

მუხლი 75

გადაწყვეტილების მიღების შედეგები

თუ ხელშემკვრელ მხარეს 72-ე მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ დავალება გადაეგზავნა განაჩენის ძალაში შესვლის ან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დაწესებულების მიერ სხვაგვარი საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებათა მიერ, ხოლო მათ მიერ აღძრული საქმე უნდა შეწყდეს.

 

მუხლი 76

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, დანაშაულთა გამოძიებისას და სისხლის სამართლის საქმეების სასამართლოებში განხილვისას ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოიშვა ისინი.

 

მუხლი 77

ორი ან რამდენიმე ხელშემკვრელი მხარის სასამართლოთა განსჯადი საქმეების განხილვა

პირის ან პირთა ჯგუფის მიერ რამდენიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებისას, რომლებიც განსჯადია ორი ან მეტი ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებში, მათ განხილვაზე კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც დასრულდა წინასწარი გამოძიება. ასეთ შემთხვევაში, საქმე განიხილება აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სამართალწარმოების წესების მიხედვით.

 

ნაწილი III.  სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ სპეციალური დებულებები

 

მუხლი 78

საგნის გადაცემა

1. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, ერთმანეთს თხოვნისამებრ გადასცენ:

ა) საგნები, რომლებიც გამოყენებულ იქნა დანაშაულის ჩადენისას, რომელიც იწვევს პირის გადაცემას წინამდებარე კონვენციის თანახმად, მათ შორის დანაშაულის იარაღი; საგნები, რომლებიც შეძენილ იქნა დანაშაულის შედეგად ან მისი ჩადენისათვის ჯილდოს სახით, ან/და საგნები, რომლებიც დამნაშავემ მიიღომ ამგვარად შეძენილი საგნების სანაცვლოდ;

ბ) საგნები, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმეზე შეიძლება ჰქონდეს მტკიცებულებითი მნიშვნელობა; საგნები გადაეცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დამნაშავის გადაცემა შეუძლებელია მისი სიკვდილის, გაქცევის ან სხვა გარემოებათა გამო.

2. თუ თხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს, წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საგნები ესაჭიროება როგორც მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, მათი გადაცემა შეიძლება გადაიდოს საქმის წარმოების დასრულებამდე.

3. გადაცემულ საგნებზე მესამე პირთა უფლება ძალაში რჩება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ ეს საგნები უსასყიდლოდ უნდა დაუბრუნდეს მათ გადმომცემ ხელშემკვრელ მხარეს.

 

მუხლი 79

გამამტყუნებელი განაჩენების შესახებ შეტყობინება და ცნობები ნასამართლობის თაობაზე

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე სხვა ხელშემკვრელ მხარეებს ყოველწლიურად შეატყობინებს ცნობებს კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენთა შესახებ, რომლებიც მისმა სასამართლოებმა გამოიტანეს შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეების წინააღმდეგ, გასამართლებულთა თითის ანაბეჭდების გადაცემითურთ.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, სხვა ხელშემკვრელ მხარეებს მათი თხოვნით უსასყიდლოდ მიაწვდის ცნობებს იმ პირთა ნასამართლობის შესახებ, რომლებიც ადრე გაასამართლეს მისმა სასამართლოებმა, თუ აღნიშნული პირები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 80

გადაცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე ურთიერთობის წესი

გადაცემასთან, სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებთან, ასევე იმ დავალებათა საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც ეხება მოქალაქეთა უფლებებს და მოითხოვს პროკურორის სანქციებს, ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა გენერალური პროკურორების (პროკურორების) მიერ.1

 

თავი V. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 81

წინამდებარე კონვენციის გამოყენების საკითხები

საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება წინამდებარე კონვენციის გამოყენებისას, ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები წყვეტენ ურთიერთშეთანხმებით.

 

მუხლი 82

კონვენციის მიმართება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან

წინამდებარე კონვენცია არ ხელყოფს იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებათა დებულებებს, რომელთა მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი მხარეები.

 

მუხლი 83

ძალაში შესვლის წესი

1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება მის ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც ასრულებს წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარის ფუნქციებს.

2. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის დეპოზიტარისათვის მესამე სარატიფიკაციო სიგელის გადაცემის დღიდან ოცდამეათე დღეს. იმ სახელმწიფოსათვის, რომლის სარატიფიკაციო სიგელი დეპოზიტარს გადაეცემა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ, იგი ძალაში შევა დეპოზიტარისთვის სარატიფიკაციო სიგელის ჩაბარების დღიდან ოცდამეათე დღეს.

 

მუხლი 84

კონვენციის მოქმედების ვადა

1. წინამდებარე კონვენცია მოქმედებს მისი ძალაში შესვლის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, კონვენცია ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით.

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გამოვიდეს წინამდებარე კონვენციიდან, გაუგზავნის რა დეპოზიტარს აღნიშნულის შესახებ წერილობით შეტყობინებას კონვენციის მოქმედების ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე 12 თვით ადრე.

 

მუხლი 85

დროში მოქმედება

წინამდებარე კონვენციის მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოქმნილ სამართალურთიერთობებზეც.

 

მუხლი 86

კონვენციასთან შეერთების წესი

მისი ძალაში შესვლის შემდეგ წინამდებარე კონვენციას, ყველა ხელშემკვრელი მხარის თანხმობით, შეუძლია შეუერთდნენ სხვა სახელმწიფოები, ამგვარი შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემის გზით. შეერთება ძალაში შესულად ითვლება დეპოზიტარის მიერ შეერთებაზე უკანასკნელი თანხმობის მიღებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.

 

მუხლი 87

დეპოზიტარის მოვალეობები

დეპოზიტარი წინამდებარე კონვენციის ხელმომწერ და მასთან შეერთებულ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ აცნობებს თითოეული სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის ჩაბარების თარიღის თაობაზე, კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ, ასევე მის მიერ სხვა შეტყობინებების მიღების შესახებ.

შესრულებულია ქალაქ მინსკში, 1993 წლის 22 იანვარს, ერთ დედნად, რუსულ ენაზე. დედანი ინახება ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის არქივში, რომელიც წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს დაუგზავნის მის დამოწმებულ ასლებს.

 

სომხეთის რესპუბლიკის სახელით

ლ. ტერ-პეტროსიანი

რუსეთის ფედერაციის სახელით

ბ. ელცინი

ბელარუსის რესპუბლიკის სახელით

ს. შუშკევიჩი

ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელით

ე. რახმონოვი

ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით

ნ. ნაზარბაევი

თურქმენეთის სახელით

ს. ნიაზოვი

ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელით

ა. აკაევი

უზბეკეთის რესპუბლიკის სახელით

ი. კარიმოვი

მოლდოვას რესპუბლიკის სახელით

მ. სნეგური

უკრაინის სახელით

ლ. კრავჩუკი