დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 640 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.017134 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – იუსტიციის სამინისტრო) სამართლებრივ დასკვნას არ საჭიროებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების პროექტები.
2. იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე, არ საჭიროებს: ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტი; ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტის პროექტი; გ) საქართველოს გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტის პროექტი; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტის პროექტი; ე) სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტის პროექტი; ვ) საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტის პროექტი; ზ) ერთობლივი ბრძანების პროექტი; თ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტის პროექტი; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტის პროექტი; კ) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ნორმატიული აქტის პროექტი. |
| მუხლი 2 |
იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს იმ ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც წესრიგდება შემდეგი საკითხები:
ა) სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა; ბ) ნორმატიული აქტები, რომელიც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, აგრეთვე, ამ მოქმედებისა და ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას; გ) საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესი; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესი; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების განხორციელების წესი; თ) პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმები; ი) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები, რომლითაც წესრიგდება პოლიციის მიერ იძულების ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; კ) უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი; თავშესაფრის პროცედურა; თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი; თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი; ლ) შესაბამის სამინისტროთა შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესი; მ) დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესი; მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი; ნ) საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი; ო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები; პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი; ჟ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი; რ) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია; ს) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის წესი (მეთოდიკა); ტ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი; უ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესი; ფ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები; ქ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესი; ღ) ბავშვის უფლებათა კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბავშვის უფლებათა საკითხების მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანება.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები