დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 620 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022339 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2016, 340170000.10.003.019084) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება და რომლებიც უკვე შეასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოსაგან საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი, ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
|
მუხლი 3 |
იმ იურიდიულ პირებზე, რომლებთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში ჩანაცვლდება და გავრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა
„ქართული ჩაი“
|
მუხლი1. პროგრამის მიზნები
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზნებია: ა) საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; ბ) კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; გ) ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა − ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“; ბ) მეწარმე სუბიექტი − პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის მქონე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივი), გარდა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებისა ან/და ამ უკანასკნელთა წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა; გ) პროგრამის ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება; დ) ჩაის პლანტაცია − კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია ჩაის ნარგაობა; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია − ჩაის პლანტაცია, რომლის იდენტიფიცირება ხორციელდება ამ პროგრამით დადგენილი წესით და რომლის ნუსხაც ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − ქონების სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე; ვ) სარეაბილიტაციო სამუშაოები − ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელსაც შეიმუშავებს ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად; ზ) აგროტექნოლოგიური გეგმა − ჩაის პლანტაციაში სეზონურად/ყოველწლიურად ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამის აგროვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის სრულ მსხმოიარობამდე პერიოდს, მაგრამ არანაკლებ პროგრამის ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვისა; თ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი − პროგრამის ბენეფიციარის თანადაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი, თუ პროგრამის ბენეფიციარს (კოოპერატივის შემთხვევაში ასევე კოოპერატივს ან/და მის მეპაიეების საკუთრებაში აქვთ სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის საჭირო მოცულობის მიწის ნაკვეთი) საკუთრებაში აქვს სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის საჭირო მოცულობის მიწის ნაკვეთი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარს საკუთრებაში არ გააჩნია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის საჭირო მოცულობის მიწის ნაკვეთი, ქონების სააგენტოსთან ამ პროგრამის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების დადების თარიღი.
მუხლი 3. პროგრამის ზოგადი პირობები 1. პროგრამის ბენეფიციარის თანადაფინანსებას ახორციელებს სააგენტო, პროგრამით დადგენილი პირობების დაცვით. 2. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება. 3. პროგრამის მიზნებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის უფლებით გაცემა ხორციელდება წინამდებარე პროგრამის მე-6 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით. 4. პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზანშეწონილობასა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებთან ურთიერთშესაბამისობას ადასტურებს სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
მუხლი 4. ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსების პირობები პროგრამის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსებას შემდეგი პირობებით: ა) პროგრამის ბენეფიციარს (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) დაუფინანსდება ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 2 500 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით; გ) თანადაფინანსების მისაღებად პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა. დასკვნით უნდა დგინდებოდეს პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებულ ჩაის პლანტაციაზე ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება.
მუხლი 5. პროგრამის ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები 1. პროგრამის ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებია: ა) პროგრამის ბენეფიციარის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ჰა-ს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა-ს; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში, კოპერატივის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ჰა-ს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა-ს, ხოლო სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს კოოპერატივის მიერ განაცხადით მოთხოვნილ, მის ან/და მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ სარეაბილიტაციო ფართობს; გ) თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს აღრიცხული მოვალეთა რეესტრში; დ) პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მიერ წარმოებულ რეესტრში; ე) პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის თაობაზე. 2. თანადაფინანსების თაობაზე მეწარმე სუბიექტების განაცხადების განხილვისა და პროგრამის ბენეფიციარის შერჩევის რიგითობა განისაზღვრება სააგენტოში მეწარმე სუბიექტების მიერ განაცხადის (თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად) სრულყოფილად წარდგენის თარიღით.
მუხლი 6. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარით გადაცემის წესი და პირობები 1. პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაიცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია, ამ მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით, აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის თანხმობით. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სრულ მაიდენტიფიცირებელ და მისი პროგრამის ფარგლებში გამოყენებისათვის ვარგისობის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს ქონების სააგენტოს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 3. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის ნუსხა პერიოდულად ახლდება ქონების სააგენტოს მიერ აღნიშნული ნუსხისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავი ქონების დამატების ან/და ნუსხიდან უძრავი ქონების ამოღების გზით. 4. პროგრამით განსაზღვრული პირობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის უფლებით გადასაცემად, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 5. პროგრამის ბენეფიციარს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით, იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია შემდეგი პირობებით: ა) იჯარის ვადა − 25 წელი; ბ) იჯარის წლიური ღირებულება – 1 ჰა-ზე 50 ლარი; გ) იჯარის ღირებულების გადახედვა შესაძლებელია, განხორციელდეს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან მეთხუთმეტე წელს და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ; დ) იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა/უფლებრივად დატვირთვა, ქვეიჯარით გაცემა შესაძლებელია მეიჯარისა და სააგენტოს წინასწარი თანხმობით იმ პირობით, რომ ძველი მოიჯარის ვალდებულებების შესრულებას სააგენტოსა და მეიჯარის წინაშე უზრუნველყოფს ახალი მოიჯარე. 6. საქართველოს მთავრობის მიერ სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში. 7. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის უფლებით მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი განაცხადით, სააგენტოსთან გაფორმებული თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, პროგრამის პირობების შესაბამისად, სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისთვის ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე დადგენილი გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით მიმართავს ქონების სააგენტოს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში მის საფუძველზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმებასა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქონების სააგენტოში წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 68 (სამოცდარვა) თვით და უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) საბანკო გარანტია მისი მოქმედების პირველი 4 (ოთხი) თვის განმავლობაში უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას; ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). 10. ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენისას უპირატესობა მიენიჭება იმ მეწარმე სუბიექტს, რომლის მიერაც აღნიშნული დოკუმენტები ქონების სააგენტოში წარდგენილ იქნა უფრო ადრე. 11. მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შემთხვევაში, წარდგენილი საბანკო გარანტია უბრუნდება მეწარმე სუბიექტს. 12. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 (სამი) თვეში იჯარის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 13. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება იჯარის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 14. მოიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე, მეიჯარის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარეს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 7. პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებები პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს წარდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმის შესრულება თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში; ბ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის შემდგომ, მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში, ყოველწლიურად აწარმოოს ჩაის ნედლი ფოთოლი არანაკლებ შემდეგი მოცულობით: ბ.ა) 2 000 კგ ნედლი ფოთოლი 1 ჰა-ზე; ბ.ბ) 1 000 კგ ნედლი ფოთოლი 1 ჰა-ზე, ბიოჩაის მოყვანის შემთხვევაში; გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოს ჩაის მოყვანა ყოველწლიურად, რის დასადასტურებლადაც 5 წელიწადში ერთხელ ქონების სააგენტოს წარუდგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა; დ) საკუთარი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თანადაფინანსების მიღებამდე სააგენტოს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთოს პროგრამის ფარგლებში საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია, კოოპერატივის შემთხვევაში კოოპერატივის ან/და მეპაიეთა საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარის ან კოოპერატივის მეპაიეთა მიერ არ მოხდება საკუთრებაში არსებული პლანტაციებიდან პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო ფართობის გამოყოფა, იპოთეკით დაიტვირთება პროგრამის ბენეფიციარის ან კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული პლანტაციებიდან შესაბამისი საკადასტრო კოდის ქვეშ გაერთიანებული მიწის სრული ფართობი.
მუხლი 8. განაცხადის მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურა პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადის და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.
მუხლი 9. პროგრამის მონიტორინგი და ანგარიშგება 1. პროგრამის ბენეფიციარმა, პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის აგროტექნოლოგიური გეგმის შესაბამისად შესრულების დასადასტურებლად, სააგენტოს უნდა წარუდგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა. 2. პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანადაფინანსების ხელშეკრულებით (და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით) ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს − ქონების სააგენტო.“. |
დოკუმენტის კომენტარები