დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ინსპექტორი |
| მიღების თარიღი | 01/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.72.084.016025 |
|
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესის 37-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომლის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებისა.“; 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილებების შეტანად არ ჩაითვლება ამ წესის მე-20 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“; 3. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. საკონკურსო კომისიამ შესაძლებელია გაითვალისწინოს პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; 4. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს, ასევე კანდიდატის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის განმავლობაში პიროვნების საკვლევი ტესტის გამოყენების საკითხს განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; 5. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა, უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი. კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით, დასაშვებია საკონკურსო კომისიის მიერ ამ ვადის გონივრული ვადით გაზრდა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შეტყობინებასთან ერთად კანდიდატს ეცნობება კონკურის მეორე ეტაპისა და პიროვნების საკვლევი ტესტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარების ვადა და ადგილი.“; 6. მე-20 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კონკურსის მეორე ეტაპი და პიროვნების საკვლევი ტესტი“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების ან/და მისი ზოგადი უნარებისა და პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან და სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორმა შესაძლებელია შეცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წერითი ან/და ზეპირი დავალების გამსვლელი ქულა, რის თაობაზეც კანდიდატს ეცნობება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული შესაძლებლობის თაობაზე მითითებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კანდიდატის შეფასების მომდევნო ეტაპამდე არანაკლებ 3 დღით ადრე საკონკურსო კომისია ვალდებულია ელექტრონულად აცნობოს კანდიდატს შეფასების შედეგები და შეფასების შემდეგი ეტაპისა და პიროვნების საკვლევი ტესტის ჩატარების დრო და ადგილი. შეფასების შედეგების გაცნობასთან დაკავშირებული ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება კანდიდატის მიერ წერითი ან/და ზეპირი დავალების შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი შეფასების შედეგებს იგებს შესაბამისი დავალების დასრულებისთანავე.“; ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. პიროვნების საკვლევი ტესტი შეიძლება ჩატარდეს კონკურსის მეორე ეტაპის განმავლობაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გასაუბრების ეტაპამდე. პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები კანდიდატს ეცნობება წერილობითი ფორმით მოთხოვნის შემთხვევაში.“; ვ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გასაუბრებაზე კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც დგება გასაუბრებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. საკონკურსო კომისიამ შესაძლებელია გაითვალისწინოს პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. 7. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორს.“; ზ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს დისტანციური ან ნახევრად დისტანციური ფორმით.“; 7. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები არ ექვემდებარება გასაჩივრებას.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. შეფასების შედეგების შესახებ საჩივრის განხილვის მიზნით, საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტი ან/და დახმარებისთვის მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ჰყავს შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტები.“; გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან/წერითი ან/და ზეპირი დავალების შედეგების შეტყობინებიდან/გასაუბრების შედეგების შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა. ტესტური წერითი დავალების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს ამ პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადა, რის შესახებაც კანდიდატს უნდა ეცნობოს შესაბამის დავალების შესრულებამდე. 11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება გონივრულ ვადაში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას.“; 8. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 3. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ სახელმწიფო ინსპექტორისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“; 9. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. სტაჟირების პროცესის ორგანიზება 1. სტაჟიორ-გამომძიებელს სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც პირადად აკონტროლებს სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ გაწეულ მუშაობას. 2. სტაჟიორ-გამომძიებლისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, სამსახურში ადაპტაციის ხელშეწყობის და მისი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებელს განუსაზღვროს მენტორი, რომელიც აკმაყოფილებს მენტორისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედებს მენტორობის პროგრამის შესაბამისად. მენტორობის პროგრამა მტკიცდება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. სტაჟიორ-გამომძიებელს სტაჟირების დაწყების პირველ ეტაპზე შესაძლებელია ჩაუტარდეს პიროვნების საკვლევი ტესტი მისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით. 4. სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ საქმიანობის პროცესში შესასრულებელი აქტივობების მინიმალური პროგრამა განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. სტაჟირების პროცესს კოორდინაციას უწევს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“; 10. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. სტაჟიორ-გამომძიებლის უფლებები და ვალდებულებები 1. სტაჟიორ-გამომძიებელს უფლება აქვს: ა) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელოს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამომძიებლის უფლებამოსილებები; გ) სტაჟირების ხელმძღვანელთან/მენტორთან აქტიურად დასვას შეკითხვები საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის აქტუალურ/ბუნდოვან საკითხებზე, მიმართოს სტაჟირების ხელმძღვანელს/მენტორს რჩევების, მოსაზრებებისა და რეკომენდაციის მისაღებად; დ) სტაჟირების ხელმძღვანელს/მენტორს თავისუფლად მიაწოდოს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და რის შეცვლას ისურვებდა პროგრამის თვალსაზრისით. 2. სტაჟიორ-გამომძიებელი ვალდებულია: ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მითითებები და დავალებები; ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები; გ) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; დ) უზრუნველყოს ამ წესის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივობების მინიმალური პროგრამის შესრულება; ე) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების მიზნით სამსახურის მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებში; ვ) შეასრულოს პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით სამსახურის მიერ განსაზღვრული დავალებები; ზ) სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, 3 თვეში ერთხელ, წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში სტაჟირების ხელმძღვანელსა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს; თ) სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, უზრუნველყოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით მისთვის გადაცემული სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ჟეტონის, ფორმის, ასევე, ყველა მატერიალურ სიკეთისა და დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ დაბრუნება. 3. სტაჟიორ-გამომძიებელი, მისი თანხმობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს სამსახურის ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან სხვა ქვედანაყოფში.“; 11. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. სამსახურის, სტაჟირების ხელმძღვანელისა და მენტორის ვალდებულებები 1. სამსახური სტაჟიორ-გამომძიებელს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი: ა) ზრუნავს სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიულ განვითარებაზე; ბ) აძლევს დავალებებს, მიმართულებებს და განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადას, აწვდის აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ და სწორ ინფორმაციას; გ) პირადად აკონტროლებს მის მიერ გაწეულ მუშაობას, აძლევს უკუკავშირს შესრულებული სამუშაოს შესახებ; დ) აკონტროლებს, რომ სტაჟიორ-გამომძიებელს მიეცეს შესაძლებლობა სრულად შეასრულოს ამ წესის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა; ე) აფასებს სტაჟიორ-გამომძიებელს სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, სტაჟირების დაწყებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ასევე სტაჟირების ვადის გასვლისას (შემაჯამებელი შეფასება) და შეფასების ფორმას წარუდგენს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს; ვ) ხელმძღვანელობას უწევს სტაჟირებისა და მენტორობის პროგრამის წარმატებით განხორციელებას; ზ) ხელს უწყობს სტაჟიორ-გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას; თ) ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მენტორი: ა) ხელს უწყობს სტაჟიორ-გამომძიებელს სამსახურში ადაპტაციაში და აცნობს ორგანიზაციულ კულტურას; ბ) უშუალოდ ერთვება სტაჟიორ-გამომძიებლის ყოველდღიურ საქმიანობაში სტაჟირების პროცესის შესაბამის ეტაპზე; გ) ხელს უწყობს სტაჟიორ-გამომძიებელს ამ წესის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამის შესრულებაში; დ) უქმნის მოტივაციას სტაჟიორ-გამომძიებელს სამუშაოს შესრულებისა და ინიციატივების გამოჩენისთვის; ე) მიმართავს სხვა საჭირო ზომებს სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სამუშაოს შესრულებისას მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაზრდის მიზნით. 4. სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა) სტაჟიორ-გამომძიებელთან ერთად განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგებს და ამ წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და სტაჟიორ-გამომძიებელზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორს, საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორ სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (შემდგომში – სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე) და ადმინისტრაციული დეპარტამენტის კურატორ სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეს, ხოლო სტაჟირების საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებით - ასევე ამ წესის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილ კომისიას; გ) უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიული განვითარების მიზნით დაგეგმოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები; დ) უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.“; 12. 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმებისას მიღებული შეფასება ან/და მათში მონაწილეობაზე უარის თქმა;“; ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) სტაჟირების ხელმძღვანელის მხრიდან ზედიზედ ორი არადამაკმაყოფილებელი შეფასება;“; ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟიორ-გამომძიებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე) მას შეუჩერდება სტაჟირება და სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით გადაყენებულ იქნება დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობიდან გადაყენებულ სტაჟიორ-გამომძიებელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამსახურის ფორმის ტანსაცმლის ტარება და სამსახურის სახელით მოქმედება. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში) პირი გააგრძელებს სტაჟირების გავლას ამ წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში სტაჟიორ-გამომძიებელს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მას უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენაზე.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ან სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) წინადადების საფუძველზე.“; 13. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ წესის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასება; ბ) პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შეფასება (არასავალდებულო);“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიული განვითარების მიზნით, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ორგანიზებით, სტაჟიორ-გამომძიებლებს შესაძლებელია ჩაუტარდეთ ტრენინგები და სხვა სასწავლო აქტივობები, ხოლო პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით – შეფასებები წერითი ან/და ზეპირი ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სტაჟიორ-გამომძიებლებს ეცნობებათ წინასწარ.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ შესაძლებელია მიღებულ იქნეს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ რეგისტრირდებიან სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში.“; დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 14. 34-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე ან 3 წლის ვადით, შეიყვანება სტაჟიორ-გამომძიებელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება სამსახურში და არ აქვს სტაჟირების ვადა გაგრძელებული.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში არ შეიყვანება ამ წესის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორ-გამომძიებელი, თუ მის მიმართ წარმოიშვა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.“; 15. 36-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომის ანაზღაურება. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლის შრომის ანაზღაურება შედგება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტებისგან.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები