„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 61/9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016618
61/9
17/04/2019
ვებგვერდი, 10/09/2020
480610000.03.030.016618
„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობა

(შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“),

აღიარებენ რა საჭიროებას, განსაზღვრონ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სამართლებრივ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ, ან თანამშრომლობის ნებისმიერი სხვა სფეროს ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესით, ორმხრივად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის, ასევე, ამგვარი თანამშრომლობის პროცესში შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ წესები,

განზრახული აქვთ რა, უზრუნველყონ ყველა იმ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვა, რომლის დასაიდუმლოება მოხდა ერთი მხარის მიერ და გადაეცა მეორე მხარეს, ან რომელიც ერთობლივად შეიქმნა მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში,

სურთ რა, შეიმუშაონ მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ წესები,

ითვალისწინებენ რა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ორმხრივ ინტერესებს, მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

მიზანი

წინამდებარე შეთანხმების მიზანია, უზრუნველყოს საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა ან გაიცვალა მხარეებს ან კონტრაქტორებს, ქვეკონტრაქტორებს ან ნებისმიერ სხვა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობასა და მის შენახვაზე.

მუხლი 2

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

უსაფრთხოების დარღვევა“ ნიშნავს მოქმედებას ან უმოქმედობას, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებას ან მხარეთა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რასაც, შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს საიდუმლო ინფორმაციის გამოვლენა, დაკარგვა, განადგურება, მითვისება ან ნებისმიერი სხვა სახის გამჟღავნება.

საიდუმლო კონტრაქტი“ ნიშნავს ორ ან მეტ კონტრაქტორს შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც შეიცავს ან მოიცავს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, ან საიდუმლო ინფორმაციის შექმნას.

საიდუმლო ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას ან მატერიალურ საგანს, მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა, რომელიც საჭიროებს დაცვას უნებართვო გაცნობისაგან ან მოპყრობისაგან და რომლისთვისაც საიდუმლოობის ხარისხის მინიჭება მოხდა მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს ეროვნულ უსაფრთხოების ორგანოს და, ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს გარდა, მხარეთა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც, მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე.

კონტრაქტორი“ ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საიდუმლო კონტრაქტების დადების ან განხორციელების უფლებამოსილება.

საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება“ ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას, რომელიც ადასტურებს, რომ უფლებამოსილ იურიდიულ პირს აქვს ფიზიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, დაიცვას, მოეპყრას და შეინახოს საიდუმლო ინფორმაცია, მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

ეროვნული უსაფრთხოების ორგანო“ ნიშნავს თითოეული მხარის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების ზოგად შესრულებასა და ზედამხედველობაზე; მხარეების შესაბამის ორგანოებზე მითითება კეთდება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის პირველ პუნქტში.

ინფორმაციის გაცნობის საჭიროება“ ნიშნავს პრინციპს, რომლის თანახმად, კონკრეტული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლების მინიჭება ხდება მხოლოდ მოცემული სამსახურებრივი მდგომარეობის ფარგლებში და კონკრეტული დავალების შესასრულებლად.

მიმწოდებელი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას აწვდის მიმღებ მხარეს.

საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება“ ნიშნავს კომპეტენტური ორგანოების მიერ, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულ ნებართვას, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირი უფლებამოსილია, გაეცნოს და მოეპყრას საიდუმლო ინფორმაციას, საიდუმლოობის კონკრეტულ ხარისხამდე.

მიმღები მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელსაც გადაეცემა მიმწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაცია.

მესამე მხარე“ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს, ორგანიზაციას, იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს.

მუხლი 3

საიდუმლოობის ხარისხები

მხარეები თანხმდებიან, რომ ქვემოთ მოცემული საიდუმლოობის ხარისხები და გრიფები არის ეკვივალენტური და შეესაბამება მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ საიდუმლოობის ხარისხებს:

საქართველოსთვის

კვიპროსის რესპუბლიკისთვის

ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე

განსაკუთრებული მნიშვნელობის

AKPΩΣ AΠOPPHTO

TOP SECRET

სრულიად საიდუმლო

AΠOPPHTO

SECRET

საიდუმლო

EMΠІΣTEYTIKO

CONFIDENTIAL

შეზღუდული სარგებლობისათვის

ΠEPIOPIΣMEΝHΣ XPHΣHΣ

RESTRICTED

 

მუხლი 4

ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები

  1. მხარეთა ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები არიან:

საქართველოსთვის:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

კვიპროსის რესპუბლიკისთვის:

ეროვნული უსაფრთხოების ორგანო

კვიპროსის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.

  1. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების და წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მთავარი პუნქტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
  1. მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები ერთმანეთს შეატყობინებენ სხვა კომპეტენტური ორგანოების შესახებ.
  1. ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ საიდუმლო ინფორმაციის თაობაზე მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და მასში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, და ინფორმაციას გაცვლიან საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის შესახებ. 

მუხლი 5

დაცვის ზომები და საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა

  1. მხარეები, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად,  მიიღებენ ყველა საჭირო ზომას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან/და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილ ან/და შექმნილ საიდუმლო ინფორმაციას მხარეები მიანიჭებენ დაცვის ისეთივე ხარისხს, რასაც ისინი მიანიჭებდნენ ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე საკუთარ საიდუმლო ინფორმაციას, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად.
  1. მიმწოდებელი მხარე აცნობებს:

 

  1. მიმღებ მხარეს წერილობით, საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების ნებისმიერი პირობის ან მის გამოყენებაზე შეზღუდვების შესახებ.

 

  1. მიმღებ მხარეს წერილობით, გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

 

  1. „საიდუმლო/EMΠІΣTEYTIKO/CONFIDENTIAL“ და უფრო მაღალი ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა უნდა შეიზღუდოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ფლობენ შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებას, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების საფუძველზე, მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
  1. ერთობლივად შექმნილი საიდუმლო ინფორმაციისათვის საიდუმლოობის ხარისხის მინიჭება, მისი შეცვლა ან ამ ინფორმაციის განსაიდუმლოება უნდა განხორციელდეს მხარეთა ერთობლივი თანხმობით.
  1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თითოეული მხარე აღიარებს, მეორე მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ, საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებებს და იურიდიული პირის დაშვებებს. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებები ეკვივალენტური უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით განსაზღვრულ ხარისხებთან მიმართებით.
  1. მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები, საკუთარი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, ერთმანეთს დახმარებას აღმოუჩენენ წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისათვის აუცილებელი შემოწმების პროცედურების განხორციელებაში.
  1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებებთან და იურიდიული პირის დაშვებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განსაკუთრებით, ნებისმიერი გაუქმების ან ხარისხის დადაბლების შესახებ. 
  1. მიმღები მხარე:

 

  1. საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს ნებისმიერ მესამე მხარეს, მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
  1. მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას მიანიჭებს გრიფს, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად;

 

  1. საიდუმლო ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული. 

მუხლი 6

საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა

  1. ნებისმიერი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა უნდა განხორციელდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების მიერ, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
  1. მიმღები მხარე წერილობით დაადასტურებს საიდუმლო ინფორმაციის მიღებას.
  1. საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული გადაცემა უნდა განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებს შორის შეთანხმებული სერტიფიცირებული კრიპტოგრაფიული საშუალებებით, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
  1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის მიღების და  გაგზავნის მთავარი პუნქტებია:

 

საქართველოსთვის:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

კვიპროსის რესპუბლიკისთვის:

საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ცენტრალური რეგისტრი.

მუხლი 7

საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა

  1. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება უნდა განხორციელდეს მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და შემდეგი პროცედურების შესაბამისად: 
  1. თარგმანი და ასლები უნდა აღინიშნოს და იქნას დაცული ისევე, როგორც საიდუმლო ინფორმაციის დედანი;

 

  1. თარგმანი და ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ოფიციალური მიზნებისათვის;

 

  1. თარგმანი უნდა ატარებდეს სათანადო ანოტაციას (აღნიშვნას) თარგმანის ენაზე, რომ ის შეიცავს მიმწოდებელი მხარისაგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას;

 

  1. ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ თარგმნას და გამრავლებას, უნდა ფლობდნენ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინდივიდუალურ დაშვებას, მხარეთა  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. „სრულიად საიდუმლო/AΠOPPHTO/SECRET“ საიდუმლოობის გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა ან გამრავლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
  1. „განსაკუთრებული მნიშვნელობის/AKPΩΣ AΠOPPHTO/TOP SECRET“ საიდუმლოობის გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ, და უნდა ითარგმნოს მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.          

მუხლი 8

საიდუმლო ინფორმაციის განადგურება

  1. საიდუმლო ინფორმაციის განადგურება უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმებისა და მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
  1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი ნაწილობრივ ან სრულად აღდგენა.
  1. „სრულიად საიდუმლო/AΠOPPHTO/SECRET“ საიდუმლოობის ხარისხისამდე და მისი ჩათვლით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
  1. „განსაკუთრებული მნიშვნელობის/AKPΩΣ AΠOPPHTO/TOP SECRET“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს. ის უნდა დაუბრუნდეს მიმწოდებელი მხარის ეროვნულ უსაფრთხოების ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  1. საიდუმლო ინფორმაციის განადგურების შესახებ უნდა მომზადდეს ანგარიში და მისი ინგლისურენოვანი თარგმანის გადაგზავნა უნდა მოხდეს მიმწოდებელი მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოსათვის.
  1. კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან უკან დაბრუნება, ის დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მიმღებმა მხარემ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელი მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს.

მუხლი 9

საიდუმლო კონტრაქტები

  1. ერთ-ერთმა მხარემ, რომელსაც სურს საიდუმლო კონტრაქტის დადება მეორე მხარის სახელმწიფოში არსებულ კონტრაქტორთან, ან რომელსაც სურს ერთ-ერთი თავისი კონტრაქტორისთვის უფლებამოსილების მინიჭება, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საიდუმლო კონტრაქტის დასადებად, საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს მეშვეობით, მეორე მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოსაგან უნდა მიიღოს წინასწარი წერილობითი დადასტურება, რომ შესაძლო კონტრაქტორის მიმართ გაცემულია საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო საიდუმლოობის ხარისხის მქონე იურიდიული პირის დაშვება.
  1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დადებული თითოეული საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს:

 

  1. კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას, შეასრულოს წინამდებარე შეთანხმების დებულებები;

 

  1. კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა საჭიროებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, სათანადოდ იყვნენ უფლებამოსილნი, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაეცნონ ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას და რომელთაც რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ;

 

  1. კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას, განახორციელოს საკუთარი ობიექტების პერიოდული უსაფრთხოების შემოწმებები;

 

  1. საიდუმლო ინფორმაციის ჩამონათვალს და იმ სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელია, განხორციელდეს საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა და შენახვა;

 

  1. შეტყობინების ვალდებულებას, საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

 

  1. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის პროცედურას;

 

  1. კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას, უსაფრთხოების ნებისმიერი ფაქტობრივი ან შესაძლო დარღვევის შესახებ შეატყობინოს საკუთარ შესაბამის ეროვნულ უსაფრთხოების ორგანოს;

 

  1. კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას, საიდუმლო კონტრაქტის ასლი მიაწოდოს თითოეული მხარის ეროვნულ უსაფრთხოების ორგანოს;

 

  1. ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას, შეასრულოს უსაფრთხოების იგივე ვალდებულებები, რასაც კონტრაქტორი ასრულებს.

 

  1. შესაძლო კონტრაქტორებს შორის წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, მიმწოდებელი მხარის ეროვნულმა უსაფრთხოების ორგანომ მიმღები მხარის ეროვნულ უსაფრთხოების ორგანოს უნდა აცნობოს იმ საიდუმლოობის ხარისხის შესახებ, რომელიც მინიჭებული აქვს ამ წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას.
  1. თითოეული საიდუმლო კონტრაქტის ასლი უნდა გადაეგზავნოს იმ მხარის ეროვნულ უსაფრთხოების ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო, რათა შესაძლებელი გახდეს უსაფრთხოების სათანადო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება.

მუხლი 10

ვიზიტები

  1. ვიზიტები, რომლებიც დაკავშირებულია საიდუმლო კონტრაქტებთან და  ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, უნდა დაექვემდებაროს მასპინძელი მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს წინასწარ წერილობით ნებართვას.
  1. მასპინძელი მხარის ეროვნულმა უსაფრთხოების ორგანომ, სულ მცირე, ათი დღით ადრე უნდა მიიღოს ვიზიტის შესახებ მოთხოვნა.
  1. გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის შესახებ მოთხოვნა შესაძლებელია, გადაიცეს  დროის უფრო მცირე მონაკვეთში.
  1. ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

 

  1. ვიზიტორის სახელსა და გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, მოქალაქეობას, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს;

 

  1. იმ იურიდიული პირის სახელწოდებას, რომელსაც ვიზიტორი წარმოადგენს, და იურიდიულ პირში ვიზიტორის თანამდებობას;

 

  1. იმ იურიდიული პირისა და ობიექტის სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი;

 

  1. დადასტურებას ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების, მისი მოქმედების ვადისა და საიდუმლოობის ხარისხის თაობაზე;

 

  1. ვიზიტის საგანსა და მიზანს, და ვიზიტით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის უმაღლეს საიდუმლოობის ხარისხს;

 

  1. მოთხოვნილი ვიზიტის სავარაუდო თარიღსა და ხანგრძლივობას. განმეორებითი ვიზიტების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს სრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება ვიზიტები;

 

  1. შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ბეჭედს, ხელმოწერასა და თარიღს.

 

  1. მას შემდეგ, რაც ვიზიტზე გაიცემა დადასტურება, მასპინძელი მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანო ვიზიტის შესახებ მოთხოვნის ასლს გადასცემს იმ იურიდიული პირის უსაფრთხოების ოფიცრებს, სადაც ვიზიტი უნდა განხორციელდეს.
  1. ვიზიტის დადასტურების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
  1. მხარეების ეროვნულ უსაფრთხოების ორგანოებს შეუძლიათ შეადგინონ იმ ფიზიკური პირების სიები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ განმეორებითი ვიზიტები. ეს სიები ძალაშია თორმეტთვიანი საწყისი პერიოდით. შესაბამისი ვიზიტების პირობების შეთანხმება უშუალოდ მოხდება სათანადო საკონტაქტო პირებთან იმ იურიდიული  პირში, რომელსაც ვიზიტად ეწვევიან აღნიშნული ფიზიკური პირები, შეთანხმებული პირობებისა და გარემოებების გათვალისწინებით.

მუხლი 11

უსაფრთხოების დარღვევა

  1. უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, მიმღები მხარის ეროვნულმა უსაფრთხოების ორგანომ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მიმწოდებელი მხარის ეროვნულ უსაფრთხოების ორგანოს და უნდა დაიწყოს სათანადო გამოძიება.
  1. თუ უსაფრთხოების დარღვევა მოხდა მესამე ქვეყანაში, იმ მხარის ეროვნულმა უსაფრთხოების ორგანომ, რომელმაც გადასცა ინფორმაცია მესამე ქვეყანას, უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების ინიცირება.
  1. მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მხარემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიების საკითხში, წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტის შესაბამისად.
  1. მიმწოდებელ მხარეს უნდა ეცნობოს გამოძიების შედეგების შესახებ, და მან უნდა მიიღოს ზიანის მიზეზებისა და მოცულობის შესახებ საბოლოო ანგარიში.

მუხლი 12

ხარჯები

თითოეული მხარე დაფარავს წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ საკუთარ ხარჯებს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შეთხვევაში.

მუხლი 13

დავების გადაწყვეტა

წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

  1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს, რითაც მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს ატყობინებენ ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
  1. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით; ჩამოყალიბდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
  1. თითოეულ მხარეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
  1. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა გაგრძელდეს მანამდე, სანამ მიმწოდებელი მხარე არ გაათავისუფლებს მიმღებ მხარეს ამ ვალდებულებისაგან.

შესრულებულია ქ. თბილისში 2019 წლის 17 აპრილს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

______________________

 

 

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო

საქმეთა მინისტრი

კვიპროსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

 

______________________

 

 

ნიკოს ხრისტოდულიდისი

კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო

საქმეთა მინისტრი