დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017059 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე – პოლიციელი, საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შესაბამის საშტატო თანამდებობას.“. 3. მე-13 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. საჯარო მოხელედ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად სამსახურში მიღების წესი“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები (ცალკეულ შემთხვევებში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.“. 4. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.“. 5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ფუნქცია-მოვალეობის აღწერას (დასაშვებია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში);“. 6. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შემცვლელი –მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – დავალების შესრულების ვადით;“. 7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა სპეციალური წოდების მინიჭებისა და სასაზღვრო პოლიციის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ პირი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგადაც მოსამსახურე იმყოფება სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე.“. 8. 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, კანდიდატის თანხმობით, კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული თანამდებობის ნაცვლად, სასაზღვრო პოლიციაში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად კანდიდატის კონკურსის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს შეთავაზებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმავე დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა.“. 9. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია: ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე; ბ) დააკისროს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.“. 10. 34-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, გარდა „დ“, „ე“, „ვ“ ,„თ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა.“. 11. 38-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად იყო მიღებული გარკვეული ვადით.“. 12. 44-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი: „მუხლი 441. გათავისუფლება სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან.“. 13. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. სპეციალური წოდების მინიჭება 1. სპეციალური წოდებების მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. 3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი სპეციალური წოდება, ხოლო მორიგი ან ვადაზე ადრე წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება. მორიგი წოდების მისანიჭებლად მოსამსახურეს ნამსახურები უნდა ქონდეს შესაბამისი წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა. 4. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით. 5. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე და აღნიშნული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამი წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება მიენიჭება დანიშვნის დღიდან (გარდა დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემთხვევისა). 6. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. 7. სამხედრო წოდების ან „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირებს სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას ენიჭებათ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება, რომელიც მათი ყველაზე უფრო მაღალი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარია. 8. საშუალო, უფროსი და უმაღლესი წოდების არმქონე პირებს, იმ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომელიც ითვალისწინებს საშუალო, უფროს და უმაღლეს წოდებებს, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება მიენიჭებათ შემდეგი წესით: ა) უმაღლესი განათლების მქონე პირებს – თანამდებობაზე დანიშვნისთანავე; ბ) სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს – სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ. 9. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური მომზადების პროგრამის/კურსის გავლის შემდეგ, მოსამსახურეს ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება. 10. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები მიენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს. საგამონაკლისო წესით უფროსი სპეციალური წოდება ენიჭება საფრენოსნო ან საზღვაო მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე მოსამსახურეებს. 11. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე. 12. ომის პირობებში საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად, სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. 13. დათხოვნისას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“. 14. 56-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 15. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.“. 16. მე-60 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საშტატო განრიგის ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანა. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები