დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7069-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.020171 |
|
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები 1. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი: ა) იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ) წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს. 2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს: ა) საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის; ბ) საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბ.ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა; ბ.ბ) ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.გ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ; ბ.დ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს. 3. საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს. 4. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/ დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე 16 წლამდე პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის გაცემაზე ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2021 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს: ა) საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობები და წესი, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება; ბ) საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ნათქვამი უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები და წესი. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 2 სექტემბერი 2020 წ. N7069-Iს |
დოკუმენტის კომენტარები