უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 270220000.22.024.016661
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/334
24/08/2020
ვებგვერდი, 25/08/2020
270220000.22.024.016661
უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/08/2020 - 04/09/2020)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №1-1/334№01-155

2020 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 114  მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი



უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ  დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესების დადგენა.

2. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.

3. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა  ჩამონათვალსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილება.

მუხლი 2. ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსების წესი

1. ელექტრონულ პროგრამაში განაცხადი ივსება და თანხმობის გამცემ ორგანოს წარედგინება:

ა) საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მსურველი პირის მიერ;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

2. კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, თანხმობის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.  განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის www.stopcov.ge-ის მეშვეობით.

4. განაცხადი ელექტრონულ პროგრამაში ივსება ინგლისურ ენაზე. სახელისა და გვარის გრაფა ივსება ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული ტრანსკრიფციით.

5. განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელი დამსაქმებლის შესახებ, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ (ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ  საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება), სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში.

6. განაცხადში მითითებულ ინფორმაციაზე და მის სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის შემვსები პირი.

მუხლი 3. ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. თანხმობის გამცემ უწყებას წარმოადგენს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად შევსებული განაცხადი, ავტომატურად ფიქსირდება ელექტრონულ პროგრამაში.

3. განაცხადის განხილვა ხორციელდება ორმაგი დონის დადასტურების პრინციპით.

4. თანხმობის გამცემ უწყებაში განისაზღვრება პირველი და მეორე დონის დადასტურების უფლებამოსილი პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც/რომელთაც ასევე განესაზღვრება ელექტრონულ პროგრამაში წვდომის უფლებამოსილება.

5. პირველი დონის დადასტურების დროს ხდება განაცხადის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემ(ებ)ის დაზუსტება და შესაბამის პირებთან დაკავშირება, რის საფუძველზეც მიიღება პირველი დონის გადაწყვეტილება თანხმობაზე ან უარყოფითი პასუხის გაცემაზე.

6. მეორე დონის დადასტურების დროს ხდება პირველი დონის დადასტურების უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განხილვის მიზნით, პირველ დონეზე დაბრუნება) და თანხმობის ან უარყოფითი პასუხის გაგზავნა განმცხადებლისათვის ამ წესის შესაბამისად.

7. განცხადების განხილვა ხორციელდება თანხმობის გამცემი უწყების მიერ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.

8. თანხმობის გამცემი უწყება განიხილავს განაცხადს და უარყოფით პასუხს აცნობებს განმცხადებელს,  იმ შემთხევაში, თუ:

ა) განაცხადი შევსებულია არასრულად ან არასწორად;

ბ) მოთხოვნის მიზნობრიობა არ შეესაბამება ბიზნეს/შრომით საქმიანობას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლების არსებობისას.

9. თანხმობის გამცემი უწყება განიხილავს განაცხადს და წყვეტს წარმოებას იმ შემთხევაში, თუ განაცხადის შემვსები პირის მიერ მოხდება შეტყობინება ვიზიტის გაუქმების ან გადადების თაობაზე. 

10. განაცხადში მითითებულ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებას უფლება აქვს, განაცხადის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მიღებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, განაცხადი, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, განსახილველად გადაუგზავნოს უფლებამოსილ თანხმობის გამცემ სხვა უწყებას, რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ საერთო ვადაში თანხმობას ან უარყოფით პასუხს უგზავნის განაცხადის შემვსებ პირს განაცხადში მითითებული  ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

11. განაცხადის შემვსები პირისთვის არასასურველი გადაწყვეტილების დადგომის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანხმობის გამცემი უწყება იტოვებს უფლებას, არ განუმარტოს განაცხადის შემვსებ პირს თავისი გადაწყვეტილება.

მუხლი 4. პროგრამული უზრუნველყოფა

1. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების დროს, პროგრამული ხარვეზის გამოვლენისას, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროგრამის მონაწილეს ატყობინებს პროგრამული ხარვეზის თაობაზე. ხარვეზის გამოსწორებამდე განაცხადის განხილვის ვადა ითვლება შეჩერებულად.