დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016429 |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 85-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს პროგრამის საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერის - მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების ძირითად პრინციპებს, მოქალაქეთა მიერ პროექტების შედგენის, განხილვის, წარდგენის და მუნიციპალიტეტის მიერ პროექტების შესაბამისი წლის ბიუჯეტში ასახვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცედურებს. |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ცნება |
1.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელების და მონიტორინგის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა შესაძლებლობის გაძლიერებისკენ, რომ მათ დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით უპასუხონ ადგილობრივი მნიშვნელობის საჭიროებებს, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. |
2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი), თითოეული წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის დროს პროგრამის განსახორციელებლად, პროგრამის საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კონსულტაციის გზით, განსაზღვრავს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო თანხის მოცულობას. აგრეთვე მერი პასუხისმგებელია პროგრამის განხორციელების მთლიანი პროცესის საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე. |
მუხლი 2.
პროგრამის პრინციპები |
პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება; ბ) საჯაროობა; გ) კოლეგიურობა; დ) მოქალაქეთა დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის გაზრდა თვითმმართველობის პროცესში; ე) საბიუჯეტო სახსრების სამართლიანი განაწილება. |
მუხლი 3.
პროგრამის განხორციელების ეტაპები |
პროგრამის განხორციელების ძირითადი ეტაპებია:
ა) მოსამზადებელი ეტაპი; ბ) საინფორმაციო კამპანია; გ) საპროექტო წინადადებების წარდგენა; დ) პროექტების მომზადება კენჭისყრისთვის; ე) პროექტების კენჭისყრის პროცედურა; ვ) შედეგების განსაზღვრა; ზ) გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტში ასახვა; თ) პროექტების განხორციელება; ი) პროექტების მონიტორინგი და შეფასება. |
მუხლი 4.
პროგრამის სახეები |
1.
პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს ტერიტორიული, თემატური ან შერეული სახით, რომელსაც თითოეული წლისთვის განსაზღვრავს მერი. |
2.
პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელება ნიშნავს, პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილებას მერის ბრძანებით განსაზღვრული ზონების მიხედვით. |
3.
პროგრამის თემატური სახით განხორციელება ნიშნავს, პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილებას მერის ბრძანებით განსაზღვრული თემატიკის ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილებების მიხედვით, საიდანაც მიმდინარე წლის პრიორიტეტს/პრიორიტეტებს არჩევს მერი, საბჭოს წინადადების გათვალისწინებით. |
4.
პროგრამის შერეული სახით განხორციელება ნიშნავს, პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილებას, როგორც ტერიტორიული, ასევე თემატური ნიშნით და თითოეულზე გათვალისწინებულია განსაზღვრული სახსრები. |
5.
პროგრამის სახე და გასანაწილებელი საბიუჯეტო სახსრების მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება მერის მიერ და აისახება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. |
თავი II
პროგრამის განხორციელების სამოქმედო გეგმა |
მუხლი 5.
პროგრამის განხორციელების სამოქმედო გეგმა |
პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნების, დაფინანსების წყაროსა და წესის განსაზღვრისთვის, ასევე მოსახლეობის ინფორმირებისთვის იქმნება პროგრამის სამოქმედო გეგმა. |
მუხლი 6.
მოსახლეობის ინფორმირებისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე პასუხისმგებელი პირი |
1.
პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და სამოქმედო გეგმის შედგენაზე პასუხისმგებელია საბჭო. |
2.
პროგრამის სამოქმედო გეგმა მტკიცდება მერის ბრძანებით. |
3.
მოსახლეობის ინფორმირებისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გაწეული სამუშაოს შესახებ საბჭო ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს და წარუდგენს მერს. |
თავი III
პროგრამის განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმი |
მუხლი 7.
საბჭოს შემადგენლობა |
1.
პროგრამის ეფექტიანად განხორციელების საინფორმაციო, საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარების მიზნებისთვის იქმნება საბჭო. |
2.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) მერის ერთ-ერთი მოადგილე/მოადგილეები; ბ) მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; გ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; დ) მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; ე) მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; ვ) მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; ზ) მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; თ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები; ი) არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი/წარმომადგენლები. |
3.
პროგრამის ტერიტორიული პრინციპით განხორციელების შემთხვევაში მერი უფლებამოსილია საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები. |
4.
საბჭოს ხელმძღვანელობს მერის მოადგილე (შემდგომში – საბჭოს თავმჯდომარე). |
5.
საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს მერი. |
6.
საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ კენჭისყრისთვის დამტკიცებული პროექტების ავტორები. |
მუხლი 8.
საბჭოს უფლებამოსილებები |
1.
საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და მერს წარუდგინოს დასამტკიცებლად:
ა) პროგრამის სამოქმედო გეგმის პროექტები; ბ) საპროექტო წინადადების და პროექტების მოსამზადებელი ფორმების შაბლონები; გ) წინადადებები დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის პროგრამის განსახორციელებლად რეკომენდირებული თანხის მოცულობის და პროგრამის განხორციელების სახეების (ტერიტორიული, თემატური, შერეული) შესახებ; დ) წინადადება საპროექტო განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების ვადების შესახებ; |
2.
საბჭოს სხვა უფლებამოსილებები:
ა) კოორდინაციას და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში; ბ) აფასებს მოქალაქეების/საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს; გ) ამზადებს და მერს წარუდგენს კენჭისყრისთვის მომზადებული პროექტების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით; დ) ამზადებს და აქვეყნებს იმ საპროექტო წინადადებების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით, რომლებიც მიუხედავად გაწეული საკონსულტაციო მხარდაჭერისა ვერ აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; ე) ორგანიზებას უწევს და პასუხისმგებელია პროექტების ელექტრონულად შერჩევის სისტემის შექმნასა და გამართულად ფუნქციონირებაზე; ვ) ორგანიზებას უწევს ელექტრონულ კენჭისყრას; ზ) პროგრამის ელექტრონული ხმის დათვლის სისტემის გამოყენებით შეაჯამოს და გამოაცხადოს გამარჯვებული პროექტები; თ) გამარჯვებული პროექტების გამოვლენის შემდეგ პროგრამისთვის განსაზღვრული ლიმიტიდან თანხის დარჩენის შემთხვევაში, მიღებული ხმების გათვალისწინებით, მერს განსახორციელებლად შესთავაზოს პროექტი/პროექტები, თანხის სრულ ამოწურვამდე; ი) შეაფასოს და გამოაქვეყნოს ანგარიში პროგრამის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ; კ) დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში პასუხისმგებელია პროგრამის შესახებ მოსახლეობის საინფორმაციო მხარდაჭერაზე. |
მუხლი 9.
საბჭოს საქმიანობის ფორმები |
1.
საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ და გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. |
2.
საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. |
3.
საბჭოს წევრებს შორის ფუნქციებს და მოვალეობებს ანაწილებს საბჭოს თავმჯდომარე, რაც ფორმდება წერილობით. |
4.
საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მერი. |
თავი IV
პროგრამის ეტაპები |
მუხლი 10.
საპროექტო განაცხადი და მიღების ვადები |
1.
საპროექტო განაცხადის ფორმები მტკიცდება მერის მიერ საბჭოს წარდგინებით და ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონული ასევე წერილობითი ფორმით ყველა დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფისა თუ მოქალაქისთვის. |
2.
საპროექტო განაცხადები მიიღება მერის მიერ განსაზღვრულ ვადებში. |
მუხლი 11.
საპროექტო განაცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი პირები |
საპროექტო განაცხადის წარდგენა შეუძლია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ჯგუფს (შემდგომში - საინიციატივო ჯგუფი); გ) პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელების დროს, მხოლოდ იმ პირს ან საინიციატივო ჯგუფს რომელთა წევრებიც რეგისტრირებული არიან მერის ბრძანებით განსაზღვრულ ზონაში შემავალ რომელიმე დასახლებაში. |
მუხლი 12.
საპროექტო განაცხადების მიღება |
1.
საპროექტო განაცხადები მიიღება, როგორც ელექტრონულ ასევე წერილობითი ფორმით. რეგისტრირდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში და ენიჭება ინდივიდუალური ნომერი. |
2.
საპროექტო განაცხადები იმავე დღესვე გადაეგზავნება საბჭოს უფლებამოსილ წევრს, რომელიც 2 სამუშაო დღის ვადაში საპროექტო განაცხადის შეფასების ანგარიშს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით წარუდგენს საბჭოს. |
3.
საპროექტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) საპროექტო განაცხადის იდეა შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ფარგლებში; ბ) შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; გ) პროექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება აღნიშნული ზონისთვის/თემატიკისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს; დ) იდეის განხორციელებით იქმნება საჯარო სიკეთე, რომლითაც სარგებლობა შეეძლება მთელი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ან პროგრამის ტერიტორიული პრინციპით განხორციელების შემთხვევაში, კონკრეტულ ზონაში შემავალი დასახლებების მაცხოვრებლებს; ე) შემოტანილი საპროექტო განაცხადით განსაზღვრული იდეის შესაბამისი პროექტის განხორციელება უკვე გათვალისწინებულია ან/და იგეგმება მიმდინარე ან შემდეგი წლის ბიუჯეტში; ვ) დაცულია ამ დადგენილებით და მერის ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირობები. |
4.
დაუშვებელია შემდეგი შინაარსის პროექტების განხილვა:
ა) შეიცავს უცენზურო ან სახუმარო მასალას; ბ) შეეხება ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს; გ) წარმოადგენს თანადაფინანსების სხვა პროგრამების კომპეტენციას ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებულ საკითხებს; დ) პროექტის დაფინანსება წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას ან უკვე გათვალისწინებულია განსახორციელებელ პროექტთა ნუსხაში; ე) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს პროექტის განხორციელებას. |
5.
თუ ორი ან მეტი პროექტი ერთნაირ მხარდაჭერას მოიპოვებს ან/და თუ დადგება რომელიმე პროექტისთვის უპირატესობის მინიჭების საჭიროება, უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომელიც განხორციელების პროცესში ითვალისწინებს თანამონაწილეობის პრინციპს. თანამონაწილეობის ფორმები არ არის შეზღუდული. |
მუხლი 13.
საპროექტო განაცხადების კონსულტაცია |
1.
საბჭოს უფლებამოსილი წარმომადგენელი/წარმომადგენლები, ვალდებული არიან თითოეული საპროექტო განაცხადის ავტორს გაუწიონ საკონსულტაციო მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებს კენჭისყრისთვის პროექტების მომზადებას. |
2.
კენჭი ეყრება მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. |
3.
კენჭისყრისთვის პროექტების მომზადება უნდა დასრულდეს, განაცხადების მიღების დასრულებიდან 2 კვირის ვადაში, საპროექტო განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის თანხმობით, არაუმეტეს ერთი კვირით. |
მუხლი 14.
კენჭისყრის პროცედურა ტერიტორიული პროექტებისთვის |
1.
პროგრამის ტერიტორიული პრინციპით განხორციელების შემთხვევაში, კენჭი ეყრება პროექტებს ცალ-ცალკე მერის ბრძანებით განსაზღვრული ზონების გათვალისწინებით და კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მოცემულ ზონებში რეგისტრირებული მოქალაქეები. |
2.
თუ კენჭისყრაში მონაწილე პროექტების რაოდენობა აღემატება ორს, მაშინ კენჭისყრაში მონაწილეს აქვს ორი ხმის მიცემის ვალდებულება რაც არ მოიცავს ერთი და იგივე პროექტისთვის ერთზე მეტი ხმის მიცემის შესაძლებლობას. |
მუხლი 15.
კენჭისყრის პროცედურა თემატური პროექტებისთვის |
1.
პროგრამის თემატურად განხორციელების შემთხვევაში კენჭისყრა იმართება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით და კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებმაც მიაღწიეს 16 წელს. |
2.
თუ კენჭისყრაში მონაწილე პროექტების რაოდენობა აღემატება სამს, მაშინ კენჭისყრაში მონაწილეს აქვს სამი ხმის მიცემის ვალდებულება რაც არ მოიცავს ერთი და იგივე პროექტისთვის ერთზე მეტი ხმის მიცემის შესაძლებლობას. |
მუხლი 16.
კენჭისყრის პროცედურის ზოგადი წესები |
1.
თუ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პროექტი და აკმაყოფილებს სამართლებრივ, ფინანსურ, ქონებრივ, ტექნიკურ და საზოგადოებრივ ინტერესს, ის კენჭისყრის გარეშე ავტომატურად გამოცხადდება შერჩეულ პროექტად. |
2.
პროგრამის შერეული პრინციპით განხორციელების შემთხვევაში კენჭისყრა იმართება ამ დადგენილებით გათვალისწინებული ტერიტორიული და თემატური კენჭისყრის პროცედურებით. |
3.
კენჭისყრაში მონაწილე პროექტების გამარჯვებულად გამოცხადება გრძელდება პროგრამისთვის გამოყოფილი თანხობრივი ლიმიტის სრულად ამოწურვამდე. |
მუხლი 17.
კენჭისყრის შედეგების გამოცხადება და გამარჯვებული პროექტის/პროექტების ბიუჯეტის პროექტში ასახვა |
კენჭისყრის შედეგებს აჯამებს და საბოლოო შედეგებს აცხადებს საბჭო და შერჩეული პროექტებს წარუდგენს მერს ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა. |
მუხლი 18.
პროექტების განხორციელება და მონიტორინგი |
1.
პროექტის განხორციელების პროცესს მონიტორინგს უწევს საბჭო და მისი წევრები. |
2.
პროგრამის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, საბჭო ამტკიცებს და აქვეყნებს პროგრამის მონიტორინგის ანგარიშს. |
3.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის და საბჭოს განსხვავებული შეხედულების შემთხვევაში, მერი უფლებამოსილია დანიშნოს პროექტის დამოუკიდებელი ექსპერტიზა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები