დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 034 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 20/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.70.082.016047 |
|
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №013 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016025) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; დ) იღებს გადაწყვეტილებას გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ; ე) სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; ვ) აუქმებს სამმართველოს თანამშრომლების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; ზ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს თანამშრომელთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) იხილავს სამმართველოში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ი) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; კ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ლ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია საოლქო პროკურორისა და საოლქო პროკურორის მოადგილის წინაშე. 4. საპროკურორო სამმართველოს უფროსი დამატებით: ა) უზრუნველყოფს საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას; ბ) მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. 5. სამმართველოს უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 6. სამმართველოს უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. სამმართველოს უფროსის მოადგილის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საოლქო პროკურორის მიერ. 7. საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. 8. საპროკურორო სამმართველოს უფროსის ანდა მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საოლქო პროკურორის დავალებით, სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მხარს უჭერს ერთ-ერთი პროკურორი. 9. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები