დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 13/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.001.213 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №1
2009 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:
„ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი;
პ) ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტი.“.
2. დებულების მე-8 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის მოადგილეს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
3. დებულების მე-9 მუხლში:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება, და შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისაგან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტების მომზადება; სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა; დასკვნების მომზადება საკუთრების მოწმობის გასაცემად; სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამარათლებრივი დასკვნების მომზადება;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მეიჯარესთან); სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, სამობილიზაციო რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა; საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე ეკონომიკური განვითარების მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადო ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;“;
გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მინისტრის აპარატი – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება; ოქმის წარმოება; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა;“;
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:
,,ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი – სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
პ) ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ექსპორტის წახალისების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების განმახორციელებელი პირების ინფორმირება და მათთვის კონსულტაციების გაწევა; უცხოელი ინვესტორების მოზიდვა ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებში, უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობით ერთობლივი საწარმოებისა და სტრატეგიული ალიანსების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; უცხოური ბაზრების ანალიზი ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნასა და აღნიშნულ ბაზრებზე დაშვების პირობებთან დაკავშირებით; უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით ბაზრობა-გამოფენების ორგანიზება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები