საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6759-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.019950
6759-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
030000000.05.001.019950
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 ​და VII17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე.“.

2. 2114  მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) ფაქტობრივი გარემოებების აღწერას;“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII17 თავი:

„თავი VII​17. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებით

 

  მუხლი 2166. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი.

2. ელექტრონული ზედამხედველობა წესდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

3. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით.

4. სასამართლო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ნაწილობრივ დამტკიცება გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მითითებული ვადის შეცვლას. სასამართლო მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების საფრთხის რეალურობის გათვალისწინებით. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემი პოლიციის უფლებამოსილი პირის ან სასამართლო პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვას და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

5. მოსამართლე უფლებამოსილია სასამართლო პროცესის მონაწილე მხარის (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

6. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იყოს ასახული მოძალადისთვის დაწესებული შეზღუდვები და მსხვერპლის დასაცავად განსაზღვრული ღონისძიებები. 

7. სასამართლო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედების ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადის განსაზღვრისას სასამართლო სხდომაზე პოლიციის უფლებამოსილი პირის ან სასამართლო პროცესის მონაწილე სხვა პირის დასწრების შემთხვევაში სასამართლო ისმენს მის პოზიციას.

8. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში მიეთითება:

ა) ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი;

ბ) სასამართლოს დასახელება; მოსამართლის სახელი და გვარი;

გ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

დ) მოძალადის, მსხვერპლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ე) სასამართლო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე;

ვ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება;

ზ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემას;

თ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადა;

ი) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ;

კ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე მსხვერპლის თანხმობა, არასრულწლოვანი მსხვერპლის შემთხვევაში − მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად;

ლ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ;

მ) სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად.

9. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. ეს გადაწყვეტილება დგება რამდენიმე ეგზემპლარად, რომელთაგან 1 რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება:

ა) მოძალადეს;

ბ) მსხვერპლს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს;

ე) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემ ორგანოს;

ვ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ საკითხი არასრულწლოვან მსხვერპლს ეხება.

10. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 24 საათის განმავლობაში პოლიცია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით. სასამართლო ამ მიმართვის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს აღნიშნულ საკითხს და ამ მუხლის მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესების დაცვით იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების ან ძალაში დატოვების შესახებ.

 

მუხლი 21 67. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

ამ კოდექსის 2166  მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედებას. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6759-რს