საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6815-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019967
6815-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 22/07/2020
200000000.05.001.019967
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

„მუხლი 231. საინვესტიციო ფონდები

1. საინვესტიციო ფონდი არის საწარმო, რომელიც „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულია ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ან საინვესტიციო კომპანიის  სახით.

2. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საინვესტიციო ფონდის მართვასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა, აგრეთვე საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევა ფინანსურ მომსახურებად განიხილება.

3. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის  მიერ მიღებული მოგება და ზარალი განიხილება ერთობლივი საინვესტიციო ფონდის თითოეული ერთეულის მფლობელის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის გარეშე  მიღებულ მოგებად და ზარალად, მის მფლობელობაში არსებული ერთეულის (ერთეულების) ღირებულების პროპორციულად. ამ ნაწილის საფუძველზე ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელისთვის მიკუთვნებული ზარალი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ საინვესტიციო ფონდში განხორციელებული შენატანის ოდენობას და აქტივების მმართველი კომპანიისთვის გადახდილ ხარჯებსა და საკომისიოს.

4. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია თითოეულ ერთეულის მფლობელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაუხსნას საინვესტიციო ანგარიში და აწარმოოს ერთეულის მფლობელის მოგებისა და ზარალის აღრიცხვა.

5. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ერთეულის რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი მცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ნამეტი შემოსავალი გათვალისწინებულია ამავე ერთეულის მფლობელის დასაბეგრ შემოსავალში ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.

6. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები დამოუკიდებლად ახორციელებენ საგადასახადო ანგარიშგებას. ერთობლივ საინვესტიციო ფონდსა და მის აქტივების მმართველ კომპანიას არ ეკისრებათ ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

7. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ან მისი სახელით „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის განხორციელება ამ ერთეულის მფლობელისთვის არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

8. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში განაწილებული მოგება და ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები  მოგების გადასახადით არ იბეგრება.

9. საინვესტიციო კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და შემოსავლების მიმღების ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

10. საინვესტიციო კომპანიის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან.

11. საინვესტიციო კომპანიის მიერ მოგების განაწილება, თუ დივიდენდის მიმღები არარეზიდენტი ან ფიზიკური პირია, იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ა) 15%-იანი განაკვეთით, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; 

ბ) 5%-იანი განაკვეთით, თუ საინვესტიციო კომპანია ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა რეზიდენტი საწარმოსგან მიღებული მოგების განაწილების შემთხვევისა.

12. მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია საინვესტიციო კომპანიის მიერ არარეზიდენტისთვის ან ფიზიკური პირისთვის მოგების განაწილება, თუ შემოსავალი, რომლიდანაც ხორციელდება დივიდენდის გადახდა:

ა) არ მიეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;

ბ) მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს;  

გ) მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს;

დ) მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან ან კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს.

13. არარეზიდენტის ან ფიზიკური პირის მიერ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მიწოდებით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება:

ა) 15%-იანი განაკვეთით, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; 

ბ) 5%-იანი განაკვეთით, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა საინვესტიციო ფონდის მიერ რეზიდენტი საწარმოს წილებში/აქციებში ინვესტიციის განხორციელების (წილის/აქციის ფლობის) შემთხვევისა.

14. საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლებულია შემოსავალი, რომელიც მიღებულია:

ა) საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით;

ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან საინვესტიციო ფონდის ერთეულის გამოსყიდვით, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებში ან საქართველოს მთავრობის ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში.

15. ამ მუხლის მე-12 ნაწილით მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისთვის ითვლება, რომ საინვესტიციო კომპანიის მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.

16. ამ მუხლის მე-2−მე-15  ნაწილების მიზნებისთვის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქოლგისებრი ფონდის თითოეული ქვეფონდი დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად განიხილება.

17. ამ მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლების დამატებითი საფუძვლები განისაზღვრება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6815-რს