საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6853-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.017971
6853-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
010250000.04.001.017971
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაბა – დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები ან/და ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები ან/და სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. დაბის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, თუ იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა;

გ) ქალაქი − დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5 000-ზე მეტია. დასახლებას, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5 000-ზე ნაკლებია, ქალაქის კატეგორია შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა, ანდა ის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც თვითმმართველი ქალაქი.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება არ ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამ კანონითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიონ მუნიციპალიტეტის ორგანოები და არჩეულ იქნენ ამ ორგანოებში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნის მიხედვით.“.

4. მე-7 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს.“.

5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა;“.

6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. მუნიციპალიტეტების უფლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებასა და ამ პირში გაწევრებაზე

1. მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან/და გახდნენ მისი წევრები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების სფეროში ორგანიზება გაუწიონ ერთობლივ ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან), აგრეთვე დაამყარონ ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“.

7. 42-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) იმუშაოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;“.

8. 47-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;“.

9. 54-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;

ა.ბ) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“;

ა.გ) „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;“;

ა.დ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“;

ა.ე) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ა.ვ) „დ.ა“−„დ.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

დ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;“;

ა.ზ) „დ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;“;

ა.თ) „ე.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“;

ა.ი) „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს, მათ შორის, საბჭოებს, კომისიებს და სამუშაო ჯგუფებს;“;

ა.კ) „ე.თ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.“.

10. 56-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.“.

11. მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 61-ე მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. მერიის მოხელე ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, მუნიციპალიტეტის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“.

13. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − თბილისი), როგორც საქართველოს დედაქალაქის, სტატუსი გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის მართვას.“.

14. 64-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;“.

15. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თბილისის ტერიტორია იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულია რაიონი. თბილისის ადმინისტრაციული ერთეული არ არის მუნიციპალიტეტი.“.

16. 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

17. 75-ე მუხლის:

ა) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის რეგლამენტის და მასში შესატანი ცვლილების პროექტებს;“;

ბ) „ე.ე“−„ე.ე2“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;

ე.ე1) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალს, რომლებზედაც ავტობუსები (M2   და M3   კატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან;

ე.ე2) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის წესს;“.

18. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.“.

19. 96-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.“.

20. 98-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.“.

21. 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი მოძრავი ქონების განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.“.

22. 121-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების თაობაზე დასაბუთებულ წინადადებას ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარუდგენს შესაბამის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.

23. 122-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.“.

24. 134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 134. დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვა

1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირს მოსთხოვოს დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი და ინფორმაცია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.“.

25. 135-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გაუქმდეს მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ ის არ შეესაბამება დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

3. თუ მუნიციპალიტეტი არ შეასრულებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ.“;

ბ) მე-5−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს უგზავნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის ან ამ აქტის გაუქმების შესახებ მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან მოტივირებულ წერილობით უარს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე ან შეჩერების შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

7. დაუშვებელია დარგობრივი ზედამხედველობის წესით გაუქმდეს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია/ გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

8. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების შესახებ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

26. 136-ე მუხლის მე-2−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითება შეასრულოს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სათანადო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე.

4. თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას, შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული მოვალეობის შესრულება, მისცეს მას სავალდებულო მითითებები და მდგომარეობის გამოსასწორებლად განუსაზღვროს გონივრული ვადა – არანაკლებ 15 სამუშაო დღისა. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს თანხმობით.

5. მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ.“.

27. XVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა“.

28. 141-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას.“.

29. 144-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნისას ან მისი საქმიანობის შეჩერებისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო − საგანგებო ადმინისტრაცია.

2. ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს მოქმედი მერი, ხოლო ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ახალი მერის არჩევამდე საქართველოს მთავრობა მასვე ავალებს მთავრობის რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელებას.“.

30. 145-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 145. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა

1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები − მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე.

2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დათხოვნისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერი აირჩევა მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე ვადით.“.

31. 147-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 147. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სახელმწიფო რწმუნებული და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

32. 149-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში.“.

33. 167-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის 155-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 156-ე მუხლი მოქმედებს 2019 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 155-ე მუხლის მე-3 პუნქტი 2021 წლის 1 იანვრამდე, 159-ე მუხლი – 2026 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1561 მუხლი − 2030 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6853-რს