„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6873-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 240120000.05.001.020087
6873-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
240120000.05.001.020087
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

4. მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით), რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს:

ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან;

გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;

დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.“.

3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებანი რეკლამის სფეროში

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები ან მის მიერ უფლებამოსილი პირი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი.“.

4. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიმართონ განცხადებით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების სასამართლოში შეტანა არ აჩერებს მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6873-რს