საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6726-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.019929
6726-რს
02/07/2020
ვებგვერდი, 03/07/2020
080000000.05.001.019929
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1641 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

1. საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება, თუ ასეთი გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, −

ისჯება ჯარიმით.

2. საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება, თუ ასეთი გარიგების ღირებულება აღემატება 100 ლარს, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებაში არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები − მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.

2. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სადღესასწაულო ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 5 000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის, დაპირებისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე ამგვარი საჩუქრის მიღებისათვის.

3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება პირი, რომელსაც შესთავაზეს ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემას ან გაწევას, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებით, თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

4. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებებისათვის, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.“.

2. 362-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემების/ინფორმაციის, საკუთარი, აგრეთვე მხარდამჭერი პირის ხელმოწერის გაყალბება −

ისჯება ჯარიმით.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2020 წ.

N6726-რს