„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6987-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 470210000.05.001.020105
6987-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
470210000.05.001.020105
„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №15-16, 30.04.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში

1. ამ კანონით მუნიციპალიტეტებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან;

ბ) სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების ადგილზე  დაფიქსირება;

გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში;

დ) სანიტარიული დაცვის ზონის დროებითი საზღვრის შეთანხმება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.

3. მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებით, მეორე ზონის საზღვრები შეიძლება დადგინდეს ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არაუგვიანეს 6 თვისა მისი დამტკიცებიდან.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კურორტებზე, სადაც არ არის ჩატარებული საძიებო სამუშაოები სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტებისათვის, კურორტების მართვის ორგანო შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ სანიტარიული დაცვის ზონის დაპროექტება და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესით, კურორტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 წლისა.“.

4. მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემას და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6987-რს