საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6355-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.019911
6355-IIს
23/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
310010010.05.001.019911
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კოდექსი განსაზღვრავს:

ა) სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში მის ადგილსა და როლს, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლება- მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას;

ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, აგრეთვე საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ18“−„ჰ25“ ქვეპუნქტები:

„ჰ18) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება − სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურება, რომელიც საზოგადოებას რეგულარულად, დისკრიმინაციის გარეშე მიეწოდება და რომლის გაწევის საჯარო ეკონომიკური ინტერესიც არსებობს;

19) კომპეტენტური ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო;

20) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორი (სარკინიგზო ოპერატორი) − ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებას საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ეწევა;

21) საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება − მოთხოვნა, რომელსაც განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო, რათა საჯარო ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, რომლის გაწევის კომერციული ინტერესი საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს არ აქვს და რომელსაც სარკინიგზო ოპერატორი კომერციული სარგებლის მიღების გარეშე საერთოდ არ გასწევდა ან იმავე ოდენობით ან/და პირობებით არ გასწევდა;

22) ექსკლუზიური უფლება − საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისგან განსხვავებით, ექსკლუზიურად, გარკვეულ მიმართულებაზე, განსაზღვრულ სარკინიგზო ქსელზე ან ტერიტორიაზე გასწიოს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება;

23) საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია (კომპენსაცია) − საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, რომელიც საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში კომპეტენტურმა ორგანომ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს უნდა გადაუხადოს;

24) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება − კომპეტენტურ ორგანოსა და საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც სარკინიგზო ოპერატორს აკისრებს საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულებას, რის სანაცვლოდაც სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია კომპეტენტური ორგანოსგან საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია მიიღოს;

25) პირდაპირი მინიჭება − საზოგადოებრივი მომსახურების  სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების უფლების პირდაპირი წესით, კონკურენტული შერჩევის პროცედურის ან სატენდერო პროცედურის გარეშე მინიჭება.“.

3. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რკინიგზა ვალდებულია განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა და ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების არსებობისას, აგრეთვე განახორციელოს ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა, თუ:

ა) მგზავრი ან ტვირთგამგზავნი იცავს ამ კოდექსის მოთხოვნებს, აგრეთვე „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებს“;

ბ) შესაძლებელია გადაყვანა-გადაზიდვის არსებული პერსონალითა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელება;

გ) გადაყვანა-გადაზიდვას ხელს არ უშლის გარემოებები, რომლებსაც რკინიგზა თავიდან ვერ აიცილებს;

დ) გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი, ფოსტა არ არის შეტანილი იმ ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის ნუსხაში, რომლის გადაზიდვა აკრძალულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული პირობებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

 

„თავი V1. საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება

მუხლი 43 1. საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიზანი და შინაარსი

1. ამ თავის მიზანია საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების უსაფრთხოდ, ხარისხიანად და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად გაწევის განსაზღვრა.

2. ამ თავით განისაზღვრება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სარკინიგზო ოპერატორს ეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულება, რის სანაცვლოდაც სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია კომპეტენტური ორგანოსგან საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია მიიღოს.

მუხლი 43 2. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება

1. კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭება და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გადახდა მხოლოდ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზეა შესაძლებელი.

2. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს კონკურენტული შერჩევის პროცედურის შესაბამისად ან პირდაპირი მინიჭების საფუძველზე, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. კონკურენტული შერჩევის პროცედურა ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია, სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს. შესაძლებელია კონკურენტული შერჩევის პროცედურა შესაბამისი წინადადებების მიღებისა და წინასწარი შერჩევის შემდეგ, კანდიდატების მიერ კონკურენტული შერჩევის პროცედურის მოთხოვნების არსში უკეთ გარკვევისა და მისი დაზუსტების მიზნით მათთან მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდეს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან გასაფორმებელ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მარეგულირებელი ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტის მოქმედება. კონკურენტული შერჩევის პროცედურასა და მისი განხორციელების წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

5. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს პირდაპირი მინიჭების საფუძველზე, კონკურენტული შერჩევის პროცედურის გარეშე, თუ:

ა) ამ ხელშეკრულების საშუალო წლიური ღირებულება 1 000 000 (ერთი მილიონი) ევროს ლარში ეკვივალენტზე ნაკლებია ან საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება მგზავრთა წლიურად 300 000 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე გადაყვანას ითვალისწინებს;

ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევა სერიოზულად  ფერხდება  ან  არსებობს  ასეთი  შეფერხების  რისკი.  ამ  შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ღონისძიება −   საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება პირდაპირი მინიჭების საფუძველზე გაფორმდეს ან კონკრეტულ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორთან არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს. პერიოდი, რომლითაც საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება ფორმდება ან მისი მოქმედების ვადა გრძელდება ან რომლითაც ამ გადაუდებელი ღონისძიების შედეგად ხდება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების დაკისრება, 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს;

გ)  პირდაპირი  მინიჭება  დასაშვებია ბაზრისა და სარკინიგზო ქსელის  შესაბამისი სტრუქტურული და გეოგრაფიული მახასიათებლების, კერძოდ, მოცულობის, მოთხოვნის მახასიათებლების, სარკინიგზო ქსელის სირთულის, ტექნიკური და გეოგრაფიული იზოლირების ან/და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების გათვალისწინებით;

დ) პირდაპირი მინიჭების საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებით საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების ხარისხი ან ხარჯების ეფექტიანობა წინა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებასთან შედარებით გაუმჯობესდება;

ე) ეს ხელშეკრულება ფორმდება საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორთან, რომელიც იმავდროულად მართავს იმ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უმეტეს ნაწილს, რომელზედაც საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება გაიწევა.

მუხლი 43 3. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს:

ა) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ შესასრულებელ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებას და საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების გეოგრაფიულ არეალს;

ბ) ობიექტურად და გამჭვირვალედ:

ბ.ა) კომპეტენტური ორგანოს მიერ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გადახდის პირობებს;

ბ.ბ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლების შინაარსსა და ფარგლებს (არსებობის შემთხვევაში);

გ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ხარჯებს და მათ განაწილებას. ეს ხარჯები შეიძლება მოიცავდეს ადამიანურ რესურსებთან, ელექტროენერგიასა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სარკინიგზო შემადგენლობის მოვლა-შენახვისა და შეკეთების და საჭირო სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე ფიქსირებულ ხარჯებს და შესაბამის გონივრულ მოგებას;

დ) ბილეთის საფასურს ან/და ბილეთის საფასურის განსაზღვრის წესსა და პირობებს;

ე) ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლების განაწილების წესს, რომლებიც შესაძლებელია საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს დარჩეს, კომპეტენტურ ორგანოს გადაეცეს ან მათ შორის განაწილდეს;

ვ) ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) სხვა პირობებსა და დებულებებს.

მუხლი 43 4. საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია

საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის (მათ შორის, შესაბამისი გონივრული მოგების დაანგარიშების) წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების  წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის შესახებ“ დადგენილების მიღება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2020 წ.

N6355-IIს