„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმი

„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმი
დოკუმენტის ნომერი 26/13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016611
26/13
10/07/2019
ვებგვერდი, 16/06/2020
480610000.03.030.016611
„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის  საქართველოსა და  ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე


საქართველოს მთავრობა

და

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა

(შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“),

სურთ რა, ხელი შეუწყონ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების (შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“) იმპლემენტაციას და მისი მე-19 მუხლის თანახმად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

ზოგადი დებულება

წინამდებარე ოქმი ითვალისწინებს დეტალურ წესებს შეთანხმების იმპლემენტაციისთვის საქართველოსთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში. წინამდებარე ოქმში გამოყენებული ტერმინები და განსაზღვრებები უნდა იქნეს გაგებული ისე, როგორც განსაზღვრულია შეთანხმებაში.

მუხლი 2

კომპეტენტური ორგანოები

(1) შემდეგი ორგანოები უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი შეთანხმების იმპლემენტაციაზე მისი მე-19 (1) მუხლის a) ქვეპუნქტის თანახმად (შემდგომში წოდებულნი როგორც „კომპეტენტური ორგანოები“):

- საქართველოს მხრიდან:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიგრაციის დეპარტამენტი

მისამართი: მ. გახოკიძის ქ. 16, 0182, თბილისი, საქართველო,

- ჩეხეთის მხრიდან:

ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიცია

უცხოელთა საპოლიციო სამსახურის დირექტორატი

მისამართი: ოლსანსკა 2, საფოსტო ყუთი 78, 130 51 პრაღა 3, ჩეხეთის რესპუბლიკა.

(2) წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლამდე ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხებით უნდა გაცვალონ კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო დეტალები. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შეატყობინონ ერთმანეთს აღნიშნული საკონტაქტო დეტალების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

(3) ხელშემკვრელმა მხარეებმა უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე დიპლომატიური არხებით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოებისა და მათი მისამართების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მუხლი 3

კომუნიკაციის საშუალებები

(1) რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ განაცხადები ზოგადად წარდგენილი უნდა იქნეს რეადმისიის საქმეთა მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში წოდებული როგორც „რსმეს“) მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, განაცხადები შეიძლება წარდგენილ იქნეს ფოსტის, ფაქსის ან დაცული ელ-ფოსტის მეშვეობით. ფოსტის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა დაადასტუროს განაცხადის მიღება მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაგზავნის გზით.

(2) რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ განაცხადებზე პასუხები და მათთან დაკავშირებული სხვა კომუნიკაცია ზოგადად წარდგენილი უნდა იქნეს რსმეს-ის მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, პასუხები და მათთან დაკავშირებული სხვა კომუნიკაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ფოსტის, ფაქსის ან დაცული ელ-ფოსტის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი კომუნიკაცია არ შეიცავს რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის პერსონალურ მონაცემებს, იგი შეიძლება გაიგზავნოს დაუცველი ელექტრონული საშუალებებით ან კომუნიკაციის სხვა დაუცველი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და უნდა მიუთითებდეს შესაბამისი განაცხადის მითითების ნომერზე.

(3) შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის მიზნით, რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ განაცხადები, მათზე პასუხები და მათთან დაკავშირებული სხვა კომუნიკაცია მიღებულად ჩაითვლება მათი ადრესატი ხელშემკვრელი მხარის მიერ მას შემდეგ, რაც მოხდება მათი შეტანა რსმეს-ში.

მუხლი 4

დამატებითი დოკუმენტები

(1) შეთანხმების მე-19 (1) მუხლის c) ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული პირის გადამყვანი საჰაერო გადამზიდავის მიერ წარდგენილი მგზავრთა სია ან მის მიერ გაცემული წერილობითი დადასტურება განხილული იქნება როგორც მოქალაქეობის პრიმა ფაციე მტკიცებულება შეთანხმების მე-2 დანართში მოცემულ მტკიცებულებებზე დამატებით.

(2) თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ სხვა დოკუმენტები, გარდა შეთანხმების 1-4 დანართებში მოცემულისა, შეიძლება იყოს რელევანტური მოქალაქეობის ან მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის პირობის დადგენისთვის, აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება დაერთოს რეადმისიის შესახებ განაცხადს. მოქალაქეობა ან მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის პირობები ჩაითვლება დადგენილად, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე დაადასტურებს მას ზემოხსენებულ შემთხვევებში.

(3) კომპეტენტურმა ორგანოებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა გაცვალონ პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ნიმუშები წინამდებარე ოქმის ხელმოწერის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 5

გასაუბრება

(1) თუ მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია შეთანხმების პირველ და მე-2 დანართებში მოცემული ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენა ან თუ წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც მოცემულია შეთანხმების მე-2 დანართში, არ არის საკმარისი, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებმა, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, უნდა ჩაუტარონ გასაუბრება დასაბრუნებელ პირს.

(2) გასაუბრების შესახებ მოთხოვნა შეთანხმების მე-8 (3) მუხლის თანახმად უნდა მიეთითოს რსმეს-ის მეშვეობით წარდგენილი რეადმისიის შესახებ განაცხადის შესაბამის ნაწილში. იმ შემთხვევაში, თუ რეადმისიის შესახებ განაცხადი წარდგენილია სხვა საშუალებებით, გასაუბრების შესახებ მოთხოვნა შეთანხმების მე-8 (3) მუხლის თანახმად უნდა მიეთითოს რეადმისიის შესახებ განაცხადის F ნაწილში, რომლის ასლი იმავდროულად უნდა გაეგზავნოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

(3) გასაუბრება უნდა ჩატარდეს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დედაქალაქში. გასაუბრება უნდა ჩატარდეს წინასწარ შეთანხმებულ დროს. შესაძლებლობის შემთხვევაში და მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოსა და მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების შეთანხმებით გასაუბრება შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს კომუნიკაციის შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.

მუხლი 6

რეადმისიის პროცედურა

(1) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიუთითოს გადაყვანის შეთავაზებული თარიღი, შესვლის პუნქტი და სავარაუდო ესკორტირებასთან დაკავშირებული დეტალები რსმეს-ის მეშვეობით წარდგენილი რეადმისიის შესახებ განაცხადის შესაბამის ნაწილში ან, თუ რეადმისიის შესახებ განაცხადი წარდგენილია სხვა საშუალებებით, რეადმისიის შესახებ განაცხადის F ნაწილში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დეტალები ცნობილია განაცხადის წარდგენის მომენტისთვის. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უპასუხოს აღნიშნულ მიმართვას რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხში.

(2) თუ პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის მოცემული რეადმისიის შესახებ განაცხადში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეატყობინოს ის მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმების მე-11 (1) მუხლით დადგენილ ვადაში. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ აღნიშნულ მიმართვაზე პასუხი უნდა გააგზავნოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, თუმცა ასეთი მიმართვის მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო არ მიიღებს პასუხს აღნიშნულ ვადაში, მიმართვა ჩაითვლება მიღებულად.

(3) თუ სამართლებრივი ან პრაქტიკული დაბრკოლებების გამო გადაყვანის ვადა იქნა გაგრძელებული, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაბრკოლებების აღმოფხვრის შესახებ, მაშინვე როდესაც ეს მოხდება, და უნდა მიუთითოს გადაყვანის განსაზღვრული ადგილი და დრო.

(4) პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ესკორტის წევრებთან დაკავშირებული დეტალები მოიცავს ესკორტის განმახორციელებელი პირების სახელებსა და გვარებს, წოდებებსა და თანამდებობებს და მათი სამგზავრო დოკუმენტების ტიპს, ნომერსა და გაცემის თარიღს. აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დაყოვნების გარეშე.

(5) მოცემული პირის ესკორტის თანხლებით გადაყვანის შესახებ წერილობითი ოქმი უნდა მომზადდეს ორ ასლად. თითოეული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეინახოს ერთ-ერთი ასლი. სამოდელო ოქმი მოცემულია წინამდებარე ოქმის დანართში და წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 7

ტრანზიტის პროცედურა

(1) ტრანზიტის შესახებ განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაგეგმილ ტრანზიტამდე სულ მცირე 10 კალენდარული დღით ადრე. ტრანზიტის შესახებ განაცხადი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეთანხმების მე-7 (2) მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეთითოს რსმეს-ის მეშვეობით წარდგენილი ტრანზიტის შესახებ განაცხადის შესაბამის ნაწილში ან, თუ ტრანზიტის შესახებ განაცხადი წარდგენილია სხვა საშუალებებით, ტრანზიტის შესახებ განაცხადის C ნაწილში.

(2) სატრანზიტო ოპერაცია ზოგადად უნდა განხორციელდეს საჰაერო გზით. ასეთ შემთხვევაში, მოცემული პირის თანხლება შეიძლება განხორციელდეს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ესკორტით. ესკორტთან დაკავშირებული დეტალები, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე ოქმის მე-6 (3) მუხლში, უნდა მიეთითოს რსმეს-ის მეშვეობით წარდგენილი ტრანზიტის შესახებ განაცხადის შესაბამის ნაწილში ან, თუ ტრანზიტის შესახებ განაცხადი წარდგენილია სხვა საშუალებებით, ტრანზიტის შესახებ განაცხადის B ნაწილში. აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დაყოვნების გარეშე.

(3) ესკორტის წევრებმა არ უნდა განახორციელონ არანაირი უფლებამოსილება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ისინი არ უნდა იყვნენ შეიარაღებულნი; ისინი ვალდებულნი არიან, პატივი სცენ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემას და უნდა ატარონ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ტრანზიტთან დაკავშირებით გაცემული თანხმობის ასლი.

(4) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ესკორტის წევრებს უნდა აღმოუჩინოს აუცილებელი მხარდაჭერა და დახმარება. რაც შეეხება შეთანხმების მე-14 (4) მუხლის შესაბამისად მოცემული პირის მეთვალყურეობას, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველყონ, რომ მოცემულმა პირმა არ დატოვოს აეროპორტის სატრანზიტო ზონა და რომ ის ჩაჯდეს საჰაერო ხომალდში.

(5) სახმელეთო გზით ტრანზიტის შემთხვევაში, ორივე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების თანხმობით, მოცემული პირის გადაცემა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლებისთვის უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საზღვარზე, რომლებმაც აღნიშნული პირი უნდა მიაცილონ დანიშნულების სახელმწიფოს ან, საჭიროების მიხედვით, ტრანზიტის სხვა სახელმწიფოს საზღვრამდე.

მუხლი 8

სასაზღვრო გამტარი პუნქტები

(1) შეთანხმების მე-19 (1) მუხლის a) ქვეპუნქტის თანახმად, რეადმისია და ტრანზიტი საჰაერო გზით, თუ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული, უნდა განხორციელდეს შემდეგ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში:

- საქართველოში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი,

- ჩეხეთის რესპუბლიკაში: ვაცლავ ჰაველის პრაღის აეროპორტი.

(2) ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხებით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს პირველ პუნქტში მოცემულ სასაზღვრო გამტარი პუნქტების სიაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

(3) სახმელეთო გზით გადაყვანის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები უნდა შეთანხმდნენ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.

მუხლი 9

შეცდომით განხორციელებული რეადმისია

(1) იმ შემთხვევაში, თუ ახალი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადზე დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ და რეალურ გადაყვანამდე რეადმისიის მოთხოვნები არ იქნა დაცული, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, მიმართოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის შესახებ განაცხადზე თანხმობის გაუქმებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უნდა აცნობოს წინა გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზები.

(2) იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მე-12 მუხლის მიხედვით შეცდომით განხორციელებული რეადმისიის გამო რეადმისირებული პირი უნდა დაბრუნდეს უკან, პირთან დაკავშირებული ყველა თავდაპირველი დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს.

მუხლი 10

ხარჯების დაფარვა

(1) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უნდა აუნაზღაუროს შეთანხმების მე-15 მუხლის თანახმად გათვალისწინებული ხარჯები და ის გონივრული ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის ყოფნასთან დაკავშირებით, მათ შორის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების მე-14 (4) მუხლის თანახმად დახმარების აღმოჩენასთან, ანგარიშფაქტურის მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ანგარიშზე საბანკო გადარიცხვის გზით.

(2) ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხებით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს თავიანთი შესაბამისი საბანკო ანგარიშების ნომრები.

(3) ანაზღაურების კურსი უნდა დარეგულირდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობით და უნდა ეფუძნებოდეს იმ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს ხარჯების უტყუარ ოდენობას.

მუხლი 11

ენები

(1) რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ განაცხადები და მათზე პასუხები წარდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე ან, თუ ეს შესაძლებელია, იმ ხელშემკვრელი მხარის ენაზე, რომელსაც ისინი ეგზავნება. სხვა დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს, თუ ეს შესაძლებელია, იმ ხელშემკვრელი მხარის ენაზე, რომელსაც ისინი ეგზავნება, ან ინგლისურ ენაზე.

(2) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა შემდგომი კომუნიკაცია უნდა განახორციელონ ინგლისურ ენაზე, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

მუხლი 12

ოქმში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები უნდა გაფორმდეს ცალკე დოკუმენტების სახით, რომლებიც შეადგენს წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე ოქმის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 13

ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

(1) ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხებით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

(2) ოქმის ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების შემდეგ ჩეხეთის ხელშემკვრელმა მხარემ ამის თაობაზე უნდა შეატყობინოს შეთანხმების მე-18 მუხლით გათვალისწინებულ რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს. ჩეხეთის ხელშემკვრელმა მხარემ საქართველოს ხელშემკვრელ მხარეს უნდა აცნობოს აღნიშნული შეტყობინების განხორციელების ფაქტი.

(3) ოქმი ძალაში შევა რეადმისიის ერთობლივი კომიტეტისთვის შეტყობინებიდან მეორე თვის პირველ დღეს.

(4) ოქმი წყვეტს მოქმედებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის დღეს.

შესრულებულია, ქ. თბილისში, 2019 წლის 10 ივლისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს 

სახელით

(ხელმოწერილია)

ჩეხეთის რესპუბლიკის 

(ხელმოწერილია)

 

საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ოქმის

დანართი

 

მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო:                                               მითითების ნომერი:

მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო:

რეადმისირებული პირის გადაყვანის ოქმი

საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ოქმის მე-6 (5) მუხლის შესაბამისად

A. პერსონალური დეტალები

1. სრული სახელი (ხაზი გაუსვით გვარს):.................................................................................

2. დაბადების თარიღი და ადგილი:............................................................................................

3. სქესი:.............................................................................................................................................

4. მოქალაქეობა:..............................................................................................................................

5. გადასაყვანი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა:...........................................................

B. თანმხლები მეუღლის პერსონალური დეტალები

1. სრული სახელი (ხაზი გაუსვით გვარს):.................................................................................

2. დაბადების თარიღი და ადგილი:............................................................................................

3. სქესი:.............................................................................................................................................

4. მოქალაქეობა:..............................................................................................................................

5. ჯანმრთელობის მდგომარეობა:...............................................................................................

C. თანმხლები შვილების პერსონალური დეტალები

1. სრული სახელი (ხაზი გაუსვით გვარს):.................................................................................

2. დაბადების თარიღი და ადგილი:............................................................................................

3. სქესი:.............................................................................................................................................

4. მოქალაქეობა:..............................................................................................................................

5. ჯანმრთელობის მდგომარეობა:...............................................................................................

D. პირადი ნივთები და ნაღდი ფული, რომლებიც გადააქვს გადასაყვან პირს

1. ..........................................................................................

2. ..........................................................................................

3. ..........................................................................................

E. მეთვალყურეობა: ...................................................

(თარიღი) .......................................

(ადგილი) .......................................

 

მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან:

სახელი:

გვარი:

თანამდებობა:

ხელმოწერა:

 

მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან:

სახელი:

გვარი:

თანამდებობა:

ხელმოწერა: