საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5971-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019814
5971-სს
22/05/2020
ვებგვერდი, 25/05/2020
200000000.05.001.019814
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 112-ე−116-ე ნაწილები:

„112. 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციაზე;

ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;

გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;

დ) საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი;

ე) ამ შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებული/შვილობილი საწარმოს აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.

113. პირი უფლებამოსილია 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის (საანგარიშო პერიოდის) განმავლობაში გაწეული იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაბეგროს ამ მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

114. საქართველოს ფინანსთა მინისტრს/შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს 2020 წელს (მათ შორის, 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში) გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ან/და ქონების გადასახადის გადახდისთვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვადა გაუგრძელოს არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება.

115. იმ ქონების გადასახადისგან (მათ შორის, მიმდინარე გადასახდელისგან), რომლის გადახდა ამ კოდექსით გათვალისწინებულია 2020 წელს, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016):

ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

გ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება გამოიყენება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში.

116. საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რამაც დაქირავებულისთვის „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა გამოიწვია, იწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას ამ ინფორმაციის საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 მაისი 2020 წ.

N5971-სს