შპს "პარკინგ-ჰოლდინგის" განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს "პარკინგ-ჰოლდინგის" განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/739-20
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 23/04/2020
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2020
სარეგისტრაციო კოდი
2/739-20
23/04/2020
ვებგვერდი, 06/05/2020
შპს "პარკინგ-ჰოლდინგის" განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 080210320003526433

№2/739-20

განჩინება

საქართველოს სახელით განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2020 წლის 23 აპრილი

  ქ. ქუთაისი

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე დარინა აბულაძე

განმცხადებელი: შპს „პარკინგ-ჰოლდინგი“ (ს/ნ 212890629)

დირექტორი: გოდერძი ქასრაშვილი

მოთხოვნა – შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ გაკოტრება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს„პარკინგ-ჰოლდინგის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი

გამოარკვია:

2020 წლის 16 მარტს შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა, დირექტორმა გოდერძი ქასრაშვილმა და ითხოვა შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ამასთან აღნიშნა, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში შპს „პარკინგ-ჰოლდინგი“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ: ცნობა შემოსავლების სამსახურიდან შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ საბანკო ანგარიშების თაობაზე, ცნობები ბანკიდან შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის თაობაზე, შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ წესდება. 2020 წლის 31 მარტის ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით, შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ დაევალა წარმოედინა – ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, არის თუ არა კომპანია რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის (და სხვა) საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, ასევე საბანკო დაწესებულებების მიერ

გაცემული ინფორმაცია, მოქმედი და დახურული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშების შესახებ და შესაბამისი ბანკებში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის ოდენობის თაობაზე.

2020 წლის 21 აპრილს შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ დირექტორმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის 20.4. მუხლის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება..

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და წერილი საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას არ გააჩნია. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება 39183 ლარის და 767,31 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დაადგინა

1. შპს „პარკინგ-ჰოლდინგის“ (ს/ნ 212890629), უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე                                                             დარინა აბულაძე