ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120060030.22.027.017011
515
06/04/2020
ვებგვერდი, 06/04/2020
120060030.22.027.017011
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №515

2020 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე

„ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
ეს ბრძანება, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთ მომსახურებათა/ქმედებათა განხორციელების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ წესებს.
მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) მიეცეს უფლება მიიღოს/დაარეგისტრიროს და დაიწყოს სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის დედნის გარეშეც, რომელიც წარდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. სააღსრულებო ფურცლის სიყალბის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.

2. კრედიტორს/განმცხადებელს მიეცეს უფლება სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტები და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინოს მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან/და info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

3. ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის წარდგენისას პირის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მიწოდებული იქნეს კრედიტორის ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში, აღმასრულებელის მიერ გადამოწმდება ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორე და კრედიტორისადმი კუთვნილება.

4. ნებისმიერი წარმოების (მათ შორის, სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული წარმოება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სხვა) ფარგლებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და წარმოების მონაწილე პირს/განმცხადებელს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდეს ელექტრონულად ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით (მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).

5. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის/ინფორმაციის ელექტრონული ფორმით წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია, სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტები და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დედნის სახით, ასევე ნებისმიერი წარმოების (მათ შორის, სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული წარმოება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სხვა) ფარგლებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელია განხორციელდეს დოკუმენტაციის მატერიალურად წარდგენა სპეციალურად საამისოდ გამოყოფილი სივრცის გამოყენებით. პირის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მიწოდებული იქნეს კრედიტორის/განმცხადებლის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (რომლის მეშვეობით განხორციელდება შემდგომი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღება/გაცემა), პირადობის მოწმობის ასლი, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში, გადამოწმდება ინფორმაციის სისწორე და კრედიტორისადმი/განმცხადებლისადმი კუთვნილება.

6. მოვალისთვის გაგზავნილ პირველივე შეტყობინებაში მიეთითება, რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია კრედიტორის მიერ წარდგენილი ასლის საფუძველზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილ სააღსრულებო ფურცელს/აღსრულების ქვემდებარე აქტს წარდგენისას არ ახლავს განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი რეკვიზიტები, აღმასრულებელი უფლებამოსილია არ დაიწყოს აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, აღმასრულებელი არ არის ვალდებული, განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღსრულების დაწყების შეუძლებლობის შესახებ. თუ განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია წარდგენილი იქნა ნაწილობრივ, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ზომები განმცხადებლისთვის ამ საშუალებებით დაკავშირებისთვის და ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

8. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის ასლი არ შეესაბამება დედანს, აღმასრულებელი ვალდებულია შეწყვიტოს დაწყებული სააღსრულებო წარმოება და მასალები გადააგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

მუხლი 3
1. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის სიყალბის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.

2. სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით კერძო აღმასრულებელთან ხელშეკრულების დადება, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტებისა და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, კერძო აღმასრულებელის ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

3. სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენისას, აუცილებელია მიწოდებული იქნეს კრედიტორის ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის ასლი, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელის მიერ გადამოწმდება ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორე და კრედიტორისადმი კუთვნილება.

4. კერძო აღმასრულებელსა და სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირს/განმცხადებელს შორის სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა ასევე განხორციელდეს ელექტრონულად, ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით (კერძო აღმასრულებელის ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილ სააღსრულებო ფურცელს/აღსრულების ქვემდებარე აქტს წარდგენისას არ ახლავს განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი რეკვიზიტები, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია არ დაიწყოს აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელი არ არის ვალდებული, განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღსრულების დაწყების შეუძლებლობის შესახებ. თუ განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია წარდგენილი იქნა ნაწილობრივ, კერძო აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ზომები განმცხადებლისთვის ამ საშუალებებით დაკავშირებისთვის და ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

6. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის ასლი არ შეესაბამება დედანს, კერძო აღმასრულებელი ვალდებულია შეწყვიტოს დაწყებული სააღსრულებო წარმოება და მასალები გადააგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

მუხლი 4
1. ამ ბრძანების მიხედვით ელექტრონულად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორი ვალდებულია საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აღმასრულებელს/კერძო აღმასრულებელს, წარუდგინოს სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტისა და თანდართული დოკუმენტაციის დედანი. თუ კრედიტორი, აღმასრულებლის/კერძო აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, აღსრულება შეწყდება.

2. კრედიტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის, ასევე სააღსრულებო წარმოების აღსრულებით დასრულების შემთხვევაში.

3. ამ ბრძანებით დადგენილი წესით დაწყებულ სააღსრულებო წარმოებებზე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობისას, კრედიტორს დაუბრუნდება მის მიერ ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცელი/აღსრულების ქვემდებარე აქტი.

მუხლი 5
აღმასრულებელი/კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება განახორციელოს გარეგნული დათვალიერებით და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების გამოყენებით.
მუხლი 6
შემფასებელი უფლებამოსილია უძრავი ნივთის შეფასება განახორციელოს გარეგნული დათვალიერებით და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების გამოყენებით. იგივე წესი გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება სხვა სახის ქონების შეფასება, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება უძრავი ნივთის ღირებულება, ამავე უძრავ ნივთთან მიმართებით.
მუხლი 7
1. შეჩერდეს ყადაღის დადება იმ მოძრავ ნივთებზე, რომლებიც განთავსებულია საცხოვრებელ სადგომში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება და შესანახად მიბარება, შესრულდება ელექტრონული ფორმით მესაკუთრის/მფლობელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (ნივთის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა, ფოტომასალა და სხვა). მოძრავი ნივთების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და დაყადაღებული ქონების შენახვის ვალდებულება, აღმასრულებლის/კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოძრავი ნივთის მესაკუთრეს/მფლობელს ეკისრება.

3. ყადაღადადებული ქონების მესაკუთრეს და მინდობილ პირს – შემნახველს ელექტრონული ფორმით ეგზავნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი და განემარტება, რომ ყადაღადადებული ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 8
შეჩერდეს დაყადაღებული ნივთების ამოღება/გამოტანა, რომელიც შესანახად ჩაბარდა მოვალეს ან სხვა პირს.
მუხლი 9
შეჩერდეს/გადაიდოს ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევით გამოწვეული აუცილებლობისა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ მიიღოს ან/და არ შეასრულოს მოთხოვნა ფაქტის კონსტატაციის შესახებ.
მუხლი 10
1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოვალისათვის წერილობით გაფრთხილების გაგზავნა მოხდეს ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღისა და დროის მითითების გარეშე.

2. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე არ განხორციელდეს მოვალეებისა და მისი თანმხლები პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანა. ამ კატეგორიის საქმეებზე სხვა სააღსრულებო მოქმედებები წარიმართოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. შეჩერდეს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა/დინება და დაიწყოს/გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.

4. შეჩერდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლით გათვალისწინებული იმ სააღსრულებო მოქმედების განხორციელება, რაც გულისხმობს აღსრულების ქვემდებარე აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთის მოვალისათვის ჩამორთმევასა და კრედიტორისათვის გადაცემას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოვალე ნებაყოფლობით ასრულებს ვალდებულებას, ან როდესაც კრედიტორისთვის გადასაცემი ნივთი ჩამორთმეულია ამ ბრძანების გამოცემამდე.

მუხლი 11
ეს ბრძანება მოქმედებს მისი გამოქვეყნებიდან „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მოქმედების დასრულებამდე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი