იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ

იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-31/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 25/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016736
01-31/ნ
25/03/2020
ვებგვერდი, 25/03/2020
470230000.22.035.016736
იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

(ძალადაკარგულია - 23.03.2020, №181,  საქართველოს მთავრობის დადკენილება) 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-31/ნ

2020 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-6 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დამტკიცდეს იზოლაციისა და კარანტინის თანდართული წესები. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 25 მარტიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე




იზოლაციისა და კარანტინის წესები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე იზოლაციისა და კარანტინის წესები (შემდგომ – წესი) არეგულირებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) (შემდგომ – კორონავირუსი) ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის, რეაგირებისა და მზადყოფნის მიზნით, იზოლაციასა და კარანტინთან დაკავშირებულ საკითხებს და პირობებს.

2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირზე.

3. ამ წესის მოქმედება ასევე ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ამ წესის ამოქმედების დროისთვის იმყოფებიან იზოლაციაში (მათ შორის, კარანტინში). აღნიშნული პირებისთვის იზოლაციაში (მათ შორის, კარანტინში) ფაქტობრივი ყოფნის პერიოდი ჩაითვლება ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იზოლაციაში ყოფნის ვადაში.

4. ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნით ყველა პირი ვალდებულია:

ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას ან გაზრდას;

ბ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ისეთი გარემოებების შესახებ, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების რისკების შესაფასებლად.

გ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

დ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;

ე) ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად დაიცვას იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებები;

ვ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები.

მუხლი 2. იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებები

1. ამ წესის მიზნებისთვის, იზოლაცია ხორციელდება კორონავირუსის გავრცელების რისკის აღკვეთის მიზნით, კორონავირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი პირების მიმართ.

2. ამ წესის მიზნებისთვის, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იზოლაცია შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში (კარანტინი) ან თავად ამ პირის მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში ამ სივრცის შეფასების შემდეგ (თვითიზოლაცია).

3. იზოლაციის ღონისძიებები ხორციელდება ფიზიკური პირის, ფიზიკური პირთა ჯგუფების, საცხოვრებელი სახლის/კორპუსის, სამედიცინო დაწესებულების, თავშესაფრებისა და დასახლებული პუნქტების/დასახლებების/მუნიციპალიტეტის მიმართ.

4. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარება 14 დღის განმავლობაში იზოლაციას (კარანტინს ან თვითიზოლაციას).

5. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, სსიპ - შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ჩაღრმავებულ გამოკითხვას და აღრიცხვას „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის“ (დანართი №9) შევსებით, რომელიც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ.

6. კონტაქტირებული პირების დადგენას ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების (სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი სამსახურები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები) უფლებამოსილი პირები (ეპიდემიოლოგები), რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ.

7. თვითიზოლაციის სურვილის შემთხვევაში, პირი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმას (ხელმისაწვდომია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.moh.gov.ge), რომლის საფუძველზეც სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს თვითიზოლაციისთვის მითითებული საცხოვრებელი გარემოს შესწავლას და შესაფერისი პირობების არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პირის თვითიზოლაციაში მოთავსების/გადაყვანის შესახებ.

8. საკარანტინო სივრცეებში შესაბამისი პირების გადაყვანას ახორციელებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით.

9. იზოლაციამდე (კარანტინი, თვითიზოლაცია) ფიზიკური პირი ხელს აწერს ინფორმირების ფორმას (დანართი №1). ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ფორმაში კეთდება შესაბამისი შენიშვნა, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

10. იზოლაციამდე პირს განემარტება/გადაეცემა შესაბამისი ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელიც უნდა დაიცვას იზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის პერიოდში.

11. იზოლაციაში პირი თავსდება 14 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.

12. ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ - შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არაუმეტეს 5 დღისა გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება.

13. გადაწყვეტილებაში აღინიშნება ფიზიკური პირის იზოლაციაში მოთავსების თარიღი და ვადა.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის მიზნებისთვის, გადაწყვეტილებად ჩაითვლება „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №9-ის გაფორმება ან სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ან სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შევსება (რაც შესაძლებელია იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული აქტის გამოცემა არ არის სავალდებულო, როდესაც კარანტინი ცხადდება მასობრივად, ან კონკრეტული ტერიტორიის (მუნიციპალიტეტი, დასახლება) მიმართ, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ მოქმედებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, თუ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, სხვა რამ არ არის დადგენილი.

16. პირის იზოლაციას (თვითიზოლაცია, კარანტინი) დაქვემდებარებული ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია  ეგზავნება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციასუგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, უთიერთიერთშეთანხმებული ფორმატით.

17. პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შესაბამის ფაქტის ან/და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გააკონტროლოს იზოლაციაში (თვითიზოლაციაში, კარანტინში) მყოფი პირის მიერ იზოლაციაში ყოფნის პირობების დაცვა, რაც მოიცავს, მათ შორის, მის ფიზიკურად ადგილზე გადამოწმებას, პერიოდული სატელეფონო ზარების განხორციელებასა და სხვა ლეგიტიმური საშუალებებით შემოწმებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

მუხლი 3. იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები

1. იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება.

2. დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა.

3. საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით.

4. იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით.

5. იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით)

6. იზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი ასევე შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა სამსახურებმა.

7. იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.

8. იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.

9. იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.

10. იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.

მუხლი 4. პასუხისმგებლობა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის

1. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის შესაბამისად გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით.

 2. ადმინისტრაციულსახდელდადებული ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

3. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისთვის დაუმორჩილებლობის ან/და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ასეთი პირის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური ძალა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკური შეზღუდვის სხვა საშუალებები.

5. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, შესაბამის პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან/და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 5. ინფორმაციის გაცვლა

ამ წესით გათვალისწინებული უწყებები, დაკისრებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ურთიერთკოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფენ მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

დანართი №1

იზოლაციას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ფორმა[1]

საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შეჩერების მიზნით, ქვეყანა, როგორც დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი, მიმართავს კანონმდებლობით განსაზღვრულ იზოლაციის (შემზღუდავ) ღონისძიებას (კარანტინი), რაც გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიაზე თქვენი გადაადგილებისა და განთავსების შეზღუდვას 14 დღის განმავლობაში. იზოლაციის პერიოდში (თვითიზოლაცია ან კარანტინი).

  • იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება.
  • დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას - მედიკამენტების გადაცემა.
  • საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით.
  • იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით.
  • იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის ინტერნეტით)
  • იზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან/და სამინისტროს შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს.
  • იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.
  • იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.
  • იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.
  • იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.

ინფორმირებული ვარ, რომ სახელმწიფო იზრუნებს ჩემს განთავსებაზე იზოლაციის მიზნით, და კარანტინის პერიოდის განმავლობაში ბაზისური საჭიროებებით უზრუნველყოფაზე.

ჩემთვის ცნობილია, რომ იზოლაციის/კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს:

  • ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით.
  • ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

გავეცანი/ვეთანხმები: გვარი, სახელი (გარკვევით)

საკონტაქტო ტელეფონი:

 

ხელმოწერა:

 

თარიღი:

 



[1] ფორმა, ქართულ ენასთან ერთად, აგრეთვე შესაძლოა იყოს არასახელმწიფო ენაზეც.