დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 545 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025811 |
|
საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID -19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
|
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID -19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის სრულად მობილიზებულ იქნეს შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები: ა) შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“; ბ) სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. 2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს: ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულების სრულად დაცლა) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში; და/ან ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მ.შ. რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და საჭიროების შესაბამისად სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა; გ) კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა; დ) საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის მართვის უზრუნველყოფა. 3. განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შერჩეულ დაწესებულებებს მიეცეს უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. 4. განკარგულების მეორე პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.7-ითა და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 2 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები