,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“

  • Word
,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 05/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
02/02/2010
სსმ, 14, 05/02/2010
000000000.00(0).000.000000
,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2010 - 15/07/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2010 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული:

ა) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე ჰოსპიტალური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №1);

ბ) დამატებითი მოთხოვნები 50 და მეტ საწოლზე გათვლილი ჰოსპიტლებისათვის (დანართი №2);

გ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე ამბულატორიული სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №3);

დ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე ლაბორატორიული სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №4).

    მუხლი 2.

ამ დადგენილების დანართებით განსაზღვრული მოთხოვნები ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

    მუხლი 3.

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა 3 თვეში უზრუნველყონ ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესრულების შესახებ ღონისძიებათა გეგმის წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის.

    მუხლი 4.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დანართი №1

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე ჰოსპიტალური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები

1. ფართობი ერთ სტაციონარულ საწოლზე არ უნდა იყოს 40 კვ.მ-ზე ნაკლები.

2. ფართობი პალატაში ერთ პაციენტზე უნდა იყოს არანაკლებ 8 მ2, ხოლო საწოლებს შორის დაშორება – მინიმუმ 1,2 მ. დაუშვებელია ერთმანეთში გამავალი პალატების არსებობა. პალატას უნდა გააჩნდეს ბუნებრივი განათების წყარო.

3. ჰოსპიტალში უნდა არსებობდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები).

4. ჰოსპიტალი უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციას, შეგროვებას, შენახვას, გატანას, უტილიზაციას ან/და განადგურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამედიცინო დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვას, მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

6. ჰოსპიტლის მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღები, საგნები და მასალები უნდა ექვემდებარებოდეს სტერილიზაციისა და დეზინფექციის სათანადო რეჟიმს, შესაბამისი აღრიცხვით.

7. ჰოსპიტალში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სტაბილური მიკროკლიმატი ტემპერატურული და ტენიანობის ოპტიმალური პარამეტრების დაცვით.

8. ჰოსპიტლის სავენტილაციო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან.

9. სათავსთა განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს პაციენტისა და პერსონალის მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა.

10. ჰოსპიტლის საოპერაციო ბლოკი და რეანიმაციის განყოფილება უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით.

11. ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისი საევაკუაციო გასასვლელი.

12. ჰოსპიტალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი უწყვეტი ელექტრომომარაგებით, ასევე, ელექტროენერგიის ავტონომიური წყაროთი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის (რეანიმაცია, საოპერაციო და სამეანო ბლოკები, ლიფტი, მიმღები).

13. ჰოსპიტალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი უწყვეტი წყალმომარაგებით (სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალი), ხოლო განსაკუთრებული სიტუაციებისათვის – ავტონომიური წყალმომარაგების საშუალებით (სამარაგო რეზერვუარი).

14. ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს გაუვნებელყოფის სისტემა ინფექციური და ფთიზიატრიული თხევადი ნარჩენებისათვის.

15. ჰოსპიტალს უნდა გააჩნდეს იზოლირებული სათავსი გვამის დროებითი განთავსებისათვის.

16. ჰოსპიტლის დაგეგმარება უნდა უზრუნველყოფდეს პაციენტთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, უსაფრთხო გადაადგილებას სართულებს შორის. თუ პაციენტთა გამოკვლევის, სამკურნალო და ღამის გასათევი განყოფილებები განლაგებულია ორზე მეტ სართულზე, ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს ფუნქციონირებადი ლიფტი.

17. სამეანო და ნეონატოლოგიური სერვისების მიმწოდებელ ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი ინკუბატორი ყოველ 15 შესაბამის საწოლზე.

18. ჰოსპიტალი უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარებას 24 საათის განმავლობაში: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფობრიობის, რეზუს-ფაქტორისა და შედედების დროის, შაქრის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, აგრეთვე, პროფილის გათვალისწინებით, სტანდარტული ბიოქიმიური ტესტები.

19. ჰოსპიტლის საოპერაციო ბლოკი უნდა იყოს უზრუნველყოფილი განათების სტაციონარული, დამატებითი და ავტონომიური (გადასატანი) საშუალებებით ფართობის შესაბამისად.

20. ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი ბოქსირებული პალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის.

21. ჰოსპიტლის თითოეულ სართულზე უნდა იყოს არანაკლებ ორი სანიტარიული კვანძისა (ქალი/კაცი), აგრეთვე, ყოველი ცალკეული განყოფილებისათვის – არანაკლებ ორი დამატებითი სანიტარიული კვანძისა.

22. ჰოსპიტლის დერეფნის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,8 მ-ს პაციენტთა ეტლით გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

23. ჰოსპიტლის ფსიქონევროლოგიური განყოფილება უნდა იყოს იზოლირებული სხვა სომატური განყოფილებებისაგან.

24. ჰოსპიტალი უნდა იყოს აღჭურვილი აპარატურით (50 და მეტი საწოლის მქონე ჰოსპიტლის აღჭურვილობა განისაზღვრება ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად), რომელსაც გააჩნია საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული აპარატის დაკალიბრების სერტიფიკატი; აპარატი არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე.

25. ჰოსპიტალს უნდა გააჩნდეს შემდეგი აპარატურა დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის: რენტგენის აპარატი, ულტრაბგერითი სკანერი, ელექტროკარდიოგრაფი, ენდოსკოპი (პროფილის გათვალისწინებით – ბრონქოსკოპი, ეზოგოფაგო-გასტრო-დუოდენოსკოპი, კოლონოსკოპი).

26. საანესთეზიო-სარეანიმაციო და კრიტიკულ მდგომარეობათა მართვის სერვისების მიწოდებისათვის ჰოსპიტალს უნდა გააჩნდეს: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი, ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი, ვენური კათეტერი, მოწყობილობა ანესთეზიისათვის, დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების უწყვეტი მონიტორინგისათვის.

27. სამედიცინო დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასა და სტატისტიკური ინფორმაციის სრული მოცულობით წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და წესების შესაბამისად.

28. ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს სათანადო კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

დანართი №2

დამატებითი მოთხოვნები 50 და მეტ საწოლზე გათვლილი ჰოსპიტლებისათვის

აღჭურვილობის დასახელება

სპეციალური მოთხოვნები

1

კარდიომონიტორი

მინიმუმ პაციენტის 5 ფიზიოლოგიური პარამეტრის ECG/NIBP/Temp/SpO2/Respiration მონიტორინგის სისტემა, შესაძლებელია მა გააჩნდეს გულის წუთმოცულობის ან/და სხვა პარამეტრების დამატებითი ტორირების შესაძლებლობა

2

სტაციონარული რენტგენი

აპარატმა უნდა უზრუნველყოს ციფრული რენტგენოგრაფიისა და რენტგენოსკოპიის (მათ შორის, იმპულსური ჩათვლით) ფუნქციის შესრულება, სერიული გადაღება როგორც კასეტაზე, ისე ინფორმაციის ციფრული არქივირებ

3

რენტგენის პორტატული აპარატი

 

4

ულტრაბგერითი სკანერი

ულტრაბგერითი სკანერი ფერადი დოპლერით, აბდომინალური, კარდიოლოგიური, ანგიოლოგიური, უროლოგიური, მეან-გინეკოლოგიური, ორთოპედიული და ტრანსკრანიალური გამოკვლევებისათვის, ზედაპირული ორგანოების, ინტრაოპერაციული გამოკვლევებისა და ნეიროსონოგრაფიისათვის. გადამწოდები კონვექსური, ხაზოვანი, მიკროკონვექსური, ტრანსვაგინალური და ტრანსრექტალური ბიოფსიის შესაძლებლობით

5

კარდიოგრაფი

მინიმუმ 6-არხიანი ან/და მეტი

6

პორტატული კარდიოგრაფი

 

მინიმუმ 6-არხიანი ან/და მეტი

7

ტრედმილი (კარდიოლოგიური დატვირთვის აპარატი)

 

8

ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ხელოვნური სუნთქვის აპარატი მოზრდილთა, პედიატრიული და ნეონატოლოგიური პაციენტებისათვის, ელექტრომიკროპროცესორული მართვით, ვენტილაციის რეჟიმები: VC-CMV/IPPV; VC-SIMV, VC-SIMV+PSV, PC-CMPV, PC-SIMV, PC-SIMV+PSV, CPAP, PSV

9

სანარკოზე აპარატი

 

10

საოპერაციო მაგიდა

 

11

განათების სტაციონარული სისტემა

 

12

განათების პორტატული სისტემა

 

13

შესახვევი სამანიპულაციო მაგიდა

 

14

ლაბორატორული დანადგარები

 

15

ქირურგიული ინვენტარი

 

დანართი №3

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე ამბულატორიული სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები

1. ეს მოთხოვნები წაეყენება ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირს (ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებები, საექიმო კაბინეტები, სამედიცინო პუნქტები, დიაგნოსტიკური ცენტრები და ა.შ.), გარდა „სოფლის ექიმებისა“.

2. ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები).

3. ამბულატორია უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციას, შეგროვებას, შენახვას, გატანას, უტილიზაციას ან/და განადგურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამბულატორია უნდა უზრუნველყოფდეს ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვას, მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5. ამბულატორიის მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღები, საგნები და მასალები უნდა ექვემდებარებოდეს სტერილიზაციისა და დეზინფექციის სათანადო რეჟიმს, შესაბამისი აღრიცხვით.

6. ამბულატორიის სათავსთა განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს პაციენტისა და პერსონალის მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა.

7. ამბულატორია უნდა იყოს უზრუნველყოფილი უწყვეტი წყალ- და ელექტრომომარაგებით.

8. ამბულატორიის დაგეგმარება უნდა უზრუნველყოფდეს პაციენტთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, უსაფრთხო გადაადგილებას.

9. ამბულატორია უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასა და სტატისტიკური ინფორმაციის სრული მოცულობით წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და წესების შესაბამისად.

10. ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს სათანადო კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

11. შესაბამისი სერვისების მიწოდების შემთხვევაში, ამბულატორიას უნდა გააჩნდეს: კარდიოგრაფი, ექოსკოპიის აპარატი, ენდოსკოპიური აპარატურა, რენტგენის აპარატი.

დანართი №4

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე ლაბორატორიული სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები

1. ლაბორატორიაში უნდა არსებობდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები).

2. ლაბორატორია უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციას, შეგროვებას, შენახვას, გატანას, უტილიზაციას ან/და განადგურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ლაბორატორია უნდა უზრუნველყოფდეს ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვას, მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. ლაბორატორიის მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღები, საგნები და მასალები უნდა ექვემდებარებოდეს სტერილიზაციისა და დეზინფექციის სათანადო რეჟიმს, შესაბამისი აღრიცხვით.

5. ლაბორატორიაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი განათებისა და მიკროკლიმატის (ტემპერატურული და ტენიანობის) ოპტიმალური პარამეტრები.

6. ლაბორატორიის სათავსთა განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს სადიაგნოსტიკო მასალების, პერსონალისა და პაციენტების მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა.

7. ლაბორატორია უნდა იყოს უზრუნველყოფილი უწყვეტი წყალ- და ელექტრომომარაგებით.

8. ლაბორატორია უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასა და სტატისტიკური ინფორმაციის სრული მოცულობით წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და წესების შესაბამისად.

9. ლაბორატორიის სამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს სათანადო კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.