დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.021846 |
|
„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3024-რს, 5/07/2018) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/01/2014, 460080000.10.003.017575) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“:
1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტსა და ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობის გზით: ა) უზრუნველყოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადება და თამაშებში მონაწილეობის ორგანიზება; ბ) მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ოლიმპიური და პარალიმპიური მზადების ციკლში ჩაბმული სპორტსმენების უზრუნველყოფას საწვრთნელი პირობებით, ინვენტარით, აგრეთვე ხელი შეუწყოს სპორტული კალენდრით გათვალისწინებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში მათ მონაწილეობასა და მათი მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას; გ) გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები, საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდისათვის ერთიანი სპორტული ფორმებისა და ეკიპირებით უზრუნველსაყოფად; დ) შესაბამის უწყებებთან ერთად, შეიმუშაოს წინადადებები: დ.ა) ოლიმპიური და პარალიმპიური მზადების ცენტრების შექმნის მიზნით, შესაბამისი სპორტული ობიექტების შერჩევის თაობაზე; დ.ბ) სპორტის სფეროში სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ; ე) ხელი შეუწყოს ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ შესაქმნელ საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური ნაკრები გუნდებისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფების საქმიანობას. მუხლი 3. ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 პუნქტები: „17. იმ სახეობებთან მიმართებით, რომლებშიც შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების მიერ ფიქსირდება რეკორდები, დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ეროვნული ნაკრებების (დიდებს შორის) დონის შეჯიბრებებში): ა) ოლიმპიური რეკორდის დამყარებისთვის − 300 000 ლარი; ბ) მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის − 200 000 ლარი; გ) ევროპის რეკორდის დამყარებისთვის − 100 000 ლარი; დ) სპორტსმენთა პირადი მწვრთნელებისა და ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელებისათვის − თითოეულისათვის რეკორდის დამყარებისთვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი; ე) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის − რეკორდის დამყარებისთვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული ჯამური საპრიზო თანხის 30 პროცენტი; ვ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფისათვის − რეკორდის დამყარებისთვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული ჯამური საპრიზო თანხის 10 პროცენტი. 18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად, ფულადი პრიზები ძალოსნობაში გაიცეს ორჭიდის შეჯიბრებებში (ატაცსა და აკვრაში) ჯამში დამყარებული რეკორდებისთვის.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი: „მუხლი 42. მსოფლიოს ქვიშის თამაშებზე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში პირად შეჯიბრებებში და გუნდურ პირველობებზე და სპორტის სათამაშო სახეობების შეჯიბრებებში) მიღწეული შედეგებისთვის სპორტსმენებს/გუნდებს, სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებსა და საექიმო პერსონალს მიეცეთ ფულადი პრიზები, ამ პროგრამის 41 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართი შეჯიბრებების (პარალიმპიური თამაშები, დიდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი/მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი/ევროპის თასი) გამარჯვებულებს, პრიზიორებს (ასევე პარალიმპიურ თამაშებში IV − VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს და აგრეთვე ა(ა)იპ − საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს (პარალიმპიური თამაშების თითოეულ ლიცენზირებულ მონაწილეზე) მიეცეთ ფულადი პრიზები, ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი − მე-3 და მე-8 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით.“. 5. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი პრიზები, შესაბამისი ოდენობებით, ვრცელდება მსოფლიოს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა და აგრეთვე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ თამაშებში მიღწეულ შედეგებზე.“. 6. მე-10 − მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ (როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის) და არაოლიმპიურ სახეობებში გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისა და სპორტის ცალკეული სათამაშო სახეობებისათვის განსაზღვრული ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სათამაშო სახეობებში – აგრეთვე საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) გადანაწილდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აღნიშნულ სახეობებში საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე. მუხლი 11. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) გადანაწილდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე. მუხლი 12. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ (როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის) და არაოლიმპიურ სახეობებსა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საექიმო პერსონალისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ა(ა)იპ – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-2 პუნქტი გავრცელდეს ძალოსნობაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (დიდებს შორის) მიღწეულ შედეგებზე. 2. მე-3 პუნქტი გავრცელდეს 2019 წლის მსოფლიოს ქვიშის თამაშებში (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში პირად შეჯიბრებებში და გუნდურ პირველობებზე და სპორტის სათამაშო სახეობების შეჯიბრებებში) მიღწეულ შედეგებზე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები