შპს ,,გვარამაძეს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

შპს ,,გვარამაძეს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/32442-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/02/2020
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2020
სარეგისტრაციო კოდი
2/32442-19
18/02/2020
ვებგვერდი, 21/02/2020
შპს ,,გვარამაძეს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/32442-19

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2020 წლის 18 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე


კრედიტორი – შემოსავლების სამსახური

დავების დეპარტამენტის უფროსი – ნინო ფოდიშვილი

მოვალე – შპს ,,გვარამაძე“

მოთხოვნა –  შპს „გვარამაძის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და გამოარკვია

2019 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გვარამაძე“-ის წარმომადგენელმა (დირექტორი) მიხეილ გვარამაძემ და მოითხოვა შპს „გვარამაძეს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან, შპს „გვარამაძეს“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება, რომლითაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „გვარამაძეს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული განჩინება ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2019 წლის 22 ნოემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2019 წლის 23 დეკემბერს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს „გვარამაძეს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „გვარამაძეს“ შემოსავლების სამსახურის მიმართ, 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება 500 135.44 ლარის ოდენობით.

2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსასწორებლად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის შეტანა და აღნიშნული მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.

2020 წლის 8 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე 14 სამუშაო დღით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხარვეზის გამოსასწორებლად მას მიეცა დამატებითი ვადა განჩინების გადაცემიდან 5 სამუშაო დღე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება, შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2020 წლის 04 თებერვალს. ხარვეზის შესავსებად გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, 2020 წლის 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა შემოსავლების სამსახურმა და წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნას სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დაადგინა:

1. შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „გვარამაძეს” (ს/ნ 404421755) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნას 2020 წლის 25 მარტი 17 სთ/ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64, დარბაზი №63) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

 11. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში;

 12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან ან ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნების დღიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე   თამარ ბურჯანაძე.