საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული საბჭო
მიღების თარიღი 26/05/1918
დოკუმენტის ტიპი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 26/05/1918
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
26/05/1918
გაურკვეველი, -, 26/05/1918
000000000.00(0).000.000000
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
საქართველოს ეროვნული საბჭო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

 

გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ყრილობის მიერ, აცხადებს:

1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ერს.

7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

დამატება I.

აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მე-XVIII-ე საუკუნის მიწურულში მტერთაგან მიერ ყოველის მხრით გარსშემორტყმული და მეტად შევიწროვებული საქართველო რუსეთს შეუერთდა იმ პირობით, რომ რუსეთი მას გარეშე მტერთაგან დაიცავდა.

რუსეთის დიდი რევოლუციის განვითარების დროს ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომლის შედეგიც ბრძოლის მთელი ფრონტის დარღვევა და რუსის ჯარის მიერ ამიერკავკასიის მიტოვება იყო.

საკუთარ ძალების ამარა შთენილმა საქართველომ და მასთან ერთად მთელმა ამიერ-კავკასიამ თვით მოჰკიდეს ხელი საკუთარი ბედის მოწყობას და საჭირო ორგანოებიც შეჰმნეს; ხოლო გარეშე ძალთა გავლენამ კავშირი, რომელიც ამიერ-კავკასიის ხალხებს აერთებდა, დაარღვია და მისი პოლიტიკური მთლიანობა დაშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს საკუთარ სახელმწიფოს შექმნის აუცილებელ საჭიროებას გადაჭრით უკარნახებს, რათა მტრულ ძალთა დამონებისაგან თავი გადაირჩინოს და თავისუფალ განვითარებას მძლავრი საძირკველი ჩაუყაროს.

ითვალისწინებს რა ზემოდჩამოთვლილს პირობებს საქართველოს ეროვნული საბჭო, ამორჩეული საქართველოს ეროვნული კრების მიერ 22 გიორგობისთვეს 1917 წ., დღეს საქვეყნოდ აცხადებს.

1 – დღეიდან ქართველი ერი სუვერენულ უფლებებით აღჭურვილი ერია და საქართველო – სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

2 – დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ წყობილების სახე დემოკრატიული რესპუბლიკა არის.

3 – საერთაშორისო კონფლიქტების დროს საქართველო ნეიტრალურია.

4 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფვის ყოველ ხალხთან და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან მეგობრული განწყობილება იქონიოს.

5 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის მიწა-წყალზე ყოველი მოქალაქის, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა, პოლიტიკურსა და მოქალაქურს უფლებებს უზრუნველჰყოფს.

6 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მის ტერიტორიაზედ მცხოვრებს ყოველს ერს თავისუფალი განვითარების ფართო ასპარეზს მიანიჭებს.

7 – დამფუძნებელ კრების მოწვევამდე ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით შევსებული ეროვნული საბჭო და ეროვნულ საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა სრულიად საქართველოს მმართველობის სათავეში სდგანან.

დამატება II.

საქართველოს ბაგრატიდთა დიდი სამეფოს დანაწილების შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფოებმა და სამთავროებმა, რომელთაგანაც საქართველო შესდგებოდა, უცვლელად დაიცვეს როგორც მთლიანობა სარწმუნოებისა და საერთო ცივილიზაცია, აგრეთვე ის საერთო პოლიტიკური მისწრაფება, რომელიც მათ ევროპისაკენ მიიზიდავდა. საქართველოს ნაწილებმა ბევრი ფიქრისა, ცდისა და ყოყმანის შემდეგ რუსეთთან დასდვეს მთელი რიგი პოლიტიკურ ხელშეკრულებებისა, რომელთა შორის უპირველესი და უმთავრესი 1783 წლის ხელშეკრულება იყო და რომლის ძალითაც აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შედიოდა. სხვა ხელშეკრულობათა მიზანიც იგივე იყო – ავტონომია საქართველოს ქვეყნებისა შინაგან საქმეებში და რუსეთის პროტექტორატი მათ საგარეო განწყობილებებში; ხოლო ეს რეჟიმი, განტკიცებული რუსეთის იმპერატორთა საჯარო დაპირებით, მეტათ ხანმოკლე იყო. რუსეთის იმპერიის ცალმხრივმა აქტებმა 1801 წლიდან 1861 წლამდე რუსეთთან საქართველოს შეერთებით საქართველოს ნაწილების ავტონომია, დამყარებული საერთაშორისო ხელშეკრულებაზედ, მოსპეს ისე, რომ პოლიტიკური ხელშეკრულებანი, დადებულნი რუსეთისა და საქართველოს ქვეყნებს შორის, ფორმალურად გაუქმებულნი არ იყვნენ.

დღიდან საქართველოს ანექსიისა ქართველ პატრიოტთა ოცნებას თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს შეადგენდა. ამ მიმართულების მრავალრიცხოვანი გამომჟღავნება მე-XIX საუკუნეში ყოველ ეჭვს გარეშე ჰყოფს საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას. მე-XX საუკუნის დასაწყისშივე შესდგა პარიზში ქართველთა კომიტეტი, რომლის ორგანო „საქართველო“ განთავისუფლებულ და დამოუკიდებელ საქართველოს იდეას ემსახურებოდა. რუსეთის 1905-6 წლების კონსტიტუციის ხანამ მოქმედება რამდენადმე გაადვილა და ყოველგან – სახალხო კრებებზე, ქალაქის თვითმმართველობებში, თავად-აზნაურების ორგანიზაციებში თუ სხვაგან, აგრეთვე როგორც სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან საქართველოს ავტონომიას მოითხოვდნენ. 1907 წელს ქართველმა ერმა ჰააგის მშვიდობიანობის კონფერენციას პეტიციით მიმართა და სთხოვდა საქართველოს კანონიერი უფლებები აღედგინა. ეჭვს გარეშეა, რომ ქართველი ერი მთლიან და განუყოფელ საქართველოს აღდგენას მოითხოვდა; თვით რუსეთის საჯარო სამართალიც, რადგან მან მიანიჭა რუსეთის იმპერატორს საქართველოს ხელმწიფის ტიტული და მისი ღერბი, მხოლოდ ერთ საქართველოს არსებობას გულისხმობდა.

II.

1917 წლის რევოლუციამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ისევე როგორც მთელ რუსეთში, ძირიანად შესცვალა. შეუდრეკელი სურვილი დარღვეულ მაგრამ გარდაუსვლელი უფლებების აღდგენისა მთელ საქართველოში საყოველთაო იყო. უკვე 1917 წლის მარტში სამღვდელოების და მორწმუნეთა კრებულმა რუსეთის სინოდალურ ეკლესიასთან 1811 წლიდან ძალით შეერთებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა და ივერიის ეკლესიამ რუსეთის ბატონობის დროს მოსპობილ თავისი კანონიური პრეროგატივებით სარგებლობა დაიწყო. ქართული ავტოკეფალური ეკლესია დღეს მხოლოდ ხალხის მიერ ამორჩეულ ყოველ ქართველთა კათალიკოსს – პატრიარქს ემორჩილება. ამრიგადვე რუსეთის ავტოკრატიის მიერ მოსპობილი საქართველოს პოლიტიკური უფლებანი კვლავ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. 1917 წლის მარტში ამიერ-კავკასიის განსაკუთრებულ, მართებლობის უფლებით მოსილ კომიტეტის შექმნით საქართველოს ავტონომიის აღდგენისკენ უკვე ერთი პრაქტიკული ნაბიჯი იყო გადადგმული – საქართველოს ჰმართავდა არა პეტროგრადი, არამედ საკუთარი დედაქალაქი თბილისი ზემოდ ხსენებულ განსაკუთრებულ კომიტეტის სახით, რომელშიაც ხალხის ნდობით მოსილი პოლიტიკური მოღვაწენი შედიოდნენ.

III.

ამიერ-კავკასიის ხალხები ბოლშევიკების 1917 წლის გიორგობისთვის რევოლუციას არ მიუდგნენ და მათი მთავრობა, უკვე რევოლუციის პირველ ხანებში დეცენტრალისტური, ფაქტიურად დამოუკიდებელი შეიქმნა. როდესაც რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს, თბილისში ამიერ-კავკასიის სეიმი დაარსდა და ამ სეიმმა 22 აპრილს 1918 წელს ამ ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც უცხო ქვეყნებსაც ამცნო. ამასთანავე ამიერკავკასიის სხვა და სხვა ნაწილები პოლიტიკურ ერთეულების შექმნას შეუდგნენ. საქართველოს ეროვნული საბჭო შეიკრიბა (გიორგობისთვის 1917 წელს) და დაარსა ეროვნული საბჭო, რომელსაც საქართველოს ეროვნულ საქმეების ხელმძღვანელობა დაევალა. საქართველოს ეროვნული საბჭო ამიერ-კავკასიის სეიმს და მთავრობას მჭიდროდ ეკავშირებოდა. ამიერ-კავკასიის სეიმის ქართული სექცია საქართველოს ეროვნულ საბჭოს სრულუფლებიანი წევრი იყო.

IV.

ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის აქტი ფორმალური გამოცხადების დროს (22 აპრილს 1918 წელს) ნაგულისხმები იყო არსებობა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოსი, რომელიც ამიერ-კავკასიის დანარჩენ ხალხებთან კონფედერატიულ კავშირში შედიოდა. ამ კავშირის უმთავრეს დებულებებს უკვე იმუშავებდნენ. ამ დროს შექმნილმა პირობებმა საქართველოს და ამიერ-კავკასიის დანარჩენ ხალხებისათვის ცხადჰყვეს, რომ საჭირო იყო შეცვლა მიღებულ პოლიტიკურ გეზისა და ამიერ-კავკასიის შემადგენელ ელემენტებისაგან შემზადება ისეთი ორგანიზაციისა, რომელიც მომავალში ამიერ-კავკასიის და შეიძლება მთელი კავკასიასაც კონფედერაციად გარდაჰქმნიდა. ოსმალეთის ჯარმა, წინააღმდეგ თვით ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობისა, ბათომისა, ყარსისა და არდაღანის პროვინციები, რუსეთის სომხეთი და აზერბაიჯანი დაიპყრო. ამ მოვლენამ ამიერ-კავკასიის სეიმი იძულებულ ჰყო ამიერ-კავკასიის სეიმის დაშლა ერთხმად დაედგინა. ამ გარეგან ძალთა და ზემოდმოყვანილ პირობათა გავლენით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს აქტი 1918 წელს 26 მაისს მოხდა.

V.

ამ მომენტში, ისევე როგორც უკვე 22 აპრილის დეკლარაციის დროს, საქართველოში და საერთოდ ამიერ-კავკასიაში აღარ არსებობდა არც ერთი ისეთი მთავრობა, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთთან, ანუ დიდი რუსეთის ბოლშევიკურ რესპუბლიკასთან, რომლის შეიარაღებული ძალებიც ამიერ-კავკასიიდან სავსებით გაყვანილ იქმნენ, რაიმე დამოკიდებულება ჰქონდეს.

ზემოხსენებულიდან ორი უმთავრესი დასკვნა გამომდინარეობს: ერთი – უკვე კარგა ხანმა გავლო მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო ამიერ-კავკასიას სრულიად მოშორდა; ამიერ-კავკასია რუსეთის ნაწილს აღარ შეადგენდა და მასთან არაფრით აღარ იყო დაკავშირებული. მეორე – ამიერ-კავკასია რეს ნულლიუს-ს არაფრით არ ემსგავსებოდა, პირიქით, ამის სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა მოხდა: რუსეთის ყოფილმა პროფინიციამ – ამიერ-კავკასიამ დამოუკიდებელი სახელმწიფო შეჰქმნა და შემდეგში ამ ქვეყნის ერთმა ნაწილმა – საქართველომ თავის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს მაგალითს რუსეთის სასომხეთი და აზერბაიჯანი მიჰყვნენ, რაც საზოგადოებრივ აზრის და ამიერ-კავკასიის პარლამენტის მიერ მიღებული ფედერალისტურ კონცეფციას ეთანხმებოდა.

VI.

ამრიგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს საქართველოში რუსეთის სახელმწიფო აღარ იყო და ამიტომ ეს დეკლარაცია რუსეთის წინააღმდეგ არ მომხდარა. საქართველოში მისი დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე უკვე განმტკიცებული სახელმწიფო რეჟიმი არსებობდა და ეს რუსეთის სახელმწიფო არ იყო. რუსეთის დამფუძნებელ კრებისათვის შემუშავებულ საარჩევნო კანონის მიხედვით ამორჩეულმა საქართველოს ეროვნულ ცხოვრების ორგანომ – საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, გარდაიქმნა რა იგი საქართველოს წარმომადგენელთა კრებულად, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა შეჰქმნა. დამყარებული ასეთს მტკიცე საფუძველზედ საქართველოს მთავრობა ცნობილ უნდა იქმნას, როგორც ეროვნული მთავრობა, რომლის ავტორიტეტი და უფლება ყოველ ეჭვს გარეშეა, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული საბჭო უნაკლო და ნამდვილი წარმომადგენლობა არის.

VII.

რეზიუმე ზემოდმოყვანილისა შემდეგია: შეერთებული რუსეთთან საქართველოს მეფეთა მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებით საქართველო, რომელიც არასდროს არ ყოფილა რუსეთის იარაღის ძალით დაპყრობილი, განაგრძობდა თვით რუსეთის ერთ საუკუნის ბატონობის დროსაც კი ეროვნულ ცოცხალ ორგანიზმის არსებობას და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა, რათა აღედგინა თავისი გარდაუსვლელი ეროვნული უფლებანი და საკუთარი პოლიტიკური და ეროვნული მისწრაფებანი განეხორციელებინა.

დიდი ომის განმავლობაში ბრესტ-ლიტოვსკის ზავამდის, რუსეთის ერთგულ საქართველოს აღარ შეეძლო უმოქმედოდ დარჩენილიყო იმ დროს, როდესაც რუსეთის მთავრობამ თავისი მოქმედებით მტერს საზღვრები გაუღო და ხელშეკრულობით საქართველოს პროვინციები დაუთმო. მას შემდეგ, რაც ამიერ-კავკასიიდან რუსეთის სახელმწიფო სრულიად გაჰქრა და საქართველომ დაინახა, რომ საკუთარი ძალების ამარა არის მიტოვებული, ჯერ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს განმტკიცებაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ გარემოებათა ძალით რუსეთთან (რომლის მთავრობამაც გარდა ყველა ამ მოსაზრებისა ოფიციალური დეკრეტებით მიიღო პრინციპები – რომელთა მიხედვით ყოველ ერს აქვს სრული უფლება ამოირჩიოს ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, როგორიც მას სურს და თვით რუსეთსაც კი გამოეყოს თუ ამას მოისურვებს) ყოველ ხელშეკრულობათაგან სრულიად განთავისუფლებული საკუთარ სახელმწიფოს შექმნას შეუდგა.

ამრიგად ქართველ ერს, აღიდგინა რა რუსეთის ბატონობის მიერ დარღვეული უფლებანი, სურს თავისუფლად შეჰქმნას თავისი სახელმწიფო და მოაწყოს თავისი საერთაშორისო დამოკიდებულობა, რათა შესძლოს როგორც მის, აგრეთვე კავკასიის საკეთილდღეოთ ხანგრძლივად და უზრუნველყოფით ისარგებლოს თავის აღდგენილი უფლებებით.