შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150/3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2020
ძალაში შესვლის თარიღი 29/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016600
150/3
01/04/2019
ვებგვერდი, 28/02/2020
480610000.03.030.016600
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ


პრეამბულა

საქართველოს მთავრობა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობა   (შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები”)

წარმოადგენენ რა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის მხარეებს, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს;

სურთ რა უზრუნველყონ ავიასაწარმოებს შორის საბაზრო კონკურენციაზე დაფუძნებული საერთაშორისო საავიაციო სისტემა, მთავრობის მხრიდან მინიმალური ჩარევისა და რეგულირების პირობებში;

სურთ რა ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა  გაფართოებას; 

აცნობიერებენ რა, რომ ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აუმჯობესებს ვაჭრობას, მომხმარებელთა კეთილდღეობასა და ეკონომიკურ ზრდას;

სურთ რა ავიასაწარმოებისთვის შესაძლებელი გახადონ  მგზავრებისა და ექსპედიტორებისთვის ფართო სპექტრის მომსახურების ყველაზე დაბალ ფასად შეთავაზება, დისკრიმინაციისა და  უპირატესი  მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გარეშე, და სურთ რა ხელი შეუწყონ ცალკეულ ავიასაწარმოებს შეიმუშაონ და აამოქმედონ ახალი და კონკურენტული ფასები; და

სურთ რა  უზრუნველყონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის პროცესში უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოება და უშიშროება და ადასტურებენ რა ღრმა შეშფოთებას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული აქტებისა და საფრთხეების გამო, რომლებიც ემუქრება პირების ან ქონების უსაფრთხოებას, ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს საჰაერო ხაზების ექსპლუატაციაზე და ძირს უთხრის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისადმი საზოგადოების ნდობას,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

განმარტებები

ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

1. ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში, 1944 წლის დეკემბერის მეშვიდე დღეს ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართსა და შესწორებას, თუ ეს შესწორება ან დანართი ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის ან რატიფიცირებულია მათ მიერ.

2. ტერმინი „საავიაციო ორგანო“ საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის შემთხვევაში – სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების, ხოლო ორივე შემთხვევაში  ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია.

3. ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) შესაბამისად დანიშნულ ავიასაწარმოს.

4. ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრების, ბარგისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვის საფასურს და ამ საფასურის გამოყენების პირობებს, მათ შორის, სააგენტოსა და სხვა დამატებით მომსახურებათა საფასურსა და პირობებს, საფოსტო გადაზიდვის საფასურისა და პირობების გარდა.

5. ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში გააჩნია კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა.

6. ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა”, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით გაჩერება“ გააჩნია კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები.

7. ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართებსა და მათში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას.

8. ტერმინი „განრიგი“ ნიშნავს ხაზების ექსპლუატაციისთვის დადგენილი მარშრუტების განრიგს, რომელიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას და მის ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეთანხმებულია ამ შეთანხმების მე-17 მუხლის (კონსულტაციების და შესწორებები) შესაბამისად.

9. ტერმინი „ტევადობა“ „საჰაერო ხომალდთან“ მიმართებაში ნიშნავს ამ საჰაერო ხომალდის დასაშვებ დატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე.

10. ტერმინი „სათადარიგო ნაწილები“ ნიშნავს საჰაერო ხომალდში, მათ შორის ძრავებში, სარემონტოდ ან ჩასანაცვლებლად განკუთვნილ  საგნებს.

11. ტერმინი „საბორტო მოწყობილობები“ ნიშნავს საგნებს, გარდა საბორტო მარაგებისა და სათადარიგო ნაწილებისა, რომლებიც განკუთვნილია ფრენის დროს საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად, მათ შორის, პირველადი დახმარებისა და სამაშველო მოწყობილობებს.   

12. ტერმინი „აღჭურვილობა და აეროპორტის გადასახადები“ ნიშნავს ავიასაწარმოსთვის დაწესებულ გადასახადს  საჰაერო ხომალდის, მისი ეკიპაჟისა და მგზავრების  აეროპორტითა და სანავიგაციო საშუალებებით, მათ შორის, შესაბამისი მომსახურებებითა და აღჭურვილობით  უზრუნველყოფისთვის.

13. ტერმინი „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო ხომალდის მეშვეობით მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად, სამოქალაქო გადაყვანა/გადაზიდვას, ანაზღაურების საფასურად ან ქირით.

14. ტერმინი „ადგილობრივი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, რომლის დროსაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბორტზე აყვანილი მგზავრებისა და ატანილი ბარგის, ტვირთისა და ფოსტის  დანიშნულების ადგილს წარმოადგენს სხვა პუნქტი იმავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

15. ტერმინი „საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, რომლის დროსაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბორტზე აყვანილი მგზავრებისა და ატანილი ბარგის, ტვირთისა და ფოსტის  დანიშნულების ადგილს წარმოადგენს სხვა სახელმწიფოს ტერიტორია.

16. ტერმინი „ინტერმოდალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს  მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად, საჰაერო ხომალდისა და ერთი ან რამდენიმე მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებით სამოქალაქო გადაყვანას/გადაზიდვას, ანაზღაურების საფასურად ან ქირით.

17. ტერმინი „ICAO“ ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.

18. ტერმინი „ზიარი კოდის გამოყენება“ ნიშნავს ორ ან რამდენიმე დანიშნულ ავიასაწარმოს შორის ერთობლივ მარკეტინგულ შეთანხმებას საქმიანობის განსახორციელებლად.

მუხლი 2

უფლებათა მინიჭება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს შეთანხმების განრიგში მოცემულ მარშრუტებზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაწესებისა და განხორციელების მიზნით.

2. დადგენილ  მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების  ექსპლუატაციისას,  თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო სარგებლობს შემდეგი უფლებებით:

a) განახორციელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაფრენის გარეშე;

b) განახორციელოს ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე დაფრენა არაკომერციული მიზნებით; და

c) განახორციელოს ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე დაფრენა ამ შეთანხმების მარშრუტების განრიგში მითითებულ პუნქტებში მგზავრების ჩასხდომის/გადმოსხდომის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის  მიზნით. 

3. ამ შეთანხმების მარშრუტების განრიგში მოცემულ  შუალედურ პუნქტებში და საზღვრებს მიღმა არსებულ  პუნქტებში გადაყვანა-გადაზიდვის უფლებების განხორციელება წარმოადგენს საავიაციო ორგანოებს შორის შეთანხმების  საგანს.

4. ამ მუხლის (1) და (2) პუნქტები არ უნდა იქნეს განხილული როგორც ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები)სთვის რაიმე პრივილეგიის მინიჭება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მგზავრების, ტვირთის,  ბარგის ან ფოსტის ჩასხდომასთან/ჩატვირთვასთან დაკავშირებით, თუ მათი გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება ანაზღაურების საფასურად ან ქირით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში.

მუხლი 3

დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება

1. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის წერილობითი შეტყობინების  გაგზავნის საფუძველზე, უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები.

2. საწარმოს დანიშვნის შესახებ შეტყობინებისა და დანიშნული ავიასაწარმოს განაცხადის მიღებისთანავე, რომელიც წარდგენილია ექსპლუატაციის ნებართვის მისაღებად დადგენილი ფორმითა და წესით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, უმოკლეს პროცედურულ ვადებში, გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო ნებართვას, თუ:

a) ავიასაწარმო არის და რჩება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეთა ძირითად მფლობელობაში და მათი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ;  

b) ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე აკმაყოფილებს მე-13 (უსაფრთხოება) და მე-14 (საავიაციო უშიშროება) მუხლებით განსაზღვრულ დებულებებს; და

c) დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პირობებს, რომლებსაც, საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციასთან მიმართებაში, როგორც წესი, იყენებს ის ხელშემკვრელი მხარე,  რომელმაც მიიღო საწარმოს დანიშვნის შესახებ შეტყობინება.

 

მუხლი 4

ექსპლუატაციის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, ექსპლუატაციის ნებართვის უფლებამოსილების შეჩერება, გაუქმება და შეზღუდვა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უარი უთხრან წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) გათვალისწინებული ნებართვების გაცემაზე და დროებით ან მუდმივ საფუძველზე გააუქმონ, შეაჩერონ ან გარკვეული პირობებით შეზღუდონ ამგვარი ნებართვები:

a) იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ავიასაწარმო არის და რჩება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეთა ძირითად მფლობელობაში და მათი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ; 

b) იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ვერ ასრულებს მე-13 (უსაფრთხოება) და მე-14 (საავიაციო უშიშროება) მუხლებით განსაზღვრულ დებულებებს; და

c) იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმო ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პირობებს, რომლებსაც, საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციასთან მიმართებაში, როგორც წესი, იყენებს ის ხელშემკვრელი მხარე, რომელმაც მიიღო საწარმოს დანიშვნის შესახებ შეტყობინება.

მუხლი 5

აღჭურვილობა და აეროპორტის გადასახადები

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე გამოყოფს აეროპორტს ან აეროპორტებს, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები) გამოიყენებენ დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს საკომუნიკაციო, საავიაციო და მეტეოროლოგიური აღჭურვილობებითა და სხვა მომსახურებებით, რომლებიც აუცილებელია შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისთვის.

2. მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა დაუწესოს ან არ უნდა დაუშვას, რომ დაუწესდეს  იმაზე უფრო მაღალი სამომხმარებლო გადასახადები, რომლებსაც ის უწესებს საკუთარ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ მსგავს საერთაშორისო ხაზებს, იყენებენ მსგავს საჰაერო ხომალდებს და შესაბამის აღჭურვილობასა და მომსახურებებს.

3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები სამომხმარებლო გადასახადებთან და ამ გადასახადებზე დაწესებულ ნებისმიერ გადასახადთან დაკავშირებით.

მუხლი 6

საბაჟო გადასახდელებისგან და სხვა გადასახადებისგან გათავისუფლება


1. თითოეული ხელისშემკვრელი მხარე, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, ნაცვალდეგის პრინციპის საფუძველზე მეორე ხელისშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს გაათავისუფლებს საბაჟო მოსაკრებლების, გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან, რომლებიც არ არის დამოკიდებული საჰაერო ხომალდის ჩასვლისას უზრუნველყოფილი მომსახურების ღირებულებაზე, და რომლებიც წესდება საწვავზე, საცხებ-საპოხ მასალებზე, სახარჯ ტექნიკურ მარაგზე, სათადარიგო ნაწილებზე, ძრავების, საჰაერო ხომალდის საბორტო მოწყობილობების, საბორტო მარაგების ჩათვლით, და ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებზეც აღნიშნულია ავიასაწარმოს ემბლემა, როგორიცაა ბარგის იარლიყები, ავიაბილეთები, საჰაერო ზედნადებები, ჩასხდომის ბარათები და ტერიტორიაზე შემოტანილი განრიგები, რომლებიც ექვემდებარება გამოყენებას ან გამოიყენება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისა და მომსახურებისათვის.  


2. პირველი პუნქტის შესაბამისად გადასახადებისგანგათავისუფლება ასევე ვრცელდება:

a) საბორტო მარაგზე, რომელიც ატანილ იქნა ბორტზე ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, აეროპორტის საზღვრებში, და ამ ხელშემკვრელი  მხარის ორგანოების მიერ დადგენილ ფარგლებში, და რომელიც განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას გამფრენი რეისის ბორტზე გამოყენებისთვის;

b) სათადარიგო ნაწილებზე, რომლებიც შეტანილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, აეროპორტის საზღვრებში, და განკუთვნილია  მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ან რემონტისთვის;

c) საწვავ და საპოხ მასალებზე, რომლებიც განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის გამფრენი რეისის მოსამარაგებლად, მაშინაც კი, თუ ეს მასალები ექვემდებარება გამოყენებას მარშრუტის იმ მონაკვეთში, რომელიც იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ზემოთა, სადაც მოხდა მათი ბორტზე ატანა.

3. საბორტო მოწყობილობა, აგრეთვე მასალები და მარაგები, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ორგანოების ნებართვით. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება დარჩეს ზემოაღნიშნული ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ მათ რეექსპორტამდე  ან საბაჟო წესების შესაბამისად სხვაგვარად განკარგვამდე.

მუხლი 7

შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მარეგულირებელი პრინციპები

მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის (უფლებების მინიჭება) მე-2 პუნქტისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებას აძლევს თითოეულ დანიშნულ საწარმოს თავად განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული საერთაშორისო ავიარეისების სიხშირე და ტევადობა. ამ უფლების გათვალისწინებით, არც ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს გადაყვანა-გადაზიდვის მოცულობა, სიხშირე, მომსახურების რეგულარულობა ან იმ საჰაერო ხომალდის ტიპი ან ტიპები, რომელთა ექსპლუატაციასაც ახორციელებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო, თუ ამას არ მოითხოვს საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ეკოლოგიური გარემოებები და ერთგვაროვანი პირობები კონვენციის მე-15 მუხლით შესაბამისად.

მუხლი 8

განრიგების დამტკიცება

თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები), შეთანხმებული ხაზ(ებ)ის ექსპლუატაციის დაწყების თარიღიდან არა უგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს დასამტკიცებლად წარუდგენს განრიგენის პროექტს. ამგვარი განრიგები უნდა შეიცავდეს ხაზისა და  საჰაერო ხომალდის ტიპს, ფრენის განრიგსა და ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნული ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ შემდგომ ცვლილებებზე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზემოაღნიშნული ვადა შეიძლება შემცირდეს, რაც ექვემდებარება დამტკიცებას აღნიშული  ორგანოების მიერ.

მუხლი 9

სტატისტიკური მონაცემების მიწოდება

თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებმა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს,  მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ეხება თავიანთი დანიშნული ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებულ ხაზებზე განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვის მოცულობას  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან, როგორსაც, როგორც წესი, ამზადებენ და წარუდგენენ დანიშნული ავიასაწარმო(ები) თავიანთ საავიაციო ორგანოებს. ამგვარი მონაცემები უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას გადაყვანა-გადაზიდვის მოცულობის, დატვირთვის განაწილების, გამგზავრებისა და დანიშნულების შესახებ. გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ნებისმიერი დამატებითი სტატისტიკური მონაცემი, რომლის წარდგენაც შეიძლება მოითხოვოს ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებმა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებისაგან, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა დაექვემდებაროს ურთიერთგანხილვასა და შეთანხმებას ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის.

მუხლი 10

კანონმდებლობის გამოყენება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდების ნავიგაციასა და ექსპლუატაციაზე პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ყოფნისას და ტერიტორიიდან გასვლისას.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟის, ტვირთის ან ფოსტის  შესვლას, ყოფნას ან გასვლას, როგორიცაა შესვლასთან, გასვლასთან, ემიგრაციასთან, იმიგრაციასთან, საბაჟო და სავალუტო ოპერაციებთან, ჯანდაცვასა და კარანტინთან დაკავშირებული ფორმალობები, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდების მიერ გადაყვანილ/გადაზიდულ მგზავრებზე, ეკიპაჟზე, ტვირთსა და ფოსტაზე ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მათი ყოფნის პერიოდში.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მოთხოვნის საფუძველზე,  მეორე ხელშემკვრელ მხარეს მიაწვდის ამ მუხლში მითითებული შესაბამისი  შიდასახელმწიფოებრივი კანონების ასლებს.

4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი კანონების გამოყენებისას, არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან შედარებით.

მუხლი 11

შემოსავლების გადარიცხვა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს მიანიჭებს მოქნილი გადარიცხვის უფლებას, იმ ხელშემკვრელი მხარის სავალუტო რეგულაციების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა შემოსავალი მგზავრების, ფოსტისა და ტვირთის  გადაყვანა/გადაზიდვასთან  დაკავშირებით. ჩვეულებრივად დადგენილი საბანკო მოსაკრებლების გარდა, აღნიშნული გადარიცხვების მიმართ სხვა გადასახადი არ გამოიყენება.

2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე დააწესებს შეზღუდვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ მიღებულ შემოსავალზე, ამ უკანასკნელს უფლება აქვს დაუწესოს საპასუხო შეზღუდვები ამ ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს.

მუხლი 12

სერტიფიკატებისა და ლიცენზიების აღიარება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან კანონიერი ძალის მქონედ აღიარებული და მოქმედი ფრენის ვარგისობის სერტიფიკატები, კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ აღიარებული უნდა იქნეს კანონიერი ძალის მქონედ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ ის მოთხოვნები, რომელთა დაცვითაც გაიცა და კანონიერი ძალის მქონედ აღიარებულ იქნა ამგვარი სერტიფიკატები და ლიცენზიები,  შეესაბამება ან აღემატება კონვენციის შესაბამისად დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

2. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოების მიერ რომელიმე პირისთვის ან დანიშნული ავიასაწარმოსთვის, ან შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდთან დაკავშირებით პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატებით ან ლიცენზიებით გათვალისწინებული უპირატესობები ან პირობები კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოა, და ამ შეუსაბამობის შესახებ ეცნობა    სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა საავიაციო ორგანოებს შორის სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას არ აღიაროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის ან დაფრენის მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისი მოქალაქეებისთვის გაცემული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები.

მუხლი 13

უსაფრთხოება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა უსაფრთხოების იმ სტანდარტების შესახებ, რომლებსაც  აწესებს მეორე ხელშემკვრელი მხარე აერონავიგაციურ საშუალებებთან, ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. ამგვარი კონსულტაციები ჩატარდება აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად შესრულებასა და დაცვას, იმ პერიოდისთვის კონვენციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელ მხარეს ეცნობება აღნიშნული დასკვნებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა გატარებაც მიიჩნევა აუცილებლად ICAO-ს სტანდარტების შესრულების მიზნით, რის შემდეგაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს ცამეტი (13) დღის განმავლობაში ან შეთანხმებულ ვადაში.

2. კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი, ან ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელსაც არ ფლობს არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ამ შეთანხმების დანიშვნის დებულებების შესაბამისად და რომელიც, ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გამოიყენება საჰაერო მიმოსვლის გაგანხორციელების მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ან მესამე მხარის სახელმწიფოს კუთვნილ სხვა ავიასაწარმოსთან ლიზინგის ხელშეკრულების მეშვეობით, უნდა დაექვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას.  კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად, ამ შემოწმების მიზანია შესაბამისი საჰაერო ხომალდის დოკუმენტაციის, მისი ეკიპაჟის ლიცენზიების  ნამდვილობისა და იმის შემოწმება შეესაბამება თუ არა საჰაერო ხომალდის მოწყობილობებისა და  საჰაერო ხომალდის მდგომარეობა იმ დროისათვის კონვენციის შესაბამისად დადგენილ სტანდარტებს, იმ პირობით, თუ აღნიშნული არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფუძლო შეყოვნებას.

3. როდესაც გადაუდებელი მოქმედება აუცილებელია საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ოპერირების უზრუნველსაყოფად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის ნებართვა.

4. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ერთი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს  მე-3 პუნქტის შესაბამისად, უნდა შეწყდეს, როგორც კი აღარ იარსებებს ამ ზომის მიღების საფუძველი.

მუხლი 14

საავიაციო უშიშროება

1. ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაიცვან  სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება, წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ, მოქმედებენ: „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის, „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციისა და "პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით" 1991 წლის 1 მარტს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის და ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის სავალდებულო ნებისმიერი სხვა კონვენციისა და ოქმის შესაბამისად, რომელიც     შეეხება სამოქალაქო საავიაციო უშიშროებას.

2. ხელშემკვრელი მხარეები, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუწევენ ყველა სახის აუცილებელ დახმარებას, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროებისადმი მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე.

3. ხელშემკვრელი მხარეები, ორმხრივი ურთიერთობისას, იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების დებულებათა შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ  და გაფორმებულია როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის დანართები, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ამგვარი უშიშროების დებულებები ვრცელდება  ხელშემკვრელ მხარეებზე; ისინი მოითხოვენ, რომ საჰაერო ხომალდების ოპერატორებმა, რომელთა რეგისტრაციის, საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა, და ასევე მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ოპერატორებმა იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ზემოაღნიშულ დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ საჰაერო ხომალდის ოპერატორებმა შეასრულონ ამ მუხლის (3) პუნქტში მითითებული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს თავის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის, ან ტერიტორიიდან გასვლისთვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ეფექტიანი ზომების გატარებას,  საჰაერო ხომალდის დაცვისა და მგზავრების, ეკიპაჟის, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის და ბორტზე არსებული მარაგების ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს შემოწმების მიზნით; თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე დადებითად განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას გონივრულობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების სპეციალური  ზომები კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით.

5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან  ამგვარი საფრთხის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დაეხმარებიან კომუნიკაციის გამარტივებისა და სხვა შესაბამისი ზომების გატარების გზით, რომლებიც მიმართულია ამგვარი ინცინდენტის ან საფრთხის შეძლებისდაგვარად სწრაფად და უსაფრთხოდ აღმოფხვრისკენ.

მუხლი 15

ავიასაწარმოს კომერციული წარმომადგენლობა

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლია, მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას,  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს და ჰყავდეს თავისი მენეჯერებისგან, ტექნიკოსებისგან, მექანიკოსებისა და სხვა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული პერსონალი, რომელიც საჭიროა საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად.

2. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების არჩევანისამებრ, ზემოაღნიშნული მოთხოვნები პერსონალთან დაკავშირებით შეიძლება დაკმაყოფილდეს საკუთარი პერსონალის მეშვეობით, ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი იმ ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურების გამოყენებით, რომელიც უფლებამოსილია ამგვარი მომსახურება გაუწიოს სხვა ავიასაწარმოს.

3. წარმომადგენლები და პერსონალი ექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას და მოქმედებენ აღნიშნული  კანონმდებლობის შესაბამისად:

a) თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე და უმოკლეს ვადებში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ წარმომადგენლებისა და პერსონალისთვის გასცემს მუშაობის ნებართვებს,  ვიზებს ან სხვა მსგავს დოკუმენტებს; და

b) ორივე ხელშემკვრელი მხარე გაამარტივებს და დააჩქარებს მუშაობის ნებართვების გაცემის პროცედურებს იმ პერსონალისთვის, რომლებიც ასრულებენ გარკვეულ დროებით მოვალეობებს.

მუხლი 16

ტარიფები

1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმო(ების)ს ტარიფები შეთანხმებული ხაზებისთვის განისაზღვრება გონივრულობის ფარგლებში, ყველა შესაბამისი ფაქტორის, მათ შორის, საექსპლუატაციო ხარჯების, ნორმალური მოგების, შეთანხმებული ხაზის მახასიათებლებისა და სხვა ავიასაწარმოების ტარიფების გათვალისწინებით, რომლებიც ახორციელებენ რეგულარულ რეისებს იმავე მარშრუტებზე მთლიანად ან გარკვეულ მონაკვეთებზე.

2. ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული ტარიფები, შესაძლებლობის შემთხვევაში, განისაზღვრება ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის ფაქტორის საფუძველზე.

3. ბაზარზე უთანასწორო კონკურენციის შედეგად  რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის სატარიფო დავის წარმოშობის შემთხვევაში, დავა უნდა გადაწყდეს ამ შეთანხმების 31-ე მუხლის (დავების გადაწყვეტა) დებულებების შესაბამისად.

მუხლი 17

კონსულტაცია და ცვლილება

1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, ორივე ხელშემკვრელი მხარე ან მათი საავიაციო ორგანოები დროდადრო ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმებისა და მისი დანართების დებულებათა  განხორციელებისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

2. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი დებულების შეცვლას, მას შეუძლია კონსულტაციების მოთხოვნით მიმართოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. ასეთი კონსულტაციები უნდა დაიწყოს მოთხოვნის თარიღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში. ამგვარად შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღეს, რომლის მეშვეობითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად ამგვარი ცვლილების ამოქმედების შესახებ.

3. ცვლილებები, რომლებიც შეეხება მხოლოდ (A) დანართისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებებს, შეიძლება შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს შორის. ამგვარი ცვლილებები ძალაში შევა ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოების მიერ მათი დამტკიცებისთანავე.

 

მუხლი 18

სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა მიიღოს ზომები თავისი პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2. აღნიშნულთან დაკავშირებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა დააწესოს კონტროლი ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ ან მისი სახელით გაცემული პასპორტების, სხვა სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კანონიერად გაფორმებაზე, გაცემაზე, შემოწმებასა და  გამოყენებაზე.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე თანახმაა შემოიღოს ან გააუმჯობესოს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მის მიერ გაცემული სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იყოს ისეთი ხარისხის, რომ ადვილად არ იყოს შესაძლებელი მათი ბოროტად გამოყენება, უკანონოდ შეცვლა, გამრავლება ან გაცემა.

4. ზემოაღნიშნული მიზნების შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე გასცემს თავის პასპორტებსა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებს ICAO-სთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და რეგულაციების შესაბამისად.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა განახორციელოს კონვენციის მე-9 დანართით („გამარტივება“) გათვალისწინებული სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა.  

მუხლი 19

პირდაპირი ტრანზიტი

მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელიც ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაადგილდება პირდაპირი ტრანზიტით და არ ტოვებს ამ მიზნით  გამოყოფილ აეროპორტის ტერიტორიას, არ ექვემდებარება რაიმე შემოწმებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს საავიაციო უსაფრთხოების, ნარკოტიკული კონტროლის, უკანონო შესვლის აღკვეთის ზომები, ან განსაკუთრებული გარემოებები. ამ თვალსაზრისით,  ბარგი და ტვირთი პირდაპირი ტრანზიტისას თავისუფლდება ნებისმიერი საბაჟო გადასახადისაგან.

მუხლი 20

სამართლიანი კონკურენცია

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ:

a) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას, თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ჰქონდეს სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობა; და

b) მიიღოს ზომები დისკრიმინაციის ყველა ფორმის ან უსამართლო კონკურენციის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს კონკურენტუნარიანობაზე.

2. ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, დაეხმარებიან ერთმანეთის ავიასაწარმოებს კონსულტაციების გაწევის გზით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება შეთავაზებული ავიასაწარმოს საქმიანობა კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობას, პოლიტიკასა და პრაქტიკას.

3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ წაუყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს პირველი უარის მოთხოვნას, არ შეზღუდავს მას დატვირთვის კოეფიციენტით, არ დააკისრებს პრეტენზიის გამოუთქმელობის გადასახადს და ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება საჰაერო ხომალდის ტევადობას, გადაყვანა-გადაზიდვის სიხშირესა და მოცულობას და არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.

მუხლი 21

გარანტიები

1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ავიასაწარმოთა შემდეგი ქმედებები ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტებად, რომლებიც  შესაძლოა უფრო ყურადღებიან შესწავლას საჭიროებდეს:

a) მარშრუტებზე ხაზების ექსპლუატაციისთვის ისეთი ფასებისა და სატარიფო განაკვეთების დაწესება, რომლებიც, მთლიანობაში, არასაკმარისია იმ მომსახურებათა ხარჯების დასაფარად, რომლებზეც დაწესებულია ეს ფასები და ტარიფები;

b) აღნიშნული ქმედებები ატარებს განგრძობად და არა  დროებით ხასიათს;

c) აღნიშნული ქმედებები სერიოზულ ნეგატიურ ეკონომიკურ ზემოქმედებას ახდენს, ან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სხვა ავიასაწარმოს;

d) აღნიშნული ქმედებები აშკარად გამიზნულია, ან სავარაუდოა, რომ გამოიწვევს სხვა ავიასაწარმოს პარალიზებას, ბაზარზე არდაშვებას, ან ბაზრიდან გაძევებას.

2. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოები ჩათვლიან, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ დაგეგმილი ან განხორციელებული ოპერაცია ან ოპერაციები წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას 1-ლ პუნქტში განსაზღვრული  ინდიკატორების შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, მათ შეიძლება მოითხოვონ კონსულტაციების გამართვა მე-17 მუხლის  (კონსულტაციები და ცვლილებები) შესაბამისად. ამგვარ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს მისი დასაბუთება. კონსულტაციები გაიმართება მოთხოვნის წარდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში.

3. თუ ხელშემკვრელი მხარეები პრობლემის გადაწყვეტას ვერ შეძლებენ კონსულტაციების გზით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, დავის გადაწყვეტის მიზნით, შეუძლია გამოიყენოს დავის გადაწყვეტის მექანიზმი 31-ე მუხლის (დავების გადაწყვეტა) შესაბამისად.

მუხლი 22

საჰაერო მიმოსვლის პროდუქტების გაყიდვა და მარკეტინგი

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ანიჭებს უფლებას დაკავდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლებისა და მასთან დაკავშრებული პროდუქტების გაყიდვითა და მარკეტინგით თავის ტერიტორიაზე (პირდაპირ, ან აგენტების, ან სხვა შუამავლების მეშვეობით – ავიასაწარმოს არჩევისამებრ), მათ შორის ქსელური და არაქსელური ოფისების დაფუძნების უფლებას.

2. თითოეულ ავიასაწარმოს უფლება აქვს გაყიდოს გადაყვანა-გადაზიდვის  მომსახურება ამ ტერიტორიის ვალუტაში, ან საკუთარი შეხედულებისამებრ, სხვა ქვეყნების თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებში, და ნებისმიერ პირს შეუძლია შეიძინოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურება აღნიშნული ავიასაწარმოსთვის  მისაღებ ვალუტებში.

 

მუხლი 23

საჰაერო ხომალდის შეცვლა

1. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია შეთანხმებულ ხაზებზე ნებისმიერი ან ყველა რეისის განხორციელებისას, თავისი შეხედულებისამებრ, შეცვალოს საჰაერო ხომალდი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან განსაზღვრულ მარშრუტის ნებისმიერ მონაკვეთზე.

2. საჰაერო ხომალდის შეცვლის მიზნით, დანიშნულმა ავიასაწარმომ შეიძლება გამოიყენოს საკუთარი მოწყობილობა და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ლიზინგით აღებული მოწყობილობა და შეიძლება იმუშაოს სხვა ავიასაწარმოსთან ერთად კომერციული შეთანხმების საფუძველზე.

3. დანიშნულმა ავიასაწარმომ შეიძლება გამოიყენოს სხვა ან იმავე რეისის ნომრები იმ მონაკვეთებზე,  სადაც გადაყვანა-გადაზიდვის ოპერაციებს ახორციელებს შეცვლილი საჰერო ხომალდი.

მუხლი 24

სახმელეთო მომსახურება

უსაფრთხოების შესაბამისი დებულებების, მათ შორის ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის საფუძველზე, რომელიც მოცემულია კონვენციის მე-6 დანართში (საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია), დანიშულ ავიასაწარმოს შეუძლია კონკურენტ მიმწოდებლებს შორის აირჩიოს სახმელეთო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია.

მუხლი 25

ზიარი კოდის გამოყენება/კოოპერაციული შეთანხმებები

1) განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას ან შეთავაზებისას, ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშულ ავიასაწარმოს, იქნება ის ოპერატორი ავიასაწარმო თუ მარკეტინგული ავიასაწარმო, შეუძლია, იმ კანონების მიხედვით, რომლებიც დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისია, გააფორმოს შეთანხმება მარკეტინგული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოიცავს, და არა მხოლოდ,  ერთობლივი საწარმოების შესახებ შეთანხმებას, რეზერვაციის შესახებ შეთანხმებას, ან ზიარი კოდის გამოყენების შესახებ შეთანხმებას:

a) იმავე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და/ან

b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და/ან

c) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და/ან

d) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შიდასახელმწიფოებრივ მარშრუტებზე.

2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

a) ყველა ასეთი ავიასაწარმო ფლობს შესაბამის კომერციულ უფლებებს და/ან ნებართვებს იმისათვის, რომ განახორციელოს რეისები მარშრუტზე და მის შესაბამის მონაკვეთზე; და

b) ბილეთის გაყიდვის მომენტში, ავიასაწარმომ  ნათლად უნდა განუმარტოს მყიდველს ზიარი კოდის გამოყენების შესახებ გაფორმებული შეთანხმებისა და იმის შესახებ, თუ რომელი ავიასაწარმო  უზრუნველყოფს ავიახაზის თითოეული სექტორის ექსპლუატაციას და რომელ ავიასაწარმოსთან აფორმებს მყიდველი სახელშეკრულებო ურთიერთობას.

მუხლი 26

საჰაერო ხომალდის ლიზინგი

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია აღკვეთოს ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდის გამოყენება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებში,  თუ იგი არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მე-13 (უსაფრთხოება) და მე-14 (საავიაციო უშიშროება) მუხლების დებულებებს.

2. 1) პუნქტის შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ განახორციელონ გადაყვანა-გადაზიდვის ოპერაციები  წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად:

  1. ნებისმიერი კომპანიისაგან, მათ შორის ავიასაწარმოსაგან ეკიპაჟის გარეშე ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდის გამოყენებით;
  2. იმავე ხელშემკვრელი მხარის სხვა ავიასაწარმოებისაგან ლიზინგით აღებული ეკიპაჟიანი საჰაერო ხომალდის გამოყენებით;
  3. მეორე მხარის ავიასაწარმოებისაგან  ლიზინგით აღებული ეკიპაჟიანი საჰაერო ხომალდის გამოყენებით; და
  4. მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებისაგან ლიზინგით აღებული ეკიპაჟიანი საჰაერო ხომალდის გამოყენებით.

იმ პირობით თუ „b“, „c“ და „d“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოპერაციებში მონაწილე ყველა ავიასაწარმო ფლობს შესაბამის ნებართვას და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც, როგორც წესი, ამგვარი ოპერაციების მიმართ ვრცელდება.

3. მე-2 პუნქტის „d“ ქვეპუნქტის მიუხედავად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ განახორციელონ გადაყვანა-გადაზიდვის ოპერაციები წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებისგან მოკლევადიან, სპეციალურ საფუძველზე ლიზინგით აღებული ეკიპაჟიანი საჰაერო ხომალდის გამოყენებით.

მუხლი 27

ინტერმოდალური მომსახურება

თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია თავად ან სხვა ავიასაწარმოს მეშვეობით უზრუნველყოს მგზავრების და/ან საჰაერო ტვირთის მიწისზედა ტრანსპორტირება.

მუხლი 28

ბილეთების დაჯავშნის  კომპიუტერული სისტემა (CRS)

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გამოიყენოს ICAO-ს ქცევის კოდექსი თავის ტერიტორიაზე ბილეთების დაჯავშნის კომპიუტერული სისტემის რეგულირებისა და ოპერირებისთვის.

მუხლი 29

გარემოს დაცვა

ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ გარემოს დაცვის საჭიროებას ავიაციის მდგრადი განვითარების გზით. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ თავიანთ შესაბამის ტერიტორიებს შორის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას, იმოქმედებენ კონვენციის მე-16 დანართის (გარემოს დაცვა) ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის (SARPs) და გარემოს დაცვის შესახებ ICAO-ს არსებული პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.  

 

მუხლი 30

მოწევის აკრძალვა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე კრძალავს მოწევას ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორებს შორის მგზავრთა გადაყვანის ყველა რეისზე. აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება საჰაერო ხომალდის შიგნით ყველა ლოკაციაზე და ძალაშია საჰაერო ხომალდში მგზავრთა ჩასხდომის დაწყების მომენტიდან  მგზავრთა გადმოსხდომის  დასრულების მომენტამდე.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიიღებს მის მიერ გონივრულად მიჩნეულ ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თავისი ავიასაწარმოების, და მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მიერ ამ მუხლის დებულებების დაცვა.

მუხლი 31

დავების გადაწყვეტა

1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების და მისი დანართ(ებ)ის განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებათა გზით.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეძლებენ დავის გადაწყვეტას  მოლაპარაკებათა გზით, მათი შეთანხმებით, სადავო საკითხი საკონსულტაციო დასკვნისთვის შეიძლება  გადაეცეს რომელიმე პირს ან ორგანოს.

3. პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დავა გადასცეს სამი არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელთაგან ორი ინიშნება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ და ერთი  არის  თავმჯდომარე. დავის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის გადაცემის შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, ხოლო თავმჯდომარე ინიშნება ორი წარდგენილი არბიტრიდან ბოლო არბიტრის დანიშვნის შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. თუ რომელიმე  მხარე ვერ შეძლებს განსაზღვრულ ვადებში არბიტრის დანიშვნას ან წარდგენილი არბიტრები ვერ თანხმდებიან თავმჯდომარის კანდიდატურაზე დადგენილ პერიოდში, ერთ-ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს შეიძლება მიმართოს შესაბამისი არბიტრის ან თავმჯდომარის დანიშვნის თხოვნით, კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. ამასთან, თავმჯდომარე უნდა იყოს იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც, დანიშვნის მომენტში, აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ორივე ხელშემკვრელ მხარესთან.

4. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარეს ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი, და თუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება ან ის  რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს ვიცე-პრეზიდენტი და თუ ვიცე-პრეზიდენტსაც არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება ან ის რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას ახორციელებს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ რანგით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე არ არის.

5. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა დებულებების საფუძველზე, საარბიტრაჟო სასამართლო თავად განსაზღვრავს თავის პროცედურებსა და არბიტრაჟის ჩატარების ადგილს.

6. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ხელშემკვრელ მხარეთათვის.

7. თავმჯდომარის  ხარჯებს, მათ შორის, ICAO-ს  საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებს, თანაბრად იყოფენ ხელშემკვრელი მხარეები. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად დაფარავს იმ არბიტრის  ხარჯებს, რომელიც მას წარმოადგენს.

 

მუხლი 32

შესაბამისობა მრავალმხრივ კონვენციებთან ან შეთანხმებებთან

წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში შეტანილი ცვლილებები შესაბამისობაში უნდა იყოს ნებისმიერ საერთაშორისო კონვენციასთან და შეთანხმებასთან, რომელიც შესაძლოა სავალდებულო გახდეს ხელშემკვრელ მხარეთათვის.

მუხლი 33

მოქმედების შეწყვეტა

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილება წინამდებარე შეთანხმებისთვის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ამგვარი შეტყობინება იმავდროულად უნდა გაეგზავნოს  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.  

2. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმებას მოქმედება შეუწყდებ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის  საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ. 

 

მუხლი 34  

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში რეგისტრაცია

წინამდებარე შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც  ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას.

მუხლი 35

ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ  ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.

რის დასტურადაც, წინამდებარე შეთანხმებას ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. განრიგი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.შესრულებულია ქ. რიადში, 2019 წლის 1 აპრილს, ორ დედნად, ქართულ, არაბულ, და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების განხორციელების მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს გადაეცემა თითოეულ ენაზე შესრულებული ერთი დედანი. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით რაიმე უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის

სახელით