დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №492 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100060020.22.027.016993 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №492 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №492 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 100060020.22.027.016988) დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილების შესაბამისად. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ცენტრის დირექტორის ბრძანებებით. 3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. ცენტრის სრული სახელწოდებაა – „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ („Vocational Education and Training Centre for Inmates“). 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კილომეტრი.
თავი II. ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2. ცენტრის მიზანი ცენტრის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ხელშეწყობა მათთვის პროფესიული განათლების უზრუნველყოფის, ასევე, მათი პროფესიული მომზადებისა/გადამზადებისა და დასაქმებისათვის მომზადების გზით.“. მუხლი 3. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები 1. ცენტრის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულთა პროფესიული შესაძლებლობებისა და საჭიროებების დადგენა სწავლების/პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით; ბ) მსჯავრდებულთა სწავლების/პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და განხორციელებაზე კონტროლი; გ) მსჯავრდებულთა სწავლების/პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და მის გარეთ, დასაქმების პროექტის ან ინდივიდუალური გეგმის შემუშავება; დ) მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების, მათი ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსებისა და მიზნობრივი ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარება; ე) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე საწარმოების ფუნქციონირების ხელშეწყობა მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით; ვ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უზრუნველყოფა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით; ზ) მსჯავრდებულთა სწავლების/პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და დასაქმების მიზნით თანამშრომლობა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან; თ) ცენტრის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შესაბამისი ბაზრის კვლევა/ანალიზი; ი) საჭიროების შემთხვევაში, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში მონაწილეობა; კ) პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი შევსება და განახლება; ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრის მიზნებთან და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი.
თავი III. ცენტრის მართვა
მუხლი 4. ცენტრის დირექტორი 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორი: ა) კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად, ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში; გ) ზედამხედველობს ცენტრის ფუნქციების შესრულების მიმდინარეობას; ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის მოსამსახურეებს; ე) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად დადოს შრომითი ხელშეკრულებები შესაბამის პირებთან; ვ) განსაზღვრავს ცენტრის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას და კატეგორიას; ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; თ) ამტკიცებს ცენტრის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებს; ი) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს; კ) უფლებამოსილია ცენტრის მოსამსახურეების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ლ) ცენტრის სახელით დებს გარიგებებს და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში; მ) ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ახორციელებს ცენტრის ფინანსებისა და ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე; ნ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს; ო) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; პ) ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და მინისტრისათვის მათ წარდგენას; ჟ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 სექტემბრისა, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მუშაობის შესახებ; რ) ასრულებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე. დირექტორისა და მისი მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. მუხლი 5. ცენტრის დირექტორის მოადგილე 1. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, მინისტრის თანხმობით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 2. ცენტრის უფროსის მოადგილე: ა) ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) ხელს აწერს ან ავიზებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) ასრულებს ცენტრის დირექტორის ცალკეულ დავალებებს; დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV. ცენტრის სტრუქტურა
მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა 1. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ) პროექტების მართვის დეპარტამენტი; გ) შიდა აუდიტის სამსახური. მუხლი 7. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ფუნქციებია: ა) ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფა და ამ მიზნით: ა.ა) ცენტრის დოკუმენტბრუნვის მართვა; ა.ბ) უფლებამოსილების ფარგლებში წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება; ა.გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; ცენტრის საუწყებო არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა; ბ) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვა და ამ მიზნით: ბ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის მოზიდვა, ადამიანური რესურსის შერჩევის/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად; ბ.ბ) ცენტრის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება; ბ.გ) ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა; ბ.დ) ცენტრის შინაგანაწესისა და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება; ბ.ე) ცენტრის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობების ამსახველი სამუშაო აღწერილობების შემუშავება; ბ.ვ) ცენტრის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; გ) ცენტრის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა და ამ მიზნით: გ.ა) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და სასამართლო დავებზე ცენტრის წარმომადგენლობა; გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) პროექტების მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; გ.გ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; დ) ცენტრის საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ამ მიზნით: დ.ა) ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური ოპერაციების, ანგარიშსწორების და ანგარიშგების (მათ შორის, საგადასახადო ანგარიშგების) უზრუნველყოფა; დ.ბ) ცენტრის ბიუჯეტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგეგმვა; ბიუჯეტის შემუშავება ცენტრის ხელმძღვანელობისთვის განსახილველად წარდგენა; დ.გ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგეგმვა და განხორციელება და ამ მიზნით: სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა;სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ხელშეკრულებების პირობების მომზადება შესაბამის სამსახურებთან ერთად; მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; დ.დ) ცენტრის მოსამსახურეების მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საორგანიზაციო ტექნიკითა და მოწყობილობებით და მუშაობისთვის აუცილებელი სხვა ინვენტარით; დ.ე) ცენტრში ინვენტარიზაციის ორგანიზება, მასში მონაწილეობა და მისი შედეგების აღრიცხვა; სასაწყობო მეურნეობის მართვა; დ.ვ) ცენტრის შენობა-ნაგებობების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და საამისოდ სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ცენტრის შენობათა მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა; ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის უზრუნველყოფა; დ.ზ) ცენტრის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლების ტრანსპორტირებითა და საჭირო ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა; ე) ცენტრის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) საზოგადოების ინფორმირება ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ; ზ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება ცენტრის ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნებიდან გამომდინარე. მუხლი 8. პროექტების მართვის დეპარტამენტი 1. პროექტების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულთა საჭიროებებისა და მიზნების შესწავლა და შესაბამისი სწავლების/პროფესიული მომზადება/გადამზადების პროექტების შემუშავება; ბ) მსჯავრდებულთა პროფესიული შესაძლებლობების, საჭიროებებისა და მიზნების შესწავლა და დასაქმებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროექტების ან/და ინდივიდუალური წინადადებების შემუშავება; გ) მსჯავრდებულთა სწავლების/პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმების პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი; დ) მსჯავრდებულთა სწავლებას/პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და დასაქმებასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის პროაქტიული ძიება საგანმანათლებლო/პროფესიულ დაწესებულებებთან, პოტენციურ დამსაქმებლებსა და სხვა იურიდიულ/ფიზიკურ პირებთან; ე) მსჯავრდებულთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, მათი ცნობიერების ამაღლების და ინფორმირებულობის მიზნით, შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, სხვადასხვა სწავლებებისა და მიზნობრივი ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარება; ვ) საჭიროების შემთხვევაში, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში მონაწილეობა; ზ) ურთიერთთანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ შესაბამის დაწესებულებებთან; საპროექტო წინადადებების შემუშავება მსჯავრდებულთა სწავლების, პროფესიული მომზადების/გადამზადების, დასაქმების და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმართულებით; თ) მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევის კოორდინაცია; პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამართული ფუნქციონირების, არსებული წიგნის ფონდის შესწავლა, აღრიცხვა და შევსება/განახლება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რაც დაკავშირებულია ცენტრის მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებასთან. 2. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების/გადამზადების დროს უპირატესობა ენიჭება იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი. მუხლი 9. შიდა აუდიტის სამსახური 1. შიდა აუდიტის სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ცენტრის დირექტორის წინაშე. ცენტრის დირექტორის მიერ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 2. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს ცენტრში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. ცენტრის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. 3. შინა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: ა) ცენტრის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) ცენტრის მიერ პროექტების განხორციელების მონიტორინგი; გ) ცენტრში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა; დ) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, ცენტრის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ე) ცენტრში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და ცენტრის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის მომზადება და ცენტრის დირექტორისათვის წარდგენა; ვ) ცენტრის მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა; ზ) ცენტრში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; თ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა; ი) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს ცენტრის მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
თავი V. ცენტრის ქონება, ფინანსები და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 10. ცენტრის ქონება 1. დასახული მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს, სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე. 2. ცენტრის ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსებისა და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11. ცენტრის ფინანსები 1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირიდან მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრს უფლება აქვს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად. მუხლი 12. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. 4. ცენტრმა, სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად, აგრეთვე, აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 16 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები