საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5750-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.019806
5750-IIს
17/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
080000000.05.001.019806
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“.

2. 71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) ოცი წელი ამ კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;“.

3. 137-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, –“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;

ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;

გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.

4. 138-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ჩადენილი დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან  მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ;“;

ბ) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –“.

5. 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  139.  პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება

1.  პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −

ისჯება  ჯარიმით  ანდა თავისუფლების აღკვეთით  ვადით  ხუთ  წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −

ისჯება   თავისუფლების   აღკვეთით   ვადით   ხუთიდან   შვიდ   წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე,  138-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

გ) ჯგუფურად;

დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, –

ისჯება   თავისუფლების   აღკვეთით   ვადით   შვიდიდან   ცხრა   წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4. იგივე ქმედება:

ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;

ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –

ისჯება  თავისუფლების  აღკვეთით  ვადით  ცხრიდან  თხუთმეტ  წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“.

6. 140-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, −“.

7. 141-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

ვ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5750-IIს