დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.021752 |
|
ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობები“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. |
|
ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში − წესი) არეგულირებს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის (შემდგომში − თესლი) ბაზარზე განთავსებისათვის განსაზღვრულ საკითხებს მცენარეთა სიჯანსაღისადმი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. ამ წესის მიზანია ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი თესლისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენა. 3. ეს წესი ვრცელდება ადგილობრივ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ თესლზე. 4. ეს წესი არ ვრცელდება ექსპორტისთვის განკუთვნილ თესლზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბაზარზე განთავსება − კომერციული მიზნებისათვის თესლის მიწოდება, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება ან გადაცემის სხვა ფორმები, გარდა მიწოდების ისეთი ფორმებისა, როგორიც არის კონტროლის ორგანოებისთვის გადაცემა, დამუშავების ან შეფუთვის მომსახურებების მიმწოდებლებისთვის გადაცემა; ბ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურა − „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №411 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული ბოსტნეული და ბაღჩეული მცენარეების სახეობები, რომლებიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო ან მებაღეობის, მაგრამ არა დეკორატიული გამოყენების მიზნით წარმოებისთვის; გ) ჰიბრიდი − სელექციონერის მიერ გენეტიკურად განსხვავებული მშობელი ფორმების მცენარეთა შეჯვარების შედეგად მიღებული პირველი თაობა. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სფეროს მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. ზოგადი დებულებები ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისადმი 1. ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურათა თესლი კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად: ა) „წინასაბაზისო თესლი“ – „საბაზისო თესლის“ წინა თაობის თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით ჯიშის შენარჩუნებისათვის საჭირო საწყისი მასალისგან, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესის „მინიმალური საიზოლაციო მანძილები სათესლე ნაკვეთებისათვის არასასურველი გადამმტვერავის წყაროდან“ − დანართ №1-ითა და „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები“ − დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საბაზისო თესლი“ − თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, განკუთვნილია „სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „სერტიფიცირებული თესლი“ − თესლი, რომელიც დამზადებულია „საბაზისო თესლის“ ან სელექციონერის/შემნარჩუნებლის მოთხოვნის შემთხვევაში „საბაზისო თესლის“ წინა თაობების თესლის გამრავლებით, განკუთვნილია ბოსტნეულის წარმოებისათვის, აკმაყოფილებს „სერტიფიცირებული თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; დ) „სტანდარტული თესლი“ − თესლი, რომელიც დეკლარირებულია მწარმოებლის მიერ, როგორც ჯიშობრივი სიწმინდისა და იდენტურობის დადგენილ ნორმებთან შესაბამისი, განკუთვნილია ბოსტნეულისა და ბაღჩეულის წარმოებისათვის, აკმაყოფილებს სტანდარტული თესლისადმი ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ბოსტნეული და ბაღჩეული მცენარის სათესლე ნაკვეთებისათვის საიზოლაციო მანძილები უნდა იყოს ამ წესის დანართი №1-ის − „მინიმალური საიზოლაციო მანძილები სათესლე ნაკვეთებისათვის არასასურველი გადამმტვერავის წყაროდან“ − შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი არასასურველი ურთიერთდამტვერვა. სათესლე ნაკვეთებში უნდა ჩატარდეს სულ მცირე ერთი საველე ინსპექტირება. მუხლი 4. პირობები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს თესლმა ბაზარზე განთავსებისას 1. თესლი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, თუ ის სერტიფიცირებულია როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“, ან არის „სტანდარტული თესლი“, ხოლო სამრეწველო ვარდკაჭაჭის შემთხვევაში, უნდა იყოს სერტიფიცირებული როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“. 2. ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება ერთისა და იმავე სახეობის „სტანდარტული თესლი“, მცირე ზომის ტარით და ადგილობრივი ჯიშების ერთისა და იმავე ან სხვადასხვა სახეობის თესლის ნარევები. მათი შემადგენელი კომპონენტები უნდა იყოს სერტიფიცირებული. კომპონენტების დასახელებები და ნარევში მათი წონითი თანაფარდობა უნდა მიეთითოს ეტიკეტზე. 3. სათესლე ნაკვეთები და სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი თესლი თავისუფალი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში მითითებული მავნე ორგანიზმებისაგან. 4. თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართ №2-ში − „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები“ მითითებულ პირობებს. 5. თესლის დამატებითი მოთხოვნებია: ა) პარკოსნების თესლი არ უნდა იქნეს დაბინძურებული შემდეგი ცოცხალი მავნე ორგანიზმებით: ა.ა) Acanthoscelides obtectus Sag; ა.ბ) Bruchus affinis Froel; ა.გ) Bruchus atomarius L; ა.დ) Bruchus pisorum L; ა.ე) Bruchus rufimanus Boh; ბ) თესლი არ უნდა იქნეს დაბინძურებული ცოცხალი ტკიპებით (Acarina); გ) თუ დანართ №2-ში მითითებული სიმინდის (Zea mays − ტკბილი სიმინდი, ბატიბუტის სიმინდი) ჯიშების სუფთა თესლის მინიმალური აღმოცენების უნარი შემცირდა 80%-მდე, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: „მინიმალური აღმოცენების უნარი 80%“. 6. „საბაზისო თესლი“, „სერტიფიცირებული თესლი“ და „სტანდარტული თესლი“ ბაზარზე უნდა განთავსდეს ერთგვაროვანი თესლის პარტიებად. 7. სერტიფიცირებისთვის განკუთვნილი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურის თესლის შემოწმებისა და საკონტროლო გამოცდისთვის, თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართ №3-ით − „თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა“ − განსაზღვრულ პირობებს. 8. იმ შემთხვევაში, თუ სათესლე ნაკვეთმა გაიარა საველე ინსპექტირება და ამ შემოწმებამ აჩვენა, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ასეთი ნაკვეთიდან აღებული თესლი შეიძლება იქნეს სერტიფიცირებული და განთავსდეს ბაზარზე, როგორც „არასრულად სერტიფიცირებული თესლი“. მუხლი 5. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების „სტანდარტული თესლის“ მწარმოებლის ვალდებულებები 1. ბოსტნეული და ბაღჩეული მცენარეების „სტანდარტული თესლის“ მწარმოებელი ვალდებულია: ა) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში გააკეთოს განაცხადი მისი საქმიანობის დაწყებისა და დასრულების თაობაზე, თარიღების მითითებით; ბ) არანაკლებ სამი წლის განმავლობაში აწარმოოს ჩანაწერები „სტანდარტული თესლის“ ყველა პარტიის თაობაზე, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება სერტიფიცირების ორგანოსათვის; გ) იმ ჯიშების საკონტროლო ნიმუშები, რომელთა შენარჩუნება აღარ არის საჭირო, გახადოს ხელმისაწვდომი ორი წლის განმავლობაში; დ) მიიღოს ნიმუშები თითოეული ლოტიდან, რომელიც გამიზნულია მარკეტინგისთვის და ხელმისაწვდომი გახადონ ისინი არანაკლებ ორი წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირობები უნდა დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელებულ კონტროლს. 3. ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურათა ჯიშების შენარჩუნების სისწორე მოწმდება ჯიშზე პასუხისმგებელი პირის (სელექციონერი/შემნარჩუნებელი) მიერ ჯიშის შესახებ წარმოებული ჩანაწერების მეშვეობით, რომლის შემოწმება ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ორგანოს მიერ. ჩანაწერები უნდა მოიცავდეს ყველა კატეგორიის თესლის წარმოების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას „საბაზისო თესლის“ წინა თაობების შესახებ. 4. გენეალოგიური კომპონენტების შემოწმების შედეგებისა და გენეალოგიური კომპონენტების აღწერა ჩაითვლება კონფიდენციალურად, თუკი ამას მოითხოვს ჯიშის გამომყვანი. მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი თესლის ბაზარზე განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
დანართი №1 მინიმალური საიზოლაციო მანძილები სათესლე ნაკვეთებისათვის არასასურველი გადამმტვერავის წყაროდან
შენიშვნა: ეს მანძილები შეიძლება იქნეს გადახედილი თუ არსებობს საკმარისი ბარიერი არასასურველი გადამტვერვის წყაროსადმი. ბარიერად ითვლება ტყის ზოლი, მზესუმზირის, სორგოს, სიმინდის და სხვა მაღალმოზარდი კულტურების ზოლი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ქარით და მწერებით არასასურველ გადამტვერვას.
დანართი №2 ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები
დანართი №3 თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა
შენიშვნა: ზემოაღნიშნული სახეობების პირველი თაობის F-1 ჰიბრიდების (F-1) ნიმუშების მინიმალური წონა შესაძლებელია შემცირდეს მითითებული წონის მეოთხედამდე. ნიმუშის წონა უნდა იყოს არანაკლებ 5 გ. და შედგებოდეს 400 თესლისგან. |
დოკუმენტის კომენტარები